"ტინტოს" ვერ შეედრებიან. ეს ძაღლი დაახლოებით 20 წლის წინ გამოიყვანეს სპეცსაქმისათვის" - რას ჰყვება კინოლოგი?
"ხშირად, ძაღლი, საბედისწერო მოვლენებისას გადარჩენის ერთადერთი იმედია"
ბოლოდროინდელმა ტრაგედიებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძაღლის ერთგულება უსაზღვროა. მას თავად ბუნებამ მიანიჭა უნარი, ადამიანი არასოდეს მიატოვოს. მაშინაც კი, როდესაც თავად ადამიანი წირავს და თავიდან იშორებს. მათ შორის ზოგიერთი მრავალჯერ გამხდარა საბედისწერო მოვლენების ერთადერთი იმედი. საქართველოში, ალბათ, ყველა ვიცნობთ მაშველ ძაღლს "ტინტოს" რომელმაც ჯერ თურქეთის მიწისძვრისას გადაარჩინა ნანგრევებში დამარხული ადამიანი, მერე კი რამდენიმე კვირის წინ მცხეთაში დაკარგული პატარა ბიჭი აპოვნინა მშობლებს. იმის შესახებ, თუ როგორ იწვრთნება ძაღლი, რომ "ტინტოს" გარდა სხვა ჭკვიანი ძაღლებიც გვყავდნენ, კინოლოგს ვესაუბრეთ. გიორგი ნატროშვილი გვიპასუხებს კითხვაზე, რა როლს თამაშობს ამაში ძაღლის გენეტიკა ან რა შრომა სჭირდება ძაღლის გაწვრთნას.
- ბატონო გიორგი, მაშველი ძაღლების როლი იმდენად მნიშვნელოვანია ბოლოდროინდელ სტიქიებში (და არა მარტო); შეუძლებელია ამ თემამ არ დაგვაფიქროს. თუმცა, ამ სფეროში ერთადერთი პროფესიონალი "ტინტო" გვყავს. რატომ არ გვყავს ბევრი ან როგორ უნდა გავზარდოთ კარგი მაშველი ძაღლები?
- მაშველი და მაძებარი ძაღლები გვყავს, თუმცა "ტინტოს" მართლაც ვერ შეედრებიან. ეს მართლაც დასაფიქრებელია და მიზეზსაც ავხსნი. თუ რატომ არის სამაშველო სამუშაოებში ძაღლი შეუცვლელი, აქვე გეტყვით: ყველა სხვა უნართან ერთად, ძაღლს აქვს კიდევ ერთი ფანტასტიკური ნიჭი: ძაღლი დაახლოებით 3 კილომეტრიდან გრძნობს ადამიანის სუნს და ამ მანძილზე ეძებს მას, ან მაშინ ელოდება მის დაბრუნებას, როცა ადამიანს ამის შესახებ წარმოდგენაც არა აქვს. თუმცა, რაც არ უნდა ფანტასტიკური უნარებით იყვნენ დაჯილდოებული ჩვენი უმცროსი მეგობრები, ეს უნარები ნაკლებად იმუშავებს, თუ ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე არ გავწვრთნით. ეს ძაღლის პატრონსაც შეუძლია, თუ ამისთვის გამოცდილება და ცოდნა აქვს. თუმცა დამეთანხმებით, პროფესიონალი კინოლოგი სულ სხვაა. ისე კი, არაპროფესიონალიც ბევრი გვყავს. იმას ვგულისხმობ, რომ ძაღლისთვის "ადექი-დაჯექის" სწავლება კინოლოგიას არ ნიშნავს, სხვა უნარებია საჭირო. ძაღლის ჯიშობრივი უნარებით დაწყებული, ცხოველის სიყვარულით დამთავრებული. ძაღლები ხასიათით ისეთივე მრავალფეროვანი, ჭირვეულები ან დამყოლები, კომუნიკაბელური ან მელანქოლიკები არიან, როგორიც ადამიანები. კომპლექსებიც ასევე აქვთ.
რატომ არის ხშირად პატარა ჯიშის ძაღლი უფრო აგრესიული, ვიდრე დიდი ბომბორა? იმიტომ, რომ სიპატარავის კომპლექსი აქვთ. ბევრჯერ ჩემამდე მოყვანილი ლეკვი პატრონის თანდასწრებით ბევრს ჭირვეულობდა, აგრესია ჰქონდა, მაგრამ როგორც კი პატრონი წავიდა, დამყოლი გახდა. რატომ? იმიტომ, რომ პატრონის წასვლის შემდეგ უცებ გააცნობიერა, რომ ჭირვეულობაში მხარდამჭერი აღარ ჰყავდა.
