"ერთ-ერთ ტომში სრულიად შიშველი ქალები შემხვდნენ" - მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში, განსხვავებული სამყაროს ეგზოტიკა და სირთულე
ზურა დააშაშვილი ინგლისური ენის თარჯიმანია. მისი ჰობია ფოტოგრაფია, ახლახან ამაზონის ჯუნგლებში იმოგზაურა. მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავუკავშირდი და ვთხოვე, ის ემოცია და შთაბეჭდილება გაეზიარებინა, რომელიც განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობისას ჰქონდა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ჯუნგლებში მოგზაურობას ხიფათი ახლავს. იქ გადაადგილება მარტივი არ არის, ავტომობილი საერთოდ არ არსებობს, გემით ან პატარა კატერით გადაადგილდებიან. სოფლიდან სოფელში ან ტყიდან ტყეში გადასვლისას, შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეგხვდეს. უამრავი შხამიანი მწერია, ბინადრობს იაგუარი, ალიგატორი, ანაკონდა, პითონი... კულტურას რაც შეეხება, განსაცვიფრებელი იყო მათი სითბო, გულღიაობა, სტუმრის პატივისცემა... ამაზონის ჯუნგლებში ბავშვურად მიამიტი ადამიანები ცხოვრობენ..."
"8-9 წლის ვიქნებოდი, როცა ყვარლის რაიონში, სოფელში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ჩემს საწოლში გველი იყო და ძალიან შემეშინდა. ქვეწარმავლების ზიზღი და ფობია დამემართა. როდესაც იქ ბებიასთან და პაპასთან ჩავდიოდი და ბოსტნეულის მოყვანაში ვეხმარებოდი, მაშინაც არაერთხელ შემხვედრია და შეშინებულს, თავდაცვის მიზნით, მომიკლავს კიდეც. 2017 წელს, როდესაც ბრაზილიაში პირველად ჩავედი, გადაწყვეტილი მქონდა, ეს შიში დამეძლია. ანაკონდა შხამიანი არ არის, თუმცა მახრჩობელაა. სხვა დროსაც მჭერია. ის სულ ცდილობს, მჭიდროდ შემოგეხვიოს, მაგრამ ვიცი, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე..."
"იქ არ არის მედიცინა და ეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს. გადაუდებელი მდგომარეობა თუ არის, მაგალითად იყო შემთხვევა, ადამიანი იაგუარმა დაგლიჯა, დიდ ქალაქში ჯერ კატერით, მერე გემით გადაიყვანეს.არასდროს დამავიწყდება ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც პირანიამ თითზე უკბინა. ის 10-12 წლის იქნებოდა. ძალიან განვიცადე, როდესაც აცრემლებული დავინახე, მაგრამ ველურ ბუნებაში რომ იზრდება, სხვაგვარად მებრძოლია, ვაჟკაცობა და სიმამაცე აქვს. მისმა აცრემლებულმა თვალებმა მაინც ამაფორიაქა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე