„წარმოუდგენელია, რამდენი სადეპუტატო კითხვაც გაჩნდება, იმდენჯერ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვო“ - კვირის პალიტრა

„წარმოუდგენელია, რამდენი სადეპუტატო კითხვაც გაჩნდება, იმდენჯერ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვო“

"... ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთმა დიდმა ტკივილმაც კი, როგორიც შოვის ტრაგედიაა, ჩვენი საზოგადოება ვერ გააერთიანა, ოპოზიციას კი პოლიტიკური ქულების დაწერის ცდა ვერ მოაშლევინა", - ასეთია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის პოზიცია ქვეყანაში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. მმართველი გუნდის ლიდერი არასწორად და საეჭვოდ მიიჩნევს ოპოზიციის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას. რა ეჭვები აქვს მიხეილ სარჯველაძეს, როგორ აფასებს ბოლოდროინდელ პროცესებს, ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ:

- უზნეობა მდაბალი და ამორალური საქციელია, როცა მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. საკითხის შესწავლა, გამოკვლევა ნორმალურია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, მაშინ როცა საკითხში საერთოდ არ არიან გარკვეული, სწორი არ არის. იქნებ მეცნიერებმა ისეთი დასკვნა დაწერონ, რომ ეჭვები აღარ ჰქონდეთ. არც ერთი ისეთი საკითხი არ დარჩება, რომლის შესაფასებლად საკმარისი საფუძველი და მასალა არ იქნება. ყველაფერი გვექნება საიმისოდ, რომ ჩვენი შეხედულება დამატებითი შესწავლის გარეშე ჩამოვაყალიბოთ.

- ე.ი. თქვენ გამორიცხავთ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

- შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა არალოგიკურია, არაბუნებრივი და წარმოდგენილია არასაკმარისი არგუმენტაცია. წარმოუდგენელია, რამდენი სადეპუტატო კითხვაც გაჩნდება, იმდენჯერ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვო. საქმე ის არის, რომ დიდი აჟიოტაჟისა და ამბიციური განცხადებების კეთების, დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელების შემდეგ გაწბილებული დარჩნენ. ახლა ეს ხალხი საზოგადოების წინაშე შერცხვენილია და ცდილობს სასწრაფოდ შექმნას იმიტაცია, თითქოს რაიმე არგუმენტები აქვთ, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლებას არასწორ რეაგირებაში დაადანაშაულებენ. გარწმუნებთ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვქონდეს, ვერ მიაგნებთ ვერც ერთ საკითხს, რომლის შესახებაც საზოგადოება სრულად ინფორმირებული არ იყოს. გახსოვთ, რა იყო პრემიერ ღარიბაშვილის პირველი განცხადება შოვის ტრაგედიის დროს? მან თქვა, ეს ისეთი მასშტაბის ტრაგედიაა, მთელი ერი უნდა გავერთიანდეთო! რა ქნა ოპოზიციამ? შექმნა ილუზორული და უცნაური ვერსიები, მაგალითად, თუ რატომ წამოიყვანა კალაძემ თავისი ოჯახი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე. ბოლოს ხომ შერცხვათ?!

- თქვენ ამბობთ, რომ არ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და საზოგადოებისთვის გაურკვეველი საკითხები, მაგრამ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ ვერ გაიგეს პასუხი, თუ რატომ არ შესრულდა შარშან დადებული პირობა და რატომ არ ჰყავს საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები? ასევე ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი, თუ რატომ არ ითხოვა საქართველომ დახმარება მეგობარი ქვეყნებისგან.

