ვის უმზერენ ნადარბაზევის მზესუმზირები - კვირის პალიტრა

ვის უმზერენ ნადარბაზევის მზესუმზირები

ნადარბაზევში მზესუმზირებით გადავსებული ულამაზესი ველი ბოლო დროს ერთობ პოპულარული ადგილია, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ფოტოების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ავტობანიდან სულ 2 კილომეტრშია. ფერმერი თეიმურაზ­­ ფსუტური ამ მეურნეობას დღედაღამ თავს დასტრიალებს. ინტერვიუსთვის რომ დავურეკე, ხუმრობით ვუთხარი, ჩემს თვალში ქართველი ვან გოგი ხართ-მეთქი. უფ, რას ამბობთ, ცოტა მაკლიაო, თუმცა იუმორში მალევე ამყვა, - ჰო, ოღონდ მზესუმზირებს მე მინდორზე "ვხატავო", შემდეგ კი ამ "ხატვის" შესახებ ვისაუბრეთ.

- როგორ შეძელით ასეთი ლამაზი და განსაკუთრებული გარემოს შექმნა?

- განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. საქმის დაწყებამდე კონსულტაცია კახეთის რეგიონში გავიარეთ, სადაც მზესუმზირის მოყვანის გამოცდილება აქვთ. ჩვენ გორის რაიონში, კვერნაქის სერის ფერდობზე გვაქვს ნაკვეთები. აქვეა ნადარბაზევის ისტორიული ტბა და წმინდა გიორგის სალოცავი, ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 750 მეტრზეა.

წლების განმავლობაში ამ მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა. თესლბრუნვას ვერ ვაკეთებდით, თესლბრუნვა კი ნიშნავს, რომ ერთ წელს ერთი კულტურა მოიყვანო, მეორე წელს - სხვა... არადა, სულ ხორბალს, ერთსა და იმავე მონოკულტურას ვთესავდით. ამან კი მიწა დააავადა. მავნებლებისთვის კარგი პირობები შეიქმნა. ამიტომაც გადავწყვიტეთ პარკოსანი კულტურა, ბარდა ან მზესუმზირა დაგვეთესა. პირველ ეტაპზე 6 ჰექტარზე მზესუმზირა დავთესეთ. მზესუმზირებში ორი სახეობაა - საზეთე და საკონდიტრო. პირველ ეტაპზე საზეთე მზესუმზირა გვეთესა, რადგან მეტად გვალვაგამძლეა. წვრილმარცვლიანია, მაგრამ გული სავსე აქვს და ზეთისთვის გამოიყენება. შედეგი კარგი გვქონდა, 50 ჰექტარზე 2,5 ტონა მივიღეთ და მეფრინველეობის ფაბრიკას ჩავაბარეთ. 1 კილოგრამში 2,15 ლარი გადაგვიხადეს.

mzes2-1692095651.jpg

- შარშან სადაც მზესუმზირა გეთესათ, წლეულს ისევ დათესეთ?

- წლეულს ხორბალი დავთესეთ და 1 ჰექტარზე უკვე 5 ტონა ავიღეთ. დაავადება ნაკლებად გაუჩნდა, ფაქტობრივად, ჰერბიციდი არ გვიხმარია, უბრალოდ, დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები შევიტანეთ - წვიმიანი გაზაფხული იყო და დაავადება რომ არ გასჩენოდა. ვინაიდან წინა წელს მზესუმზირა გვქონდა მაგ ფართობზე დათესილი, ნაკლები ჰერბიციდების და წამლების გამოყენება დაგვჭირდა. ნიადაგი გათავისუფლებული იყო სარეველებისგან, რადგან მზესუმზირა ბრტყელფოთლიანია და სარეველებს არ იკარებს. მზესუმზირა კი სხვა ნაკვეთში გადავიტანე. იქვე, 50-ჰექტარიანი ფართობის გვერდით, 10 ჰექტარი გვაქვს და შედარებით მცირე რაოდენობით დავთესეთ. ფრანგული ჰიბრიდებია, ამჯერად არა საზეთე, არამედ საკონდიტრო. ცოტა აღმოცენების პრობლემა გვაქვს შარშანდელთან შედარებით, რადგან წვიმიან-ტალახიანი გაზაფხულის გამო აგროვადაში ვერ ვეტეოდით. მზესუმზირა აპრილის ბოლოს დავთესეთ და ისე ვერ დაითესა, როგორც საჭირო იყო - რიგთა შორის რაოდენობა ცოტა შეცვლილია. თუმცა, მოსავალს წლეულსაც არა უშავს.

ჩვენი მიზანი თესლბრუნვაა. ასეთი მიდგომა გვაქვს - ყველაზე დიდი აგრონომი ბუნებაა, უნდა მოვერგოთ ბუნებას და იმას არ უნდა ვეცადოთ, რომ ბუნება მოვირგოთ. მინიმალურად უნდა ჩავერიოთ ნიადაგის დამუშავებაში. ვაკეთებთ ტესტებს, საკითხს ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით ვუდგებით, არ ვხნავთ. სარეველას ჰერბიციდებით ვებრძვით და მინიმალურად ვამუშავებთ.

- მზესუმზირას აღება როდის უწევს?

- აპრილში დავთესეთ და აგვისტოს მეორე და სექტემბრის პირველ ნახევარში ავიღებთ. მართლაც ძალიან ლამაზია მცენარის ყვავილობა. მეზობლებს ფუტკრები ჰყავთ და ვცდილობთ, თუ ჰერბიციდს შევიტანთ, მხოლოდ მინიმალური დოზა იყოს, რათა ფუტკარს არ ავნოს. ფუტკრები მცენარის დამტვერვაშიც გვეხმარებიან.

