ამერიკის "საიდუმლო სამსახურის" სკანდალები - ვინ შეუგზავნა "ჯეიმს ბონდებს" მსუბუქი ყოფაქცევის ქალები და როგორ "დასცინეს" მათ ავსტრალიელმა მსახიობებმა
აშშ–ის არც ერთ სხვა სპეცსამსახურზე არაა იმდენი ფილმი გადაღებული, რამდენიც „საიდუმლო სამსახურის“ მამაც აგენტებზე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ამერიკის პრეზიდენტის უსაფრთხოებას. როდის და როგორ შეიქმნა ამერიკის ყველაზე საიდუმლო „საიდუმლო სამსახური”?
1865 წლის 14 აპრილს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჰიუ მაქკალაფი პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს კაბინეტში ესტუმრა და ერთი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა გააცნო. საქმე ეხებოდა ყალბი დოლარების ბეჭდვასა და გავრცელებას, რასაც მაშინ მასიური სახე მიეღო. ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ფინანსთა მინისტრის აზრით უნდა შექმნილიყო სპეციალური სტრუქტურა. ლინკოლნმა ყურადღებით მოისმინა მინისტრის არგუმენტები და იმავე დღეს განკარგულება გასცა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში “საიდუმლო სამსახურის” შექმნის შესახებ, რომლის ძირითად ფუნქციაც ყალბი ფულის ბეჭდვისა და გავრცელების ფაქტების აღკვეთა იყო.
თუმცა ეს დღე სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი და საბედისწერო მოვლენის გამო შევიდა ისტორიაში. იმავე საღამოს პრეზიდენტი ლინკოლნი თეატრში წაბრძანდა, სადაც ის რევოლვერით სასიკვდილოდ დაჭრა მსახიობმა, “კონფედერატების” მომხრე 26 წლის ჯონ ბუტმა. ამ დროს ლინკოლნის ერთადერთი “მცველი” ვეტერანი მეომარი, მაიორი რასბოუნი სპექტაკლის ყურებით იყო გართული და თავდასხმელის თეტრის ლოჟაში შემოსვლა ვერ აღკვეთა.
სამ ათეულ წელზე მეტი და კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა გახდა “საჭირო”, რომ სახელმწიფოს პირველ პირთა დაცვის სამსახური შექმნილიყო. 1901 წელს მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტი მაქ-კინლი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო კონგრესმა გადაწყვეტილება პრეზიდენტის დაცვის აუცილებლობის შესახებ და ეს ფუნქცია …. ფინანსთა სამინისტროს “საიდუმლო სამსახურს” დაავალა. 2003 წლიდან კი “აშშ-ის საიდუმლო სამსახური” უკვე შინაგანი უშიშროების სამინისტროს შემადგენლობაში მოქმედებს (2019 წლის მდგომარეობით შტატში 7000-მდე თანამშრომელი, ხოლო ბიუჯეტი – 2,3 მილიარდი დოლარია) და ორი ძირითადი ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს:
ა. ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთა (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები ) და მათი ოჯახის წევრების, უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების, აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების დაცვა;
ბ. ეროვნული საფინანსო სისტემის დაცვა (ყალბი ფულის, საკრედიტო ბარათების და ფასიანი ქაღალდების დაბეჭდვის და გავრცელების, ასევე “ფულის გათეთრების” წინააღმდეგ ბრძოლა).
ქვეყნის პირველი პირების სიცოცხლე ყოველთვის და ყველგან მუდმივ საფრთხეშია. პრეზიდენტზე თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეიძლება მოაწყონ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და რელიგიურმა ფანატიკოსებმა, ადგილობრივმა ნაციონალ-ორთოდოქსებმა, თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა, კრიმინალურმა სამყარომ და ა.შ. სამწუხაროდ, მსოფლიოს უახლეს ისტორიას ზემოჩამოთვლილი ყველა სახის თავდასხმა ახსოვს. უმრავლესობა ლეტალური შედეგით დასრულდა, რა იყო ამის მიზეზი, დაცვის სამსახურის შეცდომა თუ ბედისწერა? იქნებ ორივე? ალბათ, ხშირად გაგიგონიათ: თუ კარგად დაგეგმეს, ყველას ლიკვიდაციაა შესაძლებელიო. საინტერესოა, მართლაც ასეა?
1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, ალბათ, უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული მკვლელობა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია ყველა პრეზიდენტისგან მკაცრად მოითხოვს „საიდუმლო სამსახურის“ ინსტრუქციების აუცილებელ შესრულებას, იმ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი არ დაემორჩილა მათ და ღია ლიმუზინიდან მოინდომა დალასელების მისალმება. პრეზიდენტის მარშრუტი ქალაქის ქუჩებში გადიოდა და კორტეჟს 20 000-ზე მეტი ფანჯრის წინ უნდა გაევლო. პოტენციური საფრთხე სახეზე იყო. პრეზიდენტის დაცვამ ლიმუზინის ტენტით გადაფარვა ითხოვა, მაგრამ კენედიმ ამაზეც უარი განაცხადა. იგი იოლი სამიზნე იყო კარგი მსროლელისთვის. ეს ალბათ, ბედისწერაა, თორემ აშშ-ის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი მაშინ გადარჩებოდა. თუმცა დაცვის სამსახურსაც მეტი სიმტკიცე უნდა გამოეჩინა.
