როდის არ არის სასურველი ვენტილატორის გამოყენება?
რატომ არის წლევანდელი ზაფხული ასეთი ცხელი, რამ გამოიწვია კლიმატური ცვლილება, როგორი იქნება მომდევნო პერიოდები და როგორ მოვუაროთ ბავშვებს თუ საკუთარ თავს გაუსაძლისი სიცხისას, ამ და ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო კითხვებზე "კვირის პალიტრა" სპეციალისტებს ესაუბრა:
„ნელ-ნელა დავდგებით რეალობის წინაშე, როცა საქართველოში კონკრეტული მყინვარები გაქრება“
ილიაუნის პროფესორი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების არაერთ კვლევაში მონაწილეობს. ის დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხებს:
- ცხადია, საქართველო გლობალური სისტემის ნაწილია, მათ შორის კლიმატითაც. ამიტომ თუ გლობალურად რამე იცვლება, ეს ჩვენზეც აისახება. ახლა ამოცანა ის არის, ამჟამინდელი ცვლილება ჩვენს ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს. ამასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები, კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარი, რომლებიც დამოკიდებულია ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევაზე. თუ სამრეწველო ობიექტებისგან დიდი რაოდენობით აირები გაიფრქვევა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, სხვანაირი სიტუაცია შეიქმნება, თუ შემცირდება - სხვანაირი და ა.შ. ყველა სცენარში ნაკლები ინტენსივობით ჩანს, რომ საქართველოში შემცირდება ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, ეს კლიმატური მონაცემია. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ წელს გაიზარდოს, მაგრამ საბოლოოდ ტრენდი შემცირებისკენ იქნება; ამის მიუხედავად, გაიზრდება ერთეულოვან დროში მოსული წვიმის რაოდენობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, იშვიათად იწვიმებს, მაგრამ როცა იწვიმებს, იქნება ძალიან ინტენსიური წვიმა, მაგალითად, ისეთი, როგორიც ვერეს ხეობაში 13 ივნისს მოვიდა.
აღმოსავლეთ საქართველოში გვალვიან დღეთა რაოდენობა გაიზრდება და შემცირდება წვიმიანი დღეები. ეს კი წყლის დეფიციტს მოასწავებს. ჩვენთან ასეთი ლეგენდა არსებობს, საქართველო წყალს მიაქვს, 26 ათასი მდინარე გვაქვსო. სინამდვილეში, თუ ნახავთ სტატისტიკას, 25 კილომეტრზე უფრო გრძელი 26 ათასი მდინარიდან სულ რამდენიმე პროცენტია, დანარჩენი ნაკადულებია. დასავლეთ საქართველოში კი გვაქვს ჭარბი წყლის რაოდენობა, მაგრამ აღმოსავლეთში - არა, იქ უკვე დეფიციტი გვაქვს. არადა, ახლა შევდივართ კლიმატის ცვლილების პერიოდში, ჯერ პირველ ეტაპზე ვართ. სამაგიეროდ, დასავლეთ საქართველოში გვაქვს ილუზია იმის, მდინარეში ბევრი წყალია. ეს ილუზია განპირობებულია იმით, რომ კლიმატის გლობალური ცვლილების გამო იზრდება ჰაერის ტემპერატურა. ეს იწვევს მყინვარების ინტენსიურ დნობას, რომელთა წყალი მდინარეში ხვდება და ეს გვაფიქრებინებს, რომ ბევრი წყალი გვაქვს, მაგრამ მყინვარი არ არის ამოუწურავი რესურსი. ის ძალიან მალე დნება, ეს შოვის მაგალითმაც გვაჩვენა და არც ისე შორ მომავალში ნელ-ნელა დავდგებით რეალობის წინაშე, როცა საქართველოში კონკრეტული მყინვარები გაქრება.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დანამატი სინოტივეა. იმ პერიოდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ჰაერში შესაძლებელია უფრო მეტი ორთქლის ჩატევა - ანუ ამინდი შეიძლება უფრო ტენიანი გახდეს. ეს ნიშნავს, რომ უფრო მარტივია ინტენსიური წვიმის წამოსვლა, იმიტომ, რომ წყალში თუ ბევრი ორთქლია, მისი კონდენსაციის შემთხვევაში უფრო მეტი წვიმა მოდის. მაგრამ თუ ეს წვიმა ინტენსიურად წამოვა, გამოიწვევს წყალგროვას, ღვარცოფს ან მეწყერს, მაგრამ, მერე გავა დღეეები, კვირები ისე, რომ წყალი არ წამოვა, რაც ნიშნავს ნიადაგის, მცენარეების გამოშრობას, ტყის ველურ ხანძრებს.
მოკლედ, პროგნოზი ასეთია - კლიმატით უფრო დათბობისკენ წავალთ, უფრო გვალვისკენ, ნოტიო ჰაერისკენ, მაგრამ იქნება გამონაკლისი წლებიც.