- იმ მომენტში ამაზე საუბრის დრო არ იყო, მოგვიანებით განვმარტეთ. ტრაგედიის ღამეს ზოგიერთმა თქვა, იქნებ სითბური დრონები გვათხოვოს რომელიმე ქვეყანამო. მოგვიანებით გაირკვა, რომ სითბური დრონები იმ ღამესვე ჩაერთვნენ საქმეში. ბორჯომის ხეობაში რომ იყო ხანძარი, საჭირო ტექნიკა არ გვქონდა და დახმარება ვითხოვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა გვექნა, რა ტექნიკა უნდა გვეთხოვა, მაგალითად, აზერბაიჯანისგან ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს? რაც შეეხება ცოცხალ ძალას, ნეტავ გამოსავალი ყოფილიყო საქმეში მეტი მაშველის ჩართვა, ჯარის კონტინგენტსაც გავზრდიდით.

- დარგის ექსპერტები გეოლოგიური სამსახურების, კვლევითი ინსტიტუტების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. ეს სამსახური "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ გააუქმა, მაგრამ საინტერესოა, ბოლო 11 წლის განმავლობაში თუ გაკეთდა რაიმე?

- ბენდუქიძე ყველა იმ დაწესებულებას ემტერებოდა, რომლებიც ფინანსურ რეზულტატს ვერ იძლეოდნენ. ეს არ არის დაწესებულება, რომლის ნულიდან ამუშავება ასე ადვილია, თუმცა პროცესი ნელ-ნელა უნდა დავძრათ. "ნაციონალებმა" სრულად გააუქმეს მანქანის ტექნიკური დათვალიერება, სახანძრო ნორმები... ჩვენ თავიდან დავიწყეთ ამ ყველაფრის აღდგენა. ტექნიკური დათვალიერების ფუნქცია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას უნდა ჩვენ ველურად განვვითარდეთ.

- ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა რიკოთის გზის მშენებლობაზე. ბოლოს დარგის სპეციალისტის განმარტებაც მოვისმინეთ, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გზა სრულიად უსაფრთხო იქნება. თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ რიკოთის გზა, ადრე თუ გვიან, სავალალო რეალობის წინაშე არ დაგვაყენებს?

- მე ხშირად ვსარგებლობ ამ გზით და მომავალშიც ასე ვაპირებ. რიკოთის პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ პროცესი სწორად იმართება. ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რაც გათვლილია მათზე, ვინც შეიძლება ამ კონტრაქტებს არ იცნობს. სამშენებლო ნორმების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეპყრობით.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველა საკითხში ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბარი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მომაბეზრებელია? ექსპერტების ერთი ნაწილისთვის თვალში საცემი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე თქვენ ისევ "ნაციონალებს" აკრიტიკებდით.

- 2008 წლის 8 აგვისტო საზეიმო თარიღი არ არის, ეს ჩვენი ტრაგედია, მარცხია. ახალგაზრდებმა ისტორია უნდა იცოდნენ, ისტორია კი ასეთი დეტალების სწორად გააზრებაშია. ჩვენ არ ვაფერმკრთალებთ ტრაგედიას, ჩვენმა ხელისუფლებამ სტრასბურგშიც დაამტკიცა, რომ ეს იყო რუსეთის ოკუპაციის შედეგი. ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან გავაკეთეთ განაცხადი, თუ როგორი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩვენი პოლიტიკა. ეს იქნება პრაგმატიზმი, რომელიც გამორიცხავს კონფლიქტის შესაძლებლობას. მხოლოდ მშვიდობიანი გზით და სამართლებრივი მეთოდებით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას.

ძალიან მინდა გაითვალისწინოთ, რომ არ ვსაუბრობ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების რაიმე ფორმაზე. რუსეთთან კონფლიქტის უქონლობის სურვილი ამას ნამდვილად არ ნიშნავს. საქართველოს აქვს თავისი განვითარების ღერძი და ეს გულისხმობს მათ შორის ევროპულ ინტეგრაციას. რთულია, მაგრამ გაცილებით პერსპექტიულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მილიტარისტული გეგმა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია, იმიტომ, რომ ამას მოითხოვს ისტორიული სამართლიანობა.

ხათუნა ბახტურიძე