"პატრიარქი ატირდა და რუს გენერალს 10.000 დოლარი გადასცა, ეს თანხა დაღუპული ქართველების, ოსებისა და რუსების გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო”
აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა. თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო, ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო ვერ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. ბოლოს შესთავაზეს, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადას მონასტერში ასულიყო. უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა და 14 აგვისტოს გადაწყვიტა კონფლიქტის ზონაში წასულიყო. იქ ჯერ კიდევ უამრავი ქართველი იყო, რომელთაც ნუგეში სჭირდებოდათ. პატრიარქი დილიდან ემზადებოდა გორში შესასვლელად. მოატანინა პროდუქტები, პური და წყალი.... პარალელურად ჩვენი საპატრიარქო რუსეთში კირილეს უკავშირდებოდა (მაშინ საპატრიარქოში რუსეთის საგარეო საქმეებს ხელმძღვანელობდა). მას მიაწვდინეს ხმა, რომ ილია II გორში მიდიოდა. რუსეთიდან ასეთი პასუხი მოვიდა: "დაელოდეთ ჩვენს ზარს, მანამდე ნუ წახვალთ!". როცა სატვირთო მანქანაზე მოსახლეობისათვის გორში წასაღები ტვირთი დააწყვეს, პატრიარქმა ბრძანა, არავის ველოდები, მივდივარო. მაშინ სახელმწიფომ დაჯავშნული მანქანა გამოუგზავნა. უწმინდესმა უარი განაცხადა, ჩემი მანქანით წავალო. გორს რომ უახლოვდებოდა ესკორტი, რუსეთიდან ზარი შემოვიდა, უკვე იცოდნენ, რომ პატრიარქი არ დაელოდა ზარს და წავიდა. გორის შესასვლელში რუსებმა სახელდახელოდ მოაწყვეს ბლოკპოსტი, სადაც 58-ე არმიის ხელმძღვანელი ბორისოვი უნდა დახვედროდა პატრიარქს.
"ეს იყო პატრიარქის პირადი გადაწყვეტილება"
მამუკა ყურაშვილი, გენერალი: - როდესაც უწმინდესის სურვილის შესახებ შევიტყვე, დავუკავშირდი ბავშვობის მეგობარს, კოტე ყიფიანს, რომელიც იმ მომენტში გორში ვითარებას აკონტროლებდა. ის დაუკავშირდა ბორისოვს და 14 აგვისტოს მისი ორგანიზატორობით მოხერხდა მისი უწმინდესობის ჩასვლა გორსა და ნიქოზში. მისი უწმინდესობის წაბრძანების შემდეგ ყველა ჩვენი დარჩენილი მიცვალებული გადმოასვენეს. ეს იყო პატრიარქის პირადი გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მას ჩაეწილოს იმ დიდ გმირობაში, რომელიც მან მაშინ ჩაიდინა. შეუძლებელია არ გავიხსენო ის დღე, როდესაც ჩვენთან ჩამობრძანდა მისი უწმინდესობა და დაგვლოცა მე და ჩვენი ბიჭები. სადაც ჩვენ ვიყავით, იქიდან ადამიანი ცოცხალი არ უნდა გასულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავისი დალოცვითა და გამხნევებით დაგვიფარა. რა დროც არ უნდა გავიდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით. ყველა სამხედროს სახელით მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვეფერო და მადლობა გადავუხადო. თქვენ არ იცით, ეს რამხელა სტიმული იყო მაშინ თითოეული ჩვენგანისათვის. მხოლოდ ჩვენს პატრიარქს შეეძლო ის, რაც მან ცხინვალში გააკეთა.
"უწმინდესმა პრინციპულად მოითხოვა, ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩავიტანოო"
გიორგი ანდრიაძე, მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი: - მე მაშინ საპატრიარქოს ტელევიზია "ივერიის" დირექტორი ვიყავი. როგორც კი ომი დაიწყო, იმ წუთშივე დაგვიბარეს საპატრიარქოში და 8 აგვისტოსვე გაკეთდა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ძალიან ვრცელია, მაგრამ რამდენიმე წინადადება შეიძლება ითქვას პატრიარქის განცხადებიდან: "საქართველო თავისი საზღვრების სამართლიანობას იცავს. ეს სურვილი სამართლიანია და ამას საერთაშორისო ნორმებიც ითვალისწინებს... ყველამ იცის, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე მხოლოდ 80-90 წლის წინ შეიქმნა და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული სეპარატიზმის საფუძვლად" - ეს იყო უწმინდესის მიმართვა, საერთაშორისო საზოგადოებისადმი, უპირველესად კი რუსეთისადმი. პატრიარქი თავისი მოღვაწეობის მთელ პერიოდში აფიქსირებს ძალიან პატრიოტულ და მართალ პოზიციას. ეს არის პირველი, რაც უნდა ითქვას მის როლზე 2008 წლის აგვისტოს ომში. ის ყოველდღე გამოდიოდა საპატრიარქოს ტელევიზიით და მიმართავდა და ამხნევებდა ჩვენს საზოგადოებას.
14 აგვისტოს, როდესაც მისმა უწმინდესობამ ცხინვალში შესვლა გადაწყვიტა, მაშინვე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. მათ კი ურჩიეს, რომ თავი შეეკავებინა წასვლისგან, ბრძოლები კიდევ მიდის და არ შეიძლება იქ შესვლაო. მიუხედავად ამისა, უწმინდესმა ძალიან პრინციპულად მოითხოვა ეს და სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველიც იპოვა, ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩავიტანო. იქ არის ჩემი მრევლიო (იმ დროს სულ იქ იყო მეუფე ისაია, ნიქოზის ეპისკოპოსი). წითელ ჯვარს დაურეკეს, რომ კორიდორი გაეკეთებინათ და რუსეთის მხარემაც ვეღარაფერი თქვა. მე, როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელი, პირადად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, მაგრამ გაჩნდა დიდი პრობლემა - რუსებმა, ტელევიზიას ვერ შეუშვებთო, თუმცა უწმინდესის დაჟინებული მოთხოვნით კამერით წავედით. გავიარეთ კორიდორი, რომელიც მოაწყვეს, და მივედით საკათედრო ტაძარში, სადაც ნიქოზის მეუფე ისაია დაგვხვდა ბერებთან ერთად. ჩამოვტვირთეთ ტვირთი. მთელი ამ გზის პერიოდში თავზე დაგვტრიალებდა ორი რუსული ვერტმფრენი. პატრიარქმა ჰკითხა ბორისოვს, რატომ დაგვყვებიანო? ვინმემ რამე რომ არ მოგვიწყოს, ამის გამო თქვენ გიცავენო, უპასუხა ბორისოვმა. კამერით როგორც კი დავიწყებდით გადაღებას, იმ წუთშივე გვეწეოდნენ ხოლმე გამყოლი რუსები და გვიკრძალავდნენ, ეს არ გადაიღოთ, სადაც ჩავალთ, მხოლოდ ის ადგილი გადაიღეთო. მაშინ უწმინდესმა დაგვიცვა, რა მოხდა, რა არის ისეთი აქ, რაც არ იციანო. მივდიოდით და გზაზე ტანკებსა და გავერანებულ არემარეს ვიღებდით. ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ, გავყვიროდი, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო, ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ყველა ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე თვალცრემლიანი დადიოდა), მერე ბორისოვს 10.000 დოლარი გადასცა, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო. კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციით ხვდებოდა. როცა დაბრუნების დრო მოვიდა, ერთი კაცი მოვიდა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. უწმინდესმა როგორც კი გაიგო, მაშინვე თქვა, წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი გაგიჟდა, უფლება არა მაქვს, თქვენ იქ მარტო გაგიშვათ, მხოლოდ ეს კორიდორია გაღებული თქვენთვისო. უწმინდესმა უთხრა, მე ადგილზე უნდა მივიდე და ვნახოო. ბორისოვმა მოსკოვში დარეკა. მას სახე შეეცვალა და გახედა უწმინდესს, რომელიც სახეგაყინული, მკაცრი სახით იდგა და ისევ უთხრა, მიმიყვანეთო