- კლიმატის ცვლილება რამ გამოიწვია?
- ბევრი ფაქტორის დასახელება შეიძლება, როგორც მზის აქტივობის ციკლებით დაწყებული, ისე დედამიწაზე მიმდინარე ციკლური მოვლენებით დამთავრებული, მაგრამ ეს ბუნებრივი დათბობის გეოლოგიური ხანა, რაც ახლაა, გამძაფრებულია ადამიანის ჩარევითაც. რომ არა ადამიანის ჩარევა, ასეთი დრამატული სცენარი არ განვითარდებოდა.
- ადამიანის ჩარევის რომელ მაგალითებს ჩამოგვითვლით?
- მაგალითად, ატმოსფეროში სათბურის ეფექტის აირების გაფრქვევა. შეადარეთ თქვენი შეგრძნება, როცა ხართ ტყეში, ბალახიან გარემოში, და მეორე მხრივ, როცა ხართ განაშენიანებულ ტერიტორიაზე, - ასფალტიან და კორპუსებიან ადგილას. ბუნებრივია, მეორე შემთხვევაში ბევრად ცხელა, გამომდინარე ასფალტის თვისებებიდან, პლუს კორპუსები - ანუ უბნები, რომლებიც წინა ათწლეულში არ იყო ბეტონით დაფარული, იყო გრილი, დღეს კი უკვე დაფარულია ბეტონითა და ასფალტით და შესაბამისად, ცხელია.
"სავარაუდოდ, წლევანდელი სექტემბერიც ცხელი იქნება"
ხათუნა ქოქოსაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი: - ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა ცხელი ზაფხული, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენასთან. ე.წ. ელ-ნინიოსთან. ელ-ნინიო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. ელ-ნინიო მაისში გაჩნდა, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დამდეგს გადავიდა. მისთვის დამახასიათებელია თბური ტალღები, რომელთა დროს შესაძლოა რომელიმე რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდეს, მრავალწლიურ მაქსიმუმს გადააჭარბოს; ან შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ ცხელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს.
- ჩვენს შემთხვევაში რა მოხდა?
- ჩვენს შემთხვევაში ჯერ არც რეკორდი მოხსნილა და არც განმეორებულა რეკორდული ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა, კლიმატური მონაცემით, არის 40,5 გრადუსი, რომელიც არ განმეორებულა, თუმცა მაღალი ტემპერატურების პერიოდი ამდენი ხნით რომ გაგრძელდა, უჩვეულოა. დედამიწაზე კლიმატის ცვლილება უმატეს რეგიონებში ტემპერატურის მომატებას იწვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეა აბსოლუტურად ყველგან, ზოგან შეიძლება დაიკლოს. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულია ტემპერატურის მატება დაახლოებით 0.5- 0.6 გრადუსით კლიმატურ მონაცემთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსითაა მომატებული. ზუსტად ამ ცვლილებასთანაცაა დაკავშირებული ის, რომ ბოლო წლებში ზაფხული ნორმასთან შედარებით ცხელია. იგივე ითქმის ზამთარზეც. ბოლო წლებში ზამთარი ნორმაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. თბილისში, 90-იანებში, თოვლი არავის უკვირდა, ახლა იშვიათობაა. ესეც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
- მომდევნო ზაფხული როგორი იქნება?
- გამიჭირდება პროგნოზირება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უფრო დათბობისკენ მიდის ტენდენცია, არ არის გამორიცხული, რომ ისევ ცხელი ზაფხული დადგეს. თვეების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, წლევანდელი სექტემბერიც ცხელი იქნება.
- კიდევ რით განსხვავდება წლევანდელი ზაფხული გასული ზაფხულებისგან?
- ადრე თუ მაქსიმალური ტემპერატურა ძირითადად ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა, ახლა ცოტა წინ წაიწია. დაახლოებით აგვისტოს დასაწყისიდან ან ცოტა მერეც იწყება სიცხეები და გრძელდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.
ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ საქართველოში ამინდის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანეში მიმდინარე პროცესები, ახლა უფრო მასშტაბურად განიხილავენ. მთლიანად ოკეანეებში მიმდინარე პროცესები ახდენს გავლენას ატმოსფეროზე, მერე კი ატმოსფეროს ცირკულაცია გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზეც.
- წელს რომ არნახული სიცხეები იყო ევროპაში, დამნაშავე ელ-ნინიოა?
- კი ბატონო.
კლიმატის ცვლილება ადამიანის არასწორმა ქმედებამაც განაპირობა. ამას თან ერთვოდა წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესები.
- ელ-ნინიო რამდენ ხანს გაგრძელდება?
- შესაძლოა ნახევრიდან 1 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაძლოა უფრო მეტხანსაც. წინასწარ ვერ ვიტყვით. მხოლოდ ამასთან რომ იყოს კავშირში, ვიტყოდით, რომ ზამთარი შეიძლება უჩვეულოდ თბილი იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში რა პროცესები იქნება აქტიური.
ასე რომ, სექტემბერიც ცხელი გვექნება, შემოდგომა - თბილი. შემოდგომის ბოლოს შევძლებთ უკვე ვისაუბროთ, თუ როგორი ზამთარი გველის.
„11-დან 5 საათამდე ჯობს ბავშვები გარეთ არ გავიყვანოთ“
თემურ მიქელაძე, პედიატრი:
- მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით მოქმედებს რისკჯგუფის მქონე პაციენტებზე. რისკჯგუფის პაციენტებში შედიან ბავშვები, განსაკუთრებით 0-დან 1 წლამდე და სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე მოზრდილები.
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით შეიძლება დაიწყოს სუნთქვის გახშირება. შედეგად შესაძლოა თავი იჩინოს როგორც გულ-სისხლძარღვთა, ისე სასუნთქი სისტემების უკმარისობამ. ამიტომ ასეთი პაციენტები მეთვალყურეობასა და დროულ ჩარევას საჭიროებენ.
ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ უშუალოდ გარემოს მაღალი ტემპერატურით განვითარებული პათოლოგიები, ან უშუალოდ გარემოს მაღალ ტემპერატურაზე არსებული კვებითი ტოქსიკოინფექციები. ზაფხულობით ხშირია როგორც ნაწლავთა ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციებიც. ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები. სასურველია ბავშვები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი, წავიყვანოთ მთის და არა ზღვის კურორტებზე, რადგან იქ შედარებით დაბალი ტემპერატურაა. 11-დან 5 საათამდე შუალედში უმჯობესია ბავშვები გარეთ არ გავიყვანოთ. სიცხეების მიუხედავად, უამრავი ბავშვი ვერ გადის ქალაქიდან. ქალაქში ხართ თუ კურორტზე, ყველგან მოიძებნება მეტ-ნაკლებად რეკრეაციული ზონები ყოველდღიურად სასეირნოდ. კიდევ ერთი - როდესაც ბავშვები საღამოს გაგვყავს, უნდა მოვარიდოთ წყალსატევებს, რადგან შეიძლება მწერის ნაკბენებმა გამოიწვიონ გადამტანი დაავადებებით მიმდინარე ინფექციები, როგორიცაა, მაგალითად, ლეიშმანიოზი, ტკიპის ნაკბენი და ა.შ. რაც შეეხება ჩაცმას, ჩააცვით ბუნებრივი ქსოვილის თეთრი ან ღია ფერის სამოსი.
- ყველაზე ცხელ საათებში როგორ ვიქცევით?
- მთავარია, ბავშვი დავტვირთოთ სითხით. თუ რეკომენდებულია, რომ კონკრეტულ ასაკში ბავშვმა მიიღოს 1 ლიტრი სითხე, მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება ლიტრ-ნახევარი შევთავაზოთ. სასურველია მსუბუქად კვება, ცილების შედარებით შეზღუდვა. როდესაც ტემპერატურა 35 ან მეტი გრადუსია, ბავშვებს სპორტული აქტივობები შეუზღუდეთ, რათა არ მივიღოთ დეჰიდრატაცია ან სითბური დარტყმა.
- ამ დროს უმადობას უჩივიან...
- ნუ დავაძალებთ საკვებს, მთავარია სითხე, შესთავაზეთ ცოტ-ცოტა და ხშირად სეზონური ხილი ან ბოსტნეული.
თუ გვაქვს კონდიციონერი, ჩართეთ. თანამედროვე კონდიციონერები არ გამოყოფენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომელთაც მათზე შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. თუ არა გვაქვს კონდიციონერები, დარაბებს ვკეტავთ და ოთახს ვჩრდილავთ მუქი ფერის ფარდებით. ხშირად მეკითხებიან, უნდა გამოვიყენოთ თუ არა ვენტილატორი. თუ ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არ არის სასურველი მისი გამოყენება. დილა-შუადღეს-საღამოს სველი წესით დაამუშავეთ იატაკი და ავეჯის ზედაპირები, რომ შინ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ტენიანობა.
- თუ მაინც მივიღეთ მზის დარტყმა, როგორ ვიქცევით?
- მზის დარტყმის შედეგად სხეულის ტემპერატურა მაღალია, უკონტროლო, ზოგჯერ სიცხის დამწევი საშუალებები არ მოქმედებს. ასეთ დროს პაციენტი უკონტაქტოა, დეზორიენტირებული. ზოგ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურის დროსაც კი ხელები, კიდურები ცივი აქვთ ხოლმე. ამიტომ უნდა დავუთბოთ. პლუს მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, კისრის, ბარძაყის შიდა ზედაპირებზე, სველი პირსახოცი ან მასში გახვეული ყინული დავადოთ, რათა შევძლოთ ტემპერატურის დაწევა. თუ პაციენტი გონზეა, უნდა მივცეთ სითხე, ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპით, თუ არა, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში.