შოვში არსებული ვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ შეაფასა
შოვში არსებული ვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ შეაფასა:
- მასშტაბი ძალიან დიდია. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ნორმალურად მიმდინარეობს, მართვა სტიქიის პერიოდშია ძნელი, მთავარი პირველი ნახევარი საათია, როცა სტიქია მძლავრია, მნიშვნელოვანია, მაშინ რას ვაკეთებთ, თორემ მეორე-მესამე დღე გასაგებია. აღჭურვილობა და ტექნიკა არა გვაქვს. ყოველ წელს არის ლაპარაკი, რომ შევიძენთ, თუმცა ამ ლაპარაკში სტიქიებმა ამდენი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა. მხოლოდ ვერტმფრენებზე არ არის ლაპარაკი, ნათლად გამოჩნდა, რომ აღჭურვილობაა დასამატებელი. არის ქვეყნები, რომლებიც ადრე გვეხმარებოდნენ და ახლაც დაგვეხმარებიან, რომ მიმართონ, ბევრ რაღაცას გვაჩუქებენ, გვასწავლიან. გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში იცვლება მეთოდები და ჩვენც უნდა გადავეწყოთ, რაც უფრო დავიგვიანებთ, ვეღარ დავეწევით. ეს სამსახური დროზეა გათვლილი, რამდენ წამსაც და წუთს დავიგვიანებთ, იმდენ სიცოცხლეს დავკარგავთ. ამას უნდა შეუთავსო დანარჩენი - აღჭურვილობა, ტექნიკა, მობილიზება და ერთიანი მიდგომა. ეს თუ კომპლექსურად არ გაკეთდა, არაფერი გამოვა. მძიმე მომენტი დაგვიდა და ხალხს 3 საათის განმავლობაში ვერ მივეხმარეთ. მივიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ გადავიდნენ, არც გზა იყო და არც ხიდი, ვერტმფრენმაც თბილისიდან დიდი დრო მოანდომა გადმოფრენას. სადაც მთიანი და მეწყერსაშიში ზონებია, იქ მუდმივად უნდა იყოს ვერტმფრენი, რომელსაც მაქსიმუმ 15-20 წუთი დასჭირდება ადგილზე მისასვლელად. სტიქიას ვინ შეაკავებს, ლაპარაკია პრევენციასა და დახმარების დროულად აღმოჩენაზე. სანამ მაშველები ჩასხეს, მედმუშაკები მოაგროვეს, სამი საათი გავიდა. ამიტომაც უნდა ჰყავდეს ამ სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი. მარტო მაშველების კისერზე სტიქიას ვერ შეებრძოლები, ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ თუ აღჭურვილობა არ ექნებათ, შეიძლება მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, ყოფილა ამის შემთხვევები.ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და სასაზღვრო პოლიციას საერთო ვერტმფრენი ემსახურება - სულ ორი ცალი. ამიტომაც დაიგვიანა შოვში ჩაფრენა. საკუთარი ვერტმფრენი, თუნდაც თბილისში რომ ჰყავდეს, დროულად ჩავიდოდა ადგილზე, 40 წუთში, მაქსიმუმ ერთ საათში. დამატებითი პრობლემაა, რომ საზღვრის დაცვის ვერტმფრენს არა აქვს ღამის ნავიგაცია, არ არის სპეციალიზებული სამაშველო.ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, რელიეფი საშიშია. ევროპაშიც ხდება დიდი მასშტაბის სტიქიები, თუმცა მსხვერპლი მინიმალურია, ჩვენგან განსხვავებით მათ ადრეული გაფრთხილების სისტემები აქვთ და მოსახლეობის ევაკუაციაც დროულია.
შვეიცარია
შვეიცარიაში მოქმედებს გაეროს მიერ შემუშავებული ადრეული გაფრთხილებისა და საინფორმაციო სისტემა, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრს ეხმარება. სისტემა უზრუნველყოფს შესაძლო კატასტროფის ადრეულ ფაზაში შეტყობინებას, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში დროულად გააფრთხილოს სამთავრობო უწყებები და მოსახლეობა, რათა ზიანი მინიმალური იყოს. ეს არის სენსორული სისტემა, რომელიც გადმოსცემს მიწის გადაადგილებას, ნალექის მომატებას, მდინარის ადიდებას. ზვავები შვეიცარიაში ბუნებრივ კატასტროფებს შორის ყველაზე აქტიურია, ამიტომ ქვეყნის მთიანი რეგიონები სრულად აღჭურვილია ადრეული გაფრთხილების სისტემით. სპეციალისტების მიერ ხდება ზვავის რისკის შეფასება და შესწავლა. ზამთრის პერიოდში შესაბამისი სამსახურები დღეში ორჯერ აქვეყნებენ ცნობას ალპებში არსებული ვითარების შესახებ, თოვლის საფარის სიდიდისა და ზვავსაშიშროების შესახებ.
იაპონია
J- ALERT არის ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც იაპონიაში გამოიყენება. სისტემა მოსახლეობას შესაძლო კატასტროფის - მიწისძვრის, ძლიერი ნალექის, სიცხის, ძლიერი ტალღებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების შესახებ აფრთხილებს. J- ALERT არის თანამგზავრზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შესაბამის უწყებებს და ხელისუფლებას აძლევს დროული რეაგირების საშუალებას. საფრთხის შემთხვევაში, ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა როგორც მედიის საშუალებით, ასევე, ქალაქებში დამონტაჟებული გარე დინამიკებითა და მობილურ ტელეფონებში სმს-შეტყობინებების სახით. იაპონიის ოფიციალური პირების თქმით, საფრთხის შემთხვევაში ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმირებას დაახლოებით ერთი წამი სჭირდება, ხოლო მოქალაქეებისთვის შეტყობინებების გაგზავნას 4-დან 20 წამამდე, თავად სისტემას კი, ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში დამუშავება 2 წამში შეუძლია.
ავსტრია
ქვეყანაში 8000-ზე მეტი სირენაა დამონტაჟებული, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. რეგიონებში დამონტაჟებულია სათვალთვალო სისტემა, რომელიც მონიტორინგს უწევს არსებულ ვითარებას და განსაზღვრული ზღვრის გადალახვის შემდეგ, სისტემა შესაბამის ორგანოებში გამაფრთხილებელ სიგნალებს გზავნის. ავსტრიაში ყველა მთავარი მდინარე აღჭურვილია წყალდიდობის გამაფრთხილებელი ავტომატური მოწყობილობებით, ისევე, როგორც მთიან რეგიონებში დამონტაჟებულია ადრეული გაფრთხილების სისტემები. გარდა ამისა, მოქმედებს გამაფრთხილებელი სისტემა KATWARN - ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის მოსახლეობას და აფრთხილებს საფრთხის შესახებ.
სოფო კაჭარავა