"რეზო თაბუკაშვილმა სასიყვარულო ლექსი რომ დამიწერა, სიცხემ ამიწია" - კვირის პალიტრა

"რეზო თაბუკაშვილმა სასიყვარულო ლექსი რომ დამიწერა, სიცხემ ამიწია"

"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ღამე იყო"

კაცის ცხოვრება ერთი მთლიანი წიგნია, ზოგი ძალიან საინტერესო, ზოგიც - ნაკლებად... და არასოდეს ისე გულახდილი არ არის ადამიანი, როგორც ათეული წლების გადასახედზე დგომისას. ფიქრები, გრძნობები ცოცხლდებიან და მათთან პირისპირ დარჩენილი იწყებს ყველაზე მართალ შეფასებასაც...

ლანა ღოღობერიძე - ლიტერატორი და რეჟისორი, იმ ადამიანთაგანია, რომელმაც წლების შემდეგ ბევრი რამ ახლებურად აწონ-დაწონა. გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ ბავშვობის დროინდელი გრძნობები დღემდე სულ ახალგანცდილივით ახსოვს.

სუსხიანი და ტკივილიანი ბავშვობა

პატარაობიდანვე მესმოდა სიტყვები: "მოხსნა", "ჩხრეკა", "დაპატიმრება", "გადასახლება"... ბოლომდე ვერც ერთს ვაცნობიერებდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებთან იყო დაკავშირებული ახლობლების შიში და ტკივილიანი განცდები...

ჩემი ინგილო პაპა (დედის მამა), ბათლომე ხუციშვილი ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ იმდენი რამ მსმენია და წამიკითხავს მის შესახებ, ასე მგონია, პირადად ვიცნობდი ამ საოცრად საინტერესო ადამიანს.

1917 წელს, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მუსავატელები მოვიდნენ, ბათლომე იძულებული გახდა, საინგილო დაეტოვებინა. კახეთში, სოფელ ცოდნისკარში დასახლდა და პატარა სახერხი ქარხანა და წისქვილი იყიდა. პაპამ საინგილოსთან განშორება ვერ აიტანა და მალე გარდაიცვალა კიდეც.

KvirisPalitra.Ge

ჩემი რაჟდენ ბიძია

ჩემი რაჟდენ ბიძია (დედის ძმა), დიდი მეცნიერი, ფიზიკის პირველი პროფესორი საქართველოში, თბილისის ობსერვატორიის დამაარსებელი, აინშტაინის და პლანკის მოწაფე გახლდათ. ჯერ მამის, მერე დედის დაპატიმრების შემდეგ რაჟდენ ბიძია იყო ყველაზე ახლობელი და თბილი ადამიანი, რომელიც უანგაროდ, დიდი სიყვარულით ზრუნავდა ჩემზე. ერთხელ რაჟდენ ბიძიამ სიმონ ყაუხჩიშვილს, თავის უახლოეს მეგობარს, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან, უთხრა: ჩემი გოგო პირდაპირ ყლაპავს წიგნებსო. ეს სიტყვები ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც უდიდესი შექება.

დედასთან ამანათის გაგზავნის უფლება მოგვცეს, მაგრამ ფულის გაგზავნა მაინც აკრძალული იყო, არადა, მას ყველაზე მეტად ფული სჭირდებოდა. რაჟდენ ბიძიამ ასეთი რამ მოიფიქრა: მაგარყდიანი ბლოკნოტის ყდას ვჭრიდით სამართებლით, შიგ ვდებდით ასმანეთიანებს, მერე ყდას ვაწებებდით. მერე მე ვწერდი წერილს, რომელიც ასე იწყებოდა: "Моя дорогая, кдаши пулия!"-ში როგორც ჩანს, ცენზორებს არ აკვირვებდათ ქართული სახელების უცნაური ჟღერადობა. რამდენიმე თვის მერე მოდიოდა პასუხი: "Моя дорогая, пули мивиге!"

რაჟდენ ბიძია ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემთვის უმშობლებოდ ყოფნა შეემსუბუქებინა. მეხსიერებაში დამრჩა ასეთი ეპიზოდი: ერთხელ დეიდა თამარი და დეიდაშვილი ლალი მოვიდნენ ჩემთან. ლალის მშვენიერი ახალი ქურქი ეცვა. რაჟდენ ბიძიამ თავის დას არაფერი აგრძნობინა, თამაში გვაცალა. როცა წავიდნენ, უსიტყვოდ დამავლო ხელი და მაღაზიისკენ გამაქანა. მთელი ქალაქი შემოვირბინეთ ქურქის ძებნაში და ბოლოს რაღაც გაუგებარი ცხოველის, მაგრამ საოცრად ლამაზი, შავლაქებიანი ოქროსფერი ქურქი ვიყიდეთ. არც იქამდე და არც მერე არ განმიცდია ასეთი ბედნიერება ტანისამოსის გამო, ვინაიდან იმ დღეს მარტო ახალი ქურქი კი არ შევიძინე, არამედ დავიბრუნე განცდა იმისა, რომ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, ვისთვისაც მე ერთადერთი ვარ, ყველაზე ახლობელი და განუმეორებელი. რაჟდენ ბიძიას მთელი არსებით სძულდა საბჭოთა სისტემა. არც ერთი ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა (პროფკავშირისაც კი), არც ერთ კრებას არ ესწრებოდა და, რაღა თქმა უნდა, არჩევნებშიც არ მონაწილეობდა. ეს მისი ერთგვარი პროტესტი იყო საბჭოთა სისტემის მიმართ. როცა მისი შვილი, გივი, კომკავშირში შევიდა, მთელი წელი არ ელაპარაკებოდა... იმ საშინელმა დროებამ უსაყვარლესი რაჟდენ ბიძიაც წამართვა. როცა დაიჭირეს, 13 წლის ვიყავი. შინ შესვლა აღარ მინდოდა, უგზო-უკვლოდ დავეხეტებოდი მარტო, მეგონა, სიცოცხლე დამთავრდა-მეთქი. ერთხელ, ქუჩაში გულიც კი წამივიდა აუტანელი და გაუსაძლისი დარდის გამო. თვალი რომ გავახილე, უცნობი ქალი მასულიერებდა, მერე კი თანაგრძნობით მკითხა: - შვილო, პატრონი არა გყავსო? მინდოდა მეყვირა, - მყავს პატრონი, მაგრამ ციხეშია-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. რამდენიმე თვის შემდეგ ციხეში მისულ მამიდა მაროს უთხრეს, - თქვენს პატიმარს დიზენტერია სჭირს და თეთრი პური სჭირდებაო. ერთი პური ხუთასი მანეთი ღირდა მაშინ. სასწრაფოდ რამე უნდა გაგვეყიდა. უცებ ერთმა მეზობელმა თქვა, - აი, ამ სურათს ვიყიდი ხუთას მანეთადო. სურათი ძვირფას ძველებურ ჩარჩოში ჩასმული და ვიღაცის მიერ 5.000 მანეთად შეფასებული, ოჯახურ რელიკვიად ითვლებოდა. რამდენიმე თვით ადრე ამ ფასად მყიდველიც გამოჩნდა, მაგრამ ოჯახურმა საბჭომ დაადგინა, რომ გაჭირვების მიუხედავად, სურათს არასოდეს გაყიდდა. ახლა კი უყოყმანოდ მივეცით მეზობელს. უფროსებმა სასწრაფოდ იყიდეს ის სანატრელი თეთრი პური, მეორე დილას, გათენებისას, ჩადგნენ ციხის კართან რიგში და, როცა სარკმელს მიაღწიეს, მიიღეს პასუხი - თქვენი პატიმარი გარდაიცვალაო...

დედაჩემი და მამაჩემი

დედა სულ პატარა იყო, როცა მამამისმა საინგილოდან თბილისში ჩამოიყვანა ურმით. აქ დაამთავრა გიმნაზია, შევიდა უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მერე ძმის, რაჟდენის დახმარებით, შეძლო გერმანიაში წასვლა და უნივერსიტეტის იქ დამთავრება. მის ხელმძღვანელს, შალვა ნუცუბიძეს, ძალიან უნდოდა, ფილოსოფიაში ემუშავა, მაგრამ დედამ კინო აირჩია. პირველი დოკუმენტური ფილმი, "18-28", მიშა კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო, მომდევნო ორი ფილმი, "უჟმური" და "ბუბა", მისი დაპატიმრების მერე გააქრეს. ძალიან ლამაზი იყო დედა. დიდი, მოგრძო თვალებისა და ეგვიპტური პროფილის გამო, ახალგაზრდობაში ნეფერტიტს ეძახდნენ. ჰყავდა საქმრო, მაგრამ ძმის ოჯახში შეხვდა რძლის ძმას (რაჟდენის ცოლის, ლიზას ძმას), ლევანს, რევოლუციური იდეებით შთაგონებულ, მომხიბლავ ახალგაზრდა კაცს, რომელიც შესანიშნავად მღეროდა. მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. რაჟდენი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ სიყვარულს, ვინაიდან, ვერ ეგუებოდა ვერაფერს, რაც ბოლშევიკებთან იყო დაკავშირებული. დედა ერთი კვირით მონასტერში ჩაიკეტა, რათა მარტოს მიეღო გადაწყვეტილება. როცა მონასტრიდან დაბრუნდა, არჩევანი გაკეთებული ჰქონდა უეცრად თავს დამტყდარი სიყვარულის სასარგებლოდ. ასე გაჰყვა დედა მამას. სასოწარკვეთილი რაჟდენი ვერ შეეგუა ამ ნაბიჯს, მოიკვეთა უსაყვარლესი უმცროსი და. ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ რაჟდენი ბოლოს, ცოლს, ლიზასაც გაშორდა. ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა მამას. როგორც ჩანს, ამ უთანხმოებებს, ბოლოს და ბოლოს, სიყვარულმაც ვერ გაუძლო, მამაჩემს ახალი, დიდი სიყვარული გაუჩნდა - გამორჩეულად ნიჭიერი და საინტერესო ქალი. დედაჩემმა უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა... ბოლოს, დედა, მამა და მე ერთად ვიყავით ხოსტაში, სადაც მამა დააპატიმრეს. ციხიდან მამამ დედას წერილი გამოუგზავნა. სთხოვდა: დაწერე, რომ გაშორებული ხარ ჩემთან და დაჭერას გადარჩებიო. დედამ ეს არ გააკეთა. ერთხელ მითხრა: მამაშენი ჩემი ცხოვრების ერთადერთი დიდი სიყვარული და ასეთივე დიდი უბედურება იყოო. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ყველა უბედურებისა, რაც მას თავს დაატყდა, ალბათ, მისთვის ყველაზე მტკივნეული მაინც ღალატი იყო.

ხშირად ვფიქრობდი ჯალათისა და მსხვერპლის მარადიულ თემაზე. მამა მსხვერპლი იყო. ამას ადასტურებდა მისი ტრაგიკული დასასრულიც. მამა შთაგონებული ბოლშევიკი იყო და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერს განაპირობებდა მის ცხოვრებაში.

პირველი სიყვარული

მე და რეზო თაბუკაშვილი პიონერთა სასახლეში, ლიტერატურის წრეზე დავახლოვდით. მერე ცემში, პიონერთა ბანაკში კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. როცა თბილისში დავბრუნდი, რეზომ მინახულა და სასიყვარულო ლექსი მომიტანა. იმდენად განვიცადე, 40 გრადუსამდე ამივარდა სიცხე. ჩვენ, ლიტერატურის წრის წევრები, ხშირად დავდიოდით ე.წ. გასტროლზე. ასე გავმართეთ ლიტერატურული საღამო ქუთაისში. ქუთაისელი გოგონები რეზოზე გადაირივნენ, ის ხომ მართლაც არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, თან პოეტი, თან ასეთი მღელვარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს. გოგონები რეზოს გუნდად დასდევდნენ, მე ვერაფერს ვამხელდი სიამაყის გამო, არადა საშინლად ვიტანჯებოდი. ბოლოს, სულ უმიზეზო შეხლა-შემოხლა მოგვივიდა. გელათიდან ვბრუნდებოდით, ხიდზე გასვლისას ისე ვიჩხუბეთ, რომ მე, გონდაკარგულმა, ხელი ვკარი და რეზო მოულოდნელობისგან მდინარეში გადავარდა. დიდი ხნის მერე, როცა რეზოსთან უკვე დაშორებული ვიყავი, მან მოსკოვიდან ლექსი გამომიგზავნა, სადაც სევდიანად და მონატრებული გრძნობით იხსენებდა იმ ხიდზე მომხდარ ამბავს. ჩვენი დაშორება ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. მერე? მერე რეზომ მოსკოვში გააგრძელა სწავლა, მე აქ დავრჩი. ჩვენი დაშორება გარდაუვალი აღმოჩნდა. მალე მას შეხვდა ქართული მშვენიერების სიმბოლო, მედეა ჯაფარიძე, რომელთანაც მთელი სიცოცხლე გაატარა, მე კი - ლადო მესხიშვილი.

