"ცხოვრებაში ასეთი ამბავიც ხდება" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში ასეთი ამბავიც ხდება" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი

იუმორისტებმა თემო ნიქაბაძემ, გივი პაპავამ და გიორგი ჩირგაძემ 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. რა გახდა ამის მიზეზი, როგორ იხსენებენ გუნდთან ერთად გატარებულ 7 წელს და როგორია მათი სამომავლო გეგმა? - ამ ყველაფერზე თემო და გივი გვესაუბრებიან.

- "კომედი ჯგუფიდან" წამოსვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

გივი:

- ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია. ჩვენი სურვილია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად, 7 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, სხვაგვარად გამოვიყენოთ.

თემო:

- "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობა მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ სიახლის დრო დადგა, ახლა ბედს ცოტათი სხვა მიმართულებით ვცდით და ახალ გამოწვევებს შევეჭიდებით.

გივი:

- მე, თემომ და გიორგი ჩირგაძემ იუთუბ-გვერდი გავაკეთეთ, რამდენიმე გადაცემა უკვე ჩავუშვით და სურვილი გვაქვს, მომავალშიც ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ტელევიზია დროებით დაგვეტოვებინა.

- დროებით?

- სავარაუდოდ.

- სხვა არხიდან შემოთავაზებას ხომ არ ელოდებით?

- ჩვენი მიზანი იუთუბ-არხის - "სახაზავი" განვითარებაა.

- ხომ შეგეძლოთ, ეს საქმე ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად გეკეთებინათ?

- ასეც ვაკეთებდით, მაგრამ სულ დროის დეფიციტი გვქონდა. გვინდა არხი ისე და იმ ფორმით განვავითაროთ, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

- როგორ მიიღო გუნდმა თქვენი გადაწყვეტილება?

- რთული იყო გადაწყვეტილების მიღებაც და დამშვიდობებაც. როგორც ჩვენ, ასევე გუნდის თითოეულ წევრს გული ძალიან დაგვწყდა. იყო სენტიმენტები, მესიჯები, ბევრი თბილი სიტყვა; ისეთი ემოციები, თვალზე ცრემლი რომ მოგადგება, მაგრამ არა უშავს, ჩვენი გზები მომავალში ალბათ ისევ გადაიკვეთება. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მეგობრობა გაგრძელდება. მართალია, გუნდიდან წამოვედი, მაგრამ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები და თუ დავჭირდებით, მხარში ამოვუდგებით. ამ ადამიანებთან გატარებულმა წლებმა უდიდესი გამოცდილება დამიგროვა.

თემო:

- ტელევიზიაში მუშაობა ძალიან რთულია, ფაქტობრივად არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის დრო არ გვრჩებოდა. ამ ეტაპზე ცოტას დავისვენებთ, თან კარიერულადაც ასე ვამჯობინეთ. ის წლები, რომელიც ერთად გავატარეთ, ძალზე ნაყოფიერი იყო.

როდესაც "მანსანკანში" თამაშობ, შენთვის მთავარი მწვერვალი "კომედი შოუა". ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამ ჯგუფში მოვხვედრილიყავი და როცა ოცნება ამიხდა, ეს იყო უდიდესი გამოწვევა, ძალიან ვნერვიულობდი. გავხდი იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც წლების განმავლობაში ეკრანზე ვუყურებდი. მინდა ჟურნალის "გზა" საშუალებით მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს: მსახიობებს, სცენარისტებს, კამერებს მიღმა მომუშავე ადამიანებს. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.

- თქვენი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ვის უთხარით?

გივი:

- ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი. განიცადა, ხმა შეეცვალა. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხალხმაც ამ გუნდიდან გამიცნო და შემიყვარა.

- ამ 7 წლის განმავლობაში რთული დღეებიც გქონდათ. ტელევიზიაში განვითარებული ცნობილი მოვლენები, გუნდის ორად გაყოფა, შემდეგ არხზე დარჩენილების სხვა ტელევიზიაში გადასვლა... ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, უმძიმესი დღეები იყო, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავაგორეთ. ალეკო ყველა თანამშრომელთან პირადად მიდიოდა, ცდილობდა გაემხიარულებინა, იმ ადამიანამდე მაშინდელი მდგომარეობა ისე მძაფრად არ მიეტანა, როგორიც იყო.

- ახლა თუ იყო მცდელობა, გადაგეფიქრებინათ მიღებული გადაწყვეტილება?

