ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთთან "ურთიერთობების დალაგების“ ბრძანება გასცა - რა ინფორმაციას ავრცელებს ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური?
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთთან „ურთიერთობების დალაგების“ ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი, უპირველეს ყოვლისა, “აღმოსავლეთის ხარჯზე ცხოვრობს” - რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობის.
"მაგრამ მაღალტექნოლოგიურ დასავლეთზეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინი გვერდით არიან, ჩვენი მეზობლები არიან - ევროკავშირი. და მათთან ურთიერთობების დაკარგვა არ შეიძლება. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო (ახლა ისეთი ტურბულენტობაა, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, დიდი სირთულეებია) - 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები მოხდება, მათ შორის,” - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამავდროულად ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონელებთან საუბარია საჭირო."პრემიერ-მინისტრს დავავალე დაუკავშირდეს მათ. თუ სურთ, ვილაპარაკოთ, ურთიერთობები დავალაგოთ. მეზობლები ვართ, და მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღმერთისგან არიან,” - განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, აქამდე, 2023 წლის მარტში, ლუკაშენკო პოლონეთს მის ქვეყანაზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდა.
"ინტერპრესნიუსი"