„დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და გვჭირდება პასუხები...“
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან არის მთავარი კითხვა, რატომ არ შეიქმნა მონიტორინგის სისტემები, მით უფრო, თუ დაპირებაც გაცემული იყო, მაგრამ მე „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ მაქვს კითხვა - მათ რა გააკეთეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ?“
ახალგაზრდა კაცი შვილის თოჯინას გულში იხუტებს და ეძებს ღვარცოფისგან წაღებულ მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს - ვინც კი ეს სულისშემძვრელი კადრი ნახა, შეუძლებელია ცხოვრების განმავლობაში დაივიწყოს. ეს კადრი იქცა იმ გაუსაძლისი ტკივილის სიმბოლოდ, რაც შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ მოუტანა დაღუპულთა ოჯახებს, მთელ ქვეყანას...მთელი გასული კვირის განმავლობაში გრძელდებოდა სამძებრო-სამაშველო სამუშაო შოვში, სადაც 3 აგვისტოს მეწყრული პროცესებით გამოწვეულმა ღვარცოფმა ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი ლამის მთლიანად წალეკა. 12 აგვისტოს ინფორმაციით, სტიქიის არეალში იპოვეს 24 ცხედარი, რომელთაგან 20 ამოცნობილია, 9 კი კვლავ იძებნება. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 116-ე - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; 240-ე - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა.ტრაგედია, ისევე როგორც სხვა რამ, პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად იქცა - ხელისუფლება ცდილობს იმის მტკიცებას, რომ სტიქიური უბედურების პროგნოზირება შეუძლებელია და ყველას, ვინც მეტ-ნაკლებად კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ურჩევს ამ თემაზე არ ილაპარაკოს, თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ 21-ე საუკუნეში უკვე არსებობს მეწყერ და ღვარცოფსაშიში ტერიტორიის მონიტორინგის იმგვარი სისტემები, რომლებიც ამხელა მსხვერპლს აგვარიდებდა თავიდან. სპეციალისტთა დიდი ნაწილიც ამ აზრს იზიარებს, მათი თქმით, ქვეყანაში, სადაც 7500-მდე ღვარცოფსაშიში ადგილია, გეოლოგები 24-საათიან მონიტორინგს უნდა აწარმოებდნენ, რათა შემცირდეს ტრაგედიების რისკი და ხალხის ევაკუაციისთვის საჭირო დრო მოვიგოთ. საპარლამენტო ოპოზიციაში საჭიროდ მიაჩნიათ შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც მომხდარის მიზეზებს გამოიძიებს, თუმცა ამ ინიციატივას ხელისუფლება არ იზიარებს. შოვის ტრაგედიის შესახებ ლეგიტიმური კითხვები არსებობს და პასუხის გაცემა თავად ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, მიაჩნია საზოგადოების ნაწილსაც. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- დიდი ტრაგედია დატრიალდა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სტიქიური უბედურების მასშტაბი იმხელაა, ბუნებრივია ამან საზოგადოებაში დიდი და მძიმე რეზონანსი გამოიწვია. დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და საჭიროა გაეცეს პასუხი. სამწუხაროდ, მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მაინც მოხერხდეს მომხდარის გაანალიზებითა და სწორი დასკვნების გამოტანით. საქართველოში, როგორც წესი, ნებისმიერ პროცესში იწყებენ ხოლმე გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების ძებნას, მათგან ზოგს პოლიტიკური ინტერესი აქვს, ზოგს კარიერული, ზოგს პირადი მიზანი ამოძრავებს და თავის გამოჩენას ცდილობს, დამეთანხმებით, ამგვარი უბედურებისას მსგავსი რამ ნამდვილად ამორალურია, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა, სამწუხაროდ. თუმცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ამ ტრაგედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ დატრიალდა. გვახსოვს 2014 წელს დევდორაკის ხეობაში გლაციალურ-ღვარცოფული მოვლენა, რა დროსაც მყინვარწვერის კალთას დიდი მოცულობის ყინული მოსწყდა და ჩაიხერგა მდინარე დევდორაკ-ამალის ხეობაში, დაიღუპნენ ადამიანები; 2015 წელს დიდი მსხვერპლი მოჰყვა ვერეს ხეობაში სტიქიას და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, მთელი გაზაფხულის განმავლობაში გვესმოდა რიკოთზე არსებული პრობლემების თაობაზე... მოკლედ, ჩვენი საზოგადოების მთავარი წუხილი და ინტერესი ის არის, თუ რა გველის ხვალ-ზეგ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები, მთავარი კითხვაც - შეიძლებოდა თუ არა შოვში სტიქიისას ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება, სწორედ საზოგადოების ხვალინდელი დღის შიშისგან მომდინარეობს.
კითხვას, მომავალში როგორ უნდა შევძლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - პასუხს ვერავინ გასცემს, თუ არ იქნა შესწავლილი მომხდარი ტრაგედიები, თუ არ გავარკვიეთ, ზუსტად რა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, არ მესმის, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა რატომ არის პრობლემა?
ერთ მომენტსაც მინდა გავუსვა ხაზი - ჩვენ რომ ამგვარ ტრაგედიამდე მივედით, ეს არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლებას დაჰბრალდეს. უნდა გადავხედოთ, რა ხდებოდა წარსულში, წინა ხელისუფლების დროს ვინ რას აკეთებდა. დიახ, დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მომხდარზე ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ კითხვებს ვერც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაექცევიან. ამიტომ ერთმანეთის დადანაშაულებას, სჯობს პოლიტიკური ინტერესების მიღმა იფიქრონ და იზრუნონ, ხვალ რა არის გასაკეთებელი, რათა მსგავსი ტრაგედიები არ დაგვატყდეს თავს. საჭიროა გაანალიზდეს ვითარება, გამოვლინდეს შეცდომები და დაიგეგმოს და გამოინახოს მსგავსი უბედურებების პრევენციის გზები.
ჩემი აზრით, პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამის განხილვა უფრო მეტად მისცემს საშუალებას საზოგადოებასაც ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მეტად გაამახვილოს ყურადღება. ეს მოგვცემს საშუალებას არა მარტო ამ ტრაგედიაზე დასაფიქრებლად, არამედ სხვა შემთხვევებზეც. მაგალითად, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული, რა მოხდა ამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც რიონმა ახალაშენებული ხიდი წაიღო? დღემდე ვერსად ვნახე დასაბუთებული ახსნა, ვერც ის გავარკვიე, დაისაჯა თუ არა ვინმე ამის გამო... ვინ აშენებს და ვინ უწევს ზედამხედველობას ამ ახალ პროექტებს ისედაც რთული რელიეფის ქვეყანაში?.. რა ელის რიკოთზე მიმდინარე მშენებლობას, რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები? ამ ყველაფერზე საზოგადოებას სჭირდება პასუხები და ჩვენც ამ პასუხების მოთხოვნით არ უნდა დავიღალოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური გარჩევის თემა ხდება, მაგრამ ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად იქცევიან. რა გამართლება აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს, რომ არ სურს კომისიის შექმნა. რატომ არ უნდა, ეს ხომ იმავე წუთში აჩენს კითხვებს, რომ რაღაც ისე ვერ არის, რომ რაღაც აშინებს ხელისუფლებას. სხვა შემთხვევაში რა პრობლემა უნდა იყოს კომისიის შექმნა, ვერ გამიგია. ოპოზიცია პოლიტიკურად ბევრად უკეთესად გამოიყენებს იმას, რომ ხელისუფლება უარს ამბობს კომისიის შექმნაზე, ვიდრე უშუალოდ კომისიაში მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა შეიგნონ, რომ კომისიის მუშაობის შედეგი უნდა იყოს ამ თვალსაზრისით არსებულ სისტემაში თეთრი ლაქების გამოვლენა და აღმოფხვრა, იქნება ეს ხარვეზები სახელისუფლებო ვერტიკალში თუ ტექნიკურ-ფინანსურ სტრუქტურებში, თან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმატი მთელ მსოფლიოში იცვლება და იცვლება საქართველოშიც, ხვალ-ზეგ უფრო უარესს უნდა ველოდოთ. თუ დღეს არ დავიწყეთ ამაზე ფიქრი (მთელ საზოგადოებას ვგულისხმობ და არამარტო ხელისუფლებას და ოპოზიციას), კიდევ უარეს დღეში აღმოვჩნდებით.
- "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, თავის დროზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ადრეული გაფრთხილების სისტემებით აღჭურვის დაპირება გასცა და ეს საბიუჯეტო პრიორიტეტად დაასახელა, რაც არ გაუკეთებია. თინა ბოკუჩავას თქმით, არის საკითხები, რომელთა თაობაზეც გიორგი გახარიას, როგორც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, შეიძლება კითხვებისთვის პასუხების გაცემამ მოუწიოს. მათი მტკიცებით, სწორედ ამიტომ პარლამენტში გახარიას პოლიტიკურ გუნდს დაევალა, რომ მათ შოვის სტიქიის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონ.
- კარგი იქნებოდა, ასეთი ტრაგედიების დროს მაინც ივიწყებდნენ პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ცდილობს ეს ამბავი პოლიტიკურად გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან არის მთავარი კითხვა, რატომ არ შეიქმნა მონიტორინგის სისტემები, მით უფრო, თუ დაპირებაც გაცემული იყო, მაგრამ მე "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" მაქვს კითხვა - მათ რა გააკეთეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ? მაგალითად, ყველას გვახსოვს რიკოთის ტრაგედია, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. გვიპასუხონ, ამის მერე რა გააკეთეს უსაფრთხოებისთვის? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომელიც ფართო სპექტრით ითხოვს გააზრებას და გაანალიზებას. როცა ვლაპარაკობთ უსაფრთხოების სისტემებზე, არავის არაფერი გაუკეთებია, მათ შორის არც "ნაციონალურ მოძრაობას", ბოლოს და ბოლოს, სწორედ მაგათი ხელისუფლების დროს გაუქმდა გეოლოგიური სამსახური, თუმცა ეს "ქართულ ოცნებას" სულაც არ ამართლებს. არ ვიცი, გახარიას ჯგუფი უჭერს თუ არა კომისიის შექმნას მხარს, მესმის, რომ შეიძლება გახარიასთანაც იყოს კითხვები, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები და პასუხიც გაეცეს.აბსოლუტურად ვეთანხმები "ლელოს" განცხადებას რიკოთის უღელტეხილზე. არ ვიცით, იქ რა მოხდება ხვალ-ზეგ. ისევ რიონში ახალაშენებული ხიდის ჩანგრევა უნდა გავიხსენო. ხომ ფაქტია, რომ აშენდა არასწორად, არაპროფესიონალურად. რატომ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა გავიაზროთ.