თემო:

- რა თქმა უნდა, ეს მცდელობაც იყო, მაგრამ... "კომედი ჯგუფში" იმდენი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს, მჯერა, მათი სკეტჩები ისეთივე კარგი და ლაღი საყურებელი იქნება, როგორიც ადრე იყო. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი სიამოვნებას ისევ მიიღებს. ჩემთვის, გივისთვის, გიორგისთვის ძალიან რთულია ამ გუნდის გარეშე ყოფნა, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი ამბებიც ხდება.

- კარგი იუმორის კეთება მარტივი არ არის, რთულია ეკრანიდან გააცინო მაყურებელი. ამ სირთულეს, სანამ გადაღებებში ჩაერთვებოდით, აღიქვამდით?

- ძალიან რთულია მოიფიქრო სიუჟეტი, დაწერო კარგი ხუმრობა. ყველა ადამიანი ხომ ძალიან ინდივიდუალურია, ყველას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო და კამერის წინ რომ დადგები, როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა იყო, უნდა ითამაშო. იუმორის კეთება ურთულესი საქმეა.

- როგორ მიიღებს მაყურებელი თქვენს ამ გადაწყვეტილებას? ალბათ სოციალურ ქსელებში ბევრი შეგეხმიანათ, მოგწერათ, არა?

გივი:

- სულ ერთი დღეა, რაც ეს გადაწყვეტილება გავასაჯაროეთ. არ მეგონა, ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდი, თუ ვახარებდი, ეკრანზე ჩემი გამოჩენა ასე თუ ამხიარულებდა. დღეს სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი "გამომწერები" შემხვდნენ. მეკითხებოდნენ, მართლა აღარ იქნები? დარჩი, რა მოხდებაო. ამ დროს ვიყავი ძალიან ბედნიერი, რამდენ ადამიანს ვყვარებივარ-მეთქი. მათ ექნებათ შესაძლებლობა იუთუბში გვნახონ. შესაძლოა ისეთი პროექტებიც გავაკეთოთ, რომ ტელევიზიები დაინტერესდნენ და ეკრანსაც დავუბრუნდეთ.

- როგორც ცალკე სატელევიზიო ჯგუფი?

- დიახ.

თემო:

- მაყურებლის მხრიდან ისეთი სითბო, სიყვარული, გამხნევება წამოვიდა, კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ლამის ავტირდი. სტატუსს რომ ვწერდი, მაშინაც თვალზე ცრემლი მომადგა (იცინის). იმ ემოციის შემდეგ, რომელიც ამ 1 დღის განმავლობაში მივიღეთ, წარმოუდგენელია გაჩერდე. ისედაც არ ვაპირებდით, მაგრამ ხალხისგან კიდევ უფრო დიდი მუხტი მივიღეთ.

- იუთუბ-არხს რატომ დაარქვით "სახაზავი"?

- ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღეთ, "სახაზავი" ისაა, რაც უეცრად მოგვაფიქრდა. ადრე იუთუბს მხოლოდ ახალგაზრდები უყურებდნენ, ახლა ასე აღარ არის. იუთუბს ის უპირატესობა აქვს, რომ იქ დიდი თავისუფლებაა, ტელევიზიას კი სხვა სტანდარტი და კანონები აქვს, მისი მაყურებელი სხვაგვარ რამესაა მიჩვეული. გვინდა იუთუბზე ჩვენი კონტენტი ყველა თაობის მაყურებლისთვის იყოს.

- წინ დასვენების დღეებია. სად აპირეთ გამგზავრებას?

- იმერეთში ოჯახთან ერთად ვიქნები. ვიყავი ბათუმში, გურიაში. ჩაფიქრებული მაქვს კიდევ 2 ადგილზე გავემგზავრო. მონატრებულ ადამიანებთან, ბავშვობის მეგობრებთან და მეზობლებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი რელაქსია.

- ახლობლებმა გადაწყვეტილება მოგიწონეს?

- ყველას გული დასწყდა, ტელევიზიაში რომ ვეღარ მიხილავენ, მაგრამ ისიც იციან, რომ რაღაც ეტაპზე სიახლეც საჭიროა.

გივი:

- ოჯახთან ერთად ცემში დავისვენებ, მთა ყველას ძალიან გვიყვარს და ჩემი საუკეთესო არჩევანია, რომ იქ აგვისტოს წყნარად, მშვიდად გავატარებ. ნაკლებ ხალხმრავლობაში ფიქრისა და ანალიზისთვის მეტი დრო გვექნება, სექტემბრიდან კი ახალი ძალებით, ახალი ენერგიით ახალი საქმის კეთებას დავიწყებთ.

- წარმატებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"