"აქ მყოფებიდან ბევრი ვერ უძლებს, ცუდად ხდება"- რას ჰყვება მოხალისე, რომელიც შოვში საველე სასადილოში მაშველებისთვის საკვებს ამზადებს
თამარ კანკავა რაჭის მკვიდრი გახლავთ. ის პირველი იყო, ვისაც შოვის ტრაგედიის შემდეგ მოხალისეობის სურვილი გაუჩნდა. თამარს სხვებიც აჰყვნენ და დღეს სამოქალაქო აქტივისტების დიდი ჯგუფი ცდილობს მაშველების, მოხალისეების და იქ მყოფი ადამიანების დახმარებას. საველე სასადილოში მუშაობა არ წყდება...
Ambebi.ge თამარ კანკავას ესაუბრა:- უკვე 4 წელია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო თლუღში ვცხოვრობ. სანამ ეს უბედურება თავს დაგვატყდებოდა, ზუსტად შოვი კოტეჯების ტერიტორიაზე, 3-4 დღის განმავლობაში, რაღაც სემინარებს ვესწრებოდი. შესანიშნავ გარემოში კარგი დრო გავატარე. იმ ემოციის გამოძახილი იყო, რომ იქ დაბრუნებას 15 აგვისტოს ვაპირებდი, რადგანაც ჩემი შვილი, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა, მაგ დღეს 15 წლის ხდება. მოკლედ, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მქონდა, მინდოდა, შოვში სიურპრიზი მომეწყო. მთელი დღეების განმავლობაში ამ საკითხს ვუტრიალებდი, რაღაც ვარიანტებს განვიხილავდი. იმ დღეს, ამბროლაურში მომიწია საქმეზე წასვლა, თორემ წესით, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი.
- მოხალისეობის სურვილი როგორ გაგიჩნდათ?
- ამ ტრაგედიის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე, მერე მაგ ტერიტორიაზე ბევრი ნაცნობი იყო, ზოგი პიკნიკზე, ზოგი ისვენებდა და ამან შემაშფოთა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტიქიის პერიოდში იქიდან გასულები იყვნენ. ინტერნეტიდანვე გავიგე, რომ "სანსეტ შოვში“ ადამიანები ვერტმფრენებს და შველას ითხოვდნენ. ძალიან სტრესული იყო ის მომენტი, რომ ხალხი საათების განმავლობაში შველას ითხოვდა. ზოგჯერ 5 წუთსაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის 5 წუთი 5 საათი ხდება...
ყველანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. თუმცა თავიდან კარგად ვერც გავაცნობიერე და აღვიქვი, რა მოხდა. ვფიქრობდი, რომ "სანსეტ შოვის“ ტერიტორიის მცირე მონაკვეთზე იყო რაღაც მომხდარი. იმ ღამეს რაჭაში და საქართველოში მგონი, არავის ეძინა. მეორე დილა რომ გათენდა, უკვე დაღუპულების შესახებაც შევიტყვეთ...
მოუსვენრად ვიყავი, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა და არ ვიცოდი, რა. სამძებრო სამუშაოებში ვერ ჩავერთვებოდი, ამის არც კომპეტენცია მაქვს და არც ფიზიკური მომზადება, ეს გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. შოვამდე მომლოდინეთა რიცხვი დიდი იყო, მათ შორის ჟურნალისტებიც იყვნენ და რაჭველების ჯგუფში სტატუსი დავწერე, - მოხალისედ მივდივარ, თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, იქნებ გამომყვეთ, მარტო წასვლა არ მინდა. არანაირი თანხა საჭირო არ არის-მეთქი.სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე ჩემი საკუთარი ფული მქონდა.
თითქოს ვიცოდი კიდეც, პირველი ვინც გამომეხმაურებოდა და ასეც მოხდა, ეთო არსანიძე, ჩემი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი, რაჭის სათემო ორგანიზაციის (არასამთავრობო) ხელმძღვანელი. ეთომ მითხრა, მოვდივარო. ამბროლაურში შევხვდით და სანამ შევხვდებოდი, ანგარიშზე რამდენიმე ათასი ლარი ხალხმა უკვე გადმორიცხა. ეთოს ბევრჯერ აქვს საქველმოქმედო აქტივობები ჩატარებული და სავარაუდოდ, მისი ანგარიშის ნომერიც არაერთმა ადამიანმა იცოდა. შემოსული თანხით პირველადი მოხმარების ნივთები შევიძინეთ. ადგილობრივი მეწარმეებიც გამოგვეხმაურნენ, რაღაც პროდუქტები გაგვატანეს. ყველაფრის მობილიზება ძალიან სწრაფად მოხდა. ხალხი გზაში გვხდებოდა, ვიღაცები გვირეკავდნენ და აქ ამ ადგილას დაგხვდებით, პროდუქტებს გაგატანთო..
- ბაზარში ბებოებმაც გადაწყვიტეს დახმარება და თანხის გარკვეული რაოდენობაც გადმოგცეს. ამაზე დაწერილი თქვენი პოსტი სოციალურ ქსელს სწრაფად მოედო...
- რომელსაც კარგთან ერთად, ნეგატიური გამოხმაურებაც მოჰყვა. იმისთვის გამკიცხეს, ბებოებს ხურდა ფული რატომ გამოვართვი, მათ ხომ ის თვითონაც სჭირდებათო?!
წარმოშობით რაჭველი არ ვარ, ჩემი მეზობლებისგან ბევრ რაღაცას ვსწავლობ, მათ შორის, აქაურ ადათებს. რაჭაში წლების წინ ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მეზობლების გაცნობის ეტაპი მქონდა. ერთ-ერთმა ბებომ საკუთარი ნაწარმი, მოსაკითხი მომიტანა. გულწრფელობა მახასიათებს, ამიტომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამიხარდა, მაგრამ ამ პროდუქტს ჩემთან არავინ მიირთმევს და რომ არ გავაფუჭოთ, შევაპარე, ხომ არ ჯობია, უკან გაგატანოთ და სხვას გაუმასპინძლდეთ-მეთქი?! ძალიან ეწყინა...