"რაღაც კოლექტიური გულგატეხილობა და იმედგაცრუება იგრძნობა“ - The Washington Post-ის მძიმე რეპორტაჟი ფრონტის ხაზიდან
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ნელი კონტრშეტევა უკრაინელების განწყობას აუარესებს“ (ავტორები - შივონ ო’გრეიდი, ჰაიდი ლევინი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„უკრაინა, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაიქანცა. ქვეყანას ძალა ელევა. თითქმის 18 თვის განმავლობაში უკრაინელები რუსეთის არმიას წინააღმდეგობას უწევენ. ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან უკრაინელი ოფიციალური პირები და მათი დასავლელი პარტნიორები მომავალი კონტრშეტევის იდეას აქტიურად ატრიალებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ საომარ მოქმედებებში გარდატეხას შეიტანდნენ - დასავლური იარაღისა და დასავლელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების წყალობით. მაგრამ ცხელ ზაფხულში, კონტრშეტევის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, ფრონტზე უმნიშვნელო პროგრესის პირობებში, ნარატივს ხალხის ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ თანდათან ბზარები გაუჩნდა.
ფრონტზე ყოველდღიურად ასობით უკრაინელი იღუპება და ეს ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება. მილიონობით ლტოლვილს და იძულებით გადაადგილებულ პირს მშობლიურ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვს. ომი ქვეყნის ყველა კუთხეს შეეტყო - მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის დარტყმებისგან სისხლისგან იცლება. უკრაინელებს უკიდურესად ესაჭიროებათ პოზიტიური ინფორმაციის მოსმენა, მაგრამ ასეთი ამბები არ არის", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
კორესპონდენტები ესაუბრებიან უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქის - სმილას მცხოვრებს, 42 წლის ალა ბლიზნიუკს, რომლის თქმით, ადრე, მაშინაც კი, როცა ფრონტზე სიტუაცია ცუდი იყო, ხალხი უფრო ერთიანი იყო, ახალგაზრდები მოხალისედ ეწერებოდნენ, ქალები მამაკაც ჯარისკაცებს საჭმელებს უმზადებდნენ, სულისკვეთება მაღალი იყო. ახლა კი... „რაღაც კოლექტიური გულგატეხილობა და იმედგაცრუება იგრძნობა“.
ალა ბლიზნიუკს ეშინია, რომ მის ქმარს, მცირეწლოვანი შვილების მამასაც ფრონტზე გაიწვევენ ახალი მობილიზაციით. მისი თქმით, უკვე შესამჩნევია, რომ ქალაქში, ადრინდელთან შედარებით, ცოტა მამაკაცი დადის. უკრაინა საიდუმლოდ ინახავს და არ აქვეყნებს დაღუპულთა რაოდენობას, მაგრამ, როგორც ალა ამბობს, ყველამ კარგად იცის, რომ დანაკარგები უდიდესია - ფრონტზე წაყვანილი ახალწვეულები უკვე ორი-სამი დღის შემდეგ იღუპებიან.
„ქვეყანა პროფესიონალებმა, კარგად გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა უნდა დაიცვან. ჩემთვის ძალიან მწარეა, რომ ყოველდღიურად მესმის რომელიმე ახალწვეულის სიკვდილის ამბავი. ჩვენ, უკრაინელებს, ასეთი ბედი არ დაგვიმსახურებია“.
დონეცკის ოლქში - იქ, სადაც ცეცხლის ხაზი გადის, ამერიკელი ჟურნალისტები უკრაინის არმიის ჯარისკაცს, წარმოშობით ესტონელს ესაუბრებიან. მისი მოვალეობაა საველე ლაზარეთიდან დაჭრილი ჯარისკაცების ზურგის ჰოსპიტლებში გადაყვანა, აგრეთვე - დაღუპულთა ცხედრების მიტანა მორგებში. „ზოგჯერ მოკლული ჯარისკაცების სხეულები იმდენად არიან აფეთქებისგან დანაწევრებული, რომ მათი სხვადასხვა ადგილზე მოძიება გვიხდება. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანისგან მხოლოდ სხეულის 15% რჩება... ამდენი სისხლი არასოდეს მინახავს. ძალიან ძვირი და აუტანელი ფასია თავისუფლებისათვის“, - ამბობს იგი.
ასეთი უმძიმესი ეპიზოდები ყოველდღიურად ხდება კიევიდან შორს, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგად არის დაცული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით და სადაც უკვე საჰაერო განგაშის სიგნალებზე თითქმის აღარ რეაგირებენ. თუმცა კიევშიც შეიმჩნევა ომის მტკივნეული კვალი.
„ჰოსპიტლის შენობის წინ გაშენებულ პარკში მდგარ სკამებზე ჯარისკაცები სხედან და საუბრობენ. ისინი დაჭრილები არიან, მკურნალობენ და სიგარეტს ეწევიან. მათ შორისაა 34 წლის ვიქტორი, რესტორნის ყოფილი ოფიციანტი. გასულ კვირას იგი ზაპოროჟიეს ფრონტზე დაიჭრა - ნაღმის აფეთქებამ მაჯა გაუგლიჯა, სახეში კი ნამსხვრევები მოხვდა და ახლა მთლიანად იარებით აქვს დაფარული. მუხლიც საკმაოდ დაუზიანდა. ვიქტორის თქმით, მან იცის, რომ დღეს კიევის რესტორნები და კაფე-ბარები ხალხით გადაჭედილია, თავისუფალი ადგილები არ არის. იგი გვთხოვს, რომ მისი გვარი არ დავასახელოთ. ამბობს, რომ მას ბედმა გაუღიმა, რადგან სიარული ასე თუ ისე შეუძლია, სხვებს ხელ-ფეხი საერთოდ აღარ აქვთ. „ჩემთვის ბოლო ბრძოლა ძალიან მძიმე იყო. ჩემს ქვედანაყოფს შვიდსაათიანი ბრძოლა მოუხდა, რომ წინ 400 მეტრით წაწეულიყო. და ეს ყველაზე უკეთესი შემთხვევაა, ძალიან ხშირად უფრო უარესი ხდება“, - ამბობს ვიქტორი.
52 წლის რუსლანმა ფეხი კონტრშეტევის დროს დაკარგა, როცა რუსების მიერ დანაღმულ ველზე მოხვდა. იგი თანამებრძოლს გამოჰყავდა, მაგრამ ისიც ნაღმის აფეთქებისას დაიჭრა. „ფრონტის წინა ხაზიდან ბევრი კიდურების გარეშე ბრუნდება“, - ამბობს რუსლანის მეუღლე ანა, - "მე მინდა, რომ სიცოცხლის ის ფასი, რასაც ისინი ომის დროს იხდიან, გონივრული იყოს ანუ მათმა ბრძოლამ უსარგებლოდ არ უნდა ჩაიაროს“.
რუსლანის თქმით, ახლა რომ ინვალიდი არ იყოს და ისევ არმიაში მოხალისედ წასვლა შეეძლოს, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. „ახალგაზრდებს იჭერენ და წინახაზზე მოუმზადებლად აგზავნიან. ისინი მოტივირებულები არ არიან და მე არ მსურს მათ შორის აღმოვჩნდე“.
ბევრი დაჭრილი საუბრის დროს რუსეთის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავს, მაგრამ, იმავდროულად, მათ არ ეშინიათ, რომ უკრაინის ხელისუფლებაც გააკრიტიკონ. გასულ კვირას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ სამხედრო კომისარიატებში ჩატარებულმა სახელმწიფო შემოწმებამ „აღმაშფოთებელი დარღვევები“ გამოავლინა, შეიარაღებული ძალების ზურგის სტრუქტურებში კორუფციაა გამეფებული. ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, რომელიც ბახმუტის ბრძოლებში მიღებულ ჭრილობას იშუშებს, „ის ადამიანები, რომლებიც ომით ხელს ითბობენ, ცეცხლის ხაზზე უნდა იქნენ გაგზავნილნი და ნახავენ, რა ჯოჯოხეთურ სიტუაციაში მოუხდებათ ყოფნა“.
და ამ დროს ჯარისკაცებისათვის გულსატკენი და იმედგამაცრუებელია ის, რაც კიევში ხდება - მოსახლეობა მხიარულია, ძველებურად ერთობიან, თითქოს მიეჩვივნენ სიტუაციას... რასაკვირველია, ყველა ასეთი არ არის - 36 წლის იულია, რომელიც ერთ-ერთ დაწესებულებაში მუშაობს, ამბობს, რომ „ამ მოცეკვავე და მხიარულ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები თვეობით სანგრებში სხედან, როტაციის გარეშე, ყოველდღიურად სიკვდილს ელოდებიან და მაინც იბრძვიან“.
რაც შეეხება კონტრშეტევას, იულია აღნიშნავს, რომ „ჩვენი მოლოდინი უფრო იმედიანი იყო. ეტყობა, ფრონტზე რაღაც გაურკვევლობაა შექმნილი, რომ შეტევა ნელი ტემპით მიდის. ჩვენი სარდლობა სულ სხვა დაპირებებს გვაძლევდა“.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორები ესაუბრებიან კრივოი როგის მცხოვრებლებს, რომელთა საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია და ზამთრამდე საეჭვოა, გარემონტდეს. მშვიდობიან მოსახლეობაში გულგატეხილობა მატულობს. ასეთები უკრაინაში მილიონობითაა.
მოამზადა სიმონ კილაძემ