პრიგოჟინამდე შოიგუ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა აჯანჯღარა
ჟურნალისტის საქმიანობაში ბევრი საინტერესო შეხვედრა ხდება, რომლებსაც წლების შემდეგ იხსენებ და ოცდები...
ასე მოხდა, ჩემი, სამხედრო ჟურნალისტის კარიერის დაწყებისას, 1992 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ცხინვალის რეგიონში, ზემო ნიქოზთან განთავსებული რუსული საშვეულმფრენო პოლკის შტაბის შენობაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი შეგვიშვეს, რაც ორიოდე კვირით ადრე უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანდა...
საქმე ის არის, რომ დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის რეგიონში შეწყდა ცეცხლი და 1992 წლის 14 ივლისიდან იქ შევიდნენ სამხრივი სამშვიდობო ბატალიონები-რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური, მშვიდობის დასამყარებლად.
ორმხრივი სროლის შეწყვეტა, მართლაც რომ კარგია ამბავი იყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ სამშვიდობო ძალებში ქართულის საპირწონედ ორი რუსული ბატალიონის(ჩრდილო ოსეთის ბატალიონიც ბუნებრივია, რუსულ ინტერესებს გაატარებდა) ოფიციალურად ჩაყენება სამაჩაბლოში, მომავალში კარგ არაფერს გვიქადდა, რაც კიდევაც მწარედ აგვისრულდა 16 წლის შემდეგ...
ამიტომაც რუსული საშვეულმფრენო პოლკის შტაბში, სადაც შერეული სამშვიდო ძალების სარდლობა იმყოფებოდა, მიწვეულ ქართველ ჟურნალისტებს ბევრი საჭირბოროტო კითხვა გვქონდა მომზადებული...
სხვათა შორის, სწორედ ამ შტაბის ნახევრად დანგრეული შენობის ფოტო-ვიდეო მასალას იშველიებდა რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ დაესხნენ თავს ქართული ტანკები რუსული „სამშვიდობო ძალების“ ბაზას, თუმცა იმაზე დუმდნენ, რომ სწორედ ამ შენობის სახურავიდან აკორექტირებდნენ ოსი სეპარატისტები ნაღმსატყორცნების ცეცხლს ზემო ნიქოზის მიმართულებით და სწორედ ამ ტერიტორიიდან გაუხსნეს პირველებმა ცეცხლი ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ დაშვებულ ქართულ ჯავშანკოლონას, რომლის მებრძოლებიც სპეციალურად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ რუსი „ცისფერჩაფხუტიანების“ ამ ბაზისკენ პირველებს არავითარ შემთხვევაში არ გაესროლათ...
თუმცა დავუბრუნდეთ, 1992 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს, როდესაც რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი შეგვიყვანეს ამ შენობაში და სახელდახელო პრესკონფერენციით ეცადნენ ჩვენ დარწმუნებას, თუ რა კარგი იყო შერეული სამშვიდობო ძალების ჩადგომა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში...
ახალგაზრდა და ახლად დაწყებულ სამხედრო ჟურნალისტს, რომლის გამოცდილება იმ დროისთვის, მხოლოდ ვანათის, ერედვისა და თამარაშენის ბრძოლების გაშუქებით შემოიფარგლებოდა, სისხლი მიჩქეფდა და ჩემი პირველი შეკითხვაც ვარსკვლავებით დახუნძლულსამხრეებიანი რუს ოფიცრებთან, ჯიქური გახლდათ-თუკი ყველაფერი ასე კარგადაა, როგორც თქვენ გვარწმუნებთ, მაშინ ჩაგვსვით ჯავშანტრანსპორტიორში ქართველი ჟურნალისტები და ჩაგვიყვანეთ ცხინვალში, გაგვატარეთ ქალაქის ქუჩებში, რომ ჩვენი თვალით ვნახოთ და დავრწმუნეთ, რომ იქიდან ოსები ქართულ სოფლებს მართლაც აღარ ესვრიან და საცეცხლე პოზიციები, ქართველებივით მათაც მოშალესო...
ჩემს თხოვნა-მოთხოვნას, მხარი ქართველების გარდა, რამდენიმე უცხოელმა ჟურნალისტმაც დაუჭირა და რუს ოფიცერთა რიგებში ერთგვარი ჭოჭმანი დაიწყო-დაერთოთ თუ არა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფისთვის ცხინვალში ჩასვლა.
ატყდა საველე ტელეფონების რეკვა ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების მთავარ შტაბთან, ახმაურდნენ რაციებიც და პროცესი თითქმის ერთი საათი გაიჭიმა, თანდათანობით მიილია ჩვენი იმედიც, რომ ცხინვალში ჩასვლის საშუალებას მოგვცემდნენ და ჟურნალისტის თვალით ავღწერდით, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ეს ქალაქი და რას გრძნობდა ადგილობრივი მოსახლეობა სამხრივი სამშვიდობო ძალების ჩაყენების შემდეგ.
მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხინვალში ჩასვლაზე საბოლოოდ უარი გვითხრეს, უსაფრთხოების ზომების მომიმიზებით-ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის ქუჩებში რომ დაგინახონ ოსებმა, შეიძლება აგრესია გამოამჟღავნონ და ვერ დაგიცავთო...
რუს ოფიცრებს შორის განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ჟურნალისტების ცხინვალში ჩაყვანის...
მას კამუფლირებული სამხედრო ფორმის სამხრეებზე, მართალია ვარსკვლავები არ ეკეთა, მაგრამ არანაკლებ პოლკოვნიკად მივიჩნიე, რადგან ის გასცემდა ბრძანებებს...
ვერ მოვითმინე, ახლოს მივედი ამ „პოლკოვნიკთან“ და ვეუბნები-თუკი თქვენ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა არ შეგიძლიათ ცხინვალის ქუჩებში, მაშინ რანაირი სამშვიდობო ძალები ხართ და როგორღა დაიცავთ ქართულ მოსახლეობას თავდასხმებისგან-თქო...
რუს ოფიცერს არ მოეწონა ჩემი შეკითხვის არც შინაარსი და არც ფორმა და ცოტა უკმეხად მიპასუხა, ჩვენს საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფთო, რასაც ჩემგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა მისი სამხედრო ფორმისა და ჩემი ხელების „კონტაქტის“ გაგრძელებით-გვარი მითხარი პოლკოვნიკო, შენი გვარი მითხარი,რომ ერთი კარგად დავიმახსოვრო!...მოცვენილმა სხვა რუსმა ოფიცრებმა ჩვენი „კონტაქტი“ სასწრაფოდ დაარღვიეს და გვერდზე გაყვანილს შემომესმა იმ რუსი ოფიცრის პასუხი- შოიგუ ვარ,მაგრამ ეს შენ რას მოგცემსო...
გადის ერთი წელი, უკვე გენერალ-მაიორის ფორმაში გამოწყობილი სერგეი შოიგუ სოხუმში გვევლინება აფხაზეთის ომის მომრიგებლის სტატუსში, ხოლო დღეს არმიის გენერალია რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ისე,რომ მანამდე არმიაში ერთი დღე არ ჰქონია ნამსახურები...
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პოლკოვნიკმა შოიგუმ არ შემიშვა ცხინვალში, რამდენიმე დღეში ეს მაინც შევძელი ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრის სტატუსით და შემდეგ ხშირად მიწევდა ცხინვალში ყოფნა, როგორც შერეული სამშვიდობო ძალების მთავარ შტაბში, ისე ოსი ეროვნების მოსახლეობის გასაცილებლად, ქართულ სოფლებზე გავლისას...