"ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით „ლელო“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სპეკულირებენ" - "ოცნება" "ლელოს" პასუხობს
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით „ლელო“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სპეკულირებენ იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნან და ხელოვნურად აწიონ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“დეპუტატი გივი მიქანაძე რიკოთის საერთაშორისო აუდიტთან დაკავშირებით „ლელოს“ მოთხოვნას.
როგორც მიქანაძე აცხადებს, „საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითოეული ტენდერი და ნაბიჯი პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების სისტემის გაანალიზებასთან“.
„წინასწარ შეფასებითი სამუშაოები ტარდება და გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის საფუძველზე ხდება. რა თქმა უნდა, კონსტრუქცია აგების შემდეგ საექსპერტო შემოწმებას გადის და დასკვნები იდება. ოპოზიციის ხედვები პირდაპირ მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ის პროცესები დააზიანოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პროექტების მიმართ დიდი მხარდაჭერა აქვს მსოფლიო ბანკს, „იბიარდს“ და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს. არც ერთი მათგანი ინვესტირებას ისეთ პროექტებში არ განახორციელებს, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე კითხვები არსებობს. საქართველოს რეალობაში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის უზრუნველყოფილია ექსპერტული დასკვნები. ამ ხელისუფლების პირობებში ასე იყო და ასე იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, როგორც პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით.
"ინტერპრესნიუსი"