„ქართველების ნასახლარების გამო ომი დღემდე გრძელდება“ - კვირის პალიტრა

„ქართველების ნასახლარების გამო ომი დღემდე გრძელდება“

ქართულ-აფხაზური ომიდან 30 წელი გავიდა. უმძიმესმა ომმა ორივე მხარეს მსხვერპლი, ტრავმა და იმედგაცრუება მოუტანა. 30 წლის შემდეგ მძიმეა გალში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა. წლების განმავლობაში ამის უამრავი მაგალითი ვნახეთ, თუნდაც ბოლოდროინდელი შემზარავი ფაქტი გავიხსენოთ - 28 წლის ნათია ბახტაძე აფხაზმა ახალგაზრდამ, აინარ წვიჟბამ მოკლა და ენგურის კასკადში გადააგდო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ენგურგაღმა დარჩენილი ქართველების სიცოცხლე, იდენტობა და პირადი საკუთრება ყოველდღიურად დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ბერძენი ვერა ფოტიადისი გვიამბობს, რომ ქართველების მსგავსად იმავე საფრთხის წინაშე დგანან ბერძნებიც და ზოგჯერ სომხებიც, რომელთაც თუ პოლიტიკური მხარდაჭერა არა აქვთ, დაინტერესებული აფხაზები ან თავად სომხებიც იოლად ართმევენ ყველაფერს.

- ჩვენ, ადგილობრივი უმცირესობა, ვართ ხალხი, რომლისთვისაც ომი არ დამთავრებულა. ვგულისხმობ ძარცვას, შევიწროებას, მკვლელობებს, ზოგ შემთხვევაში - ორმხრივ ცეცხლსაც. დეიდაჩემი გუმისთის გზაზე ცხოვრობდა, მისი ოჯახი, ორი შვილი ცოლ-შვილით, საბერძნეთში დაბრუნდა, ის და მისი ქმარი კი იმ ომსა და უბედურებაში დარჩნენ. ქართველებისგან შევიწროებულ აფხაზებსა და სომხებსაც იფარებდნენ, შემდეგ აფხაზების თავდასხმას გადარჩენილ ქართველებსაც მალავდნენ. ომის დასრულების დღეებში რამდენჯერმე შეუცვივდნენ აფხაზები, რადგან ვიღაცამ აფხაზ ბოევიკებს ამბავი მიუტანა, ქართველებს მალავენ და შესაძლოა ვინმე ახლაც ჰყავდეთო, მაგრამ ორივემ იცოდა აფხაზური, რუსული, ქართული და ცოტა სომხურიც, ამიტომაც გადაურჩნენ სიკვდილს. ბიძაჩემი, დეიდის ქმარი, სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი იყო, ქართულ-აფხაზური სამეგობრო ჰყავდა. როდესაც ჩრდილოკავკასიელები მიუცვივდნენ, ერთს კედლისთვის შეუხეთქებია, მაჩვენე, თუ კიდევ მალავ ქართველსო. დეიდისთვის მარჯვენა ხელი მოუტეხიათ, ამ ხელით უღებდი ქართველებს სახლის კარსო. მაშინ ბიძაჩემი დახვრეტას აფხაზებმა გადაარჩინეს. დეიდა ისე გარდაიცვალა, ის ხელი გაუქმებული ჰქონდა.

ჩეჩნები, კაზაკები, დაღესტნელები და ყაბარდოელები ღამე ჩამოივლიდნენ და ქართველების სახლების ჭიშკრებზე ან ავტოფარეხებზე მიაწერდნენ: "военные трофеи“, „дом занят!", თუმცა დილით აფხაზები ჩამოუვლიდნენ და ჭიშკრებს მთლიანად ხსნიდნენ. საბოლოოდ პოლიტიკური მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვეს, არძინბას გუნდმა მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის, მაგრამ აქ, ჩვენთან იცხოვრეთო, არ უთხრა, რატომღაც არც რუსეთმა გამოიდო თავი. თუმცა იმ დროისთვის მათ დიდი ქონება ჰქონდათ დაგროვებული, ნაწილმა სახლების გაყიდვაც კი მოასწრო. როგორც მაშინ ეძახდნენ, "ომის პირველადი ქონება" ანუ ქართველების სახლები დაცალეს და რუსებსა და სომხებს კაპიკებად მიჰყიდეს. შემდეგ ზოგმა გაყიდა ან ცოტა ხანს მოიცადა და საოჯახო სასტუმრო გახსნა. მახსოვს, როგორ ეზიდებოდნენ აფხაზები და სომხები ქართველების სახლებიდან ავეჯს, ვიდრე სხვა დაეპატრონებოდა. იცოდნენ, ისეთი გავლენიანი არავინ ჰყავდათ, ვინც სახლის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა და დასწრებაზე იყვნენ.

afxaz2-1691950932.jpg

იყვნენ ისეთი აფხაზებიც, ვინც თავისივე სისხლი და ხორცი, ახლობელი აფხაზი არ შეუშვა ქართველის სახლში - მობარებულია, მას შემდეგ შეხვალ, თუ მესვრიო.

63 წლის მოხუცმა, გვარად კიჩბამ, მიბარებული ქართველის სახლის სახურავი შეაკეთა, წვიმა თუ ჩავიდა, მოსპობსო. მას დიდ პატივს სცემდნენ და ვერაფერი უთხრეს. შვილებიც კარგი ჰყავდა, არც ერთს არ უბრძოლია, ორივე ექიმია, მაშინ რუსეთში სწავლობდნენ, ახლა ხანდახან ჩამოდიან. ის კაცი გარდაიცვალა, მაგრამ ქართველის სახლი ისევ ხელუხლებელი დგას. ერთი სიტყვით, ჩრდილოკავკასიელები თანდათან გაიკრიფნენ, მაგრამ ქართველების ნასახლარების გამო ომი დღემდე გრძელდება. ჩვენი მეზობელი ბერძნები, პოლიტიდისები, დღემდე იბრძვიან სოხუმში სახლის დასაბრუნებლად, ზოგმა სასამართლოსაც მიმართა. 90-იან წლებში ზოგი ბერძენი სიტუაციას გაერიდა და საბერძნეთში წავიდა, როდესაც დაბრუნდნენ, მათი სახლი სხვას ჰქონდა დაკავებული, ახალმა მფლობელმა კი, ფული მაქვს გადახდილი, იგივე თანხა მომეცი და იცხოვრეო... აქ 30 წელია საქმეებს ხელის ჩამორთმევით და სიტყვიერად აგვარებენ. დოკუმენტები და ხელშეკრულებები აქ აღარ არსებობს. თუმცა ვიღაცები, ვისაც ომამდე ჰქონდა მესაკუთრეობის ცნობა, ცდილობენ სასამართლოთი იბრძოლონ, რაც გავლენიან აფხაზებთან დროის ფუჭი ფლანგვაა. 2010 წელს სასამართლოს დოკუმენტში გაჩნდა დამატებითი პუნქტი "სპეციალური გადაწყვეტილება", რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან მფლობელი ჯერ კიდევ 1992 წელს "გაურკვეველი მიმართულებით" გაემგზავრა, ბინა უპატრონოდ აღიარეს. როგორც ამბობენ, ამით უძრავი ქონების სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაკანონებას აფერხებენ.

2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, მოსახლეობა მხოლოდ 3,5 ათასი კაცით გაიზარდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის მატება ზრდადი ტენდენცია გახდა. ამჟამად აფხაზეთში 244,2 ათასი კაცი ცხოვრობს, მათ შორის ეთნიკური აფხაზების წილი - 51 პროცენტია, მათი გამოთვლით, 125,5 ათასი კაცი, მეორე ადგილზე ეთნიკური ქართველები არიან - 46,9 ათასი. შემდეგ მოდიან სომხები - 41,5 ათასით და რუსები - 22,3 ათასი კაცით. ჩვენ, ბერძნები, სათვალავშიც არა ვართ...

აქაურები ხვდებიან, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტის დაპირებები და ცდა, დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა შექმნან, საბოლოოდ ჩავარდა. სოხუმის სანაპიროზე შეკრებილი "პოლიტიკური მიმომხილველები" გულისტკივილით ამბობენ, რომ იდეა, რომელსაც ამდენი ათასი აფხაზი შეეწირა, ვერასდროს შეისხამს ხორცს. აქ ძალიან ხშირად მოისმენთ სერბულ გამონათქვამს - როდესაც ომი იწყება, პოლიტიკოსები ტყვიასა და იარაღს იძლევიან, ბიზნესმენები პურსა და საკვებს, უბრალო ხალხი კი შვილებს. ომი რომ მთავრდება, პოლიტიკოსები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ბიზნესმენები პროდუქტს აძვირებენ, ხალხი კი შვილებს ასაფლავებსო. მაშინდელმა იდეოლოგიურმა და სამხედრო ლიდერებმა შვილებს უზრუნველი ცხოვრება მისცეს, ერთმანეთსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეკრულებმა ბიზნესი ააწყვეს, შვილები უცხოეთში გაუშვეს სასწავლებლად, სადაც სახლებიც უყიდეს. ამ დროს კი ჩემი მეზობელი აფხაზები, რომლებიც მაშინ თუნდაც დეიდაჩემის ოჯახს დღედაღამ ავიწროებდნენ, ახლა ომში მიღებულ ჭრილობებს თბილისსა და ქუთაისში იშუშებენ. პერიოდულად ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქციებს აწყობენ - ვეტერანებს მეტი ყურადღება გვჭირდებაო. არჩევნებსა და 27 სექტემბერს დაიბარებენ და მადლობას ეტყვიან, მანამდე კი ეზოში, ჩრდილში სხედან და პურის გაძვირებაზე წუწუნებენ. იშვიათად, მაგრამ მაინც წამოსცდებათ, რომ ეს იყო უაზრო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. პროპაგანდა ისევ ძლიერად მუშაობს, თუმცა იმას ხვდებიან, რომ რუსეთი მათი მეგობარი სულაც არ არის, ხვალ-ზეგ უძრავ ქონებასაც გადაიფორმებს, აპარტოტელების პროექტის ფარგლებში 30 ათას რუსს შემოიყვანს და კომპაქტურად ჩაასახლებს. კედლებს აწყდებიან, მაგრამ რუსეთმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვრილმანებით წაუჭირა ყულფი - პური და საწვავი გაუძვირა, პენსიები შეაყოვნა და თუ მოინდომებს, ტურიზმშიც დააწესებს შეზღუდვას... ეს იციან, ამიტომ, როგორც თავად ამბობენ, ყელში ხელწაჭერილი ქათმებივით ფართხალებენ. ჩივიან, რუსიფიკაციისგან გათავისუფლება შეუძლებელი ხდებაო. ბრძოლის, პროტესტის უნარი, ენთუზიაზმი დაკარგეს. ნარკოტიკით, ალკოჰოლით გაბრუებული ბიჭები, შეძლებული მამიკოების შვილები, ნაყიდი მართვის მოწმობებით სხდებიან საჭესთან, რომელსაც მძღოლის გარდა, მათი სამეგობრო, შემხვედრი მანქანა, ქვეითი ეწირება. მერე სოციალურ ქსელებში პოსტებს დადებენ, დაღუპულების ოჯახები კი სახლებივით სასაფლაოებს გააკეთებენ. რომ გაიაროთ ოჩამჩირიდან სოხუმის, იქიდან კი ბიჭვინთის თუ გაგრის მიმართულებით, დანგრეულ, გაპარტახებულ და გადამწვარ სახლებს შორის ახალი, სახურავიანი მარმარილოს საფლავები შეგზარავთ. ეს ერთგვარი სიმბოლოა ძველსა და ახალ აფხაზეთს შორის. მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში შუქი არ არის, საფლავები გენერატორებით გაჩახჩახებულია, დაღუპული ახალგაზრდების მშობლები იქ ათენ-აღამებენ.

სიღარიბე, კორუფცია და კრიმინალი ისეა ფეხმოკიდებული, დაჩაგრულ ადგილობრივს ურჩევნია პირდაპირ "კანონიერ ქურდთან" მივიდეს სამართლის საპოვნელად.

რუსეთზე დამოკიდებულებითა და სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობით უკმაყოფილება აფხაზეთის კულტურული და პოლიტიკური წრეების რიტორიკაში უკვე აშკარაა. ამას გამოხატავენ რუს ტურისტებთანაც, მაგრამ იციან, რომ სხვა გზა არა აქვთ და ყოველ კონფლიქტს მაშინვე მიადევნებენ წინასწარ შეთხზულ ტექსტს რუსულ-აფხაზურ ძმობაზე. არასამთავრობოებსა და სამოქალაქო აქტივისტებსაც ალმაცერად უყურებენ, დასავლეთი გაფინანსებთო. ცნება "ადამიანის უფლებები" არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ელიტისთვის, დანარჩენები დინებას მიჰყვებიან.