გადაბრუნებული ურმის პრინციპი ანუ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე - კვირის პალიტრა

გადაბრუნებული ურმის პრინციპი ანუ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე

შოვის ტრაგედია იმდენად მძიმეა, რაც არ უნდა დაწერო და თქვა, ვერ გადმოსცემს ამ საშინელების სიღრმეს. დაღუპულების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ვერანაირი სიტყვა ვეღარ იქნება სანუგეშო.

"კვირის პალიტრა" კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს ყველა გარდაცვლილის ოჯახს...ჩვენ ყველამ კი კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყანაში, რომელიც ჩვენია და ჩვენ გარდა პატრონი არ ჰყავს, უამრავი საკითხია მოსაგვარებელი - კატასტროფების პრევენციით დაწყებული და ჯანდაცვის საკითხებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, რომ ეს საკითხები მოაგვაროს. თუმცა თუ არ იქნება საზოგადოებისა და მედიის მონიტორინგი (ობიექტური, საქმიანი და არა პოლიტიკური ინტერესებით შეზავებული), ისევ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ.დიახ, მოჯადოებულ წრეზე. როდესაც საქართველოში რაიმე კატასტროფა ან სტიქიური უბედურება ხდება ხოლმე, წინა პლანზე (მედია, სოცქსელები) გამოდიან ექსპერტები, რომლებიც ტრაგედიის მიზეზებთან ერთად, იმასაც ამბობენ, რა უნდა გაკეთდეს უბედურებების პრევენციისთვის (ბევრი მათგანი პროფესიონალია და თავის საქმეში უცხოელ კოლეგებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება). გამოდიან ხელისუფლებების წარმომადგენლები და აცხადებენ, რა პრევენციული ზომების მიღებას აპირებენ. ეს გრძელდება ხოლმე რამდენიმე დღეს (გააჩნია, უბედურების მასშტაბს) და შემდეგ... ყველას გვავიწყდება. რაც მთავარია, ვთქვათ, ერთი წლის შემდეგ არავინ უბრუნდება ამ თემას და არ კითხულობს, რაიმე კონკრეტული გაკეთდა თუ არა მსგავსი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ვგულისხმობთ ყველას - პოლიტიკოსებსაც, მედიასაც და ექსპერტებსაც.მაგალითად, ორი წლის წინ ბათუმში კორპუსი რომ ჩამოინგრა, ვიცით თუ არა ამ ტრაგედიამ შეცვალა კი შესაბამისი უწყებების მუშაობა, რომ ვინმემ კიდევ არ მოისურვოს კორპუსისთვის საყრდენი კედლის გამოცლა?! ქობულეთში რამდენიმე წლის წინ საბავშვო ანსამბლი რომ ამოიბუგა სასტუმროში, ვიცით თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო მონიტორინგი სასტუმროებში მიმდინარეობს თუ არა ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი უბედურება?! შეიძლება პრევენციული ღონისძიებები არის, შეიძლება არც არის; ან საქართველოს მაღაროებში ლამის ყოველ წელს რომ ხალხი იღუპება, ვინმემ რაიმე ზომები მიიღო საერთოდ?! აი, ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ, თუ არ გავითავისეთ, რომ ქვეყანაში კონკრეტული პრობლემების მოგვარება თუ არ დავიწყეთ და ყველა საკითხს თავიდან ბოლომდე არ გავყევით, პოლიტიკური პოლარიზაციით და - ამან იმაზე ეს თქვა და იმან ამაზე ეს, კიდევ ერთხელ გადავიჩეხებით.

საჭიროა თუ არა შოვის ტრაგედიის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა?!

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ალბათ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებთ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგალითად, მძიმე საყურებელი იყო, როდესაც შოვის ტრაგედიიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, ჯერ კარგად არც არავინ იცოდა, რა მოხდა და როგორ (რატომ მოხდაზე ხომ ზედმეტია საერთოდ საუბარი), რა მასშტაბის უბედურებასთან გვქონდა საქმე და... ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიტიკურ ბრალდებებს ისროდა. რა თქმა უნდა, არც "თალიბანი" ვართ და არც ჩრდილოეთი კორეა, რომ ვინმეს პირში ბურთი ჩავჩაროთ და აზრის გამოთქმა დავუშალოთ, მაგრამ, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

რაც შეეხება ხელისუფლებას. მმართველი გუნდი ვალდებულია, როცა ქვეყანაში რაიმე ტრაგედია ხდება, მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა მოხდა, რა კეთდება, როგორ კეთდება! არაინფორმირებულობა იწვევს გაურკვევლობას, შიშს და მავნე ჭორების გავრცელებას.

3 აგვისტოდან ძირითადი კითხვები ეხებოდა სამაშველო სამუშაოების სწორად დაგეგმვას და მიმდინარეობას, მათ შორის ვერტმფრენების საკითხს (ხელისუფლების იმაზე აპელირება, თითქოს ეს საკითხი წინა პლანზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა წამოსწიეს, არასწორია. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის აპოლიტიკური, მათ შორის "ოცნების" მომხრე, სვამდა ამ კითხვებს).

შესაძლოა პროფესიონალებს შესაბამის ოფიციალურ უწყებებში ეს კითხვები არარელევანტურად, დილეტანტურად, ბავშვურად და ა.შ. ეჩვენებოდათ, თუმცა ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის ხელისუფლება, რომ ყველა ამ კითხვას გაღიზიანების გარეშე ძალიან მარტივად და გასაგებად გასცეს პასუხი (ხელისუფლებამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო, თუმცა საკმაოდ დაგვიანებით, რაც შეცდომაა), წინააღმდეგ შემთხვევაში, შეითხზება ჭორები და დუმილს ზოგიერთი ჩათვლის ისე, თითქოს ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი.

კითხვებზე პასუხი ყოველთვის გასაცემია, თორემ მაშველები რომ გმირები გყვავს, ამაზე არავინ დაობს. დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც პილოტებს, პოლიციელებს, ექიმებს და ა.შ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას. შეგახსენებთ, რომ კომისიის შექმნის ინიციატივით ყველაზე პირველი ანა დოლიძე გამოვიდა. კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს „"ლელომ", „"ნაცმოძრაობამ" და „"სტრატეგია აღმაშენებელმა", შემდეგ კი „"ნაცმოძრაობის"“წარმომადგენელმა ანა ბოკუჩავამ სკანდალური ბრალდება წაუყენა გიორგი გახარიას თანაგუნდელებს - მათ ბრძანება აქვთ მიღებული (სავარაუდოდ, გახარიასგან, თუმცა ბოკუჩავას არ დაუკონკრეტებია, გახარიას ვინ უბრძანა), რომ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონო. როგორც ხედავთ, ყველაფერი ისევ პოლიტიკისკენ წავიდა...

რეალურად კი, თუ საქმეს წაადგება, თუ კონკრეტული პროცესი გამოაჩენს, რა ხარვეზები გვაქვს (ან გვაქვს თუ არა საერთოდ) სტიქიასთან ბრძოლასა და პრევენციაში, რა უნდა გაკეთდეს, რომ ყველაზე საშიში ადგილები მაინც გავაკონტროლოთ, - ნებისმიერი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც საგამოძიებო კომისიის ჩათვლით.

ზოგადად, საგამოძიებო კომისია აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც რაიმეში დაადანაშაულოს. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ყველამ თავისი საქმე ზუსტად შეასრულა და საკითხი დაიხუროს. დიახ, ევროპაში რომ ვყოფილიყავით, ასე ვიტყოდით. საქართველოში კი...

გვაქვს კი ჩვენ იმის გარანტია, რომ საგამოძიებო კომისია პოლიტიკური პოლარიზაციისგან დაცლილი იქნება? რომ კონკრეტული საკითხების შესწავლა - ვინ არის რუსი და ვინ არის მოღალატის“ გარკვევაში არ გადაიზრდება? ოპოზიციონერებს უკვე აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. "ოცნებასაც"“ აქვს უკვე ჩამოყალიბებული აზრი, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას იმიტომ ითხოვს, მმართველ გუნდს კონკრეტული ბრალდებები წაუყენოს, რაც მას წინასაარჩევნოდ დაარტყამს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის გადამკიდე, არანაირი საგამოძიებო კომისია არ ჩამოყალიბდება. და თუ მოხდა სასწაული და ჩამოყალიბდა, დიდი ალბათობით, ყველაფერი დაიწყება და დასრულდება პოლიტიკური ბრალდებებით.

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?!

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში სუპერთანამედროვე ანტისტიქიური წინასწარი შეტყობინებისა თუ მონიტორინგის სისტემები რომ დავაყენოთ, ეს ვერ ანუგეშებს შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს. თუმცა ჩვენ ყველას - მედიით დაწყებული და პოლიტიკოსებით დამთავრებული (მნიშვნელობა არა აქვს პოზიცია-ოპოზიციას) - შოვის ტრაგედია არ უნდა დაგვავიწყდეს და, ბოლოს და ბოლოს, გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ.

მთავარია, გვინდოდეს დასკვნების გამოტანა და როგორც უყვართ ხოლმე თქმა, "იყოს ამის პოლიტიკური ნება". მაგალითად, იმავე საპარლამენტო ოპოზიციას ყოველგვარი საგამოძიებო კომისიის გარეშე შეუძლია პარლამენტში დაიბაროს შს და გარემოს დაცვის სამინისტროების (ამ უწყებებში შედიან სამაშველო, გეოლოგიური თუ სეისმოლოგიური სამსახურები) წარმომადგენლები და ყოველგვარი "დიდი პოლიტიკის"“ გარეშე დაუსვას მათ კონკრეტული კითხვები, შემდეგ კი საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს.

თუმცა მხოლოდ ერთჯერადი დაბარება არ არის საკმარისი. ტრაგედიის „არდავიწყება“ გულისხმობს სწორედ იმას, რომ ოპოზიციამ და მედიამ დროგამოშვებით უნდა მოიკითხონ ხოლმე, რა კეთდება, დამონტაჟდა თუ არა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რა ტემპით მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და ა.შ.

გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ სხედან - ისინი წერენ დასკვნებს და შესაბამის რეკომენდაციებს. შესაბამისად, შესაძლოა ხელისუფლება უფრო სწრაფ ტემპში უნდა შეეცადოს მათი რეკომენდაციების შესრულებას. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო იყოს გარემოს სააგენტოსთვის უფლებამოსილებებისა და დაფინანსების გაზრდა, უფრო მეტი პროფესიონალის მოზიდვა და, ბოლოს და ბოლოს, შედგეს ფართომასშტაბიანი გეგმა, რათა საქართველოს ყველაზე საშიში მონაკვეთები მაქსიმალურად გაკონტროლდეს და სტიქიურ უბედურებაზე რეაგირების დროს მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს. ამისთვის უნდა დავიხმაროთ უცხოელი სპეციალისტებიც.

და რაც მთავარია - ხელისუფლებამ მუდმივად უნდა ჩააყენოს საზოგადოება საქმის კურსში, რა გაკეთდა და რა კეთდება. ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად ბევრი უნდა იცოდნენ იმ ადგილების შესახებ, სადაც პოტენციური საფრთხეა დამალული. ასევე, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ მოიქცნენ სტიქიური უბედურებების დროს.

p.s. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მაშველებით. აუცილებლად ყველა პლატფორმაზე უნდა დადგეს საკითხი, რომ მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აი, ეს იქნება ჩვენი მადლიერების გამოხატულება, რადგან მხოლოდ ლამაზი სიტყვები საკმარისი არ არის.

გიორგი კვიტაშვილი