ფერმერი, უფლებადამცველი, სტომატოლოგი - კადიროვის ტრაგიკომიკური სტატუსები და პუტინთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების "საიდუმლო" - კვირის პალიტრა

ფერმერი, უფლებადამცველი, სტომატოლოგი - კადიროვის ტრაგიკომიკური სტატუსები და პუტინთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების "საიდუმლო"

პუტინის საბოლოო იმედი? რატომ ანიჭებს კრემლი რამზან კადიროვსა და მის ოჯახს ამდენ ჯილდოს?

აგვისტოს დასაწყისში ჩეჩნეთში ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი იური ჩაიკა ჩავიდა, რათა ჩეჩნეთის ლიდერისთვის რამზან კადიროვისთვის კრემლის სამადლობელი წერილი გადაეცა. ორი დღით ადრე კი ვლადიმერ პუტინმა კადიროვის დედა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ივლისში, კადიროვის ძმისშვილმა ჰამზატმა “სამშობლოს წინაშე დამსახურების გამო“ ჯილდო მიიღო. სულ მალე კადიროვის მეუღლეს მედნის „გმირი დედის“ წოდება გადაეცა... პოლიტოლოგების აზრით, კადიროვის ოჯახის წევრთა დაჯილდოვება და პუტინის განსაკუთრებული დამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვს სჭირდება მხარდამჭერები, რომლებიც უსიტყვოდ დაემორჩილებიან. ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერის ასეთი „თანამშრომლობა“ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ჰგავს.

ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს რამდენიმე რუსული ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული, იმ ჯილდოების გარდა, რომელთაც ქრისტიანული ქვეტექსტი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 28 წლის პოლიტიკოსს, მანამდე, სანამ ის ჩეჩნეთის ლიდერი გახდებოდა, რუსეთის გმირის წოდება და ოქროს მედალი მიანიჭეს. შემდეგი ჯილდო მას „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მიენიჭა. კოსმონავტიკაში დამსახურებისთვის გაგარინის ჯილდო ჯერ არ გადაუციათ, თუმცა 2023 წელს მისი ხელმძღვანელობით კოსმოსში მიკროთანამგზავრი Ахмат-1 გაუშვეს. გაგარინის არა, თუმცა კადიროვის მკერდს 2022 წელს მიღებული ალექსანდრ ნეველის ორდენი ამშვენებს, რომელსაც რუსული პროპაგანდა „დასავლეთთან მებრძოლის“ მაგალითად იყენებს.

გარდა ამ ჯილდოებისა, კადიროვს უამრავი სხვა საზოგადო და პოლიტიკური ჯილდოებიც აქვს მიღებული. მათ შორისააა გუბერნატორისთვის არასტანდარტული ჯილდოებიც: მაგალითად, კადიროვი საპატიო ფერმერია, დამსახურებული უფლებადამცველი, აქვს დამსახურება სტომატოლოგიაში და სასჯელ-აღსრულების სისტემაში.

გარდა ამ ჯილდოებისა, აღსანიშნავია, რომ კადიროვი სხვა გუბერნატორებზე ხშირად ჩნდება კრემლში. ის ერთადერთია, რომელიც ღიად ამაყობს ვლადიმერ პუტინთან არაფორმალური შეხვედრებით. ნახევარი წლის განმავლობაში მას თითქმის 3-ჯერ ჰქონდა შეხვედრა პუტინთან. 4 მარტს კი პუტინმა პირველად მიიღო რამზან კადიროვის ვაჟი, უმცროსი ახმატ კადიროვი.

ევროპაში არსებული იჩქერიული მოძრაობის „ერთიანი ძალის“ წარმომადგენელი საიხან მუზაევი გამოცემა Кавказ.Реалии-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „კადიროვი შეიქმნა როგორც პროექტი და შეიქმნა დღევანდელი სიტუაციისთვის, რადგან ახლა პუტინს ძალიან სჭირდება დემონსტრაციული ლოიალობა“.

„ჩეჩნებს აქვთ ასეთი გამოთქმა: შვილს ისე ესაუბრა, რომ რძალმა გაიგოს“. კრემლი დემონსტრირებას უკეთებს ფაქტს, რომ უსიტყვო ერთგულების ნაცვლად, მას შეუძლია ჯილდოები მოგანიჭოს და თვალი დახუჭოს ჩავარდნებზე“, - აღნიშნავს მუზაევი.

„მეორეს მხრივ, ეს შეტყობინება მიმართულია ჩეჩნური საზოგადოებისკენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროპაში ჩამოყალიბებული იჩქერიული მოძრაობის მხარდამჭერები მოძლიერდნენ, ისინი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, ჩეჩნეთში კი საპროტესტო განწყობა იზრდება. პუტინი საზოგადოებას აჩვენებს, რომ არ გაიმეორებს მისი წინამორბედის ელცინის შეცდომას, რომელმაც „ზურგი აქცია“ პრორუსული განყობის მქონე ჩეჩნებს“ - აღნიშნავს ექსპერტი.

„რუსეთის ხელისუფლება ახლა მთლიანად ძალოვნებზეა დამოკიდებული და პრეზიდენტი ვერ მისცემს თავს უფლებას დაკარგოს კადროვი - მით უფრო მაშინ, როცა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟნი „წავიდა“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი აბბას გალიამოვი.

„კადიროვის და მისი ოჯახის წევრების დაჯილდოვებისას, პუტინი აღნიშნავს, რომ რეგიონში ძალაუფლება კადიროვის ოჯახის წევრზე გადავა. მოსკოვში კარგად ხვდებიან, რომ ძალაუფლების გადანაწილება ახალ კონფლიქტს და დაძაბულობას გამოიწვევს, რომელიც პრეზიდენტს არ სჭირდება“ - აღნიშნავს „კავკასიელ ხალხთა ანსამბლეის“ წარმომადგენელი რუსლან კუტაევი.

„დღეს პუტინი უსიტყვო ლოიალობის ნაკლებობას გრძნობს. სხვა გუბერნატორთა ერთგულება მას ფორმალური და არაგულწრფელი ჰგონია და სწორედ ამიტომ არის ასეთი ღირებული კადიროვის პოზიცია“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი, რომლის აზრით, სწორედ ამიტომ აჯილდოვებენ ასე გულუხვად კადიროვსა და მის ოჯახს. (წყარო)