რაც არ უნდა მოურჯულებელი იყოს ძაღლი, პროფესიონალი კინოლოგი ორ დღეში მაინც მიიჩვევს. გაწვრთნაც რაც უფრო ადრე დაიწყება, დაახლოებით 4 თვიდან, მით უკეთესია. ამ ასაკის ლეკვს ჯერ კიდევ არ აქვს "გამჯდარი" ჩვევები და ახალს უკეთესად იღებს. მართალია, გაწვრთნა ყველა ასაკშია შესაძლებელი, მაგრამ უკვე მოზრდილ ასაკში ძაღლისთვის სწავლება შედარებით ჭირს, ზოგჯერ შედეგი საიმედო არ არის. კი ასწავლი, მაგრამ საკითხავია, ახალ ჩვევებს გამოიყენებს თუ არა პატრონთან. მქონია შემთხვევა, ძაღლი ფანტასტიკურად დამმორჩილებია, მაგრამ შინ წასულა და პატრონთან იგივე გაუკეთებია. პატრონების 90%-ს ძაღლი გასაწვრთნელად მაშინ მოჰყავს, როდესაც მისგან გაბეზრებულია. ამაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ძაღლს ირჩევს. უამრავი გასაგდებად განწირული ძაღლი გამიჩუქებია. ზოგი ჩივის ვეღარ ვკვებავო, ზოგი ძალიან ენერგიულია და ვეღარ ვუძლებო. შე დალოცვილო, საკუთარი ხასიათი რომ იცი, ადექი და ძაღლი ამის მიხედვით შეარჩიე. თუ ბეწვებიან და ენერგიულ ძაღლს ვეღარ უძლებ, რისთვის მოგყავდა?!
- უფროსი თაობისაგან მსმენია, რომ ძაღლის გადაგდება ცოდვაა. ალბათ, იმას გულისხმობდნენ, რომ უმწეო მეგობრის გაწირვა მძიმე ტვირთი ხდება ნელ-ნელა, თანაც როგორი მეგობრის, რომელიც შეიძლება სასოწარკვეთაში ყველაზე დიდ ნუგეშად იქცეს. შოკში ჩამაგდო მარიკა გუტაშვილის შოვის ფოტოებმა, რომელსაც ოჯახის 9 წევრიდან მხოლოდ ძაღლი დარჩა ნუგეშად.
- ოჯახიდან ძაღლის გაგდება არაადამიანობაა. თუ არა ხარ დარწმუნებული, რომ მოუვლი, შინ რატომღა მიგყავს?! ჯერ ყველაფერი უნდა გათვალო და ძაღლს ისე უნდა გაუღო კარი და არა ბავშვების იმედად.
არსებობს ძაღლების ჯიში, რომელიც პატრონის ხასიათის სისუსტეს გრძნობს და მხოლოდ ამიტომ არ ემორჩილება. ამას წინათ ერთმა კაფანდარა გოგონამ უშველებელი როტვეილერი მომიყვანა გასაწვრთნელად. პარალელურად, იმ როტვეილერის თავადვე ეშინოდა. ცხადია, ეს ძაღლი არ დაემორჩილებოდა. როტვეილერი მე კი მიჯერებდა, მაგრამ გოგონას არ დაუჯერა -A ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაწვრთნისაგან შედეგი არ არის.
ყველა ძაღლი სწავლობს, მაგრამ დიდ ასაკში ზოგჯერ შედეგი არ არის.
- მაშველ ძაღლებად რომელ ჯიშებს იყენებენ, შეიძლება მაწანწალა ძაღლი მაშველი გახდეს? ისინი ხომ ძალიან ჭკვიანები არიან?
- გეთანხმებით, რომ ჭკვიანები არიან, მაგრამ მაწანწალა მაშველ ან სხვა ტიპის მუშა ძაღლად არასოდეს გამოიყენება. იმიტომ, რომ გენეტიკა ძაღლშიც ბევრს ნიშნავს. კაციშვილმა არ იცის, მათში რამდენი სისხლია ნარევი და რომელი სისხლი უკარნახებს, ბრძანებებს დაემორჩილონ თუ არა. მაშველებად შეიძლება გამოიყენო ბელგიური ან გერმანული ნაგაზი, ლაბრადორი და ა.შ. მათ მაშველის, სასაზღვრო, ნარკოტიკის მაძიებლების უნიკალური თვისებები აქვთ. მაგალითად, ჩვენი "ტინტოს" ჯიში ბელგიური მალინუა, ამ მხრივ სასწაულია. ეს ძაღლი დაახლოებით 20 წლის წინ გამოიყვანეს სპეცსაქმისათვის, თუმცა დღეს მსოფლიომ ის უნიკალური გონებრივი შესაძლებლობების ძაღლად აღიარა ნებისმიერ სფეროში. ის საუკეთესო მეგობარია, დამცველი და მფარველი ნებისმიერ სიტუაციაში, მისთვის ხეზე ასვლა, 6 მეტრზე გადახტომა ან გაუვალ ჯაგნარში ძებნა არაფერია, თანაც 3000-მდე ბრძანებას იმახსოვრებს.
