"დიახ, გომელაურს აუცილებლად შეაწმენდენ ხელს და თანამდებობიდანაც გაათავისუფლებენ თუ..." - რას ურჩევს ოპოზიციას გია ხუხაშვილი
„განტევების ვაცი“ შეიძლება დაგჭირდეს, შეიძლება არა“ - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ვახტანგ გომელაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის გია ხუხაშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ივარაუდა, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგებზე მთავარი პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დაეკისრებოდა. „მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი...“ - ასეთი იყო გომელაურის პასუხი ექსპერტის მოსაზრებაზე. რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას და როგორი შეიძლება აღმოჩნდეს სიმართლე, ამის შესახებ გია ხუხაშვილი უფრო ვრცლად გვესაუბრება.
გია ხუხაშვილი:
- დიახ, გომელაურს აუცილებლად შეაწმენდენ ხელს და თანამდებობიდანაც გაათავისუფლებენ თუ „ქართულ ოცნებას“ პრობლემები შეექმნება. თუმცა, უნდა ითქვას რომ ხელისუფლებას არ უჭირს. აშკარაა, რომ გომელაურს „განტევების ვაცად“ ამზადებენ, უბრალოდ, შეიძლება დასჭირდეთ, შეიძლება არა! მე ახლაც მგონია, რომ გომელაური საერთოდ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე, როგორც 20 ივნისს გახარიას არ მიუღია გადაწყვეტილება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. დღეს გომელაური ისევე იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, როგორც ოდესღაც გახარია. ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება გაუჭირდეს, რა მოცემულობა უნდა შეიქნას, რომ მმართველ გუნდს „განტევების ვაცი დასჭირდეს“?
- ზოგადად, ხელისუფლების განუკითხაობა გრძელდება იმ დოზით და იმ ფორმით, რის საშუალებასაც ხალხი იძლევა. რაც უფრო მეტ ზეწოლას იგრძნობს „ქართული ოცნება“, მით უფრო ხშირად გადმოყრის ბარტყებს. შესაბამისად, ხელისუფლებასთან კითხვები არც მაქვს, მე ახლა ის უფრო მაინტერესებს, რას მოახერხებს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. ინდივიდუალური დონეზე, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანია აღშფოთებული, მაგრამ მხოლოდ აღშფოთება, ქოქოლას დაყრა და ფეხების ბაკუნი საქმეს არ შველის, საჭიროა ძალის დემონსტრირება, იმ პროცესის ინიცირება, რომელიც მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. საზოგადოების მობილიზება და კონსოლიდაცია საჭირო. რა მოხდება რეალურად, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ შეთანხმება ვერ ხერხდება ისეთ მარტივ საკითხებზეც კი, როგორიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
- მმართველი გუნდის ლიდერები, მაგალითად სარჯველაძე ამბობს, რომ მათ დასამალი არაფერი არ გვაქვს და არ არსებობს კითხვა, რომელთან დაკავშირებითაც პასუხი არ აქვთ, ვერ მივაგნებთ ვერც ერთ საკითხს, რომელთან დაკავშირებით საზოგადოება სრულად ინფორმირებული არ არის.
- ნახეთ, როგორი ვითარებაა, საზოგადოება ორადაა გაყოფილი, ხალხის დიდი ნაწილი მთავრობას არ ენდობა. მთავრობა კი იმის ნაცვლად, რომ ხალხის ეჭვებს და კითხვებს პასუხობდეს, თავისი არაადეკვატური განცხადებებით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და კიდევ უფრო მეტ კითხვებს და ეჭვებს ბადებს. ასეთ ვითარებაში, სწორედაც რომ აუცილებელია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხელისუფლების მიერ წარმოებული ვითომ გამოძიებას ახლა არავინ ენდობა. თუ მმართველი გუნდის ლიდერები გულწრფელნი არიან, როდესაც ამბობენ, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და ერთიანნი უნდა ვიყოთ, სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნას უნდა დაუჭირონ მხარი. მათ ერთიანობა ისე ესმით, რომ რასაც თავად იტყვიან, მხოლოდ ის უნდა მივიღოთ, ერთიანობასაც კი საკუთარი კომფორტის ზონიდან უყურებენ. ეს ხომ სიყალბეა! ერთიანობა მხოლოდ სამართლიანობის განცდის შედეგად თუ მივაღწევთ, სხვაგვარად შეუძლებელია. ჭირისუფლებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რა მოხდა სინამდვილეში. სრული აბსურდი თქვა კობახიძემ, თურმე სისხლის სამართლებრივი გამოძიების პერიოდში საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ დასწრებაზე არიან - ან არაფერს გამოიძიებენ, ან ისეთ რამეს გამოიძიებენ, რაც სახელისუფლებო მესიჯებს დაადასტურებს. ჩემთვის ხელისუფლების ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიცია, რომ აზრი არ აქვს ასეთი კომისიის შექმნას. კომისიის შექმნა არის ოპოზიციის ექსკლუზიური უფლება, ერთადერთი, რაც ხელისუფლებას შეუძლია, ეს საპარლამენტო სხდომების ჩაშლაა. რაც შეეხება სარჯველაძეს, ისიც კობახიძესავით იტყუება, რა დაფარული საკითხები არ არსებობს? აბა, ყოველდღე ახალ-ახალ ტყუილებს რატომ იგონებენ?! პირველ დღეს თქვეს მსხვერპლი არ არისო და წავიდნენ, მშვიდად დადეს თავი ბალიშზე, მეორე დღეს თქვეს, ოპერაციის გაგრძელების საშუალება არ გვქონდაო, ბოლოს გომელაური გამოვარდა და თქვა, ყველაფრის საშუალება გვქონდაო. რომელ ერთს დავუჯეროთ?! ჩვენ გვჭირდება სიმართლის დადგენა, რისთვისაც კვალიფიციური გამოძიება და კვალიფიციური დასკვნის გაკეთებაა საჭიროა.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)