"ბიოლოგიურმა დედამ 400 მანეთად გამყიდა, გაგვაშვილა ოთხი გოგონა და ტყუპი ქალ-ვაჟი, ეჭვი მაქვს, რომ შუალედში ბავშვები კიდევ გაასხვისა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც და-ძმებს ეძებს - კვირის პალიტრა

"ბიოლოგიურმა დედამ 400 მანეთად გამყიდა, გაგვაშვილა ოთხი გოგონა და ტყუპი ქალ-ვაჟი, ეჭვი მაქვს, რომ შუალედში ბავშვები კიდევ გაასხვისა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც და-ძმებს ეძებს

"ჯგუფის "ვეძებ" მეშვეობით ერთი წლის წინ ვიპოვე დედმამიშვილები და კიდევ ერთი გაშვილებული დაც. თავადაც გაშვილებული ვარ. დავიბადე 1980 წლის 6 აგვისტოს. ჩემი და, რომელიც ვიპოვე, 1981 წელს დაიბადა. ვინც გაგვაშვილა, მას ჩვენ გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან გაიზარდნენ. ჩვენ - ორი გოგო გაგვაშვილა სხვადასხვა ოჯახში: მე თბილისში, ნინო - სენაკში. ახლა გავიგეთ, რომ კიდევ ჰყოლია გაშვილებული ტყუპი გოგო-ბიჭი, 1982 წელს დაბადებულები. ერთი ტყუპისცალი - ბიჭი ფოთში გაუშვილებია, გოგო კი არ ვიცით, სად. მათ გარდა გაუშვილებია კიდევ ორი გოგო: ერთი - დაბადებული 1983 წელს და მეორე - 1984-ში. გამშვილებელი ოჯახი ადრე ცხოვრობდა შხეფში, სენაკის რაიონში, მერე გადავიდნენ სენაკში და ახლა ცხოვრობენ ხობის სოფელ ნოჯიხევში. ვეძებთ დანარჩენ გაშვილებულ და-ძმებს. თუ ვინმეს გეცნობათ ან იცით ამ ამბის შესახებ რაიმე, გთხოვთ, შემეხმიანოთ პირადში. წინასწარ გიხდით მადლობას", - ეს ამონარიდია სალომე შურღაიას წერილიდან. ამ ქალბატონმა უკვე მოინახულა ბიოლოგიური დედა, მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ მასთან ურთიერთობა არ აქვთ ბიოლოგიურ დებს და ძმას, გარდა ნინოსი, რომელიც თავის დროზე ასევე გააშვილა ოჯახმა.

- ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მითხრა დედამ, რომ აყვანილი ვყავდი. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, მისთვის საყვედური არ მითქვამს... თუმცა ცხადია, როგორც ყველას, მეც მაინტერესებდა, სად და როგორ ცხოვრობდნენ ჩემი ბიოლოგიური ნათესავები... გავიდა წლები და როცა სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი "ვეძებ", მეც გამოვაქვეყნე პოსტი და ამის შემდეგ დავიწყე მათი ძებნა. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამზრდელი დედა მყავს, მამაც კარგი ადამიანი იყო (სამწუხაროდ, 13 წელია, რაც მხარში აღარ მიდგას, გარდაცვლილია). ბიოლოგიურ მშობლებს კიდევ ერთი გოგონა რომ ჰყავდათ გაშვილებული, ესეც აღმზრდელი დედისგან ვიცოდი.

- მან ეს საიდან შეიტყო?

- მე რომ ამიყვანეს, ერთ წელიწადში დაიბადა ჩემი და ნინო და, თურმე, ჩემებს შესთავაზეს, ხომ არ აიყვანთო? დედას უნდოდა ისიც ეშვილა, ერთად გაიზრდებიანო, მაგრამ ბაბუას უთქვამს, - შვილო, ახლა არ მაქვს საშუალება და იქნებ, მოგვიანებით მოვიყვანოთო, მაგრამ ამასობაში გამოჩნდა პატარას აყვანის მსურველი და ნინო სენაკში იშვილეს.

ჰოდა, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით, ერთ საათში შემეხმიანა გოგო, რომელმაც მითხრა: შხეფში ბიძა მყავს და რამეს მაინც გაგიგებო. მან მაპოვნინა ნინოც და მერე ბიოლოგიურ ოჯახსაც მივაგენი... მათთან ახლახან ჩავედი.

- როგორ მიგიღეს?

- რა გითხრათ? ერთ-ერთ დისშვილს მანამდე ვესაუბრე და ის მიმყვა. ცოტა ხნით ადრე გაუფრთხილებია ჩემი ბიოლოგიური დედა, - მოვაო, რომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილიყო ჩემი სტუმრობა მისთვის. ჩვეულებრივად მიგვიღო და ისტერიკა არც მე დამმართვია, მშვიდად ვისაუბრეთ, მერე წამოვედი და ამით დამთავრდა ყველაფერი... სხვებისგან ვიცოდი, რომ კიდევ ჰყავდა გაშვილებული ტყუპი და კიდევ ორო გოგო, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება მათ გარდა კიდევ ჰყავდეს გაშვილებული ბავშვი...

363867062-6195557460543039-6732769744744373889-n-1692560444.jpg

- ეს ეჭვი რამ გაგიჩინა?

- ჩემი უფროსი ბიოლოგიური და-ძმები 1966, 1967, 1969 და 1972 წლებში არიან დაბადებულები, მე 1980-იანი გახლავართ ანუ გამოდის, რომ მათ შორის უმცროსის შემდეგ, 8-წლიანი სხვაობით გავჩნდი... არადა, ჩემს შემდეგ ნინოც გააჩინა, მერე კიდევ - ტყუპი და ორი გოგონა - გამოდის, ლამის ყოველ წელს აჩენდა შვილს და ის 8-წლიანი პაუზა მაფიქრებს... ხომ შეიძლება, ჩემამდეც ჰყავდეს გაჩენილი და გაშვილებული?

- ამის შესახებ ბიოლოგიურ მშობელს არ დაუსვით კითხვა?

- როგორ არა, მაგრამ არ მიპასუხა. ასე მგონია, კიდევ რაღაცას გვიმალავს.

- იმ 4 და-ძმასთან, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებთან გაიზარდნენ, ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- არანაირი. ძმას საერთოდ არ ვიცნობ, მხოლოდ სურათით მყავს ნანახი, დანარჩენებს - კამერით, ონლაინ ვესაუბრე და სხვა შეხება მათთან არ მაქვს. ისე გამოვიდა, რომ მე და ნინო არ მიგვიღეს; ყველგან დაგვბლოკეს, სადაც კი შეიძლებოდა მათთვის ხმის მიწვდენა.

- ამდენი წლის მერე გამოჩნდით და რა უცნაურია, რომ თქვენი კარგად გაცნობის, ურთიერთობის სურვილი არ აქვთ.

- ნამდვილად უცნაურია... ოჯახში რომ ჩავედი, ბიოლოგიურ დედას კი ვუთხარი, - რამე რომ არ იფიქროთ, აქვე გეტყვით, თქვენგან არაფერი მინდა, მხოლოდ და-ძმები მოგვაძებნინეთ, ხელი შეგვიწყვეთ, რომ გავერთიანდეთ და მერე, თუ მეტყვით, ჩემს ხმასაც არ გაგაგონებთ-მეთქი. იჯდა და თითქოს იცინოდა, უცნაურად ლაპარაკობდა. ბიოლოგიური მამა 1984 წელს გარდაცვლილა. ხომ იცოდნენ, რომ ჩასვლას ვაპირებდი, მაგრამ იქ ბიოლოგიური დედის გარდა, მხოლოდ ის შვილიშვილი დამხვდა, ვინც მასთან მიმიყვანა და ახლა მხოლოდ ამ გოგოსთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს.

- არ დაუსვით კითხვა, რატომ გაგაშვილათ?