მინდა ისეთ ფასად გავყიდოთ, რომ მომხმარებელიც კმაყოფილი იყოს და ჩვენც.

- მოკლედ, წლეულს საკონდიტრო მზესუმზირა გაქვთ...

- დიახ. დასახარისხებელი გვექნება, მარცვალს დავარჩევთ. გვინდა მაღაზიებში დაფასოებული გავყიდოთ.

- რამდენი კაცია კოოპერატივში?

- 13 კაცი ვართ. ყველა თავის ფართობით არის შემოსული. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დახმარება გაგვიწია და ტექნიკა მოგვცა, რომელსაც აქვს ორი ტარიფი - ერთი, ვინც კოოპერატივისთვის მუშაობს და მეორე - კომერციული, როცა სხვები ქირაობენ. კოოპერატივის ტექნიკა ასე მუშაობს - საწვავის, ოპერატორის ხარჯი და ცვეთის კოეფიციენტი, რაც ჯამში კომერციულ ფასთან შედარებით დაახლოებით 30%-იან შეღავათს გვაძლევს. კოოპერატივის წევრებს, ვისაც 2 ან 5 ჰექტარი აქვს, ტექნიკას კოოპერატივის ფასში იყენებს. მუშახელს კი სოფელში ვქირაობთ.

mzes3-1692095651.jpg

- ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თქვენი მზესუმზირების სანახავად ჩამოდიან. აპირებთ საქმიანობის აგროტურისტული მიმართულებით გაშლას?

- ვფიქრობთ გავაკეთოთ ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯები და პირველ ეტაპზე მასალად ნამჯა გამოვიყენოთ. ოღონდ მთავრობას ვთხოვთ დახმარებას - გზა არა გვაქვს, 2 კილომეტრია დასაგები და იქნებ გაგვიკეთონ.

ნადარბაზევი ისტორიული სოფელია. სულ მოდიან ტურისტები. კვერნაქის სერი იმით გამოირჩევა, რომ მუდამ ქარი ქრის, მშრალი ამინდია, იქით მტკვრის ხეობაა და ჩვენგან 5 კილომეტრში უფლისციხე, ტყე-ტყეა გადასასვლელი. ახლოსაა ტირიფონის ველი... და მოკლედ, ჩვენი მზესუმზირები ძალიან ლამაზ ადგილას არის. ამიტომ გვინდა მეტი მნახველი ამოვიდეს, დაისვენოს, ჩვენ კი დავთესოთ მზესუმზირები და ყველანი ერთად მზესუმზირების სილამაზით დავტკბეთ..

- წყალი უყვარს თქვენს მზესუმზირას?

- კი, უყვარს. სხვათა შორის, სულ 70-მდე სახის ნიადაგი არსებობს, საქართველოში 55-ზე მეტია. ჩვენი ამოცანაა ამ ნიადაგში ტენი შევინარჩუნოთ. როდესაც ვხნავთ ნაკვეთს, ამით ნიადაგს უფრო ვაშრობთ, ამიტომ ვცდილობთ ნიადაგის დამუშავებაში მინიმალურად ჩავერიოთ. ის არსებული ტენი უნდა დარჩეს და მისი შენარჩუნებაც ასე უფრო ადვილია. ქარი ნაკლებად იტაცებს ნიადაგს და ქარისმიერი ეროზია ნულდება.

- პროფესიით აგრონომი ხართ?

- იურისტი, მაგრამ ბავშვობიდან აგრონომიას მივყვები და შემიძლია უკვე ვთქვა, რომ აგრონომიც ვარ. კომუნისტები გლეხის განათლებასა და განვითარებას ყურადღებას არ აქცევდნენ, დღეს სხვა ვითარებაა. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით კარგი ფერმერი კარგი აგრონომიც უნდა იყოს, კარგი სინოპტიკოსიც, ქარის მიმართულებებში ერკვეოდეს, იცოდეს მექანიზაცია და სხვ.

ადრე ჩვენი წინაპარი ხორბალს რომ თესავდა, მეშვიდე წელს ნიადაგი უნდა დაესვენებინა. თესვისას კი ასე ამბობდა, ერთი ღმერთს, ერთი სტუმარს, ერთი თაგვს, ერთი ჩიტს... მეშვიდე კი ჩემს ოჯახსო. მეც ფრინველებს მზესუმზირის თავებს არ ვუგმანავ, მათაც ხომ ეკუთვნით თავიანთი წილი, ახალი ჯიშები ისეთია, მზესუმზირა თავს ძალიან დაბლა ხრის და ფრინველისთვისაც თავდახრილი მზესუმზირა ნაკლებად ხელმისაწვდომია.

უფალი ამბობს, პური როგორც ხორცი ჩემი და ღვინო როგორც სისხლი ჩემი - ამ ორ კულტურას ოდითგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. ამასთან, თითოეულს ის თავისებურება აქვს, რომ ჩვენი წინაპრები ხორბალს რომ იღებდნენ, ყოველთვის კარგი განწყობა უნდა ჰქონოდათ, რათა მოსავალიც კარგი ყოფილიყო. ამ ადგილებში სიმშვიდე და კეთილგანწყობა უნდა იყოს და ამას სულ ვცდილობთ, მადლიერებიც ვართ და გულღია მასპინძლებიც.

ბოლოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას. პირველად მან გადაიღო ჩვენი მზესუმზირის ველი და ფართოდ გააცნო საზოგადოებას.