„ამ ტრაგედიის შემხედვარეთ აღარ უნდა გვეცალოს ერთმანეთის საჯიჯგნად და ანგარიშების გასარკვევად“ - კვირის პალიტრა

„ამ ტრაგედიის შემხედვარეთ აღარ უნდა გვეცალოს ერთმანეთის საჯიჯგნად და ანგარიშების გასარკვევად“

შოვის ტრაგედია შავი ასოებით დაიწერება საქართველოს ისტორიაში. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც 3 აგვისტოს ტრაგედია გულგრილად მიეღო, თუმცა ამ დროსაც გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ამ საკითხის გამოც მოახერხეს ქიშპობა. მწერალი და ფოლკლორისტი ამირან არაბული ამ ტრაგედიასა და რაჭასთან დაკავშირებულ მოგონებებზე გვესაუბრება.

- როცა მსგავსი რამ ხდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ბუნება გამოცდას უწყობს ადამიანს. ადამიანს, რომლის მოთხოვნილებანიც უსასრულოა, დაუკმაყოფილებელი, და ხანდახან ისეთ რამეებს აკეთებს, როგორიც მიუღებელია ცნობიერი არსებისთვის. შოვის ტრაგედია, უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველაფერი წუთებში, წამებში მოხდა და ადამიანი უძლური იყო, რომ დაეღწია თავი ამ უზარმაზარი სტიქიის შემოტევისგან.

წლების წინ გახლდით რიონის ხეობაში ექსპედიციაში. აგვისტო იყო, 9 რიცხვში დავბრუნდით მე და ეთერი შინ. გლოლაში, ღებსა და ჭიორაში მოგვიწია მუშაობამ.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა რიონის პირას ერთი სახლი და მასპინძლის ნათქვამი, აიღე ცელი, შედი და ეზო გამითიბე ჭიშკრიდან კარამდეო. გლოლასთან დავლიეთ მინერალური მჟავე წყალი, უგემრიელესი. დილაუთენია გამოსული ხალხი თივას ხვეტდა და ზვინს აგებდა. იქვე ჩავიწერეთ გლოლელი კაცი, სოფელში შევედით, იქ, სადაც სულთანიშვილების არაჩვეულებრივი თემია. ეს ყველა მოგონება ისე მომყვებოდა, როგორც უძვირფასესი საგანძური. რაჭა მეგულებოდა ისეთ ადგილად, ისეთ გეოგრაფიულ სივრცედ, სადაც ასეთი ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ამ უბედურებამ რა უნდა გვასწავლოს, არ ვიცი. ალბათ, უფრო მეტად მოფრთხილება, დაფასება და ერთმანეთის პატივისცემა, იმიტომ, რომ ბუნებაშიც, ადამიანთა ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში უარყოფითი ენერგია გროვდება და ცდილობს ჯებირები გაანგრიოს, ლოკალური სივრციდან გავიდეს და თავისი ასპარეზი ნახოს. ჩვენ ამის დანახვა გვიჭირს ხანდახან და თუნდაც ეს მოვლენები და მარჩიელობა, რომ მოსულიყო უფრო ადრე, რა იქნებოდა, ან კიდევ რომ დაეგვიანა... ძალიან ძნელია ასეთი ენით საუბარი ისეთ მოვლენაზე, როგორიც ღვარცოფია. რასაკვირველია, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.

- როგორც ბრძანეთ, მარჩიელობა იქცა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად.

- სწორედ ეგ არის საქმე. არ შეიძლება წამდაუწუმ, უწყვეტად ისმოდეს ტელეეთერიდან ერთმანეთის დამუნათება. უფრო დამთმობები უნდა ვიყოთ.

ის ხეობა ახლა გაპარტახებულია, ამის შემხედვარეთ აღარ უნდა გვეცალოს ერთმანეთის საჯიჯგნად და ანგარიშების გასარკვევად.

არჩევნები ახლოვდება და ვიცით, რომ ყველაფერს იკადრებენ, არცერთი მხარე ამისგან დაზღვეული არაა. ასე ხისტად და უხეშად ერთმანეთთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. თმენის ვალდებულება ყველას აქვს, პოლიტიკოსსაც, საჯარო პირსაც და მოხელესაც. ბუნებრივია, ჩვენ თავს ადამიანებად ვთვლით და ამიტომაც თმენის ვალდებულება განსაკუთრებით მძაფრი უნდა იყოს ჩვენში.

- ბრძანეთ, რომ ზომიერებით გამორჩეულია რაჭა, გლოვაშიც კი.

- მე დიდი ხანია ვმუშაობ ქართულ ხალხურ სამგლოვიარო პოეზიაზე, როგორც ეთნოგრაფიულ მოვლენაზე. იქ ძალიან კარგად ჩანს ქართველი კაცის დამოკიდებულება სიკვდილთან, არყოფნასთან. დიდი ხანიც არაა გასული იმ ეპოქიდან, როცა იქმნებოდა ხმით ნატირლები, კლასიკური ნიმუშები, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ფშავ-ხევსურეთში, გუდამაყარში...

დღეს ბევრი ფუნდამენტური ტერმინი აღარც ვიცით, ჩვენი დაუდევრობით, გაქრა ყოველდღიური მეტყველებიდან. არადა, ამის გარეშე ქართველი კაცის ფსიქოტიპის წარმოდგენა ძნელია. იქ ყველაფერი მკაფიოა. ამიტომაც აუცილებელია ხანდახან კლასიკური მაგალითების გადახედვა, თუ გვინდა სახე შევინარჩუნოთ.

დიდი ტრაგედია დატრიალდა და ვეცადოთ მაგალითი მივცეთ პატარებს და ჩვენი ქცევის მაგალითზე გავზარდოთ. ზედმეტი გამაღიზიანებელი ახლა მაინც გადავდოთ გვერდზე. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, რაჭას. მსგავსი რამ აღარ მომხდარიყოს ჩვენს ცხოვრებაში.