„ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს“
"ისეთი ამბები ვრცელდება და ადამიანები ისეთ ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს, რომ თმა ყალყზე მიდგება... ჩვენ უკვე ზღვარზე ვართ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება". ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე მამუკა არეშიძე უფრო ვრცლად გვესაუბრება.
- ქვეყანაში დღეს არსებული ძალიან რთული და საშიში ვითარება უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ. სულ ცოტა ხნის წინ ქეთი დუმბაძეს გაუვრცელეს ამბავი, თითქოს მისი ბაბუა შულავერის კომისიის წევრი იყო. ჯერ ერთი, ტყუილია, მისი ბაბუა ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც ბევრი სხვა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში. თუმცა დავუშვათ, ეს სიმართლეა, ძებნა რომ დავიწყოთ, იცით, რამდენის ბაბუა აღმოჩნდება ბოლშევიკური მთავრობის, მათ შორის შულავერის კომიტეტის წევრი? პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! ამ ამბავზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მიხვდეთ, თუ რაოდენ საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული. როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება და მეორე მხრივ კი თავად საზოგადოების ნაწილი ისე მწვავედ არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების დროსაც კი ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას.
- ამ ვითარებას ის ფაქტი ხომ არ ართულებს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს საზოგადოებასთან უფრო მეტად გახსნილი იყოს და კრიტიკულ კითხვებსაც უპასუხოს? უფრო ნათლად უპასუხოს კითხვებს ვერტმფრენებზე და თუნდაც იმაზე, რატომ არ მიმართეს მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის?
- დაზუსტებით არ ვიცი, რატომ არ მიმართეს დასახმარებლად მეზობელ ქვეყნებს, ვფიქრობ, დიდი მასშტაბის სამუშაო არ იყო. მეზობლებმა დახმარება მეორე დილით შემოგვთავაზეს, როდესაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები უკვე აქტიურად მუშაობდნენ. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ამ დრომდე ეს საკითხი მოგვარებული უნდა ყოფილიყო, თუმცა არასერიოზული იყო იმის მოთხოვნა, რომ ღამით ჩამოფრენილიყვნენ სტიქიის ზონაში. ძალიან რთულია ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით მუშაობა ისეთი რელიეფის რეგიონში, როგორიც შოვია. თქვენ სწორად შენიშნეთ, ხელისუფლება კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა.
ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნაპრალი დიდი ხანია გაჩნდა და უბედურება ის არის, რომ ეს ნაპრალი არ მცირდება, პირიქით. დღეს ხალხს მარჩიელობა უწევს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, საქმეში ჩაუხედავ პირებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ვერსიები გაავრცელონ სოციალური ქსელების საშუალებით. სწორედ ამის შედეგი იყო ისეთი შეთქმულების თეორიების გავრცელება, როგორიც არის ის, რომ თითქოს რუსმა დივერსანტებმა 2008 წლის 8 აგვისტოს აღსანიშნავად შოვის ტერიტორია დანაღმეს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სოციალური ქსელი ეფექტურად უნდა გამოიყენოს საზოგადოების ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმართლესაც აღარავინ დაგიჯერებს.
- უფრო მეტი სიცხადისა და სისტემური პრობლემების დანახვისთვის, ასევე შოვის მსგავსი ტრაგედიის პრევენციისთვის ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, მაგრამ ხელისუფლება ამ ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს.
- არადა, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნით, საპარლამენტო იქნება ის თუ სისხლისსამართლებრივი. ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტში მსჯელობის საგანი. ამ საკითხზე რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ღვარცოფი წამოვიდა და მორჩა, დამთავრდა... ყველამ იცოდა, რომ იქ კოტეჯები იდგა, მშენებლობა არ შეიძლებოდა, ამის შესახებ მოსახლეობა ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. სოციალურ ქსელში იმის ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეები მთავრობის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ იქ შენობების აგება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მე, როგორც გეოლოგის შვილს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოველ ზაფხულს ტარდებოდა გეოლოგიური სამუშაოები და გეოლოგები ახალ-ახალ კვლევებს ატარებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დინამიკის შესახებ. გადავხედე მასალებს და ვნახე, რომ არსებობს 2021 წელს დაწერილი დასკვნა, სადაც წერია, რომ შოვის ზონა ღვარცოფის საფრთხის შემცველია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც გაეთვალისწინებინათ, რომ კომუნისტების დროს, როდესაც გეოლოგიური სამსახური ძალიან ძლიერი იყო, შენობები ააშენეს მდინარის კალაპოტიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილებზე. ხომ ნახეთ, რომ იმ პერიოდის ყველა შენობა გადარჩა?!
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა სულ ცოტა ხნის წინ ისაუბრა, თუ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე სინამდვილეში. არადა, რამდენიმე თვეა, რაც ამ საკითხზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია "სეირნობს". ხალხმა იცის ამ პროექტის შესახებ? იცის ის, რომ რიკოთი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი არტერიაა, რომ ამ გზის მშენებლობაზე იხარჯება უზარმაზარი თანხები როგორც ჩვენი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუციებიდან და ამ გზას აშენებს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია. არავინ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ამ პროექტის მონიტორინგზე ძალიან სერიოზული დასავლელი ჯგუფები მუშაობენ.
- ფიქრობთ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სარწმუნოდ მიიჩნია გიორგი წერეთლის განმარტება?
- არა მგონია. ხალხმა ორჯერ თუ სამჯერ საკუთარი თვალით იხილა მშენებლობის დროს ჩამოწოლილი უზარმაზარი მეწყერი. ამიტომ მათ აქვთ უფლება ეჭვი შეიტანონ ამა თუ იმ ჩინოვნიკის ნათქვამში. ხალხმა არ იცის, რომ შუახევის ჰესზე ორჯერ ძალიან საშიში ვითარება შეიქმნა. ეს ჰესი ძალიან საეჭვო კომპანიამ ფართხაფურთხით ააშენა. შედეგიც შესაბამისია.
- რომელმა კომპანიამ ააშენა ეს ჰესი?
- ფსევდონორვეგიულმა.
- რას გულისხმობთ?
- კომპანია ნორვეგიაშია გაფორმებული, მაგრამ ჩვეულებრივი სახლის ერთ-ერთ ბინაში. ერთხელ ექსპლუატაციაში მიღების დროს ჩამოიშალა ჰესის გვირაბი, ამ ცოტა ხნის წინ კი - მეორედ. ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მუშაკი სახელმწიფოს ატყუებს და ფულის მოპარვის ან დაზოგვის მიზნით, საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს რთავს.
- შოვის ტრაგედია, რიკოთის გზასთან დაკავშირებული შიშები, სოციალურ ქსელში გავრცელებული არაერთი ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებს, რომ ადამიანების სიცოცხლის რისკის ფასად და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ძალიან ბევრი სახიფათო პროექტი ხორციელდება. რა გავლენას იქონიებს ეს 2024 წლის არჩევნებზე?
- არანაირს, იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" მთავარი კონკურენტია პოლიტიკური ძალა, რომელმაც ზუსტად ის სამსახურები გაანადგურა, რომლებსაც მსგავსი პროცესების მართვის პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. მაგალითად, გეოლოგიური სამსახურის მოსპობა სააკაშვილისა და მერაბიშვილის დამსახურებაა.
- გასაგებია, რომ "ნაციონალებმა" გაანადგურეს, მაგრამ ახალი სამსახურების შექმნა რატომ ვერ მოხერხდა?
- იმიტომ, რომ გეოლოგიის დარგში ახალი თაობის მოსვლის პროცესი შეჩერდა. საჭიროების შემთხვევაში კი ჩამოჰყავთ უცხოეთიდან სპეციალისტები, რომლებიც ზოგჯერ სულაც არ აღმოჩნდებიან ისეთი მაღალი დონის, როგორის მოლოდინიც აქვთ, მაგრამ აქ კიდევ სხვა პრობლემაა. გეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდე იმ ბუნების სპეციფიკას, რომელსაც იკვლევ. მარტო გეოლოგიაშიც არ არის საქმე, მთელი რიგი მონათესავე დარგებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული ისეთი რელიეფის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ახლა ხელისუფლებას იმაზე უნდა ველაპარაკოთ, რომ გეოლოგიური და სხვა შესაბამისი სამსახურებისა თუ ინსტიტუციების მუშაობას დროულად ჩაუყაროს საფუძველი და არა იმაზე, თუ რატომ ჩავიდა პრემიერი მეორე დილით შოვში.
- თქვენ საუბრის დასაწყისში აქცენტი გააკეთეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებასა და ამით გამოწვეულ საფრთხეებზე. ამ კონტექსტში როგორ აფასებთ აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ ხელისუფლების კრიტიკულ განცხადებებს?
- მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ომი სააკაშვილს არ დაუწყია, მაგრამ სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსეთი პროვოკაციას გეგმავდა. საკუთარი თვალით ვნახე ჯავაში, როგორ ემზადებოდნენ ომისთვის. ჩამოვედი და ყველაფერი ვუამბე შესაბამის სამსახურებს. თქვენ იცით, რომ "ნაციონალები" აფხაზეთში შეჭრას აპირებდნენ?! შეიჭრებოდნენ კიდეც, რომ არა სააკაშვილის წინააღმდეგობა.
- თუ სააკაშვილმა არა, ასეთი გადაწყვეტილება ვინ მიიღო?
- მე იმის თქმა მინდა, რომ "ნაციონალებმა" შეგნებულად გაყვეს თავი რუსულ პროვოკაციაში. ძალიან რთული მოსასმენია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების უტიფარი განცხადებები ყოველი წლის 8 აგვისტოს. არ მიკვირს "ქართული ოცნების" საპასუხო რეაქცია "ნაციონალური მოძრაობის" უტიფრობაზე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება. უნდა დამთავრდეს ამაზე საუბარი.
- ბოლო დროს "ოცნებამ" ისევ გაააქტიურა კანდიდატის სტატუსის თემა და ლიდერებმა ისევ დაიწყეს საუბარი, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს, რომ თუ ვერ მივიღებთ, ეს ევროკავშირის არაობიექტურობის დამადასტურებელი იქნება.
- გაააქტიურეს იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში სულ ორი თემაა - კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილის მდგომარეობა. ასე თუ ისე, დასრულდა შოვის ტრაგედიაზე საუბარი და პოლიტიკოსებს ახალი თემა დასჭირდათ სალაპარაკოდ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მსოფლიო ლიდერებს როგორც დასჭირდებათ, ყველაფერი ისე იქნება. ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ უკრაინა უნდა შეურიგდეს ტერიტორიების დროებით დაკარგვას, სამაგიეროდ, უპირობოდ მიიღებენ ევროკავშირში.
- ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ თუ დასავლეთი საბოლოოდ შეთანხმდა ამ აზრზე და უკრაინაც დათანხმდა, შესაძლოა ეს პრეცედენტი გახდეს საქართველოსთვისაც.
- თუ დასავლეთი საბოლოოდ შეთანხმდა ამ ვერსიაზე, უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის რესურსი არ ექნება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, როგორც დასავლური კონიუნქტურა გადაწყვეტს. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს რეგიონში მთავარი აქტორი რუსეთი კი აღარ არის, არამედ ჩინეთი და თურქეთია, თურქეთი, რომელიც ძალიან არასანდო მოთამაშეა, და ჩინეთი, რომელთანაც ომი არა აქვს დასავლეთს.
- დასავლეთს ჩინეთთან ომი არა აქვს, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გამო შენელებული მოქმედების ბომბად მიიჩნევენ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ჩინეთს უჭირს, პრობლემები აქვს. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ.
- პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ საზოგადოებამ ამაზე იფიქროს. პოლიტიკა ხომ სინამდვილეში კულუარებში კეთდება? დღეს ამერიკაში გააფთრებული ბრძოლაა იმისთვის, რომ რუსეთი არ დაიშალოს. რუსეთის დაშლა ამერიკისთვის კატასტროფის ტოლფასია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ნედლეულს, რომელსაც დღესაც იღებს რუსეთიდან, ამერიკა ვეღარ მიიღებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში აწყობს ამერიკას, რუსეთი დაიშალოს და შორეული აღმოსავლეთი მთლიანად ჩინეთმა წაიღოს? ხომ გახსოვთ, ჯორჯ ბუშმა ზვიად გამსახურდიაზე რომ თქვა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. გამსახურდიას საბჭოთა კავშირის დაშლა უნდოდა, ამერიკას - არა, იმიტომ რომ ქაოსის ეშინოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მართლაც შეიქნა ქაოსი. ახლაც ასეთი სიტუაციაა, ლამაზი სიტყვების უკან საკმაოდ მკაცრი რეალობა იმალება.
ხათუნა ბახტურიძე