რა უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიას მომზადებულები შევხვდეთ?! - კვირის პალიტრა

რა უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიას მომზადებულები შევხვდეთ?!

შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმის აუცილებლობაში, რომ სტიქიას მომზადებული უნდა შევხვდეთ. უფრო დეტალურად უნდა დადგინდეს, საქართველოში სად არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი ადგილები და ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს, რათა მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ შოვის მსგავსი კატასტროფები. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კავკასიონზე მეწყრული პროცესები დაწყებულია და მომავალში გახშირდება, ამიტომ მსხვერპლი თავიდან რომ ავიცილოთ, ისინი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სისტემურად გამართული საფრთხის შემცველი ზონების აუცილებლობაზე საუბრობენ, კერძოდ, ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემების დადგმაზე.

„კავკასიონზე, მთელ ქედზე, რისკის შემცველი ხეობებია“

გიორგი ბოიჩენკო, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი:

- პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება კადრი, რომელიც გააკეთებს სწორ და კვალიფიციურ კვლევას, რომლის საფუძველზე უნდა შეფასდეს პრობლემური არეალები. აუცილებელია ზონირება, სად შეიძლება დასახლება და სად არა. სადაც შესაძლებელია გამონაკლისი დაიშვას, მაშინ იქ სპეციალური გამაგრებები უნდა გაკეთდეს. გამაგრებას საინჟინრო გადაწყვეტა თუ არ ჰყოფნის, მაშინ უნდა დამონტაჟდეს გამაფრთხილებელი სისტემები.

სადაც იქნება წინასწარი განგაშის სიგნალი, უნდა დაიწყოს დასახლებული მოსახლეობის მომზადება, როგორ უნდა მოიქცნენ სტიქიის დროს. ეს არ უნდა იყოს უბრალო ალარმ-სისტემა, რომელიც აკვირდება, და სიგნალის დროს დაბნეული ხალხი აქეთ-იქეთ დაიწყებს სირბილს, ამიტომ მათ ტრენინგი უნდა ჰქონდეთ გავლილი. უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ზონები, სადაც მსგავს სიტუაციებში მოსახლეობა შეაფარებს თავს და ალარმ-სისტემებში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მთელი მოსახლეობა თუ არა, მისი აქტიური ნაწილი მაინც, რომელსაც უშუალოდ შეეხება საფრთხე - მათ უნდა იცოდნენ, როგორ მუშაობს სისტემა. ყოველივე ზემოჩამოთვლილის გაკეთებას დრო სჭირდება, უცბად ვერ მოგვარდება.

ღვარცოფულად და მეწყრულად საშიში ადგილები საქართველოში ბევრია, მათ შორის დურუჯი (კახეთში), მთელი კახეთის კავკასიონი სვანეთამდე, აფხაზეთიც და მთელი კავკასიონის ზონა. გარდა ამისა, აჭარა, გურია, სადაც ხშირია მეწყრული და ღვარცოფული შემთხვევები, აჭარა-თრიალეთის ქედზე კი ნალექის პრობლემა გვაქვს. უკვე საკმარისად დაგვიგროვდა ასეთი ფაქტები, მაგალითად, ახალდაბის მეწყერი - იქ მყინვარი და განსხვავებული რელიეფი არ არის, მაგრამ ბუნებრივი სტიქია კატასტროფაში გადაიზარდა. კავკასიონზე, მთელ ქედზე, რისკის შემცველი ხეობებია.

ითქვა, შოვში უკანასკნელ 100 წელიწადში მსგავსი სტიქია არ ყოფილაო. გეოლოგიისთვის 100 წელი წამის მეათასედია, არაფერს ნიშნავს. გეოლოგიური პროცესები შეიძლება ათასმეერთე ან ყოველ წელს მოხდეს, რაც არა მარტო ნალექზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამას ძალზე კომპლექსური კვლევა სჭირდება. არ არის ადვილი, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია, რათა ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა იყოს უსაფრთხოდ. ასეთი სტიქიები მომავალში უფრო მომრავლდება, მით უფრო, რომ მშენებლობის ბუმია, აშენებენ ყველგან და ყველაფერს...

წინასწარი შეტყობინების სისტემები, თუ არ ვცდები, მხოლოდ დევდორაკზე, ახალდაბის მეწყრის მონაკვეთსა და ვერეს ხეობაში გვაქვს - სენსორები მეწყრის გარშემო ჭაბურღილებშია დაყენებული. ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, სად უნდა დაიდგას წინასწარი შეტყობინების სისტემები, ყველა უბანს თავისებური მიდგომა სჭირდება.

„ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს ადგილები და შემდეგ ვიფიქროთ სენსორულ სისტემებზე“

ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმური მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი:

- კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მსოფლიოში ბუნებრივი სტიქიების საფრთხემ მოიმატა. ჩვენ შეგვიძლია პრევენცია ან ზარალის შემცირება, ნებისმიერი ქვეყანა ასე ებრძვის კატასტროფებს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში მთელი საქართველოს მასშტაბით არის აღრიცხული რისკის ზონები და ინფორმაცია, საიდან რა საფრთხეებია მოსალოდნელი. სამწუხარო ისაა, რომ ეს რუკები რუკებად რჩება და არ მიდის ადგილობრივ ხელისუფლებამდე, მოსახლეობამდე და დამსვენებლამდე. ვინაიდან ასეთი საფრთხეები საქართველოში არსებობს:

1. პირველ რიგში, უნდა ავამაღლოთ სამოქალაქო ცნობიერება ყველა დონეზე - სკოლებით დაწყებული, უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული. მეწყერი იქნება, ღვარცოფი თუ მიწისძვრა, ეს მოვლენები ადამიანისთვის დიდი მოულოდნელობა არ უნდა იყოს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობამ, დამსვენებელმა, ყველამ უნდა იცოდეს, სად რა ზონაა, რა საფრთხეებია მოსალოდნელი იმ პერიოდში. მათ ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტარდეთ.

2. ტურიზმი - ტურისტები ხშირად ირჩევენ მაღალმთიან ადგილებს, მდინარის პირებს და მათ აუცილებლად კარგად უნდა ესმოდეთ, რა საფრთხეებია მოსალოდნელი. ჩვენ თუ გვინდა ტურიზმის განვითარება, ის უსაფრთხო უნდა იყოს. ტურისტებმა უნდა იცოდნენ ადგილები, სადაც საფრთხის შემთხვევაში გავლენ და ბავშვებსაც გაიყვანენ, მაგალითად, შემაღლებული ადგილი, სადაც წყალდიდობის ან ღვარცოფისას ვერ მისწვდება წყალი.

3. ბიზნესმენებსა ან სახლის მშენებლებს კარგად აუხსნან, რა რისკებია მოსალოდნელი იმ ადგილას, სადაც ნაგებობის ჩადგმას აპირებენ. სახელმწიფომ მშენებლებს მდინარის ნაპირებზე არ უნდა მისცეს მშენებლობის უფლება, გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს.

4. მეწყერ და ღვარცოფსაშიშ ზონებში ძალიან დეტალური გეოსაშიშროების რუკები უნდა გაკეთდეს კონკრეტული საფრთხის მითითებით, სად არ უნდა ჩაიდგას საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები. სადაც უფრო მაღალი იქნება რისკი (ვთქვათ, ღვარცოფის ან მეწყრის), იქ დაუშვებელია მშენებლობა.

კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორი მყინვარების დნობაცაა. ჩვენ ცენტრალურ კავკასიონზე ვართ და მარტო მყინვარის კი არა, არასეზონური წვიმების, ერთ პატარა მონაკვეთზე ერთბაშად მოსული დიდი ნალექის პრობლემაც გვაქვს. ცენტრალურ კავკასიონზე თითქმის ყველა მდინარე ღვარცოფულია, ამიტომ ეს საკითხი სერიოზულ მიდგომა-შესწავლას საჭიროებს.

6. ღვარცოფი ან მეწყერი შეიძლება იყოს კავკასიონის ქედზე, სადღაც, დაუსახლებელ ადგილას, და ეს შეიძლება მხოლოდ გეოგრაფებსა და გეოლოგებს აინტერესებდეს, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის კი არაფერია. მაგრამ განსაკუთრებულად მაღალი რისკია იქ, სადაც ადამიანების კონცენტრაციაა - დასახლება ან საზაფხულო კურორტი. ასეთი ცხელი წერტილები უნდა მოინიშნოს. შემდეგ უნდა დავადგინოთ, სად არის ყველაზე ცხელი წერტილი, რომელი ადგილია მაღალი რისკის, სადაც საჭირო იქნება ადრეული გამაფრთხილებელი სისტემების დაყენება. უცებ ყველა ხეობას ვერ შეისწავლი, ამისთვის ადამიანური რესურსი არც გვეყოფა, უნდა დავიწყოთ ყველაზე სარისკო და პრიორიტეტული ზონებით.

