ეგზოტიკური ხილის ლაგოდეხური ვერსიები - კვირის პალიტრა

ეგზოტიკური ხილის ლაგოდეხური ვერსიები

თამარიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საზღვრისპირა სოფელია, აზერბაიჯანს ემიჯნება, მისგან მდინარე ყოფს. ამ ზონაში მეურნეობაში ფერმერებს პრობლემები არასდროს ჰქონიათ, კლიმატური პირობების წყალობით მოსავალს თითქმის არასდროს უჭირს. ამიტომ მეურნეები, გარდა ტრადიციული ხილ-ბოსტნეულისა, დაინტერესებული არიან ეგზოტიკური პროდუქტების მოყვანითაც. მაგალითად, ფერმერ ლევან ქაჯაიას იქ მოჰყავს იაპონური და კორეული ნესვი, ფერადი შიგთავსის საზამთრო, ფერადი პამიდორი, ფიზალისი... ბატონი ლევანი ჩვენი სტუმარია და თავის სამეურნეო გამოცდილებაზე მოგვითხრობს.

ლევან ქაჯაია:

- ეს ადგილი ჩვენი დედულეთია, წლების შემდეგ აქ ოჯახი თბილისიდან საცხოვრებლად გადმოვედით. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ 40 წლის ასაკიდან მივხვდი, რომ მცენარეების მოშენება ჩემი საქმე იყო. ამიტომაც საჯარო სამსახურს თავი დავანებე და ფერმერულ მეურნეობას მივყავი ხელი.

მოკლედ, აქ ჩემი ბებია-ბაბუის სახლია, მამულები, სადაც ჩამოვდიოდით და ნახევარ არდადეგებს ვატარებდით. მოკლედ, ფერმერული მეურნეობა რომ დავიწყეთ, თამარიანში დავფუძნდით. მიწა საკუთრებაში დიდი არა გვაქვს, ქირაობა გვიწევს და მდებარეობაც სხვადასხვაგვარია. ასე გაშლილი ნაკვეთები გვეხმარება კიდეც, რომ თუნდაც სეტყვისგან დავიცვათ თავი. თუ ერთგან დაზიანდება მოსავალი, მეორეგან შეგვინარჩუნდება. რისკების შესამცირებლად ფერმერული მეურნეობა ასე გვაქვს გადანაწილებული.

- თქვენთან ერთად ვინ ინაწილებს შრომას?

- საქმე რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა ძმამ დავიწყეთ. წლეულს ჩვენსავით თბილისიდან წამოსული ახლო მეგობარი შემოგვიერთდა და ახლა უფრო დიდ ფართობებს ვეჭიდავებით, დიდი გეგმებიც გვაქვს.

ძირითადად, ბაღჩეული კულტურები მოგვყავს, იაპონური, კორეული ნესვები - განსხვავებული გემოსი და ფორმის, განსხვავებული შიგთავსის საზამთროები - წითელი უკურკო, ყვითელი უკურკო, ნარინჯისფერი, თეთრი გულით, მანგოსა და ტროპიკული ხილის გემოებით, ნუშისა და ვანილის ნოტებით. ტკბილი სიმინდიც მოგვყავს, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვართ, ვინც ამის წარმოება დაიწყო, ფიზალისიც ერთ-ერთმა პირველებმა ჩვენ მოვიყვანეთ.

მანამდე ბაზარი გამოვიკვლიეთ. ყურადღება იმან მიიქცია, რომ ხილ-ბოსტნეულის ზოგ სახეობას, რომელთა მოყვანა საქართველოში შეიძლებოდა, ჰიპერმარკეტები საზღვარგარეთ ყიდულობდნენ. ფასიც მაღალი ედო.

- ლაგოდეხი კი ნახევრად სუბტროპიკული მხარეა და საშუალებას იძლევა ეგზოტიკური ხილი მოისინჯოს...

- ბევრი კულტურა წარმატებით დაინერგა და ჩვენს კლიმატს შეეგუა. ისეთი კულტურებიც იყო, რომელთა კულტივირებასაც აღარ ვფიქრობთ.

მუშაობას ზამთრიდან ვიწყებთ. მეგობარი რომ ვახსენე, დიდი ჩინური საჩითილე-სასათბურე მეურნეობა აქვს და ზამთარში ვიწყებთ ნერგის გამოყვანას. ადრე გაზაფხულზე ღია გრუნტში გადაგვაქვს.

- გადარგვიდან რამდენ ხანში მოდის სრულყოფილი ნაყოფი?

- გააჩნია კულტურას, საზამთროს გადარგვიდან 75-80 დღე სჭირდება. კლიმატზეც ვართ დამოკიდებული, თუ გრილი გაზაფხული შეხვდა, ხანგრძლივი წვიმები, ზრდა-განვითარება ფერხდება, მზიანი დღეები კი ამისთვის ხელსაყრელი პირობაა. 2,5 ჰექტარი ბაღჩეულ კულტურას, საზამთროსა და ნესვს უკავია, 1,5 ჰექტარი კი ტკბილ სიმინდს (თეთრსა და ყვითელს).

- რით გამოირჩევა ტკბილი სიმინდი?

- სახამებელს არ შეიცავს, შეიძლება მოუხარშავადაც მოხმარება, ადვილი მოსანელებელია და ძალიან მდიდარია ვიტამინებით... სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში ეს პროდუქტი ნელ-ნელა­ ინერგება.

- ბიოპროდუქტს აწარმოებთ?

- ბიოპროდუქტს თავისი სტანდარტები აქვს. ნაკვეთი რამდენიმე კილომეტრით უნდა იყოს ცენტრალური გზიდან დაშორებული, რამდენიმე კილომეტრში არ უნდა იყოს პესტიციდები ნიადაგში გამოყენებული. ფაქტობრივად, ასეთი ადგილი საქართველოში არ არის. ჩვენში რასაც ბიოპროდუქტს ეძახიან, ეს ნიშნავს, რომ შხამქიმიკატებით არ აქვს ფერმერს დამუშავებული.

ჩვენც ამ მიმართულებით მივდივართ, უარს ვამბობთ ჰიდროპონიკაზე, ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ქართულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი შევთავაზოთ. როცა აუცილებელია, მხოლოდ ისეთი პრეპარატებით ვამუშავებთ, რომლებიც პროდუქტში მავნე ნივთიერებებს არ აგროვებს. არის ევროკავშირის სერტიფიცირებული ბიოსაშუალებაც. ეს სასუქი ქართულ ბაზარზე არა ჭარბად, მაგრამ არის და ეფექტურია. ის ხელს გვიწყობს მაქსიმალურად სუფთა პროდუქტის წარმოებაში. როცა პროდუქტი სავაჭრო ქსელში შეგვაქვს, ნიტრატების შემცველობას გვიმოწმებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტესტი პროდუქტმა სრულად გაიაროს. თუ ვერ გაივლის, პროდუქტი დაგვრჩება, რაც ფერმერისთვის დიდი ზარალია. ამიტომ ნიტრატებს არ ვახმართ. ვცდილობთ მოსავლიანობა ნაკლები იყოს, სამაგიეროდ, გემოვანი თვისებებით გამორჩეული. პროდუქტი ზომით შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ ჯანსაღი. მეურნეობასა და აგრონომიაში არის ერთი ოქროს წესი - "რასაც შენ ჭამ, ის უნდა გაყიდო" - ანუ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.

მოგვყავს შოკოლადისფერი, შავი, ვარდისფერი, წითელი, ყვითელი, თეთრი პამიდორი. მოდის ღია გრუნტზე, ეკოლოგიურად სუფთაა და გემრიელი, მოსავლიანობა კი ბევრად დაბალია, ვიდრე სასათბურე წარმოებაში, მაგრამ ჩვენი მიზანია ბაზარზე ადგილი ეკოლოგიურად სუფთა, გემრიელი პროდუქტით დავიმკვიდროთ.

mamul2-1692092991.jpg

- სათესლე მასალა სად მოიპოვეთ?

- რაც ჩვენ გვჭირდება, ის მიმართულება საქართველოში არ არის. გვიწევს ახლობლების, მეგობრების უცხოეთში შეწუხება, მათ ვაგზავნინებთ, ზოგჯერ კომპანიას ვუკვეთთ. ზოგიერთი კულტურის სათესლე მასალის შემოტანა (ტკბილი სიმინდი, ფერადი საზამთროები) უკვე დაიწყეს. გვინდა ყოველ წელიწადს შევმატოთ მეურნეობას ახალ-ახალი პროდუქტი.

- შრომა და დაკვირვება გამოცდილებასაც დაგიგროვებდათ...

- როცა ამ პროდუქტების დანერგვა დავიწყეთ, იმდენად სიახლე იყო, საზოგადოებამ ვერც მიიღო და კომერციული ეფექტიც არ ჰქონდა. 2-3 წელიწადს ზარალზე ვმუშაობდით, მაგრამ მცენარისა და ჩემი საქმის სიყვარულმა უფრო გამაგრძელებინა ეს საქმე. მჯეროდა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდებოდა და არ დავანებეთ თავი. ადრე კვირაში დაახლოებით 200 კილოგრამს ვყიდდით, ახლა კვირაში ორი ტონა იყიდება. წლები დასჭირდა ჩვენი პროდუქტის დანერგვას, მაგრამ დღეს მას ჰყავს მომხმარებელი და მჯერა, რომ რენტაბელური და მომგებიანი იქნება.

- რა იყო მთავარი, რასაც წარმატებისკენ მიჰყავდით?

- სანამ ამ ყველაფერს ჩავუღრმავდებოდი, წარმატებულ ფერმერებს ვეკითხებოდი. ნაწილი მეუბნებოდა, რომ საკუთრებაში უნდა გვქონოდა მიწის დიდი ფართობები. ზოგი მეუბნებოდა, რომ ამისთვის დიდი ფული იყო საჭირო. არც დიდი ნაკვეთები მქონია და არც დიდი ფული. წარმატებისკენ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყევი. რასაც აკეთებ, თუ არ გიყვარს და სიამოვნებას არ განიჭებს, ჯობს თავი დაანებო.

მეურნისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა მუშახელის სიმცირეა. საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ, ბევრად რთულ ფიზიკურ საქმეზე იხარჯებიან, საბოლოოდ კი იმაზე მეტს არ იღებენ, რაც შეიძლება საკუთარ ქვეყანაში იშოვონ. არადა, ჩვენ ცუდად არ ვუხდით. შარშან მუშახელის გამო 5 ტონა ვარდისფერი პამიდორი მინდორში დავალპეთ, ვერ მოვერიეთ.

რატომ არ არის ქართული წარმოებაო, ჩივიან. იმიტომ, რომ სხვა ბევრ რამესთან ერთად, არ არის გადამმუშავებელი ქარხნები, თუნდაც მინისაკონსერვო საწარმო. ეს ინიციატივა არც ხელისუფლებამ აიტაცა და არც ბიზნესმა. ბევრი პროდუქტის წვენი, ჯემი გაკეთდებოდა... ამიტომ ახლა ვფიქრობთ, ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო გავაკეთოთ. ამით სხვებსაც დავეხმარებით... დავეხმარებით იმაშიც, რომ ახალ ტექნოლოგიებში გავარკვიოთ და ახლოს გავაცნოთ.