თუ ადამიანს ეს პრობლემები მართლა აწუხებს და ამ უბედურებაში პოლიტიკურ სარგებელს არ ეძებს, მაშინ შეუძლებელია ის კომისიის შექმნას ეწინააღმდეგებოდეს. კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. ჩვენ გვჭირდება პასუხები ამ საქმის პროფესიონალებისგან, რასაც უნდა მოჰყვეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსშიც, იქნება ეს დაუდევრობა-გულგრილობის მუხლი თუ ფულის კეთების მიზნით გარკვეულ საკითხებზე თვალის დახუჭვა.მიმაჩნია, რომ ამგვარ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჰქონდეთ. მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ ძალიან მეეჭვება სხვაგვარად ამ პრობლემებს რაიმე ეშველოს.
- რიკოთის საკითხს დავუბრუნდეთ. ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები გამუდმებით გვიმტკიცებდნენ, რა პროფესიონალი კომპანიები მუშაობენ რიკოთის პროექტში, რომ იქ ყველაფერი რიგზეა.
- ეს ისეთი საკითხია, როდესაც, უკაცრავად პასუხია და, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ფარატინა განცხადებებს ნამდვილად ვერ ვენდობით. მათი დაჟინებული მტკიცება, პირადად მე უფრო მეტ ეჭვს მიღვივებს. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ხელისუფლებამ, მოსახლეობის უმრავლესობას ტრაგედიები ახსოვს, მათ შორის ამ გაზაფხულზე რიკოთზე შექმნილი პრობლემები და ითხოვს საფუძვლიანი ექსპერტიზის ჩატარებას. მეც მივაქციე ყურადღება, როგორ გამოლაგდნენ მინისტრები და გვიმტკიცებდნენ რაღაცას, არ გვჯერა, ბატონო, თქვენი, ისევე როგორც არ გვჯერა ოპოზიციის წარმომადგენლების, რომლებიც ამ განცხადებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო აკეთებენ და არა იმიტომ, უსაფრთხოებაზე რეალურად შესტკივათ გული. ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება.
- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "ლაგუნა ვერეს" ახალი მფლობელი ჰყავს - შპს "ნეო სითი დეველოპმენტი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია. კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტმა" განცხადება გაავრცელა, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება. მანამდე ამ ტერიტორიის განაშენიანებას შპს "კოსტავა 69" გეგმავდა, რომელიც "ფონდი ქართუს" მფლობელობაშია. ასევე გაირკვა, რომ კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტმა" "ლაგუნა ვერეს" გარდა, მიმდებარე ტერიტორიაც შეისყიდა, სადაც ცათამბჯენებისა და იპოდრომის ნაწილის მშენებლობა იგეგმება.
- რაღა დაგიმალოთ და, ამ საკითხზე ბევრი არაფერი ვიცი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" ელიტა, როდესაც საქმე შეეხება ბიზნესს და დიდი ფულის შოვნას, მშვენივრად პოულობენ საერთო ენას. ლაპარაკია განსაკუთრებით ისეთ ბიზნესზე, რომელიც არა მარტო მომგებიანია, არამედ სავსეა შავი ხვრელებითაც. ვინ რა მოიფიქრა, ვინ ვის რაზე გაურიგდა, რთული სათქმელია. ისე, იმ ცათამბჯენების აშენებაზე ინფორმაციამ ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანად გამოიწვია მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. თუ მართლა ააშენეს ეს ცათამბჯენები, ნამდვილი კატასტროფა იქნება - გმირთა მოედანზე მანქანით გავლა, უკვე ისედაც შეუძლებელია. ვერ გამოვრიცხავთ რაიმე თამაშთანაც გვქონდეს საქმე, რათა "ქართუმ", რომელიც პირდაპირ უკავშირდება მმართველ პარტიას, არჩევნების წინ ამ ცათამბჯენების გამო საზოგადოების გულისწყრომა აიცილოს თავიდან. ვინ რას თამაშობს და რა გარიგებებია, ჯობს იმ ხალხს ჰკითხოთ, ვინც ამ საქმეებშია ჩახედული. ვიმეორებ, ერთი რამ ცხადია, როცა საქმე შეეხება ფულს, ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობის პრობლემა არა აქვთ. მხოლოდ ჩვენ გვაჩვენებენ თავს, თითქოს ერთმანეთის მტრები არიან.