ამიფეთქებ ხორბალს, აგიფეთქებ ნავთობს - ომი შავი ზღვის სავაჭრო პორტებში გადმოდის - კვირის პალიტრა

ამიფეთქებ ხორბალს, აგიფეთქებ ნავთობს - ომი შავი ზღვის სავაჭრო პორტებში გადმოდის

რუსეთ-უკრაინის ომი წელიწად-ნახევრის თავზე უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება და უკრაინის ხმელეთიდან და ჰაერიდან შავ ზღვაში ინაცვლებს.

ამ უთანასწორო ომში ჩაბმული უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ შემოსავლად გასული წლების მარცვლეულის - ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის მდიდარი მოსავლის როგორმე საზღვარგარეთ გაყიდვაა, გასული წლის თებერვლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ჩაიკეტა უკრაინის მთავარი საზღვაო კარიბჭეები - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის სავაჭრო პორტები, საიდანაც ათწლეულების განმავლობაში გადიოდა ექსპორტზე უკრაინული მარცვლეული. ამან კი მაშინვე იმოქმედა მარცვლეულის მსოფლიო ფასებზე, რადგან მანამდე უკრაინას მსოფლიოში ხორბლის 10% (მეორე ადგილი) და სიმინდის 15% (პირველი ადგილი) გაჰქონდა ექსპორტზე, შესაბამისად, ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ აფრიკის კონტინენტის ქვეყნები, რომელთა მოსახლეობის მთავარი საკვები სწორედ ხორბლისა და სიმინდისგან მომზადებული საჭმელია.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მიერ საზღვაო ბლოკადის დაწყების გამო უკრაინის საზღვაო პორტებში მარცვლეულით დატვირთული 84 უცხოური გემი აღმოჩნდა "დატყვევებული", მარტო ოდესის პორტის საცავებში 20 მლნ ტონა ხორბალი იყო დაგროვილი საექსპორტოდ გასატანად.

რთული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია თურქეთის რესპუბლიკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით 2022 წლის 22 ივლისს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის სავაჭრო პორტებიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო გემები უსაფრთხო დერეფნით მიაღწევდნენ ბოსფორის სრუტემდე, ოღონდ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ცარიელ გემებს რუსი სამხედრო მეზღვაურები ინსპექტირებას ჩაუტარებდნენ, რომ საზღვაო გზით უკრაინაში იარაღი არ ყოფილიყო ჩატანილი.

ამ "მარცვლეულის დერეფანმა" თითქმის ერთი წელი, 2023 წლის 17 ივლისამდე იარსება და უკრაინამ 32 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტირება შეძლო, რამაც დადებითად იმოქმედა მისი ბიუჯეტის შევსებაზე, წაგებული არც ის რუსი ოლიგარქები დარჩნენ, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები შეუმსუბუქა რუსეთის თანხმობაზე, ამოქმედებულიყო "მარცვლეულის დერეფანი".

და მაინც, გასულ თვეში რუსეთმა შეაჩერა "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფა (იმ მოტივით, რომ დასავლეთმა არ შეასრულა დანაპირები და რუსეთს არ მოუხსნა საერთაშორისო სანქციების დიდი ნაწილი) და ყველა სავაჭრო გემის მფლობელსა და კაპიტანს დაემუქრა, რომ თუკი გაბედავდნენ ოდესისა თუ იუჟნის პორტებისკენ სვლას, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობა მათ განიხილავდა უკრაინისთვის იარაღის პოტენციურ გადამტანებად და მათ წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულიყო ძალა.

უკრაინამ სცადა გამოსავლის მოძებნა და სავაჭრო გემების კაპიტნები მდინარე დუნაის რენესა და იზმაილის პორტებში "მიიწვია" ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ჩასატვირთად.

ამ ხერხმა რამდენიმე დღით გაჭრა, მაგრამ რუსეთი არ მოერიდა ამ უკრაინული პორტების ნატოს წევრი რუმინეთის საზღვართან ძალზე სიახლოვესაც (300-500 მ) კი და ისინი რამდენჯერმე "შაჰიდებითა" და "კალიბრებით" დაბომბა.

შესაბამისად, უკრაინას გადაეკეტა თავისი მარცვლეულის საზღვაო გზებით ექსპორტის საშუალება და დარჩა გამოსავლად, ხორბლის სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის შესაძლებლობა რუმინეთისა და პოლონეთის საზღვაო პორტებისკენ, რაც ტექნიკურადაც ბევრად რთულია და ამასთანავე, ფინანსურად წამგებიანიც.

უკრაინულ სავაჭრო პორტებსა და ხორბლით დატვირთულ გემებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ უკრაინაში განაცხადეს: "აგვიფეთქებთ ხორბლით დატვირთულ გემებს? აგიფეთქებთ ნავთობით სავსე ტანკერებს!"

და მართლაც, მალევე უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე და დააზიანეს რუსული დიდი სადესანტო ხომალდი, ხოლო ორიოდე დღის შემდეგ ყირიმის ხიდთან დააზიანეს რუსული ტანკერი, რომელსაც საავიაციო საწვავი სისტემატურად გადაჰქონდა სირიის ტარტუსის პორტში ამ ქვეყანაში განთავსებული რუსული სამხედრო ავიაციისთვის.

ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმა იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ აქედან გააქვთ რუსული ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და თუკი უკრაინელები შეძლებენ თავდასხმები უფრო სისტემატური გახადონ, რუსეთსაც შეექმნება პრობლემები ნავთობის ექსპორტში.

შავ ზღვაში გადმოტანილი რუსეთ-უკრაინის ომი, რის შედეგადაც ზარალდებიან საზღვაო პორტები და სავაჭრო პორტები, ძალაუნებურად გააძვირებს მარცვლეულსა და ნავთობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ჩვენთვის სხვა საფრთხეების დონეებიც შეიძლება გაიზარდოს.

უკრაინამ ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის ექვს პორტზე სამხედრო საფრთხის შესახებ შავ ზღვაში!

რუსული პორტები, რომლებზეც უკრაინა იტოვებს სამხედრო მოქმედებების უფლებას, არის ტამანი, ანაპა, ნოვოროსიისკი, გელენჯიკი, ტუაფსე და სოჭი.სოჭი საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც 30-ოდე კმ-შია და მიუხედავად იმისა, საზღვრის ამ მონაკვეთს საქართველო დროებით ვერ აკონტროლებს აფხაზეთის ოკუპაციის გამო, ფაქტობრივად, ჩვენ საზღვრამდე "მოგვიჩოჩდა" რუსეთ-უკრაინის ომი. ეს კი ნიშნავს, რომ ერთ დღესაც უკრაინული საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონები შეიძლება იმ სოჭსაც "ესტუმრონ", სადაც ძალზე უყვარს დასვენება პუტინს.