„საიდუმლო სამსახურის’ ყველაზე დიდი თავის ტკივილი პრეზიდენტის ვიზიტებია. აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური მოღვაწეობა მუდმივ შეხვედრებს გულისხმობს – ქვეყნის შიგნით, თუ საზღვარგარეთ. ამიტომაც მისი უსაფრთხოების დაცვის მოსამზადებელი ღონისძიებები ვიზიტამდე კარგა ხნით ადრე იწყება.
რამდენიმე კვირით ადრე მუშაობის დაძაბულ რეჟიმზე გადადიან “საიდუმლო სამსახურის” ანალიტიკური დანაყოფის თანამშრომლები. ისინი შეისწავლიან მასპინძელ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკოლოგიურ, კრიმინალურ და ა.შ. მდგომარეობას. ანალიტიკური ცნობები გადაეცემა “საიდუმლო სამსახურის” ერთ–ერთ მოადგილეს. ამის შემდეგ საქმეში ერთვებიან ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან ამ ქვეყანაში და კოლეგებთან (მასპინძელი მხარის სახელმწიფო დაცვის სტრუქტურებთან) ერთად გეგმავენ გადაადგილების მარშრუტს, უსაფრთხოების ზომებს ხალხმრავალ ადგილებზე, ზედმიწევნით ყურადღებით ათვალიერებენ იმ სასტუმროს, სადაც პრეზიდენტი უნდა დაბინავდეს და ა.შ. მესამე ეტაპზე დაძაბული მუშაობა ელით ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფის სპეციალისტებს. ისინი სპეციალური სკანერებით ამოწმებენ მოსასმენი აპარატურის, გამოსხივების წყაროების, თუ ნაღმების არსებობას სასტუმროს ოთახებში. ამავე დროს ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელმაც უნდა ჩაახშოს უცხო რადიოსიხშირეები.
2008 წელს ავსტრალიაში გამართული აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმი ბევრი რამით იყო საინტერესო. გაშიშვლებული ანტიგლობალისტების საპროტესტო მიტინგების გარდა, უფრო დაკვირვებული თვალი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის დაცვის უპრეცენდენტო ღონისძიებებსაც შეამჩნევდა.
ავსტრალიის ფორუმის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე სიდნეიში ამერიკიდან 15 სპეცჯგუფი ჩავიდა, რომლებმაც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ბუშის ვიზიტის ყველა კუთხე-კუნჭული შეისწავლეს. ამერიკის „საიდუმლო სამსახურის“ 250 თანამშრომელი კი, ბუშის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაეშვა სიდნეის აეროპორტში. მათ 16 (!) დაჯავშნილი ავტომობილიც ჩაიტანეს, რომელთაგან ერთი ბუშისთვის იყო განკუთვნილი. საინტერესოა, რომ ფორუმში მონაწილე სამ ათეულზე მეტი სახელმწიფოს მეთაურის პირადი დაცვის წევრებიდან, მხოლოდ ჯორჯ ბუშის დაცვას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბუშის დაცვის ღონისძიებებზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაიხარჯა. დაცვის ამგვარი ღონისძიებების მიუხედავად, სერიოზული კურიოზი მაინც მოხდა.
ავსტრალიელმა მსახიობებმა გადაწყვიტეს ბუშის დაცვის სიფხიზლის შემოწმება და მოტოციკლისტების კორტეჟის თანხლებით სამი ლიმუზინით, რომლებსაც კანადის ეროვნული დროშა ამშვენებდა, დაცვის კორდონების გავლა სცადეს. ორი გაძლიერებული ბლოკ-პოსტი ისე გაიარეს, რომ არავის არანაირი დოკუმენტი არ მოუთხოვია. მხოლოდ იმ სასტუმროს შესასვლელთან, სადაც პრეზიდენტი ბუში დაბინავდა, აღკვეთა დაცვამ ონავარი მსახიობების მასკარადი.
ტერორისტებს ეს მეთოდი რომ გამოეყენებინათ, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. ეს იყო აშშ-ის “საიდუმლო სამსახურის” ხელმძღავანელების სერიოზული შეცდომა. ამ ყველაზე გასაიდუმლოებულ სამსახურს კიდევ მრავალი სკანდალი უკავშირდება.
