მარიკა ვერულაშვილის ხმაურიანი "დაბრუნება" - რა ობიექტები იყიდა ყოფილმა "ნაციონალმა" ივანიშვილის კომპანიისგან?! - კვირის პალიტრა

მარიკა ვერულაშვილის ხმაურიანი "დაბრუნება" - რა ობიექტები იყიდა ყოფილმა "ნაციონალმა" ივანიშვილის კომპანიისგან?!

კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტმა" ლაგუნა ვერეს გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ე.წ ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება და ასევე, იპოდრომის ნაწილიც - წყარო ,,ფორმულაა"

მათივე მოპოვებული დოკუმენტით, იპოდრომის ტერიტორიაზე საუბარია დაახლოებით 70 000 კვადრატულ მეტრზე, საიდანაც 10 000 კვადრატული მეტრი უკვე კომპანიის საკუთრებაშია, დამატებითი ტერიტორიების გადაფორმება კი სავარაუდოდ მომდევნო საათებში მოხდება. ნიუ სითი დეველოპმენტის მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრშია.

აღნიშნული ტერიტორიები აქამდე "ქართუ ფონდის" მფლობელობაში იყო.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან კი ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. შესყიდვის წინარე ხელშეკრულება კი 7 აგვისტოს არის გაფორმებული.

BPN.GE

პ.ს. შეგახსენებთ, რომ მარიკა ვერულაშვილი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე და "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი იყო. თუმცა 2014 წელს მან ვანო მერაბიშვილთან კონფლიქტის გამო პარტია დატოვა. შემდეგ კი დიდი პოლიტიკიდან გაუჩინარდა. მედიაში ის მართლაც ხმაურით "დაბრუნდა", რადგან ცოტამ თუ იცოდა, რომ ვერულაშვილი წარმატებული ბიზნესმენი იყო.

ამ ამბავს "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გამოეხმაურა პარტია "ლელოც", რომლის ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, ლაგუნა ვერესა და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვა იმის დადასტურებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი „ფულის მოსახვეჭად ძალაუფლების გამოყენებაა“.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი 50 - სართულიანი ცათამბჯენის აშენება „კალაძისა და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელება იქნება“.

"თბილისელებს არ სჭირდებათ ქალაქში 50- სართულიანი ორი ახალი ცათამბჯენი. ეს პროექტი იქნება კალაძისა და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელება.

ამ ადგილზე კატეგორიულად დაუშვებელია ასეთი მასშტაბის მშენებლობა. მთლიანი ტერიტორია გაიყიდა, მათ შორის ლაგუნა ვერეც, რომლის მიწის ფართობს, დიდი ალბათობით, კომპანია კოეფიციენტისთვის გამოიყენებს (ანუ მშენებლობის მოცულობის გასაზრდელად) და ისე გადასცემს ქალაქს.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ გვაჩვენა რომ კონკრეტულად ეს ტერიტორია ყველაზე მეტად არის პრობლემური უძლიერესი წყალმოვარდნების დროს, რის გამოც რეკომენდებულია აქ წარსულში არსებული ბუნებრივი ხევის აღდგენა.

სატრანსპორტო თვალსაზრისით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კვანძი, სადაც მასშტაბური მშენებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდება თითოეულ ჩვენგანს. 50 სართულიანი ორი ცათამბჯენი უდიდესი დარტყმა იქნება თბილისის ისტორიული ლანდშაფტისთვის, რომელმაც უდიდესი ზიანი მიიღო წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

ცალკე საკითხია რა თანხა გადაიხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა (ნაციონალური მოძრაობიდან) ამ ტერიტორიის შეძენაში და რამდენად ლეგალურია ამ ფინანსების წარმომავლობა. მის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლარაციას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ სრულიად ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოახერხა ხანმოკლე პერიოდში მრავალმილიონიანი ქონების დაგროვება“, - განაცხადა საბა ბუაძემ.