გელათი - „ეკლესიისთვის ეს ძალზე უცხო გამოწვევაა“ (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

გელათი - „ეკლესიისთვის ეს ძალზე უცხო გამოწვევაა“ (ექსკლუზივი)

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმადრიტ კირიონთან( ონიანი)

- უპირველესად მინდა მოგესალმოთ, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დრო გამონახეთ და "კვირის პალიტრის" მკითხველთან სასაუბროდ მოიცალეთ. მოგეხსენებათ, მესამე წელია გელათის, ამ უნიკალური ძეგლის გადარჩენა საქართველოსთვის ღირსების საკითხად იქცა. მიუხედავად სარესტავრაციო პროცესის მეორე ეტაპისა და არაერთი დაპირებისა, ძეგლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მეტიც, მთელი საზოგადოება ლამის ეთერ-ეთერ ვადევნებდით თვალს მის განადგურებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავად საპატრიარქო ჩაერთო პროცესში და ეკლესიამ ძეგლის გადარჩენაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ახლა მთელი საქართველო სარესტავრაციო პროცესის მორიგი და იმედია, გადამწყვეტი ეტაპის მოლოდინშია. რა სიტუაციაა ამჟამად?

- თავშივე მინდა გითხრათ, რომ ეკლესიისთვის არ არის ჩვეული ფუნქცია უშუალოდ მონაწილეობდეს ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციის საქმეში, მაგრამ არსებული მძიმე რეალობის გამო ჩართვამ მოგვიწია. ეკლესიას, რომელსაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია ერის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაზე, ვის-ვის და, სწორედ მას არა აქვს უფლება დაშვებული იქნეს შეცდომა. ჩვენი მთავარი ამოცანა ისეთი კონცეფციის მოძებნა იყო, რომელიც დაგვაზღვევდა შეცდომისგან. იგივე მოთხოვნა ჰქონდა "იუნესკოს", შექმენით ჯგუფი და ჩართეთ პროფესიული წრეებიო. მართლაც შეიქმნა - ჩამოვაყალიბეთ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი და მასთან არსებული ორი მრჩეველი ორგანო - ერთი ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო, რომელსაც დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ის ერთდროულად ეროვნულ მუზეუმსა და მეცნიერებათა აკადემიას წარმოადგენს. ჩუბინაშვილის ინსტიტუტს, ცენტრს, რომელიც უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ორგანოა კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-დაცვის საქმეში, წარმოადგენენ მზია ჯანჯალია და ეკა გედევანიშვილი, "იკომოს საქართველოს", მისი ხელმძღვანელი ნატო ცინცაბაძე, ხოლო საბჭოს მეხუთე წევრია ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. რაც შეეხება მეორე, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს, აქ ყველა იმ მიმართულების სპეციალისტია შეკრებილი, რა სახის სამუშაოც შეიძლება დასჭირდეს გელათს. ყველა მათგანი უმაღლესი კვალიფიკაციისა და აღიარებული სპეციალისტია მსოფლიოში. გვიჭირს მხატვრობის კონსერვაციაში, ყველაზე მეტი დაზიანება სწორედ აქ გვხვდება, ამიტომ მოვიწვიეთ ოსტინ ნევინი ლონდონის "კურტოს" ინსტიტუტის კონსერვაციის კათედრის ხელმძღვანელი. "კურტო" ინოვაციებს ქმნის კონსერვაციის მეთოდოლოგიაში, ტექნოლოგიაში, მასალებში და ა.შ.

- სწორედ "კურტოს" ინსტიტუტის დასკვნა იყო პირველი განგაშის სიგნალი გელათში მხატვრობის კონსერვაციის ხარისხის შესახებ ე.წ. მეორე ეტაპის დროს.

- გეთანხმებით. საბჭოში ასევე გვყავს ლორინდა ვონგი, "კურტოს" აღიარებული სპეციალისტი, ფრანჩესკა პიკე, ლოზანის ხელოვნების ინსტიტუტის რექტორი და კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, სარა სტენიფორთი, კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და მოვლის სპეციალისტი, მემკვიდრეობის შენობის ფიზიკის მცოდნე, რათა გრძელვადიანად მოგვახსენოს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც გელათს შეიძლება ხვალ-ზეგ შეექმნას. როგორც კი გვექნება ამ საფრთხეების ნუსხა, შეგვეძლება დღესვე რეაგირება მოვახდინოთ, რათა მდგომარეობის დამძიმება თავიდან ავირიდოთ. საბჭოში არის ასევე გერჰარდ ვოლფი, ხელოვნებათმცოდნე, ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კონცეფციის დონეზე რამე არ შეგვეშალოს. იგივე ითქმის სტეფან სიმონზე, ევროპის მუზეუმების გაერთიანების, ბერლინის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ლაბორატორიის დირექტორზე. ლაბორატორია ყველა იმ მასალას იკვლევს, რომლებიც მსოფლიოში გამოიყენება. ინჟინერიის დარგში გვყავს სტივენ ჯეი კელი, მატერიალური მემკვიდრეობის არქიტექტურის ინჟინერიის ექსპერტი.

- რეკომენდაცია უცხოელ სპეციალისტებს ვინ გაუწია?

- ლომის წილი უძევს ფლორენციის ხელოვნების ისტორიის დირექტორს გერჰარდ ვოლფს, რომლის ავტორიტეტით მოხერხდა ამ პირების ჩართვა პროექტში. გარდა ამისა, იყო ეკლესიის პირადი კავშირები, ასევე დავით ლორქიფანიძის პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა სტეფან სიმონთან. ჩვენ მრჩეველთა საბჭოთი შევქმენით ერთგვარი ფილტრები - ერთი მხრივ, ვიწვევთ აღიარებულ სპეციალისტებს, მაგალითად, კედლის მხატვრობისთვის ლიზე შეკედესს და სტივენ რიკერბის (მათ ნამუშევარი აქვთ ჩინეთის მოგაუს გამოქვაბულებში, ნეფერტიტის აკლდამის კონსერვაციაზე, დღეს მუშაობენ ტუტანხამონის აკლდამაში). სწორედ ისინი უხელმძღვანელებენ გელათში კედლის მხატვრობის კონსერვაციას. იქმნება კონსერვაციის გეგმა, რომელიც შემდგომ განიხილება ზემოთ ნახსენებ ორივე საბჭოში, ამის შემდეგ გაიგზავნება "იუნესკოში" და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში დაიწყება პროექტი. ე.წ. ფილტრები არის იმის გარანტია, რომ ცდომილება ნულამდე იქნება დაყვანილი.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საპატრიარქოს პროცესში ჩართვა დააგვიანდა? მაგალითად, როდესაც წამოვიდა მოჭიქულ კრამიტთან დაკავშირებული პირველი ტალღა, ან შემდეგ, როცა იყო მეორე, სარესტავრაციო ეტაპი? თითქოს მაშინაც "იუნესკოს" აღიარებული ექსპერტები იყვნენ საქმეში ჩართული, თითქოს ძალიან გულიანი ადამიანებიც, ადგილობრივ სპეციალისტებს ვგულისხმობ, ასევე ბევრი მაკონტროლებელი, თუნდაც პირველ ეტაპზე ესპანური "პტისა", რომელსაც არაფერი უნდა გამორჩენოდა, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ამიტომ მიუხედავად სპეციალისტების ამჟამინდელი ნუსხის ავტორიტეტულობისა, ბევრი სკეპტიკურად შეიძლება იყოს განწყობილი. რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ავტორიტეტული მეცნიერები თავის საქმეს ჯეროვნად გააკეთებენ და ისევ დილემის წინაშე არ აღმოვჩნდებით?

- ამ კითხვას მხოლოდ თქვენ არ სვამთ, ვიმეორებ - ეკლესიისთვის ეს ძალზე უცხო გამოწვევაა.

- ჰო, მაგრამ მიუხედავად "უცხოობისა", ეს გამოწვევა ხომ მაინც მიიღეთ ახლა?

- როდესაც დავინახეთ, რომ გელათის საკითხში ისეთი პროფესიული ქაოსი დაიწყო, რომ მტყუან-მართლის გარჩევა ჭირდა, მხოლოდ მაშინ გადავდგით ეს ნაბიჯი. ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნული ვართ. კონსტიტუციის თანახმად, ეკლესიის მესაკუთრენი ჩვენ ვართ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მისი მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს ფუნქციაა. ამიტომ ჩვენთვის რთულია დაიწყო კრიტიკული მოქმედება, როდესაც ეს არ არის შენი პროფესიული სფერო. ჩვენ ვიცოდით, რომ საქმეში ჩართული იყვნენ პროფესიონალები, სპეციალური სამსახურები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები და მე, ღვთისმსახურების ინსტიტუცია, უცებ ვერ გავხდებოდი კონსერვაცია-რეაბილიტაციის ენაზე მოსაუბრე. ამიტომ ვიკავებდით თავს და ვამბობდით, რომ ეს არ არის ჩვენი სფერო, ჩვენი მოედანი, მაგრამ როცა ეკლესიამ დაინახა, რომ წავიდა პროფესიული ქაოსი (ხაზს ვუსვამ, არ არის ნდობაზე საუბარი), ყველაფერი აირია, როცა ნახა, რომ ადგილობრივი წრეებიდან მაშინ მიმდინარე პროექტს ზოგი უჭერდა მხარს, ზოგი კი აღარ, ასევე უცხოელებშიც იყვნენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ჩვენ უნდა გავრკვეულიყავით, რა ხდება, საით იყო სიმართლე და რა - რეალობა. ამიტომ ჩვენ შარშან მაისში მოვიწვიეთ მსოფლიო დონის ოთხი სპეციალისტი: სარა სტენიფორთი, ლორინდა ვონგი, ოსტინ ნევინი და ფრანჩესკა პიკე. ჩვენ ნეიტრალური, უმაღლესი ცენზის მქონე სპეციალისტებისგან უნდა გვქონოდა დასკვნა, რომ არ შემოვსულიყავით ამ მოედანზე როგორც დილეტანტები. ჩვენი მოტყუება ან რამეში დარწმუნება ძალიან ადვილია, რადგან ეს არ არის ჩვენი პროფესიული სფერო, არა გვაქვს შესაბამისი ცოდნა- გამოცდილება. ამიტომ გვჭირდებოდა ის დამოუკიდებელი მყარი წერტილი, საიდანაც ოპონირებას გავწევდით, და როდესაც მოწვეულმა სპეციალისტებმა დაწერეს ანალოგიური დასკვნა, რაც დაწერა მანამდე "კურტოს" ინსტიტუტმა და თქვა, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, მაშინ დავიწყეთ აქტიურობა, შევიქმენით პოზიცია, რომ ჩვენ, არაპროფესიონალები, ვარაუდით კი არ ვიწყებთ ამ საქმეს, არამედ ვეყრდნობით მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების დასკვნას, მოვდივართ მათი ანგარიშით და ვითხოვთ პასუხს, ამ ანგარიშით ხედავთ თუ არა ცდომილებას და ეთანხმებით თუ არა ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს? როდესაც ეს ანგარიში უალტერნატივო გახდა, უწმინდესმა "იუნესკოს" დირექტორს მიმართა თხოვნით, გამოეგზავნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა გელათის პრობლემებს. თხოვნას ჩვენი ანგარიშიც დავურთეთ გასაცნობად. პარალელურად კულტურის სამინისტროსაც ჰქონდა "იუნესკოდან" სპეციალისტების მოწვევა განსაზღვრული, ორივე ინტერესი დაემთხვა ერთმანეთს და "იუნესკომ" პროფესიონალთა ჯგუფი გამოგზავნა. დაიწერა საკმაოდ კრიტიკული დასკვნა და ამან საბოლოოდ მკაფიო გახადა ყველაფერი. გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ უცხოელ მეცნიერთა კვლევას არ დავეყრდენით, გელათის მხატვრობის კონსერვაციაზე ანგარიში ვთხოვეთ "იკომოს საქართველოს", რომლის სპეციალისტებმა კონსერვაციის პრობლემების სრული დოკუმენტაცია შეადგინეს და გადავუგზავნეთ "იუნესკოს". დამატებით ჩუბინაშვილის ცენტრს ვთხოვეთ ძეგლის სარესტავრაციო დასკვნა და ისიც გავუგზავნეთ "იუნესკოს". ასე რომ, ეკლესიას თავისი დამოუკიდებელი პოზიცია კი არ გამოუთქვამს, არამედ ჩვენი პოზიცია გამყარებული იყო დარგის სპეციალისტების ანგარიშებით.

- თუმცა არსებობდა ანგარიშები, სადაც უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები წერდნენ, გელათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კარგად მიდისო.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვენდობოდით ჩამოსული მეცნიერების დასკვნას, ეკლესიას არ უთქვამს, ყველაფერი ცუდად არისო. ჩვენ გვსურდა ნეიტრალური არბიტრაჟი "იუნესკოს" გაეწია. გამოეგზავნა ექსპერტები და მასალის შესწავლით, სიტუაციის ადგილზე გაცნობით დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. საბოლოოდ ეს მისია "იუნესკომ" შეასრულა და იანვრის ბოლოს ჩვენ უკვე გვქონდა ანგარიში, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გელათიდან იტალიური ჯგუფი უნდა გასულიყო და ეკლესიას გადმოგვეცა გელათის კონსერვაცია-რეაბილიტაციის საქმე. შესაბამისად, პროცესზე პასუხისმგებლობა უკვე ეკლესიამ აიღო. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან რთულია საპატრიარქოს მოსთხოვო, რატომ თავიდანვე არ ჩაერთეო. საზოგადოებამ კარგად უნდა გაგვიგოს, რომ ეკლესიას, რომელსაც მოეთხოვება მოქმედების უმაღლესი სტანდარტი, ჩვენგან შეცდომის დაშვება შეიძლება ტრაგიკულად იქნეს საზოგადოებაში აღქმული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სიფრთხილის საზომი უფრო მაღალია.

- ეს განცდა იმიტომ რჩება საზოგადოებაში, რომ დავინახეთ, თურმე ძეგლის გადარჩენა შესაძლებელი ყოფილა, თუ ყველაფერს კომპლექსურად და კვალიფიციურად მივუდგებით. სხვა პრობლემების გარდა, ისიც იყო მთავარი, რომ პასუხისმგებლობის ღერძი მოიშალა და საქმეში მკაფიოდ პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობდა. თქვენს შემთხვევაში რა ხდება?

- დღეს პასუხისმგებელი ორგანო ეკლესიაა. ჩვენ მონიტორინგს ვერავის რომ ვერ ვანდობთ, ამიტომ ვაყენებთ "ფილტრებს", რათა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცდომილება ნულის დონემდე დავიდეს. დღეს არსებული ფინანსური რესურსი საგრანტო არ არის. პრემიერმა უშუალოდ აიღო პატრონაჟი გელათზე და თქვა, რომ რა თანხაც არ უნდა დასჭირდეს გელათის რესტავრაციას, სახელმწიფო წამითაც არ დაიხევს უკან. დღეს ეკლესიაა პროცესზე პასუხისმგებელი, სახელმწიფო კი პარტნიორი ამ საქმეში. პრემიერი აქტიურად არის ჩართული და ამიტომ კონცეფციის დონეზე დღეს უფრო გამართულია პროცესი.

- ვფიქრობ ის, რაც გელათის თავს მოხდა დასაწყისშიც და შემდგომაც, არის დარგში არსებული აფექტური პოლარიზაციის შედეგი. გელათმა ყველა პრობლემა ამოყარა, რაც წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვდა. ერთმა ჩემთვის პატივსაცემმა ქალბატონმა განაცხადა, ჩვენ ვიცოდით, რომ გელათის მხატვრობა ზიანდებოდა, რომ წყალი ჩავიდოდაო. დანაშაულია, როცა იცი და დუმხარ მხოლოდ იმიტომ, რომ აცადო, მეორე მხარემ რამე გააფუჭოს და მერე ტელეეთერიდან თითი გაიშვირო. გელათი "იუნესკოს" ძეგლია და გაუმართლა, თუმცა კიდევ მრავალი ფასდაუდებელი ძეგლი გვაქვს, რომლებსაც შველა სჭირდება. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ყველა ძეგლის გამო საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოები მოვიწვიოთ, იყოს ჩართული ცალკე პატრიარქი და ცალკე პრემიერი ყველა ძეგლზე. ამის ფუფუნება ხომ ვერ იქნება? გამოდის, ადგილობრივ სპეციალისტებს აღარ უნდა ვენდოთ?

- თქვენ ისეთ რთულ კითხვას მისვამთ, რომ მე დიდი დიპლომატია მჭირდება ისეთი პასუხის გასაცემად, რომ, ერთი მხრივ, ვინმეს გული არ ვატკინო და მეორე მხრივ, სიმართლე ვუთხრა საზოგადოებას. ჩვენთან რომ ეს სფერო არათანაბარია, რადიკალურად განსხვავებული აზრებითა და პოზიციებით, ეს თქვენთვისაც ცნობილია და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი რეალობაა. მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ჩვენ მოდავე მხარეები ოდნავ გვერდზე გავწიეთ და გელათისთვის შემოგვყავს ის პროფესიონალები, რომლებმაც ამ სფეროში მიიღეს საუკეთესო დასავლური განათლება და აქვთ საუკეთესო გამოცდილება, ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურა, რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია საქმეში, პროფესიული მიდგომა, თუნდაც დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა ("იუნესკომ" პირდაპირ გვითხრა, დოკუმენტაციას არ აწარმოებთო). ეს ახალი სახეები შევკარით ერთიან საკონსერვაციო ჯგუფად ანუ ახალ ტიკში ახალი ღვინო ჩავასხით.

- ეს გელათისთვის, მაგრამ შემდეგ სად წავლენ ისინი?

- ჩვენ შევქმნით წარმატებულ პროექტს, სრულ საკონსერვაციო გუნდს როგორც არქიტექტურაში, მხატვრობაში, ისე ლანდშაფტის მოწყობაში. გელათი ყველა საკონსერვაციო პრობლემას მოიცავს და ეს გუნდი სრულად გაივლის ყველა პროცესს. ამავე დროს ეკლესია ვცდილობთ, რომ ქვეყანას ამის შემდეგ ჰყავდეს სრული გუნდი, რომ თუ ხვალ დაგვჭირდა რომელიმე დიდ ძეგლზე მუშაობა, აღარ მოგვიწიოს მთელ მსოფლიოში სპეციალისტების ძებნამ და თხოვნამ. ჩვენ გვეყოლება ყველა კომპონენტში გამოცდილი ჯგუფი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მომავალში დასჭირდება კოლაბორაცია უცხოელებთან, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც დღეს აქვს. დღეს ძალიან დიდი დოზით გვჭირდება უცხოელი სპეციალისტების დახმარება, რაც სამარცხვინოა ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ერისთვის.

როცა ერს ამხელა კულტურული მემკვიდრეობა გაქვს, უნდა გქონდეს სპეციალისტთა სკოლა, რათა სათხოვნელად კარდაკარ სიარული არ გჭირდებოდეს.

- რატომ, ხომ არის კირითხუროთა და სხვა ხუროთა ახალშექმნილი რეესტრი?

- მე მაგ რეესტრთან შეხება არა მაქვს, არ ვიცი. ჩვენ ვქმნით ალტერნატივას უმწიკვლო რეპუტაციის ახალი სპეციალისტებით. რა თქმა უნდა, არსებულ ჯგუფებს ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ რადგან ასეთი დაპირისპირება არსებობს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მხარდაჭერის გამო, მუდმივად ოპონირების რეჟიმში ვიქნებოდით, რაც ისევ ქაოსს გამოიწვევდა, ამიტომ გავერიდეთ ამ ჯგუფებს.

- გადარჩება გელათის მხატვრობა? რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა?

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალზე კრიტიკული. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ, რას მოვიაზრებთ გადარჩენაში. თუ ვფიქრობთ, რომ მხატვრობის XII-XVII საუკუნეების 5 ფენა ისეთივე ჯანსაღი იქნება, როგორიც მოხატვის დროს იყო, ეს ილუზიაა, ტყუილი იმედი და წარმოუდგენელია. დანაკარგი იქნება. არის ისეთი მძიმე კერები, რომლებსაც ვეღარ გადაარჩენ. როგორც უცხოელმა სპეციალისტებმა გვითხრეს, ხდება მხატვრობის დანაკარგი, რადგან ჩარევით უფრო მეტს გააფუჭებ და ჯობია შეეგუო. ძალიან მინდა თქვენმა მკითხველმა ეს კარგად გაიგოს და სიღრმისეულად ჩაუკვირდეს. ჩვენ მოგვყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებსაც მსოფლიომ კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტები მიანდო, გარდა ამისა, ამხელა ბორდია ჩართული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობისას დანაკარგი არ იქნება, თუმცა შესაძლოა მინიმუმამდე დავიდეს. თუ უმაღლესი მეცნიერული მიდგომით მისაღწევია, რომ დაიკარგოს მხოლოდ 5%, უნდა იყოს მხოლოდ 5% და არა 6% და 7%. ამაზეა საუბარი, თორემ ის, რომ მხატვრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქნება დანაკარგი, ეს გარდაუვალია.

ჩვენ უნდა შევქმნათ სიღრმისეულად სწორი გადაუდებელი საკონსერვაციო გეგმა აბსოლუტურად ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის წინსწრებით. კედლის, მასალების პიგმენტების ნალესობის, ტაძრის ფიზიკის. უნდა განვსაზღვროთ სწორი მეთოდოლოგია და მხატვრობასთან თავსებადი მასალები რაც შეიძლება უზუსტესი მეთოდოლოგიით, და სწორი ტექნიკით შევასრულოთ კედლის მხატვრობის კონსერვაცია.

- ვირჩევთ ცუდს და უარესს შორის?

- ასეა. სამწუხაროდ, კონსერვაციის მეცნიერება ვერ ფლობს იმ საშუალებებს, რომ გადაარჩინოს ესა თუ ის ლოკაცია. ჩვენი მიზანია დანაკარგი მაქსიმალურად მინიმალური იყოს.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენ ეს დრო, ე.წ. მეორე ეტაპს ვგულისხმობ, დავკარგეთ? თუ ახლა მხოლოდ დანაკარგის შემცირებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. შესაძლოა სხვა შემთხვევაში სულ სხვა მოლოდინი გვქონოდა თუ მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან ამ შედეგს?

- სამწუხაროდ, წყლის ინფილტრაციამ, რაც გადახურვით იყო განპირობებული, დიდი დაზიანება მიაყენა გელათის მხატვრობას. ამას ემატება ისიც, რომ იქ მოთავსებული იყო კირ-დუღაბის მასა, რომელიც საკმარისზე მეტად იქნა გამოყენებული, ზოგ ადგილას საიზოლაციო ფენებიც არ იყო. როცა ტაძარს დაეხურა მოჭიქული კრამიტი, ექსტერიერში აორთქლება საერთოდ შეწყდა და ეს ყველაფერი წამოვიდა ინტერიერში. კირდუღაბის სველი მასის ანაორთქლი მხატვრობას მოაწვა და ჩამოიტანა უსაშველოდ დიდი დოზით მარილები. მეორე ეტაპზე ჩვენ არ შევასრულეთ "იუნესკოს" პირველი მოთხოვნა, სასწრაფოდ მოაქციეთ გელათი ერთიან გადახურვაში, რათა შესაძლებელი გახდეს ახადოთ "მკლავებიო".

- ე.წ რკინის ქოლგას გულისხმობთ?

- დიახ, იუნესკო ითხოვდა მოგვეცილებინა მოჭიქული კრამიტი და ამოგვეღო კირდუღაბის მასა, რათა ტაძარს დაეწყო შრობა არა ინტერიერისკენ, არამედ ექსტერიერისკენ. ეს დაგვიანება, რა თქმა უნდა, იყო მიზეზი იმისა, რომ მხატვრობა ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მივიდა. მუშაობა სწორად რომ წარმართულიყო, არ მომხდარიყო წყლის ინფილტრაცია ან თუ მოხდა, დროულად გაგვეკეთებინა ერთიანი გადახურვა, მაშინ ნაკლები პრობლემა იქნებოდა. დროის დაკარგვამ გამოიწვია გელათის მხატვრობის კიდევ უფრო დაზიანება.

- რკინის ქოლგის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ახლაც არის. საზოგადოებამ არ იცის, ვის დაუჯეროს, გვაქვს იკორთაში ძალიან ცუდი გამოცდილება, როდესაც იმავე რკინის ქოლგამ ტაძარს ნახევარი გუმბათი ჩამოაცალა. ამიტომ, ვფიქრობ, შიში საფუძვლიანია. გარდა ამისა, არის სხვა კითხვებიც, მაგალითად, ქარის მიმართულებაზე, ნალექზე, მიწისძვრაზე... საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს რომ ეს ბუნებრივი პროცესები არ დააზიანებს კონსტრუქციას და შემდეგ კონსტრუქცია უკვე ტაძარს.

- იკორთა იყო სრული საინჟინრო ნონსენსი, ჩვენს შემთხვევაში გადაწყვეტა სულ სხვანაირია. უპირველესად ჩვენ საქმე დავიჭირეთ ამ დარგში მსოფლიო ფლაგმანთან, კომპანია "ლეიერთან".

- ანუ ჩვენები არ აკეთებენ?

- არა, ეს არის გერმანული კომპანია, რომელიც 1889 წლიდან მუშაობს და უმწიკვლო რეპუტაცია აქვს.

- ასეთ დიდ ტაძრებზეც აქვს ნამუშევარი?

- კი, წმინდა პეტრეს ტაძარზე, ვატიკანში, ათონის მთაზე კათედრალებზე, უმუშავია ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში. მსოფლიოში მოწინავე კომპანიაა და ამიტომაც დავუკვეთეთ გელათის ერთიანი გადახურვის პროექტი, მუშაობა კი სექტემბერში დაიწყება. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოსთან. მათ მოგვაწოდეს 20-წლიანი ქარის "ვარდის" სქემები, თუ რა სიმძლავრის ქარია დაფიქსირებული გელათთან, რომელი მხრიდან. ეს "ლეიერმა" მოითხოვა, ასევე მოითხოვა ნალექის ინტენსივობისა და თოვლის საფარის სქემები. ეს მასალაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა და მადლობას მოვახსენებთ თანამშრომლობისთვის.

კონსტრუქციის მთელი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არცერთი წერტილით არ ვეხებით ტაძარს. კონსტრუქცია არის მსუბუქი, ალუმინის შენადნობით. სახურავის ფენა მაღალტექნოლოგიური მასალაა, რომელსაც სპეციალური სენსორები აქვს. ფიფქის დაცემის შემთხვევაში მხოლოდ ზედაპირი 5 გრადუსამდე თბება, ადნობს და წვიმის სახით ჩამოჰყავს ქვემოთ. ის, რომ ნალექი მოვიდეს დიდი და ქოლგის სახურავზე დაწოლა გამოიწვიოს (ჩვენს ხელთ არსებული სქემებით დღე-ღამეში 110 სმ თოვლიც მოსულა), ეს ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია. ეს კონსტრუქცია გაანგარიშებულია ძლიერ ქარზეც. მიუხედავად საიმედოობისა, ჩვენ ამ პროექტის რეცენზირებას დამოუკიდებელ ექსპერტს ვუკვეთთ, რათა გადახედოს პროექტის გათვლებს და გვითხრას, ეთანხმება თუ არა პროექტის საინჟინრო გადაწყვეტას.

რაც შეეხება მიწისძვრას, კონსტრუქცია იმდენად მსუბუქია, ტაძარს არ ავნებს. მართალია, რკინის ქოლგა მორგებულია გელათზე, თუმცა მასალა, რომელიც ჩვენ გვრჩება და საჭიროებისას ყველა ძეგლს მოერგება, 1.750 000 ევრო ჯდება. თუმცა ეს ფასდაუდებელი კაპიტალია ძეგლთა დაცვის საქმეში. სტივენ ჯეი კელმა გვკითხა კიდეც, კონსტრუქციას იყიდით თუ იქირავებთო? ხშირად სიძვირის გამო დონორები თურმე მის ყიდვას უფრთხიან და ქირაობენ. ასეთ დროს კი, როცა ყოველ დღეს განსაზღვრული თანხა იწერება, კონსერვაციის სპეციალისტს აჩქარებენ, ამ სიჩქარეში კი დაკისრებულ ამოცანას სრულად ვერ ასრულებ, პრემიერის გადაწყვეტილებით მისი შეძენა გადაწყდა.

- რკინის ქოლგა, სავარაუდოდ, დროებითია. მას შემდეგ რა იქნება, რადგან ჩვენთან, როგორც წესი, "დროებითი" არ არსებობს. აგერ გელათიც დროებით არის გადახურული უკვე მესამე წელია. საბოლოოდ რითი გადაიხურება ტაძარი?