2012 წლის 16 აპრილს კოლუმბიის დედაქალაქ კარტაჰენაში VI ამერიკის სამიტი გაიმართა, სადაც რამდენიმე ათეული ქვეყნის პირველი პირების დაცვის გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული. “საიდუმლო სამსახურის” ამერიკელი სპეცაგენტებიც, წესისამებრ, კარტაჰენაში ადრევე ჩავიდნენ, ინსტრუქციის მიხედვით ოპერატიული-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას და პრეზიდენტ ობამას ვიზიტის მომზადებას შეუდგნენ. თითქოსდა ყველაფერი ჩვეულებრივ, რუტინულად მიდიოდა, როდესაც 13 აპრილს ამერიკის მასმედია სერიოზულ სკანდალზე ალაპარაკდა. იმ დღეს აშშ-ის “საიდუმლო სამსახურის” და აშშ თავდაცვის უწყების ოცამდე სპეცაგენტი და თანამშრომელი კოლუმბიიდან უკან დააბრუნეს. შემდეგ კი გამოცდილი, სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სპეცაგენტები სამსახურიდან მასიურად დათხოვეს. რა მოხდა ჰოტელ “ ჩარიბეაში“ ?
ალბათ, არაფერი უჩვეულო ამერიკის სპეცსამსახურის აგენტებისთვის, მხოლოდ ამჯერად “კოკა წყალზე გატყდა” და ისინი სიძუნწემ, ასევე შესაძლო კიდევ რამდენიმე არაშემთხვევითმა ფაქტორმა დაღუპა.
სპეცაგენტებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯერ ბარში მოილხინეს, სადაც სასმელი “თავზესასხმელი” იყო, შემდეგ კი გოგონებთან მოინდომეს გართობა. კარტაჰენაში, სადაც პროსტიტუცია ოფიციალურად დაშვებულია, არც ეს არის პრობლემა. ოცამდე გოგონა ბარშივე შეარჩიეს და სასტუმროს ნომრებში მიიპატიჟეს. ყველაფერი ალბათ, “ჰეპი ენდით” დამთავრდებოდა, რომ არა ერთი სპეცაგენტის სიძუნწე, რომელმაც მეორე დღეს დანაპირების შესრულება აღარ მოისურვა და კარტაჰენელ “ფეხმსუბუქ დიაცს”, 24 წლის ვინმე დანია სუარესს 800 დოლარის ნაცვლად 30 დოლარი გადაუხადა.
კლიენტისგან მოტყუებულმა ღრმადპატივცემულმა ქ-მა სუარესმა და მისმა დაქალებმა წივილ-კივილით მთელი სასტუმრო შეძრეს, უცბად საიდანღაც კოლუმბიელი პოლიციელებიც გაჩნდნენ . მეორე მხრიდან კუნთმაგარმა ამერიკელმა სპეცაგენტებმა დაიცვეს კოლეგა და .. . . . . აქ უკვე მკითხველმა, საკუთარი ფანტაზიით წარმოიდგინოს, თუ რა სამხრეთამერიკული ორომტრიალი შეიქმნებოდა.
ამ, ერთი შეხედვით, სასეირო ისტორიაში, ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ აშშ “საიდუმლო სამსახურის” სპეცაგენტები შესაძლოა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის კარგად დადგმულ ოპერაციაში გაებნენ და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია ხელში ჩაუგდეს. მართლაც ამ სკანდალის გახმაურებიდან რამდენიმე დღეში ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში სერიოზულად შეშფოთდნენ.
სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან, მაშინ სენატის იურიდიული კომიტეტის წევრმა ჩაკ გრეისლიმ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ “კოლუმბიელი მერცხლები” რუსეთის საგარეო დაზვერვას მიეგზავნა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან, მათ ხომ ამგვარი სპეცოპერაციების დიდი გამოცდილება აქვთო. მეორე ვერსიით, არაა გამორიცხული, რომ “უძველესი პროფესიის” ქალბატონები კოლუმბიის ნარკომაფიის დავალებას ასრულებდნენ.
ეს სექს-სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველზე უძველესი სპეცსამსახური ძალზე ღრმა კრიზისშია. ზოგადად კი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ეიფორიამ იმძლავრა და ამერიკელი “ჯეიმს ბონდები” მოდუნდნენ. სამწუხარო შედეგიც უკვე სახეზეა: რუსეთის ნეოიმპერიალისტურ მოქმედებებზე “ბებერი ევროპა” კარგა ხანი თვალს ხუჭავდა, აშშ–ი კი შიდა პოლიტიკური ინტრიგებით იყო გართული. ისინი მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ გამოფხიზლდნენ.
დღეს კი ამერიკაში, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მომხრეებს შორის მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება შესაძლოა არც თუ მშვიდობიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის მაგალითია, თუნდაც გუშინ შტატ იუტაში მომხდარი ფაქტი, როდესაც გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა დაპატიმრების მცდელობისას მოახდინეს ვინმე კრეიგ რობერტსონის ლიკვიდაცია, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სხვა დემოკრატ პოლიტიკოსებს და იმ პროკურორებს, რომლებიც იძიებენ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო დანაშაულს. წარმოიდგინეთ როგორ დაიძაბება აშშ–ში მდგომარეობა ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. პუტინიც ამას უცდის: მისთვის ტრამპის გამარჯვება და ამერიკაში შიდა დაპირისპირების ზრდა ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება!