“მართლმადიდებელი ლიბანელები მყავდნენ სტუმრად... მითხრეს ღმერთმა გადაგვარჩინაო... მუჭა-მუჭა იღებდნენ სანთლებს“ - რას ჰყვება გიდი, რომელიც ტურისტებთან ერთად შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა
"მარშრუტის 40%, რაც უნდა გამევლო, ის მთა ჩამოიშალა და აღარ არსებობს, იქ არაფერია... ეს ამბავი ისეთ დროს მოხდა, რომ ყველა ვარიანტში იქ უნდა ვყოფილიყავით", - ამბობს ბექნუ გულედანი, კულტურულ-საფეხმავლო გიდი, რომელიც 3 აგვისტოს შოვის ტრაგედიას გადაურჩა.
"რაჭაში 4-დღიანი საფეხმავლო ტური მქონდა დაგეგმილი. ზოგადად, როცა ტური იგეგმება, ყოველი დღე ამ გეგმის მიხედვით იმართება. დიდი ჯგუფი მყავდა, 29 ადამიანისგან შემდგარი. მეტწილად ასაკიანი ხალხი იყო, ამიტომ გადავწყვიტე პირველი დღის შემდეგ დაესვენათ. 4 აგვისტოს უნდა გვქონოდა ჯომარდობა, 3 აგვისტოს უნდა ავსულიყავით ბუბას მყინვარზე. მოგვაინებით კი მოვილაპარაკეთ, რომ 3 აგვისტოს გადმოგვეტანა ჯომარდობა და შემდეგ ავსულიყავით მყინვარზე...
მოგვიანებით მეგობარმა დამირეკა, შენ ხომ მყინვარზე უნდა იყოო და ვუთხარი, რომ შევცვალეთ გეგმა და ხვალ მივდივართ თქო. 4 წუთის ინფორმაციაა, რომ იქ მეწყერი ჩამოწვა და მგონი გადარჩითო. მეორე დღეს კადრები რომ ვნახე, 40% კი არა, აბსოლუტურად ყველაფერი იყო ჩამოშლილი.
ავტობუსის მძღოლიც და ავტობუსიც გადარჩა, რადგან მძღოლი აუცილებლად უნდა დაგვლოდებოდა შოვში. ჩემმა სტუმრებმა რომ გაიაზრეს რაც მოხდა, მართლმადიდებელი ლიბანელები იყვნენ, ტურლიდერმა მითხრა:
"სასწაულებრივად გადავრჩით, ღმერთმა გადაგვარჩინა" - მე ვეხუმრე კარგ ხასიათზე რომ დამდგარიყვნენ, ღმერთმა კი არა, მე გადაგარჩინეთ-თქო და ასეთი რამ მითხრა - შენც დიდი მადლობა, მაგრამ ღმერთი შენს გონებაში შემოვიდა და ეს გადაწყვეტილება მიგაღებინა".
უკანა გზაზე ნიკორწმინდა მოილოცეს, მუჭა-მუჭა იღებდნენ სანთლებს. ყველა სახის, ყველა ზომის ხატი იყიდეს. ფოტოებიც მანახეს, როგორ ლოცულობდნენ მათი ოჯახის წევრები ჩემი ჯგუფის წევრებზე.
მეორე დღესვე მოვბილიზდით რაც გვქონდა სალაშქრო აღჭურვილობა, მესამედი გავგზავნეთ რაჭაში, ასევე საძილე ტომრები, მაისურები და სხვა. შემდეგ ჩვენც ავედით შოვში და ვეხმარებოდით სხვადასხვა საქმეში" - ამბობს გიდი ბექნუ გულედანი, რომელიც შოვში მომხდარ ტრაგედიას ტურისტების ჯგუფთან ერთად გადაურჩა.