- ამაზე საუბარი ადრეა. ჯერ უნდა ავხსნათ "მკლავები", რომლებიც ამჟამინდელი დროებითი გადახურვის ქვეშ არის, ამას კი დრო სჭირდება. უნდა გავიგოთ ასევე, რა არის გაუთავებელი ინტენსიური გამომარილების მიზეზი და რა ქიმიური ელემენტია გადახურვაში გამოყენებული, რომელიც ინტერიერში ამხელა გამომარილების წყაროდ იქცა. ამიტომ ყველა ფენა ლაბორატორიულად შესასწავლია. სანამ "ქოლგა" მოიხსნება, ალბათ, ფართო სამეცნიერო და საზოგადოების განხილვის საგანი უნდა გახდეს, რითი გადაიხურება გელათი - ანუ იქნება ეს კრამიტი, სპილენძი თუ ლორფინი. თუ ჩვენი კომიტეტი პროფესიულ ხედვას არგუმენტებით გამყარებულს შექმნის, რატომ ვირჩევთ ამა თუ იმ ტიპის გადახურვას, როგორი ტექნოლოგიებით ვასრულებთ და ა.შ., ჩვენ მას წარვადგენთ კიდეც., თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სამეცნიერო წრეებმა და საზოგადოებამ უნდა მიიღონ.

- რამდენი წელი გაგრძელდება გელათში ეს პროცესი?

- არა მგონია უსაშველო იყოს, დაახლოებით 5-7 წელი.

- გასაგებია, მაგრამ მომავალი საარჩევნო წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გარდა ამისა, 5-7 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ საბჭოები იმავე შემადგენლობით იყოს ან საპატრიარქოს დარჩეს იგივე სურვილი. ეს პროცესები ზეგავლენას ხომ არ მოახდენს ძეგლის ბედზე? ნამდვილად არ გვინდა სხვა პრობლემებთან ერთად გელათი ახლა თავახდილი დარჩეს.

- მე მქონდა ბედნიერება მამა გაბრიელთან ურთიერთობის. თუმცა წინასწარმეტყველებით ვერ დავიკვეხნი, ამიტომ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. დღეს ვცდილობთ, რომ ვიყოთ მეცნიერულად ზუსტი და ვიმოქმედოთ მაღალი სამეცნიერო სტანდარტებით. რა თქმა უნდა, ეკლესია არ დათმობს ამ პროცესს და არც პასუხისმგებლობას გაექცევა. არა მგონია, პოლიტიკურმა კონტექსტმა იმოქმედოს გელათის საქმეზე.

- დღემდე საქართველოში თქვენ გიცნობენ როგორც დავითგარეჯის დაცვის ლამის ერთადერთ იმედს, გარეჯის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, გარეჯის, როგორც სასულიერო კერისა...

- ...და ტერიტორიული მთლიანობის.

- ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან რთული უნდა ყოფილიყო თქვენთვის გელათზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან თუ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა, მაშინ თქვენი ავტორიტეტი გარეჯის მცველიდან გელათის ვერდაცვამდე შეიძლება გაიბნეს.

- მე ამას მარტივად ვუდგები - როცა რაღაც გიყვარს, გიყვარს ეკლესია, გიყვარს მონასტერი, გიყვარს სამშობლო, სიყვარული თავისი ბუნებით საფრთხეებზე არ ფიქრობს, სიყვარული უფრო თავგანწირვაზე ფიქრობს. მადლობა ასეთი შეფასებისთვის, თუმცა მყავს შემფასებლებიც, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ ჩემს იმ მრავალწლიან ბრძოლას გარეჯისთვის, რაც გამოვიარე. მაშინაც იყო ეს საფრთხე, ბევრი ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, რას შვრები, ეს არის გაუთავებელი ჭირი, საფრთხე, მაინც არაფერი გამოგივა, ათას რამეს დაგაბრალებენ და დაგწამებენო, მაგრამ მე მიყვარდა ჩემი მონასტერი, ჩემი სიწმინდეები, ჩემი ქვეყანა და ვთქვი, რომ მე მაქვს ჩემი ვალი, პასუხისმგებლობა და უნდა შევასრულო. სიმართლე გითხრათ, გელათის საქმეში ჩართვა კატეგორიულად არ მინდოდა.

- დიდი მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში...

- ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მაგალითად, ქუთაისში ადგილობრივი აქტივისტები, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ, ეს გვიან გავიგე. იყვნენ თბილისშიც დარგის სპეციალისტები, რომლებიც ასევე აპროტესტებდნენ. ესეც გვიან გავიგე. თავად ამბავი ძალიან მარტივად მოხდა. ქალბატონები ეკა გედევანიშვილი და ასმათ ოქროპირიძე ოთხჯერ შემხვდნენ. მე თავიდან ვუარობდი, ცოტა არ იყოს, მეშინოდა ციციკორეს როლში არ აღმოვჩენილიყავი, გარეჯი კირიონია, გელათი კირიონია, დიმიტრი ხომ არა ვარ, გელოვანი!

- გელათი რომ კირიონია, სავარაუდოდ, იმიტომ აქვს საზოგადოებას ნდობა, თორემ სხვა შემთხვევაში...

- საბოლოოდ, როცა მხცოვანმა მეცნიერმა ქალბატონმა ასმათმა ცრემლებამდე დამიწყო თხოვნა, შევწუხდი და რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რომ რეაგირება არ გამეკეთებინა. ამის შემდეგ იყო, რომ მივედი საპატრიარქოში იერარქებთან, რომლებიც ჩვენს საკითხებს წყვეტენ. ავუხსენი, განვუმარტე და მადლობა ღმერთს, დავარწმუნე, რომ აუცილებელია ამ ქაოსში ჩვენი, როგორც ალტერნატიული ინსტიტუციის ჩართვა და გავარკვიოთ, რა ხდება და მერე ამან მოიტანა ის, რაც მოიტანა. საფრთხე არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ უკან გელათია და მე ამ დროს ვიფიქრო ჩემს იმიჯზე, დაუშვებელია. თუ ვინმე გვყავს მეფე, ლეგენდა, ალბათ, პირველი დავით აღმაშენებელია, რომელმაც დაგვიტოვა ორი რამ - ძლიერი საქართველო და გელათი. ფაქტობრივად, დავითი გელათის მშენებლობას შეეწირა. ცნობილი გადმოცემით, ასწია ქვა, ცუდად გახდა, მთელი კვირა ვერაფერს ჭამდა, გვერდის ტკივილი დაეწყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ჯანმრთელობის შერყევისა. გვიტოვებს გელათს და გელათს ვეღარ მივხედოთ? აღარ არის დღეს ჩვენი აფხაზეთი, ცხინვალი, აღარ არის დღეს ჩვენი ტაო-კლარჯეთი, ეს უბედურება და წუხილი გვჭირს, მაგრამ აგერ, საქართველოს შუაგულში რომ ვერ მივხედოთ გელათს, ეს კატასტროფა იქნება.

მე ვდგავარ, უპირველესად კი ეკლესია დგას საფრთხის წინაშე, მაგრამ არის გამოწვევა და აგრეთვე არის სიყვარული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყნის.

- დავითგარეჯზეც მინდა გკითხოთ. სამთავრობო კომისიის გარდა, რომელიც საზღვრის დემარკაციაზე მუშაობს - როგორ მუშაობს ამას არ შეგეკითხებით - ხომ არ ჯობს პარალელურად დაიწყოს ზრუნვა ძეგლზე, რათა როცა ყველაფერი გაირკვევა და იმედია, ჩვენს სასიკეთოდ, ისე არ აღმოჩნდეს, რომ საპატრონებელიც აღარაფერი გვქონდეს.

- რეგულაციის ფორმულას მე ვერ მოგცემთ, ეს სახელმწიფოს საქმეა. ჩიჩხიტურსა და უდაბნოში ასეთი პრობლემა არ არის, მადლობა ღმერთს, მონასტრები, მხატვრობა და კლდეც სტაბილურია. 28 წელია იქ ვცხოვრობ და მე რომ მკითხოთ, ყველაზე დიდი პრობლემა საბერეებია.

ეს არის ივრის ნაპირთან, სადაც კლდეში გამოკვეთილი უნიკალური ტაძრებია, პირველი ტაძარი აღმოსავლეთის მხრიდან ურთულეს მდგომარეობაშია. მისი გარე სვეტი განლეულია და თუ დროულად ფუნდამენტურად არ შეკეთდა, წამოიღებს კლდის დიდ მასივს, რომელიც, დიდი ალბათობით, ტაძარს გაგვინადგურებს, რომელიც უნიკალური მხატვრობით არის დამშვენებული.

- როგორც მახსოვს, იქ ძალოვანი ხარაჩო დგას?

- დიახ, თუმცა არ არის იმ კატეგორიის, რომ ამ საფრთხის არიდების გარანტიას გვაძლევდეს. არ მოიძებნა დღემდე ამ პრობლემის საკონსერვაციო ინჟინრული გადაწყვეტის გზა.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანი არის რა ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი ქვეყანა, გამოიჩენს კეთილგონიერებას, მიხვდება და გააცნობიერებს, რომ ისტორიულ და იურიდიულ სამართლიანობას გვერდს ვერ აუვლის. ყველა დოკუმენტითა და კარტოგრაფიული მასალით, რომლებიც მაღალი ლეგიტიმაციის მქონეა ამ საკითხში, ეს ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია. ამიტომ ვარ მკაფიო და მკაცრი მაშინ, როდესაც საუბარია, მოდი, ერთობლივი მოხმარების ზონად შევქმნათო. არა!

ძალიან ბევრი ტერიტორია გაგვაცალეს საქართველოს და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით შევხედოთ ქვეყანასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი მტკაველიც სადმე დათმოს. აქ არ არის საუბარი ომსა და ბრძოლის ველზე. ქვეყანას აქვს სახელმწიფოებრივი და დიპლომატიური არსენალი და საერთაშორისო არენაზე პლაცდარმები, რომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ყოველ შემთხვევაში, შეძლოს, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან სწორად გამიჯნოს საზღვრის ხაზი და არ დათმოს ერთი მტკაველიც კი. აი, მე ამ პოზიციაზე ვარ და დავრჩები კიდეც.