„კარტოფილის დედოფლის“ საქსონიური ბაღი - კვირის პალიტრა

„კარტოფილის დედოფლის“ საქსონიური ბაღი

"ჩემი გადარჩენილი კაქტუსი მეორედ ამიყვავდა, დღეს დილით ყვავილი დამახვედრა, და კიდევ ერთი მალე აყვავდება! ასე მიხდის მადლობას გადარჩენისთვის და ყოველდღე მაბედნიერებს... თურმე რა არ შეუძლია სიყვარულს", - ამბობს ნანა ანდრონიკაშვილი, რომელმაც გერმანიაში თავისი სახლის ტერასაზე პატარა საქართველო შექმნა...ანდრონიკაშვილების შთამომავალი ნანა ანდრონიკაშვილი საქსონიის ჰერცოგს გაჰყვა ცოლად. მსახიობი, პროდიუსერი და ჟურნალისტი გერმანიაში, ჰანოვერში 2007 წლიდან მეუღლესთან ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგსა და შვილთან, მარიამ, პრინცესა ფონ საქსენ-ალტენბურგთან ერთად ცხოვრობს. წლების წინ ნანა ანდრონიკაშვილმა ეს სახალისო ამბავი გვიამბო:

ნანა ანდრონიკაშვილი: - ვერაზე, ხუთსართულიანი სახლის აივანზე, დედას ვარდები ჰქონდა. მოკლედ, ვარდი გადავჭერი და ინტერნეტში მითითებულ ინსტრუქციას მივყევი, უნდა ამეღო კარტოფილი, ვარდის ტოტი ნატურალურ თაფლში ამომევლო და კარტოფილში ჩამერჭო. მეც ამოვავლე აკაციის თაფლში ვარდის ტოტი, ჩავარჭვე კარტოფილში, ჩავდე საყვავილეში და მიწა დავაყარე. მეოთხე-მეხუთე დღეს ნიშანი უნდა მოეცა, მაგრამ დრო გადიოდა და... ცოტა გავნერვიულდი, მეხუთე დღეს დავინახე, რაღაც მწვანე ამოდიოდა, ივნისის ბოლოს კი ვარდების ნაცვლად... კარტოფილის მოსავალი ავიღე, თანაც რეკორდული, 200 ცალი! მას შემდეგ, "კარტოფილის დედოფალს" მეძახიან. დღეს ჩემს ბაღში კარტოფილიც მაქვს, პამიდორიც, სტაფილოც და სხვა ბოსტნეულიც. ეზოში ვარდები და აუზი, სადაც ოქროს თევზები და წყლის ყვავილებია.

- ტერასაზე უფრო მეტი მცენარე გაქვთ?

- დიახ, ჩვენი ტერასა პატარა, მწვანე სილამაზეა. შარშან განსაკუთრებულად ვემზადებოდი, მინდოდა ჩემი ტერასის ბაღისთვის ბევრი მცენარე შემემატებინა. მცენარეებს სად არ ვეძებდი და ძალიან უცნაურ ადგილას ვიპოვე... გერმანიაში არსებობს კანონი, ბალახს, ხეს რომ მოჭრი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უნდა წაიღო. იქ რაღაც დიდი კონტეინერი ტრიალებს და ყველაფერი გადამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა გამოდის. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი მოვაგროვეთ და ჩასაბარებლად წავიღეთ. ჩვენსავით ბევრ გერმანელს გადასაყრელად შეგროვებული მცენარეები ჰქონდათ მოტანილი... უკვე წამოსვლას ვაპირებდით და ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, ახალგაზრდა კაცმა მანქანა გამოაღო და გადასაყრელად ჩასაბარებელი მცენარეები გადმოიტანა. შევხედე, ქოთანში პატარა ნაძვი იყო ჩარგული, რომელიც ძალიან შემეცოდა. კაცს მაშინვე ვკითხე, უნდა გადააგდოთ-მეთქი? რასაკვირველია, ჩემგან უცნაური კითხვა იყო, რადგან იმ ადგილას ვიდექით, სადაც ყველა მცენარეების გადასაყრელად ვიყავით მისული. გაიღიმა და მითხრა, ესეც უნდა გადავაგდო და კიდევ ბევრი რამ, რადგან სადაც გადავდივართ, იქ ძალიან ბევრი ახალი ნარგავი გვაქვსო. ვთხოვე, მე მომეცით-მეთქი... ძალიან გაუხარდა, წაიღეთ, თუ ძალიან მოინდომებთ, გააცოცხლებთ, კარგი ჯიშის ნაძვიაო. დავინახე, რომ ძალიან ლამაზი საყვავილე ქოთანიც ჰქონდა, გულის ფორმის. ვუთხარი, მისი საყვავილეც რომ მომეწონა და მიპასუხა, ამაში კაქტუსია, რომელიც უკვე მკვდარია, მაგრამ ესეც გქონდეთო. ჩემი მეუღლე მერე ყველას უყვებოდა, ნაგავსაყრელიდან ჩემმა მეუღლემ ნაძვი და მკვდარი კაქტუსი წამოიღოო.

mamul3-1692092991.jpg

- გადაარჩინეთ?

- ნაძვიც, კაქტუსიც ჩემს ტერასაზე დავრგე. უბრალოდ, ყოველ დილით გავდიოდი და დილა მშვიდობისა, როგორ ხართ-მეთქი, ვეუბნებოდი. კაქტუსს ვთხოვდი, რადგან გადაგარჩინე, მოდი, ნუ მოკვდები-მეთქი. ამას გულწრფელად, ძალიან დიდი სიყვარულით ვთხოვდი. ჩემდა საბედნიეროდ, ორივემ გაიხარა. ახლა ტერასაზე ნაძვის ხე და ის ერთ დროს მკვდარი კაქტუსი მაქვს, რომელიც აყვავილდა. ჩემს მეგობრებს უკვირთ, ეს კაქტუსი ას წელიწადში ერთხელ ყვავისო. ჩემი გადარჩენილი კაქტუსი კი მეორედ აყვავდა, დღეს დილით ყვავილი დამახვედრა და კიდევ ერთიც მალე აყვავდება! ასე მიხდის მადლობას გადარჩენისთვის. პროფესიონალებმა მითხრეს, გინესის წიგნში ხარ შესაყვანი, რადგან ეს 100 წელიწადში ერთხელ ხდებაო! მართლაც რა არ შეუძლია სიყვარულს.

მინდა გაგანდოთ, ამ ყველაფრის ძალას რა მაძლევს - პანდემიისას დაწყებული ჰობი ცხოვრების ნორმად გადაიქცა. ყველაფერ ამას ოჯახისთვის ვაკეთებ, ოჯახზე ზრუნვა ჩემთვის ქვეყანაზე ზრუნვის პატარა ნაწილია. აქ არ არის მიღებული, რაც მე გავაკეთე, მწვანე ნაგავსაყრელზე უცნობ ადამიანს რომ დაველაპარაკე და მცენარეები გამოვართვი, რომ არ გადაეგდო. ეს შემაძლებინა იმან, რაც ჩემი მშობლებისგან ვისწავლე და რასაც მარიამს პატარაობიდან ვასწავლიდი: არასოდეს ჩაიქნიო ხელი შენი ოცნებებისთვის ბრძოლაში-მეთქი... მახსოვს, მარიამი მესამე კლასში იყო, სახლში მოვდიოდით და სადგურში ჩვენს ბაქანზე მისასვლელად მთელი სადგური უნდა გაგვევლო. მარიამს ვუთხარი, სამი წუთი გვაქვს და ვერ მივასწრებთ, შემდეგ მატარებელს დაველოდო-მეთქი და ამ პატარა გოგომ უცებ მითხრა, დედიკო, მთელი სამი წუთი გვაქვს, გავიქცეთ და აუცილებლად მოვასწრებთო. ამ სიტყვებმა ისეთი ძალა მომცა, გავიქეცით და მართლა მოვასწარით. დედიკო, ჩვენ ეს შევძელითო, გახარებულმა მითხრა. ამ სიტყვებმა გამაბედვინა მეთქვა, არ გადაეგდო იმ კაცს მცენარეები და გადამერჩინა.

- ამბობთ, რომ თქვენს ტერასაზე პატარა საქართველოა...

- ნამდვილად! ეს სიყვარული მარიამსაც ჩავუნერგე. დედა ნატრობდა ხოლმე, ნეტავ მიწა გვქონდესო. ახლა მგონია, რომ დედაჩემის ნატვრა ავასრულე. ვგრძნობ, რომ ხედავს, რომ ბუნების სიყვარულით ვცხოვრობ. მე გერმანიის მოქალაქე ვარ, მაგრამ ყველაფერს ქართულად ვაკეთებ და ამაყი ვარ. ხშირად ვამბობ, ეს და ეს მინდა კახეთში გავაკეთო-მეთქი. ჯერ კახეთში ვერა, მაგრამ გერმანიაში ხომ ავისრულე ოცნება - ანუ შემიძლია იქაც გავაკეთო.

გურჯაანში ჩემი წინაპრების სახლის ნანგრევები გვაქვს. მინდა სპონსორი მოვძებნო და მუზეუმი შევქმნა... გერმანიაში მეორე გრეტას მეძახიან. გრეტა ტუნბერგი შვედი ბუნების დამცველი გოგონაა, ახლა 18 წლისაა. მას 3 წლის წინ ნობელის პრემია მისცეს. მან ბუნებისდაცვითი მოძრაობა დაიწყო და მთელ მსოფლიოს მოსდო. ქურთუკი ვიყიდე, რომელიც ეკოლოგიური, ნატურალური მასალისგანაა შექმნილი და უკან, დიდი ასოებით აწერია: "დედამიწა". ჩვენ მხოლოდ ერთი დედამიწა გვაქვს და ის უნდა გადავარჩინოთ. ამ ქურთუკით რომ დავდივარ და თან ჩემს გადარჩენილ მცენარეებს დავფოფინებ, ყველას ყურადღებას ვიქცევ. თურმე რა ადვილია რამე გააკეთო, თუ მთელი გულით მოინდომებ. გადამდებია მცენარეებზე ზრუნვა. გერმანელებს ამას ვერ დავუწუნებ, ეკოლოგიისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ. შენც რომ იმავეს ცდილობ, ამას ძალიან აფასებენ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ.