„ამ უკიდეგანო უბედურების დროს რაჭველებმა მადლიერების უპრეცედენტო მაგალითი გვანახეს“ - კვირის პალიტრა

„ამ უკიდეგანო უბედურების დროს რაჭველებმა მადლიერების უპრეცედენტო მაგალითი გვანახეს“

ყოფილი მაშველი, დათო ჭიტაძე, რომელიც შოვში ჩამოწოლილ მეწყერში დაკარგული ადამიანების ძებნით სამუშაოებში მოხალისეებს შეუერთდა, იმ მძიმე დღეებზე გვესაუბრება:

- როდესაც ტრაგედია მოხდა, ჭიათურაში ვიყავი. როგორც სხვებს, მეც მეგონა, რომ იმ 16 კაცის გამოყვანით დასრულდა ყველაფერი და ჩვენი დახმარების საჭიროება არ იყო. სანამ სხვა ცნობები გავრცელდა, დაღამდა და მეორე დღის თადარიგს შევუდექი. დილითვე ჩემს ყოფილ სამსახურში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამაშველოში ჩავედი, რათა ბიჭებისგან გამეგო, რას გეგმავდნენ. მეუბნებოდნენ, ყველაფერი კეთდება და დამხმარე ძალა საჭირო არ არისო, მაგრამ ვერ ვისვენებდი. ამასობაში სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მოხალისეები წასვლას აპირებდნენ. ერთი მათგანი ყოფილი სამხედრო, შალვა დავლაშერიძე იყო. მის მეგობარს, ზურა მელიქიძეს, სამეგობროსთან ერთად თანხა აუგროვებია და საჭირო რამეები უყიდიათ. წამოღებული ჰქონდათ პირველადი დახმარების ნივთები, მაშველებისთვის ფარნები და დანები. ღამე გეგმა დავალაგეთ და გამთენიის 6 საათიდან მათ შევუერთდით.

ხეობაში რომ შევედით, მაშინვე მივხვდი, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, ტექნიკის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით. იყო ადგილები, სადაც ლაფის სიმაღლე ათ მეტრსაც აღწევდა. ეს ყველაფერი 10-15 სტადიონისხელა ტერიტორიაზე ხდებოდა. მოკლედ, იქ ჩვენ მარტო ვერ შევიდოდით. დავუკავშირდით ალპინისტებს, რომელთა შორის პროფესიონალი კასკადიორებიც არიან. ამის მიუხედავად, სპეცტექნიკის გარეშე მუშაობა თვითმკვლელობას უდრიდა. ვნახე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ბიჭები, რომლებიც მხრებამდე ტალახში დადიოდნენ დაკარგულების საპოვნელად.

- იქვე იყვნენ დაკარგული ადამიანების ოჯახის ახლობლებიც, არა?

- ცალკე ტრაგედია იყო მათი ყურება. შორიახლოს სასწაულის იმედად, დაჩოქილი ელოდებოდნენ ახლობლების გამოჩენას. კიდევ ასი წელი რომ ვიცოცხლო, მათი თვალები არასდროს დამავიწყდება. ასეთი უმწეობის განცდა არასდროს მქონია. ვნახე კაცი, რომელიც ცოლსა და შვილს ეძებდა, ხელებში გვიყურებდა, თან ცდილობდა არ შევეწუხებინეთ. აკანკალებული ხმით უხსნიდა საგანგებო სიტუაციის სამსახურის უფროსს, რომ ვიღაცას დაუნახავს, როგორ გარბოდნენ დედა და შვილები ტყისკენ. ის მხარე ჯერ შეუსწავლელი იყო. ჩვენ, სამაშველო გამოცდილების მქონე მოხალისეებს, მის ხელმძღვანელ ირაკლი საბანაძის გუნდსა და სამაშველოს ბიჭებს შოვის ზედა მხარეს მთლიანი ფერდობის შესწავლა დაგვევალა. ეს ტერიტორია მოიცავს ე.წ. სტალინის აგარაკებს, კოშკებსა და მჟავე წყლების ნაწილს. სწორედ იმ ადგილას ეძებდა ის კაცი, დუდაშვილი, შვილებსა და ცოლს, იქნებ შეშინებული ტყეში აფარებენ თავსო. სამაშველო თოკებით მდინარის ნაპირიდან სამ კილომეტრზე მეტი ვიარეთ, თითქმის მთის წვერამდე ავედით. ყველა ნაბიჯი კი არა, სანტიმეტრიც კი საშიში იყო - ძლიერი დარტყმისგან ხეები ისე იყო გადაჩეხილი, მისი ბასრი პირი, რომელიც ზოგ ადგილას ლაფის სიღრმეში არც ჩანდა, ძალიან სახიფათო იყო. იმ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ და ჩამოწოლილი მასა იყო გაშლილი, ადამიანის გადარჩენის შანსი არ იყო. იმ კაცისთვის, რომელიც ცოლ-შვილს ეძებდა, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მიწის ყოველ გოჯს შევამოწმებდით და თუ რამე შესაძლებლობა არსებობდა, თავს არ დავზოგავდით მისი ოჯახის წევრების საპოვნელად.

მთის მწვერვალზე, თითქმის საზღვრამდე ავედით, შემდეგ 15 კაცი 150-მეტრიან მანძილზე გადავნაწილდით და დავეშვით ქვემოთ. გზადაგზა ვყვიროდით, ხმა გაგვეცით, რამენაირად გვანიშნეთ და დაგეხმარებით-მეთქი. ალაგ-ალაგ ვჩერდებოდით, იქნებ სიცოცხლის ნიშანი გვეპოვა. თოკებზე ჩაბმული, ტალახში ჩაფლული ხეებიდან ვაკვირდებოდით გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ სიმაღლის ლაფიდან ადამიანის ამოსვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ ყველა იმედს ეპოტინებოდა - იქნებ ხეზე შეძლო ჩაჭიდებაო. როდესაც ქვევით ვეშვებოდით, ვიგრძენი, რომ დამრეცი იყო, ფაქტობრივად, დაკიდებული, სამაშველო თოკების გარეშე ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. როდესაც ჩამოვედით, ის კაცი ისევ იქ იდგა, თვალებში ვეღარ ვუყურებდით, აქეთ მოგვეფერა, მადლობა გვითხრა თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

ბორჯომის ხანძრის ქრობაში ვმონაწილეობდი, ისიც ძალიან რთული იყო, მაგრამ შოვთან შედარებაც არ შეიძლება.

ახლა იქ სამ-ოთხმეტრიან ლაფში მუშაობს ექსკავატორი, რომელიც ციცხვით ფრთხილად აცლის ზედა ფენას, მერე ამოტანილ ლაფს ათვალიერებენ, რათა რამე კვალი იპოვონ, კოტეჯების ნაწილი, ადამიანის, სიცოცხლის ან ცხედრის, ტანსაცმლის ფრაგმენტი, ისეთი რამ, რაც შეიძლება ოჯახს დაკარგულის იდენტიფიკაციაში დაეხმაროს. თუ მიწის მასაში არაფერია, ექსკავატორი ისევ განაგრძობს მუშაობას. ასეთ დროს ემოცია უნდა "გამორთო", თორემ გულთან ახლოს თუ მიიტან, ვერ გაუძლებ.

mashveli2-1691944890.jpg

- ადგილობრივების დამოკიდებულებაზე ბევრი ითქვა...

- თუ რამე დადებითი დამანახა იმ საშინელმა დღეებმა, იყო იქაურების სითბო და ყურადღება. იმ მართლაც უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ და საკვები მოჰქონდათ. ჩვენ კი ჭამის კი არა, ლაპარაკის თავი არ გვქონდა, მაგრამ გვეხვეწებოდნენ, ერთი-ორი ლუკმა შეჭამეთ, თორემ ძალა გამოგეცლებათო. ამ უკიდეგანო უბედურების დროს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი გვანახეს.

ჩვენს ქვეყანაში მეხანძრე-მაშველის პროფესია ძალიან დაუფასებელია. მე 800 ლარამდე ანაზღაურებით წლების განმავლობაში ვიმუშავე. ის მაძლებინებდა, რომ ხალხს ვუყვარდით და ვეიმედებოდით. თუმცა მხოლოდ ენთუზიაზმი საკმარისი არ აღმოჩნდა. ვუყურებდი იმ ლაფში ყელამდე ჩაფლულ ბიჭებს და ვფიქრობდი, ეს ხალხი, ვინც ახლა თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, სხვისი სიცოცხლისთვის ამ ლაფში იბრძვის, ხვალ-ზეგ უცხოეთში წავა და იქ გააგრძელებს ბრძოლას არსებობისთვის-მეთქი.

ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს საქმე. ბავშვობიდან, 12 წლიდან სპორტზე დავდივარ. მორაგბე ვარ და გუნდურობა, გვერდში დგომა, თანაც თავდაუზოგავად, ჩემთვის უცხო არ არის. საქართველოს რეგიონულ ლიგაში, ჭიათურის გუნდში ვთამაშობთ და საჩხერეში ბავშვებს ვავარჯიშებ რაგბიში. რაც შეეხება მეხანძრის პროფესიას, მამაც მეხანძრეა, ოღონდ გერმანიაში მუშაობდა. მამა ჯარში 1989 წლის ნოემბერში წაიყვანეს. ეს იყო გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო-საავიაციო ნაწილი, სადაც სამხედრო ვერტმფრენები ჰყავდათ ბაზირებული, იქვე იყო სახანძრო განყოფილება. იყო შემთხვევები, როდესაც მაღალი ტემპერატურისას გახურებულ ასფალტზე დაჯდომისას ვერტმფრენის საბურავებს ცეცხლი უჩნდებოდა, ამ დროს ჩვენ მზადყოფნაში ვიყავითო. იმ დროს 9 აპრილის ტრაგედია უკვე მომხდარი იყო და აზერბაიჯანელები, კავკასიელები და ბალტიისპირელები ქართველების მიმართ სიმპათიას დაუფარავად გამოხატავდნენ. მისი თქმით, გარნიზონის მეთაურობამ ნაწილში რეფერენდუმიც კი ჩაატარა, გვინდოდა თუ არა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენა. რამდენიმე ოფიცერმა და სერჟანტმა პირდაპირ გაგვაფრთხილა, თანხმობა დაწერეთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. თუმცა კენჭისყრა ფარული იყო და ყველამ უარი დავწერეთ, რამაც ისინი ძალიან გააბრაზა. დაგიმახსოვრებთო, უთქვამთ, მაგრამ ძველებური რიხი მაინც არ ჰქონდათ შერჩენილი.

მიამბო, რომ როცა 9 აპრილის ტრაგედიიდან 1 წელი შესრულდა, ქართველებს გაფიცვასავით რაღაც გაუმართავთ, სტადიონზე შევიკრიბეთ და ჯარის წესებს არ დავემორჩილეთო. სტადიონზე ბალტიისპირელები და აზერბაიჯანელებიც მოვიდნენ და გვკითხეს, რა მოხდა ამ დღეს საქართველოშიო. როდესაც ავუხსენით, ისინიც დარჩნენ, ეს სატკივარი ჩვენთვისაც ნაცნობიაო. მამა სპორტსმენი იყო, ძალოსნობაში სპორტის ოსტატობის კანდიდატი, საქართველოს ნაკრების წევრი და მეხანძრედ იმიტომაც აარჩიეს. 3-თვიანი კარანტინის შემდეგ დაუწყიათ მუშაობა. ერთხელ ბაზაში მთელ საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი თვითმფრინავი "რუსლანი" ჩაფრენილა და როდესაც გახურებულ ასაფრენ ბილიკზე დაეშვა, თურმე საბურავებს ცეცხლი გასჩენია. ძალიან სწრაფად ჩავაქრეთო, მიყვება მამა. მადლობის სიგელები მიუციათ. ერთხელ გერმანელებთან ერთად მოუწიათ თურმე ხანძრის ჩაქრობა, ბენზინის ავზი აფეთქებულა და სანამ გერმანელი მეხანძრეები მივიდოდნენ, ამათ თითქმის ჩაუქრიათ. როდესაც ჩვენი აღჭურვილობა ნახეს, სიცილით დაიხოცნენ თურმე, რომელი წლის გამოშვებაა, როგორ დაათრევთ ამ ტექნიკას, რანაირად მუშაობთო.

უკვე სავალდებულო სამსახურის მიწურულს გარნიზონის მეთაურობამ მამას შესთავაზა, დარჩენილიყო სახანძრო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ყველას უარი უთქვამს. საქართველოში ჩამოსულს ისეთი ამბავი დახვდათ, ბევრმა ინანა, დავრჩენილიყავით იმ დალაგებულ ქვეყანაშიო.

ასე რომ, ოფიციალურად ვმუშაობ თუ არა, ეს ჩემი პროფესიაა, თანაც მემკვიდრეობითი, და ვალდებული ვარ იქ ვიყო, სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები.