როგორ იცავდნენ სტალინს და რატომ აუკრძალეს ბელადს მოსკოვის ქუჩებში ფეხით სეირნობა - კვირის პალიტრა

როგორ იცავდნენ სტალინს და რატომ აუკრძალეს ბელადს მოსკოვის ქუჩებში ფეხით სეირნობა

stalinisfoto-1692047630.png

სტალინი და მოლოტოვი: იდეალური სამიზნეები...

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირების და მათი ოჯახის წევრების დაცვა კანონდებლობით მკაცრად განსაზღვრული პროცესია და როგორც წესი ამ საქმეში მოულოდნელობები და სიურპრიზები არასასურველია. თუ დაცვის სამსახურს ექსპრომტად უხდება გადაწყვეტილების მიღება ეს მისი სისუსტის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე სიძლიერის. სახელმწიფოს მეთაურის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პასუხისმეგბლობა აკისრია ერთ პიროვნებას, რომელიც შეყვარებულივით სულ თან დასდევს დაცვის ობიექტს – ეს პირადი დაცვის უფროსია, რომელსაც დაცვის გეგმის შესრულების კოორდინირება პირადად ევალება.

სახელმწიფო დაცის სფეროში მოქმედებს მრავალი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი, რომელსაც უკვე ათწლეულების ტრადიცია აქვს. განვლილ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ხელწერის, ერთგვარი, "სახელმწიფო მოხელეთა დაცვის სკოლებიც" კი შეიქმნა. ამ დროს კონკრეტული ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი და ა.შ. წარუშლელ კვალს ტოვებს დასაცავი პერსონების ქცევაზე და, აქედან გამომდინარე, დაცვითი ღონისძიებების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე.

ჩემი აზრით სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვის სამი „მოდელი“ შეიძლება გამოვყოთ : 1. „დასავლური“ – როდესაც „დაცვის ობიექტის“ ხშირი ცვლილებების მიუხედავად, დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იცვლება და კვლავ აგრძელებს სამსახურს. იტალიაში ხანდახან წელიწადში ოთხი მთავრობა და პრემიერ–მინისტრი იცვლება და წარმოიდგინეთ ოთხივემ დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლების შეცვლა რომ მოინდომოს?! ამდენ პროფესიონალს სად იპოვიან? ისე სანათესაოში, სამეზობლოსა და საძმაკაცოში კი მოძებნიან საჭირო რაოდენობის კუნთმაგარ ჯეელებს, თუმცა ეს ისეთივე თავის მოტყუება იქნება, როგორც მარწყვი ზამთარში! ასე რომ „დასავლურ“ მოდელს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს: კადრების სტაბილურობა და მაღალი პროფესიონალიზმი.

2. „საბჭოური“ მოდელი – ამ დროს საბჭოთა იმპერიის ახალი ხელმძღვანელი, შეთქმულების და თანამდებობის დაკარგვის შიშით შეპყრობილი, „პარტიული ტახტის“ ხელშიჩაგდებისთანავე მთლიანად ცვლიდა პირად დაცვას, რომლის უფროსადაც ნათესავს, ბავშვობის მეგობარს ან ძველ და სანდო თანამშრომელს ნიშნავდა. ასევე იცვლებოდნენ კა–გე–ბეს მე–9 მთავარი სამმართველოს (ე.წ. „სამთავრობო დაცვა“ ) ძირითადი განყოფილებების უფროსები. ეს მოდელი უპირატესობას დაცვის თანამშრომელთა პირად ერთგულებას ანიჭებს და არა პროფესიონალიზმს. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა „ბელადების“ პირადი დაცვის უფროსები იყვნენ: პარიკმახერები; მძღოლები; ყოფილი რიგითი, თუმცა ერთგული თანამშრომლები და ა.შ.

3. „ბანანების რესპუბლიკის“ მოდელი – სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ერთ დიქტატორს მეორე ცვლის და მის ერთგულ ხალხს ფიზიკურად ანადგურებს. სამწუხაროდ ასე მეორდება ათწლეულების მანძილზე აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. სახელმწიფო გადატრილებას კი უმეტესად დიქტატორის პირადი დაცვის („პირადი გვარდიის“) უფროსი ხელმძღვანელობს და ის ხდება მორიგი დიქტატორი. ამ მოდელის მთავარი პრინციპია: „არ ენდო არავის“! უნდა ითქვას, რომ ტოტალიტარული, დიქტატორული და ზოგადად განვითარებადი ქვეყნების ხელმძღვანელების დაცვა ძალზე განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლების პირველი პირების დაცვისგან. თუ პირველ შემთხვევაში მთავარი საფრთხე სამხედრო ამბოხი და სახელმწიფო გადატრიალებაა, მეორე შემთხვევაში - რელიგიური ფანატიკოსები ან ფსიქიკურად შეშლილი პიროვნებებია სახიფათო.

საქართველოში დღესაც „საბჭოური მოდელი“ მოქმედებს და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში (ისევე, როგორც სხვა სპეცსამსახურებში) ყველა წამყვან თანამდებობაზე პირადი ერთგულების და არა პროფესიონალიზმის ნიშნით ხდებოდა და ხდება კადრების შერჩევა. ას წელზე ოდანავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „პროლეტარიატის ბელადს“ ვლადიმერ ულიანოვ– ლენინს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ეს კი 1917 წლის აპრილში მოხდა, „ბოლშევიკური“ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პირადი დაცვა დაუნიშნა. ესენი იყვნენ ეროვნებით ფინელები, მუშათა მილიციის რაზმის წევრები, რომლებსაც ეინო რაჰია ხელმძღვანელობდა. მისი სახელი ისტორიას შემორჩა ერთი „ბოლშევიკური გულახდილობის“ გამო. ეინო რაჰიამ დიდ რუს მომღერალს ფიოდორ შალიაპინს პირდაპირ განუცხადა: თქვენნაირები უნდა გავანადგუროთ, რადგანაც არც ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა სხვებთან შედარებით, ტალანტი არღვევს თანასწორობასო. ჩემი აზრით ამ ერთ ფრაზაში გამოხატულია ყველა ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგია! დავუბრუნდეთ დაცვის სპეცსამსახურის „საბჭოური“ მოდელის ჩამოყალიბების ისტორიას, სადაც პირადი ერთგულება ყოველთვის პროფესიონალიზმე წინ იდგა.

1918 წელს პეტროგრადში „სმოლნის“ კომენდანტმა პაველ მალკოვმა მეზღვაურებისა და წითელი გვარდიელისგან ჩამოაყალიბა დაცვის 60 კაციანი რაზმი, რომელსაც შენობის შიდა პერიმეტრის და ლენინის პირადი დაცვა ევალებოდა. „სმოლნის“ შენობის გარე პერიმეტრს კი ჯავშანმანქანებით იცავდნენ. ლენინის სამუშაო კაბინეტის წინ მოეწყო დაცვის პოსტი ორი შეიარაღებული მცველით.

meorephoto-1692047868.png

„მოსინის“ სისტემის შაშხანებით შეიარაღებული მცვლები ძალზე „მრისხანედ“ გამოიყურებიან

ლენინს ერთი პირადი მცველი მუდამ თან დაჰყვებოდა. „დიდი ბელადის“ დაცვა ევალებოდა ასევე მის მძღოლს, სტეპან გილსაც, თუმცა არც ერთმა ამ საქმისა ინჩიბინჩიც არ იცოდა, რაც მალევე დადასტურდა. 1918 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში საბჭოთა მთავრობის მეთაურ ვლადიმერ ლენინზე "ესერებმა" მოაწყეს თავდასხმა. ფანი კაპლანმა "ბრაუნინგიდან" რამდენჯერმე ესროლა ლენინს. კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ რომელიღაც ქარხანაში, მიტინგზე მიბაკუნე "ბელადს" არავინ იცავდა. თითქოსდა ბოლშევიკებმა ეს შეცდომა გაითვალისწინეს: ამის შემდეგ ლენინს პირადი მცველი ყველგან დაჰყვებოდა, თუმცა ვერც მან გადაარჩინა ლენინი 1919 წლის იანვარში ძარცვისგან. ლენინი და მისი და - მარია, ლენინის მეუღლის, კრუპსკაიას მოსანახულებლად მიდიოდნენ, რომელიც საავადმყოფოში იწვა. ავტომობილში მძღოლის გარდა ლენინის პირადი მცველი, ვინმე ჩაბანოვიც იჯდა და ხელში "ბელადის" მეუღლისთვის განკუთვნილი რძის ბოთლი ეჭირა. მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე ლენინის ავტოს წინ რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი გადაუდგა და გააჩერა. ლენინმა სასწრაფოდ პირადობის მოწმობა "დააძრო", თუმცა თავდამსხმელებმა "ქსივა" ირონიულად მოისროლეს თოვლში და მგზავრების ძარცვას შეუდგნენ. პირადი მცველი კი ბოთლჩაბღუჯული გაუნძრევლად იჯდა. ბანდიტებმა ფულთან და მგზავრების ნივთებთან ერთად, ლენინის პირადი "ბრაუნინგიც" წაიღეს და მიიმალნენ. "რევოლუციის ბელადი" საოცრად გახარებული იყო და თავისთვის ბუტბუტებდა: "ხომ შეიძლება მოვეკალით, ხომ შეიძლება მოვეკალით . . . ". ამ შემთხვევის შემდეგ ლენინის დაცვა შედარებით გაძლიერდა: მის ავტომობილს მეორე, შეიარაღებული დაცვის ავტო ახლდა. თუმცა „დიდი ბელადის“ ლიკვიდაცია ვინმეს, რომ დაეგეგმა ვერც ეს დაცვა შეუშლიდა ხელს.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა იმპერიას ახალი „ბელადი“ მოევლინა: ეს იოსებ ჯუღაშვილი–სტალინი იყო. 1922 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თავდაპირველად შედარებით უმნიშვნელო პოსტზე დანიშნულმა, შემდგომ მდგომარეობა იმით განიმტკიცა, რომ ჯერ პოლიტიკურად, ხოლო შემდეგ კი ფიზიკურად გაანადგურა მოწინააღმდეგენი.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში არ არსებობდა დიქტატორი, რომელიც იოსებ სტალინის დარად იყენებდა სპეცსამსახურების შესაძლებლობებს. ჯაშუშობა, დეზინფორმაციის გავრცელება, ფარული მოსმენები და ბოლოს – მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია, ეს ყველაფერი საბჭოთა დიქტატორის პირადი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, გასული საუკუნის 30 იანი წლების დასაწყისამდე სტალინი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა საკუთარ უსაფრთხოებას: ღია ავტომობილით გადაადგილდებოდა, ასევე ხშირად დადიოდა ფეხით მოსკოვის ქუჩებში.

mesamephoto-1692048378.png

სამი მუშკეტერი: სტალინი. ორჯონიკიძე და ხრუშჩოვი – მოსკოვის ქუჩაში

1924 წელს ო–გე–პეუს თავმჯდომარის ფელიქს ძეჟინსკის ბრძანებით საბჭოთა კავშირის პარტიული ფუნქციონერებისა და მთავრობის წევრების დაცვის უზრუნველყოფა დაევალა . . . ბუდაპეშტის ოპერეტის თეატრის ყოფილ პარიკმახერს, ხოლო 1920 წლიდან ვე–ჩე–კას ცენტრალური აპარატის თანამშრომელს კარლ პაუკერს.

meotxephoto-1692048423.png

კარლ პაუკერი (1893–1937)

პაუკერმა შეძლო სტალინის ნდობის მოპოვება და ცამეტი წელი მის ყველაზე საიდუმლო დავალებებს ასრულებდა, თანაც წლების მანძილზე დიქტატორის პირადი პარიკმახერის მოვალეობასაც წარმატებით ართმევდა თავს. პაუკერის წინადადადებით 1927 წლის ზაფხულში სტალინის პირადი მცველად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, წარმოშობით ლიტველი ივან (იოანას) იუსისი (1891–1931). პატარა ტანის იუსისი, რომელთანაც „დიდი ბელადი“ მთლად გულივერად ჩანდა, გვერდიდან არ სცილდებოდა სტალინს.

mexutephoto-1692048535.png

სტალინი და კიროვი, მათ შორის მოჩანს „გიგანტი“ იუსისი

ძნელი სათქმელია ამ გაბარიტების პირად მცველს რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია კარგად მომზადებული თავდამსხმელებისთვის. ქვედა სურათზეც იგივე „კამპანიაა“:

სტალინი, კიროვი და უკან „გიგანტი“ იუსისი.

stalinispotooooooooo-1692048914.png

იოსებ სტალინი (მარცხნივ) და სერგეი კიროვი (მარჯვნივ) მიემართებიან ვკპ(b) მე-16 ყრილობის სხდომაზე. უკანა პლანზე ორი მცველი, პატარა ტანის – ივან იუსისია.

1931 წლის ორ თებერვალს სტალინის პირადი მცველი ივან იუსისი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ სტალინის პირადი დაცვის უფროსი ასევე ჩეკისტი, ნიკოლაი ვლასიკი გახდა. ეს სტალინის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც დაეტყო. ქვედა სურათზე კარგად ჩანს სტალინის ორი პირადი მცველი ერთნაირი ღია ფერის ლაბადებით. კარგად დააკვირდით პირველი მცველის დაძაბულ მზერას და ლაბადის მარჯვენა ჯიბეს: გადატენილი რევოლვერის კონტურები ცხადად ჩანს.

stalinisphotooooooooooooo-1692049143.png

1931 წლის შემოდგომაზე სტალინზე რეალური თუ მოგონილი თავდასხმის მცდელობის შემდეგ პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით სტალინს მოსკოვის ქუჩებში ფეხით სიარული აუკრძალეს.

1937 წლის აპრილში სტალინის ფავორიტი კარლ პაუკერი გარიცხეს პარტიიდან და დააპატიმრეს ჯაშუშობისა და . . . სტალინის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. საინტერესოა, რომ თითქმის იგივე ბედი გაიზიარა ნიკოლაი ვლასიკმაც, რომელიც 1927–1952 წლებში გვერდიდან არ სცილდებოდა „დიდ ბელადს“ და მის შვილებს, ამიტომ „მადლობაც“ დაიმსახურა: ის 1952 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. როგორ არ გავიხსენოთ მცირე ამონარიდი მურმან ლებანიძის ლექსიდან: „ არამც და არამც, არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!“.

სტალინის პირადი დაცვის საკითხები, განსაკუთრებით 1951–1953 წლის პერიოდი, ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია და იმდენად მწირია სანდო საარქივო დოკუმენტები, რომ ეს თემა ცალკე შესწავლას, პირველ რიგში ახალი საარქივო მასალების მოპოვებასა და ანალიზს საჭიროებს.

(პირველი ნაწილის დასასრული)