"100 წელს გადაცილებული ბებია გვყავს, რომელიც პერიოდულად გვეხმარება... ვცდილობთ, ასეთი ნივთები გადავარჩინოთ..." - კვირის პალიტრა

"100 წელს გადაცილებული ბებია გვყავს, რომელიც პერიოდულად გვეხმარება... ვცდილობთ, ასეთი ნივთები გადავარჩინოთ..."

ნივთები, რომელსაც ნოსტალგიური განწყობა სდევს

ოჯახური საქმე და ეკომეგობრული მცირე საწარმო

ქსოვილები, რომლითაც პროდუქცია იქმნება, შეიძლება ითქვას, უკვე ანტიკვარია. ზოგს მზითევში ატანდნენ, ზოგსაც ოჯახისთვის თავად ყიდულობდა. არაერთმა ეს ქსოვილები თუ მისგან შექმნილი სხვადასხვა პრაქტიკული თუ დეკორატიული დანიშნულების ნივთი სკივრებსა თუ ჩემოდნებში "გამოკეტა", ანდა კარადის რომელიღაც თაროზე გაურკვეველი დროით შემოდო. ბევრისთვის ისინი წინაპრების სახსოვარია, ერთგვარი რელიკვია და დღემდე დიდი სიყვარულით უფრთხილდება...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ეკა ბუგიანიშვილი:

"ორ წელზე მეტია, რაც მე და ჩემმა ძმამ დავაფუძნეთ ბრენდი. ირაკლი მხატვარია და ბრენდინგში გვეხმარება, მე კი დიზაინზე ვმუშაობ. რამდენიმე პროფესია მაქვს, თუმცა ხელოვნებასთან კავშირი სულ მქონდა. ჩემი ძმის პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ფერების სამყაროში ვიზრდებოდი..."

"საოჯახო საქმიანობაში ჩართული ვართ ყველა: მე, ჩემი ძმა, დედაჩემი თამრიკო ფეიქრიშვილი და დეიდა ნინო. ჩვენ გვყავს 100 წელს გადაცილებული ბებია ანტისა ყარაულაშვილი, რომელიც პერიოდულად, რამდენადაც შეუძლია, გვეხმარება. ერთხელ გვიყურა, გვიყურა და თქვა, - თქვენ სად იყავით, როცა ჩემი მოსასხამიდან ჩანთა შევკერეო. ცოტა ხანში ოთახიდან გამოგვიტანა თავისი ნახელავი..."

"გულწრფელად გითხრათ, ეს საქმიანობა დედის გამო წამოვიწყეთ. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში კრიზისული სიტუაცია გვქონდა. როგორც აღვნიშნე, დედა პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ კერვა ყოველთვის უყვარდა. ვიფიქრეთ, რომ მოწყენილობის გასანეიტრალებლად ეს საუკეთესო თერაპია იქნებოდა. ჩანთას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, პრაქტიკული დატვირთვის ნივთია და მისი შეკერვა გადავწყვიტეთ..."

"ვფიქრობ, ჩვენ გარემოს დაცვის კუთხითაც მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ასეთი ქსოვილების დამზადებაზე ბევრი ადამიანის შრომა, დიდი რესურსია დახარჯული და დღეს ფაქტობრივად, ნაგავსაყრელზე მიდის. დღემდე არაერთხელ გვსმენია, ნეტავ გვცოდნოდა ამ ქსოვილებს თუ იყენებდით, ახლახან გადავყარეთო. ვცდილობთ, ასეთი ნივთები გადავარჩინოთ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე