„გაოგნებული ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ გადაიქცა ეს სამოთხე ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად!“
3 აგვისტოს შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ, მიწასთან გასწორებულმა სახლებმა და დაღუპულმა ადამიანებმა 1930 წელს გადაღებული უნიკალური ფილმი "ბუბა" გამახსენა, რომლის რეჟისორი ლანა ღოღობერიძის დედა, ნუცა ხუციშვილი-ღოღობერიძე გახლდათ. ამ ფილმში ზედმიწევნითაა ასახული, როგორ ცხოვრობდნენ ზემო რაჭაში თითქმის საუკუნის წინ და რამხელა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ერთი შეხედვით პატარა, უწყინარი მთის მდინარეები. რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიაზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს ონისე ონიანს ვესაუბრეთ:
- ამბროლაურში დავიბადე და გავიზარდე და აქ ყველა ხეს, მდინარეს, ყველა ქვას ვიცნობ. ზაფხულს სოფელ სადმელში ვატარებდი, ახლაც აქა ვარ და ჩემი ფუძე, ჩემი წინაპრების კერა ერთი წამითაც არ მიმიტოვებია. ყველას ვუსამძიმრებ, ვინც ახლობელი ან ოჯახის წევრი დაკარგა. არც ვიცი, რით დავეხმარო, რა გავაკეთო, რომ ეს ოჯახები ვანუგეშო! რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა არა მარტო რაჭისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. უფროს თაობას რომ ვეკითხები, მსგავსი ტრაგედია არავის ახსოვს, ამხელა მსხვერპლი რაჭაში არასდროს ყოფილა! ჩემს ახლობლებთან ერთად, ტრაგედიამდე ხუთი დღით ადრე ვიყავი შოვში, რაღაცნაირი სიმშვიდე დამხვდა, ბედნიერი სახეები, ხალხი ისვენებდა, ბავშვები თამაშობდნენ. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა და ამდენი ადამიანი დაიღუპებოდა?! გაოგნებული ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ გადაიქცა ეს სამოთხე ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად! ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ, რამდენად მძიმეა იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც მთელი ოჯახი დაეღუპა! როდესაც კაცი მეუღლესა და შვილებს რამდენიმე წუთში დაკარგავს, ამხელა ტრაგედიას გაძლება ხომ უნდა?!
- როცა ამ საშინელ კადრებს აჩვენებდნენ, ბევრს გაახსენდა 1930 წელს გადაღებული ფილმი "ბუბა".
- მართლაც არაჩვეულებრივი ფილმია, მაგრამ დიდი ხნის წინ გადაიღეს. მას შემდეგ ტექნიკა განვითარდა, ხომ უნდა ვიცოდეთ, რა დროა ახლა და როგორ დავიცვათ ხალხი მსგავსი უბედურებისგან? შეიძლებოდა თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ამ ტრაგედიის შემდეგ ყველანი დაუცველად და უსუსურად ვგრძნობთ თავს!
- თუ სხვა ქვეყნებს აქვთ პროგნოზირებისა და წინასწარი გაფრთხილების სისტემა, ხომ შეიძლება მათი შეძენა ჩვენც მოვითხოვოთ?
- როგორც ვიცი, საქართველოს ზოგიერთ მდინარეზე უკვე დამონტაჟებულია სისტემა, რომელსაც შეუძლია მოსალოდნელი სტიქიის შესახებ წინასწარ გვაცნობოს. ასეთი სისტემა ყველა მეწყერსაშიშ ზონაში უნდა იყოს. ჩვენ არ ვიცით, სად რომელი ხე წაიქცევა. როცა შეიძლება ამხელა მსხვერპლი აგვარიდოს, ხომ შეიძლება ფული ფუფუნების საგნებში არ დაიხარჯოს? ეს ჩემი სამშობლოა და უნდა მქონდეს უფლება ვიცხოვრო იქ, სადაც ყოფნა მიხარია, სადაც ჩემი სახლია! ნებისმიერი მთავრობის მოვალეობაა ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას თავის ხალხს, აბა, რისთვის ავირჩიეთ, ან გადასახადებს რისთვის ვიხდით?! თუ სპეციალური სამაშველო ვერტმფრენები არ გვეყოლება, თუ სპეცტექნიკა არ გვექნება, რომ გაჭირვების დროს დაგვეხმაროს, აბა, სახელმწიფოს იმედი რატომ გვაქვს?! ნებისმიერი მოქალაქე უნდა გრძნობდეს მთავრობის ყურადღებას, ზრუნვას. სულერთია, რა შეხედულებები აქვთ, შენ მოგწონს თუ არა, ყველას აქვს უფლება თავის სამშობლოში ღირსეულად და ბედნიერად იცხოვროს.
- შოვის ტრაგედიამ 2015 წელს ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიაც გაგვახსენა... სპეციალისტები მაშინაც გვაფრთხილებდნენ, რომ მთის მდინარის ნაპირზე ცხოვრება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ვერეს ხეობაში კორპუსებს დღემდე აშენებენ. ალბათ, თქვენც გიჩნდებათ შეკითხვა - მხოლოდ დღევანდელი დღით სანამდე უნდა ვიცხოვროთ?
- ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი სხვისი კი არა, თავისი შეცდომისგანაც ვერაფერს სწავლობს. ან ამ გზით ნაშოვნ ფულს რა მადლი აქვს? როცა ადამიანს ტაშ-ფანდური აქვს გამართული მაშინ, როცა ამდენი ადამიანი დაიღუპა. მოქეიფეებს მე ვერ დავმოძღვრავ, ვერც მათ დამტუქსავად გამოვდგები, მაგრამ ადამიანს იმდენი ღირსება და შეგნება უნდა ჰქონდეს, რომ ასე არ მოიქცეს.
შოვში კოტეჯები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მდინარის პირას იყო აშენებული. ალბათ, ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება, რომ ეს პრობლემა არ დააზიანებს. ალბათ, განათლებისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა მიზეზი იმისა, რომ სპეციალისტების რჩევას ყურს არ უგდებენ, რომ სამსახურები, რომლებსაც მსგავსი საკითხების მოგვარება ევალებათ, ისე არ მუშაობენ, როგორც საჭიროა. სწორედ განათლების ნაკლებობაა იმის მიზეზი, რომ კრიტიკულ მოსაზრებას თუ გამოთქვამ, ზოგიერთი მაშინვე "ოპოზიციის ნაწილად" და "ნაციონალად" გამოგაცხადებს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ყველაფერზე თავისი მოსაზრება ჰქონდეს და პოლიტიკის გამო ერთმანეთი არ უნდა ჩავქოლოთ.
ამ მძიმე წუთებში გულს ის მაინც გიმხნევებს, რომ ჩვენი ხალხის უმრავლესობას ამ სუსხიან რეალობაშიც არ დაუკარგავს ღირსება. ადამიანებს ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს და ამის მიუხედავად მორალურად თუ ფიზიკურად ერთმანეთს ეხმარებოდნენ.
ხათუნა ჩიგოგიძე