"სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია... მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული" - რას გვაძლევს ფოტო, რომელიც სტიქიის ადგილის სიახლოვეს, მომხდარიდან 1 საათსა და 20 წუთშია გადაღებული
"სტიქიიდან 1 საათსა და 20 წუთში (16:20:21) გადაღებული ფოტო (Heidi Declercq)“ - ასე დაასათაურა ფოტო დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის წევრმა, მეცნიერმა ლაშა სუხიშვილმა, რომელიც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა...
სტატუსს სხვადასხვაგვარი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა. უამავი კითხვა დაისვა. AMBEBi.GE ლაშა სუხიშვილს დაუკავშირდა:
- ფოტო, რომელიც გამოვაქვეყნე, საინტერესოა იმით, რომ გადაღებულია სტიქიიდან ძალიან მალე და ერთადერთი ფოტოა, რომელიც სტიქიის უშუალო სიახლოვეს არის გადაღებული. დანარჩენი, რაც გვაქვს ვერტმფრენის კადრები, სატელიტური გამოსახულებებია, მაგრამ ახლოდან და ფოტოგადაღება ეს ერთადერთია. ფოტოზე კარგად ჩანს მყინვარი „თბილისა“, სადაც დაიწყო სტიქია, მაგრამ მარცხნივ ჩანს მყინვარი „ბუბა“. ფოტო უცხოელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს, რომელთაც უცხოელმა ტურისტება მიაწოდეს.
- რა არის ამ ფოტოზე საინტერესო და ხელჩასაჭიდი?
- აქამდე რა გზითაც ვახერხებდით ამა თუ იმ ინფორმაციის მიღებას, ყველაფერი მოდიოდა სატელიტიდან, ზედხედიდან, ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ სტიქიის ეპიცენტრს შევხედოთ გვერდიდან, ანუ სხვა კუთხით. ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, ტერიტორიაზე რა მოცულობის მყინვარი შეიძლება ყოფილიყო საქმეში ჩართული, ზემოდან გადაღებულ კადრებში კარგად არ ჩანს, რადგანაც ნაკადმა გადაფარა მყინვარის სხეული, ანუ თავისი მასალით შეუცვალა ფერი. ჩვენ რომ ნაშალი მასალა, ან ქანი გვგონია, სინამდვილეში მის ქვეშ ისევ ყინულია, ანუ გვერდიდან დავინახეთ, რომ მოგლეჯილი მყინვარის მასშტაბი და მოცულობა, გადაჭარბებულად გვქონდა შეფასებული. გვერდხედით გამოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ზედა ფენის ქვეშ ისევ ყინულია. თუ ვერტმფრენიდან დახედავთ შენობას, ფანჯრებში ვერ შეიხედავთ, თუ შეხედვა გინდათ, გვერდიდან უნდა შეხედოთ - ეს პრინციპია და აღნიშნული ფოტო ამის საშუალებას იძლევა. (გააგრძელეთ კითხვა)