- რას ამბობთ, ამდენ ბრძანებას ადამიანიც ვერ დაიმახსოვრებს!
- დიახ, ასეა. თავად მყავს ეს ძაღლი და ჩემს ოჯახს მის გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენია. იმდენად მინდოდა ეს ძაღლი მყოლოდა, მასში 2000 ევრო გადავიხადე და ევროპიდან ჩამოვიყვანე. თუმცა ჩვენში, როგორც ბევრი სხვა რამ, ეს ჯიშიც დააკნინეს. ნათესავებს შეუჯვარეს და ქუჩაშიც გააგდეს, სამწუხაროდ. რაც შეეხება გაწვრთნას, მე ძაღლს კბენას არ ვასწავლი, თვით სასაზღვრო ჯარების ძაღლებსაც კი. საკმარისია, ამ ძაღლებმა საზღვრის უკანონოდ გადალახვა დაინახონ, კანონის დამრღვევს გაეკიდებიან, ხელში კბილებს ჩაავლებენ და გააჩერებენ, ვიდრე მესაზღვრე არ მივა.
მშვიდია ნარკოტიკის მაძიებელი ძაღლიც. მათი გაწვრთნა სათამაშოს პოვნიდან იწყება. შემდეგ უკვე ნარკოტიკზე გადაგვყავს მარტივი ოპერაციით: რამდენიმე ყუთს ერთად ჩამოვალაგებთ და ძაღლმა სუნით უნდა იპოვოს, ნარკოტიკი რომელშია. შემდეგ მეთოდი უკვე დიდ შენობებსა და ობიექტებზე გადადის.
- "ტინტოს" მსგავსად ჭკვიანი, რატომ სხვა მაშველი ძაღლები არ გვყავს? ჯერ თურქეთში გადაარჩინა ნანგრევებში დამარხული ადამიანი, მერე დაკარგული პატარა ბიჭი იპოვა მცხეთაში, ახლა კი რაჭის ტრაგედიის დროსაც თავდაუზოგავად იმუშავა.
- მაშველი ძაღლები გვყავს, მაგრამ "ტინტოს" მსგავსი მართლაც ვერა. ჩემი აზრით, მიზეზი კინოლოგების შეცდომებია. როდესაც მაშველ ძაღლს ვოლიერში გამოკეტავ და მხოლოდ ერთი საათი ავარჯიშებ დღეში, შედეგს ვერ მიიღებ. "ტინტოს" გაწვრთნაზე, საბედნიეროდ, კერძო პირმა იზრუნა.
კინოლოგია პროფესიაა, სადაც მხოლოდ "ადექი-დაჯექის" ბრძანების გაცემით ფონს ვერ გახვალ.
- პიტბულზე რას მეტყვით რომელმაც ამდენი ადამიანი შეიწირა?
- ამ ჯიშს თავიდანვე უნდა გაწვრთნა და არ უნდა მოხვდეს იმ ადამიანის ხელში, ვის ბრძანებას არ ემორჩილება. ყველა ის საბედისწერო შემთხვევა სწორედ მათი პატრონების დამსახურებაა, რომელთაც ამ ძაღლის გაწვრთნა არ შეუძლიათ.
- მინდა ჩვენს კავკასიურ, ქართულ ნაგაზზეც გკითხოთ. ასეთი სილამაზე იშვიათია.
- გეთანხმებით. ისე კი სილამაზის ყველას თავისი სტანდარტი აქვს. ამ ჩვენს ჯიშზე კი ერთ განსაკუთრებულ ამბავს გეტყვით - მას ძალზე ჯიუტი ხასიათი აქვს. შესაძლოა გაწვრთნა, მაგრამ მერე თავისი ხასიათის გამო ან გამოიყენებს, ან არა. მაინც თავისას იზამს! სამაგიეროდ, ჩვენი ნაგაზი სწორედ იქ არის შეუდარებელი და საუკეთესო, რისთვისაც შეიქმნა - პირუტყვისა და ადამიანის დარაჯობა-პატრონობაში.
ეთერ ერაძე