7. ინტენსიური მუშაობა მიდის და უკვე დგება მონიტორინგის სისტემები მდინარეებზე, ფართოდ იყენებენ სატელიტურ სურათებსაც. სამთავრობო უწყებებს, გარემოს დაცვისა და შს სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს უნდა ჰქონდეს წვდომა ასეთი მაღალი გარჩევადობის სურათებზე, რომელთაც სპეციალისტები მუდმივად დააკვირდებიან. ახლა სპეციალისტები (მათ შორის ჩვენი თანამშრომლებიც არიან) დეტალურად განიხილავენ, თუ რა მოხდა იმ მყინვარზე, როდის დაიწყო პროცესი, ხომ არ იყო მანამდე რაიმე ნიშნები, ხომ არ მიდიოდა ინტენსიური ლღობა... საერთოდ, ამ მყინვარებს აკვირდებიან და თუ გამორჩეული ინტენსიური დნობა შენიშნეს, გააფრთხილებენ იმ შესაძლო კატასტროფის ზონაში მოქცეულ დასახლებებს. რუკები ყოველდღიურად დგება, სად იყო ღვარცოფი, მეწყერი, დიდი მასალაა დაგროვებული უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში, ამიტომ ეს ეტაპი, ზოგადი შეფასება, საშური საქმეა.

8. სწრაფად უნდა შეფასდეს სხვადასხვა ადგილი, თემები თუ სოფლები და შემდეგ შეირჩეს ის ტერიტორიები, სადაც ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება. განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი რისკია და თან მოსახლეობის კონცენტრაციაა. როგორც ვიცი, შოვში იმ დროს ძალიან პატარა ფართობზე ბევრი, დაახლოებით 300-მდე კაცი იყო საფრთხის წინაშე. აუცილებელია გადაიხედოს ასეთი ადგილები და თუ სადმე კიდევ არის მდინარის კალაპოტში შენობები, ხელისუფლებამ თუნდაც კომპენსაცია უნდა მისცეს მათ მფლობელებს, მოსახლეობას და იქაურობას მოაშოროს, მათ შორის დამსვენებლებიც.

9. სისტემები სხვადასხვა ტიპისაა და შეიძლება დაიდგას ერთ მეწყერზე ან ერთ მდინარეზე - ეს გადასაწყვეტია. შეიძლება იყოს რადარები, რომლებიც ზვავის მოძრაობას დააფიქსირებენ, ან სენსორები, რომლებიც მაშინ რეაგირებენ, როცა მდინარეში წყლის დონე მკვეთრად იმატებს. მეტეოსადგურში აკვირდებიან და იციან, ინტენსიური ნალექი თუ მოვა, ის ხშირად არის კატასტროფის წინა პირობა. თუ მეწყერი კარგად არის შესწავლილი, მასში პატარა ჭაბურღილებსა და სენსორებს აკეთებენ. როგორც კი სწრაფი დეფორმაცია დაიწყება, რაც ჩვეულებრივს გადააჭარბებს, ის მაშინვე ირთვება, რაც ნიშნავს, რომ მეწყერი დაიძრა.

არის დისტანციური ზონირების მეთოდები - რადარები საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორიც ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ასეთი ხელსაწყოები გაკეთებულია ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ნეპალი, სადაც ჩვენზე საშიში ზონებია.

თუ ხალხი გაფრთხილებული იქნება და ელემენტარული წესები ეცოდინებათ, თუ იარსებებს ევაკუაციის სისტემაც, მსხვერპლს თავიდან ავიცილებთ.

შოვის სასტუმროში რომ ყოფილიყო გამაფრთხილებელი განგაში, თვალსაჩინო ადგილას რომ ყოფილიყო გაკრული ბანერი, მაგალითად, "განგაში თუ ჩაირთო, უნდა ახვიდეთ ბორცვზე, შემაღლებულ ადგილას", სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ, 3 წუთიც საკმარისი იქნებოდა, გაესწროთ. ასეთი სისტემების წყალობით 8-10 წუთი (როგორც გვითხრეს) სრულიად საკმარისია. 8 წუთში ადამიანი ნელი სიარულითაც კი 500 მეტრს გაივლის. შოვში სტიქიის ზონიდან მაქსიმუმ 50 მეტრში, უკვე უხიფათო ადგილებია, ფერდობები.

10. პრობლემას უნდა მიხედონ მუნიციპალიტეტებმაც. ადგილზე უნდა იყვნენ სპეციალისტებიც. მთელ კავკასიონზე პრობლემებია, ამიტომაც უპირველესად მისახედია დასახლებული პუნქტები და ტურისტული ობიექტები.

ასე რომ, ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ეს ადგილები და შემდეგ ვიფიქროთ სენსორულ სისტემებზე, მერე გავიაროთ მოსამზადებელი ეტაპი - როგორ აარიდო თავი, საით წახვიდე, როგორი გქონდეს ევაკუაციის სისტემა და ა.შ. ბევრი საქმეა, მაგრამ აუცილებელი.