- როგორ არა?! ვკითხე, ბავშვები ერთმანეთს რატომ დაგვაშორეთ-მეთქი? გაჭირვებას აბრალებს. თუმცა მის საქციელს ვერანაირად ვერ გავამართლებ. 5 შვილი მყავს თავადაც და დალხენილი ცხოვრება დღეს ვის აქვს? მეც მიჭირდა, მაგრამ ბავშვის გაყიდვა? ღმერთმა დამიფაროს.

362609942-960991188304010-7732947035338754620-n-1692560482.jpg

- დანამდვილებით იცით, რომ ამაში თანხა აიღო?

- დიახ, მე 400 მანეთად გამყიდა. ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, - მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?.. ვერაფრით გავამართლებ მათ საქციელს.

- მეორე და, რომელიც იპოვეთ, ის არ გამოგყვათ ბიოლოგიური მშობლების ოჯახში?

- ნინო ბევრი წელია, რაც ემიგრანტია, გერმანიაში მუშაობს.

- მან როგორ გაიგო, გაშვილებული რომ იყო?

- ნინო, თურმე, შემთხვევით წააწყდა დაბადების მოწმობას და თან, მერე მისთვის ვიღაც ბავშვს წამოუძახია, აყვანილი ხარო... წლების შემდეგ ერთ-ერთ ბიოლოგიურ დასთან გაუბამს ურთიერთობა და ეს გოგო ამ ამბავს ოჯახში მალავდა, თურმე... რა იყო ამაში დასამალი-მეთქი? - რომ ვკითხე, - ასე ადვილი ხომ არ არისო?.. წარმოიდგინეთ, თვითონ ეკონტაქტებოდა ნინოს და მას მერე, რაც მე გამოვჩნდი, მასთანაც შეწყვიტა ურთიერთობა, იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ჩემი პოვნა... თურმე, ნინოს ჩემზე ეუბნებოდა, - სანამ სალომე გამოჩნდებოდა, ყველაფერი კარგად იყო და სალომეს ამბავმა ყველაფერი არიაო. არადა, მართლა არ ვიცი, რა ავრიე, რაში მადანაშაულებს.

სხვათა შორის, ჩემი გამოჩენა ნინოსთვისაც შოკი იყო. არ იცოდა, ბიოლოგიურ მშობლებს სხვა ბავშვებიც თუ ჰყავდათ გაშვილებული. ეგონა, რომ ნაბოლარა იყო და რადგან ვერ გაზრდიდნენ, ამიტომ გააშვილეს... მგონია, დანარჩენმა და-ძმებმაც იციან გაშვილებულებზე რაღაც. ასაკში არიან და წესით, ეს ყველაფერი უნდა ახსოვდეთ. ის კი არა, ერთ-ერთმა დამ ნინოს უთხრა: სკოლიდან რომ გამოვდიოდი და დედას სამშობიაროში ვაკითხავდი, შენ მის გვერდით იწექიო... მიკვირს, ჩვენ ხომ გაგვაშვილა, რადგან ბავშვების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა და მერე მაინც რატომღა აჩენდა შვილებს? სხვათა შორის, ეს 4 ბავშვიც ინტერნატში გაიზარდა და დედას მხოლოდ შაბათ-კვირას მიჰყავდა ისინი სახლში, რადგან მართლა ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობდნენ, თურმე, ყველა ამას ამბობს... ვფიქრობ, მეზობლებმაც იციან რაღაც, გაშვილებულების კვალზეც გავედი თითქოს, მაგრამ მერე გაჩუმდნენ ის ადამიანები, რომლებიც გვეიმედებოდნენ. ეტყობა, არ უნდათ სხვის საქმეში ჩაერიონ.

- ნინოც დაოჯახებულია?

- კი და 4 შვილი ჰყავს. ჩემი არ იყოს, ნინოც მრავალშვილიანია. ბიოლოგიურ ძმას ერთი ბიჭი ჰყავს, დანარჩენებს - ორ-ორი. ჰოდა, ეს ბავშვები მაინც ხომ უნდა იცნობდნენ ერთმანეთს? საქართველო პატარაა და სადმე არ გადაიკვეთონ, რამე საშინელება არ მოხდეს, თორემ მერე სად მიაქვს ამათი ცოდვა?

- ალბათ ამ თემაზეც ელაპარაკეთ ბიოლოგიურ დედას...

- რეაქცია არ აქვს თითქოს არაფერზე. როცა მასთან ჩავედით, მეზობლები იყურებოდნენ ჩვენკენ. ხომ იცით, ყველას ყველაფერი აინტერესებს და საუბრისას ცოტა ხმას რომ ავუწიე, - ჩუმად, მეზობლები არიანო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, - კი, მაგრამ, რომ გკითხავენ, ესენი ვინ იყვნენ, მერე რას ეტყვი მათო? - ვეტყვი, რომ ნათესავები ხართო. - ე.ი. გერიდება თქვა, რომ შვილმა მოგაკითხაო? - ჰკითხა ჩემმა მეუღლემ და ეტყობა ასეც არის.

- დედა გასაგებია, შეიძლება განიცდის წარსულში ჩადენილს და დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს, მაგრამ და-ძმების საქციელი ნამდვილად მაკვირვებს - მათ ხომ არ მიუტოვებიხართ თავის დროზე და რატომ უნდა ერიდებოდნენ თქვენთან ურთიერთობას?..

- რომ ვუყურებ, ცალ-ცალკე გაზრდილი, წლების მანძილზე ერთმანეთისთვის უცნობი და-ძმები როგორ ხვდებიან, გული მიჩუყდება, ჩვენ შორის კი ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა.

- გარეგნული მსგავსება თუ არის თქვენ შორის?

- კი, სხვათა შორის, დიდი მსგავსებაა. თითქოს ტყუპი ვართ, ისე ვგავართ ყველა ერთმანეთს. სავარაუდოდ, დანარჩენებიც უნდა გვგავდნენ.

- აღმზრდელი დედა რას ამბობს? ხომ არ დარდობს, თავის დროზე ეს ამბავი რომ გაგიმხილათ?

- პირიქით, თავადაც დაინტერესებულია იმით, რომ და-ძმები ვიპოვო. ნინოსთანაც აქვს ონლაინ ურთიერთობა, მესენჯერში სწერენ და ესაუბრებიან ერთურთს... მიხარია, რომ სიმართლე მითხრა. რა თქმა უნდა, სხვისგან გაგებულზე ბევრად მწვავე რეაქცია მექნებოდა. მგონია, ყველა გამზრდელმა უნდა უთხრას შვილს, რომ აყვანილია და არ უნდა ჰქონდეთ შიში იმისა, რომ მიატოვებენ.

კარგი ადამიანი არ მიატოვებს მასზე მზრუნველ მშობელს.

იცით, ალბათ, მასაც ჰქონდა ამის შიში. დეიდაჩემისთვის რომ უთქვამს, სალომეს სიმართლე უნდა ვუთხრაო, ის ანერვიულებულა, - ვინ იცის, როგორ მიიღებს და ნუ ეტყვიო. მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, მანამდე კი მამაოსთანაც უსაუბრია, მისგან რჩევა მიიღო. ვფიქრობ, კარგი გააკეთა. რომ არ ეთქვა, ამათ ხომ ვერასდროს ვიპოვიდი? ბიოლოგიური მშობლის მადლობელი ვარ, რომ გამაჩინა და გამაშვილა, რომ ჩემს დედასთან და მამასთან ვიზრდებოდი, რომლებმაც ყველაფერი მომცეს, რაც შეიძლება ადამიანმა შვილს მისცეს: სითბო, სიყვარული, განათლება...

P.S. თუ შეგიძლიათ სალომეს დახმარება, რათა მან სხვა დედმამიშვილებიც იპოვოს, თუ რაიმე გაქვთ ჩვენთვის მოსაყოლი, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნომერზე 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ მეილზე: lika.qajaia@gmail.com. წინასწარ გიხდით მადლობას. ანონიმურობის დაცვა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)