მე და ლადო

ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გავიცანი, იგი საოცრად ელეგანტური, მოხდენილი და სპორტული აღნაგობისა გახლდათ. არასოდეს აკლდა ქალების ყურადღება. შეჯიბრება ბაკურიანის ცენტრში, პარკში ტარდებოდა. იმ დღეს სწრაფად დაშვებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ჯერ ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ, მერე - გოგოები. მე მეცამეტე ნომერი შემხვდა, ლადოსაც. ფინიშს უახლოვდებოდა, როცა თხილამური გაექცა, შეტორტმანდა და ხეს შეასკდა. გულგახეთქილი მივჩერებოდი, მან კი გადაიხარხარა, თოვლი დაიფერთხა და მომიახლოვდა. თავისი ნომერი მოიხსნა და სიცილით მითხრა, - იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნებაო. ამ დღიდან ჩვენი გზები გადაიკვეთა. იყო მრავალი პრობლემა, ტკივილი, ვნებათაღელვა (მას ხომ ოჯახი ჰყავდა), მაგრამ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. შევუღლდით და შეგვეძინა ქეთი და ნუცა.

ჩემი გატაცება

უნივერსიტეტში ჯერ ფილოლოგიის ფაკულტეტის ლიტერატურულ განყოფილებაზე ვსწავლობდი, მერე ენათმეცნიერებამ გამიტაცა და ქართველურ ენებზე გადავედი. აქაც ვერ მოვისვენე და მეოთხე კურსზე დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. ეს ჩემმა უოლტ უიტმენით გატაცებამ განაპირობა. იმდენად გამიტაცა უიტმენმა, რომ მისი პოეზია იქცა ჯერ ჩემი საკურსო ნაშრომის, მერე დიპლომის და ბოლოს დისერტაციის თემად. თუმცა ეს არ გახლდათ ჩემი ბოლო გატაცება. Kკიდევ მსურდა რაღაც სხვა. ეს კინემატოგრაფია აღმოჩნდა. დედამ მოსკოვში თავის ძველ მეგობართან, მიშა კალატოზოვთან წერილი გამატანა. მას ჯერ არ ჰქონდა თავისი "მიფრინავენ წეროები" გადაღებული, მაგრამ მაინც უკვე საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორი იყო... თბილად მიმიღო და თავის მეგობარს, სერგეი გერასიმოვს ელაპარაკა ჩემზე. გერასიმოვს შევხვდი და ჩემი სურვილი რომ გავუმჟღავნე, გამიღიმა და მითხრა: ვფიქრობ, გამოცდის ჩატარებას არანაირი აზრი არა აქვს, დაგსვამთ პირდაპირ მეორე კურსზე და ერთი წლის მანძილზე ორივენი მივხვდებით, ღირს თუ არა თქვენი რეჟისურაში დარჩენაო.

ერთი წლის მერე არავის უთქვამს, დროს ტყუილად კარგავო. ჩემთვის კინოცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ზაირა არსენიშვილთან ერთად დავიწყე მუშაობა ახალგაზრდულ პრობლემებზე, რომელიც დაგვირგვინდა ფილმით "როცა აყვავდა ნუში". ძალიან სახალისო იყო ამ გოგო-ბიჭების შერჩევა. 16 წლის ზურა ყიფშიძე - ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ - ლამაზი და ენერგიული. ამას მოჰყვა "მე ვხედავ მზეს", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "დღეს ღამე უთენებია", "ორომტრიალი"და ერთი სიტყვით, იმ საოცარ კინოორომტრიალში აღმოვჩნდი, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. კინემატოგრაფიამ უამრავ საინტერესო ადამიანს შემახვედრა: ანტონიონის, ფელინის, ძავატინის... იყო საერთაშორისო ფესტივალები, პრიზები, ჯილდოები... მართალია, ბევრი ძვირფასი ადამიანი დავკარგე, მაგრამ ტკივილის მიუხედავად, დღეს ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან სიყვარულით ვიცხოვრე, რადგან ვაკეთე ის საქმე, რომელიც ჩემი დიდი გატაცებაც იყო და პროფესიაც. ხუთი შვილიშვილის ბებია ვარ და მათ რომ შევცქერი, გული სიხარულითა და სიამაყით მევსება. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ღამე იყო ტკივილით, დარდით გაჯერებული, მაგრამ ნათელი დღეებიც ხომ მრავლად მქონდა! დღეს ხომ ღამე უთენებია...

მთავარი ფოტოს ავტორი ჯემალ კასარაძეა