"ერთხელაც ეს ხეობას წალეკავს და მსხვერპლი იქნება... ამბობდა ქალბატონი და თოვლიან მთას გაჰყურებდა... მან "მთის ენა" იცოდა"
ტრაგედიის მიზეზი არის თქვენი არაადეკვატური ურთიერთობა, არა მხოლოდ მოქალაქეებთან, არამედ - ბუნებასთან, ყველგან და ყოველთვის!
"ერთხელაც ეს ხეობას წალეკავს და მსხვერპლი იქნება..." - აი, კიდევ ეს ფრაზა მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, როდესაც შოვში დასასვენებლად ვიყავით ჩასულები, იქ მომუშავე ერთი ქალბატონი ამბობდა და თოვლიან მთას გაჰყურებდა. ის არ იყო გეოლოგი, მან იცოდა "მთის ენა", იქ არსებული ვითარება, მაგრამ ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და 90-იანი წლების ბოლოს სრულ ქაოსში ვიმყოფებოდით, მან იცოდა, რომ საბჭოთა მოდგმის ადამიანები თავს არ იწუხებდნენ მყინვარის მოქმედების გათვლებზე...
დედას ჩავაცივდი, გთხოვ გაიხსენე კიდევ რას გვეუბნებოდა ეს ქალი, საიდან იცოდა, რომ ერთ დღეს მთა არ მიგვიღებდა, არ გვაპატიებდა მასთან „უხეშ შეხებას“... ფაქტი, იცით, რა არის, ადამიანებო? იმ დროიდან მოყოლებული, მკვეთრად შეიცვალა ბუნება და ჩვენ ამაზე ზერელედ ვსაუბრობთ. უბრალოდ ვამბობთ, რომ გლობალური დათბობის პროცესი დაიწყო, ძალიან გვცხელა, უჟანგბადო ჰაერია, მყინვარების დნობის პროცესი იწყება და არაფერს ვაკეთებთ მიდგომების შეცვლისთვის ანუ ვერ ვიაზრებთ, კიდევ რაზეა საუბარი.
ვერ ვიაზრებთ, რადგან ეკოლოგიურ-გეოლოგიური განათლება ხომ დაბალ დონეზეა, ყოველ შემთხვევაში, არაპრესტიჟულ დარგებს შორის არის ჯერ კიდევ, დაფინანსებაც ხომ არა აქვთ, მეცნიერები ხომ შიმშილით იხოცებიან, თსუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორია, რომელიც დიდი ბრძოლის მიუხედავად, არ აღმდგარა, საქმე კი კეთდება დიდი რისკის ფასად, ხომ არავის ადარდებს და არც არავინ მსჯელობს წყლის ხარჯების ჩვენების შესახებ...
ეხლა როგორ გვჭირდებოდა მსგავსი რამ. შესაძლოა, ეს ჩვენება არც არსებობს და ამიტომ არც ვიცით ამ წყლის წარმომავლობის საკითხი. არც ერთი ჰიდროლოგი და პროფესიონალი ხომ არ მიუწვევიათ ტელევიზიებში! ხომ არც არავის არაფერში სჭირდება ისინი...
სამაგიეროდ, ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არაპროფესიონალიზმთან ერთად ადამიანობაც დაბალ დონეზეა. რომ მგონია, სპეციალისტია ან მოქალაქეა, პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენ.... აღარ მინდა გავიაზრო კიდევ ერთხელ, როგორ არაფრად უღირთ მავანთ მოქალაქეების სიცოცხლე.
ვერაფრით ვაანალიზებ იმ ფაქტორს, რის გამოც შეუძლიათ მუდმივი ბრალდებების ან მუდმივი თავის მართლების პოზიციაში იყვნენ და არასოდეს არ იწყებოდეს პროფესიულ დონეზე გააზრება, რა გვასწავლა ამ ტრაგედიამ?
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ნალექების რაოდენობა მომატებულია. ადრე ერთ კვირაში რა ნალექიც მოდიოდა, შესაძლოა, ერთ დღეში მოვიდეს. დღეს კი არა, მინიმუმ ორი წელია, ვისმენთ მსგავსს. ეს არაფერს გვეუბნება?
ტრაგედიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვითვალისწინებთ თუ არა კლიმატის ცვლილებას, თუნდაც ქალაქებში გზების დაგების დროს? შესაძლოა საუკეთესოდ „რეაბილიტირდეს“, მაგრამ მეორე დღეს ხედავ, რომ იტბორება. ვითვალისწინებთ თუ არა კალაპოტების გაწმენდის თუ მოწესრიგების დროს, რომელზეც თანხები იხარჯება და მეორე წუთში (მაცხოვრებლებიც თუ არა) მიმდებარე ტერიტორიები წალეკილია? ესე იგი ბუნებასთან ურთიერთობაში ვერ შევდივართ, ხომ?
„მთელი რიგი ხეობების რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებისთვის“ - ეს მოსაზრება (შესაძლოა) დაახლოებით ორი წლის წინ მქონდა წაკითხული და სად გამოვიყენეთ? სხვა ხეობებში რა ხდება, ვიცით? დღევანდელი ტრაგედია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ბუნებასთან და ადამიანებთან მიდგომები შევცვალოთ?
ნუთუ ამის შემდეგ მთავარი საკითხია ხელისუფლებაში მოსვლა? ან პოლიტიკური თანამდებობები? რა საგამოძიებო კომისიაზეა ლაპარაკი, მართლა მაინტერესებს?! ის მაინც რომ ვიცოდე, როგორც მოქალაქემ, რომ წყალდიდობის ან ღვარცოფის დროს ელემენტარულ დონეზე რა უნდა გავაკეთო (ეს ხომ გაწერილი უნდა იყოს) და არ გავაკეთე, რა დონის ბუნებრივ მოვლენაზე რა რეაგირება უნდა ჰქონოდა შესაბამის სამსახურს და არ ჰქონდა და ასე შემდეგ, მერე დავუშვებ, რომ გამოიძიონ, ვინ რა დროს რა დააგვიანა ან რა ვერ გააკეთა. დღეს რას ვიძიებთ? ვინ როგორ დასცინით ადამიანების ტრაგედიას? ამას ვიძიებთ? მთელი პოლიტიკური სპექტრი არაპროფესიონალებით სავსე რომ ხართ, იქნებ ეს გამოიძიოთ?
ვითომ საქმის მკეთებლების, ურა-პატრიოტების ლაყბობას ვისმენთ მთელი ეს დღეები და ამ დროს, ძლივს გადარჩენილი ადამიანებისთვის სასწრაფო დახმარების ექიმებს, უბრალოდ, არც პლედები აღმოაჩნდათ, არც ტეტანუსის აცრა, არც... გეყოფათ! ეს გასაანალიზებელი ნუთუ არ არის? საფუძვლიან ცვლილებებზე ფიქრის დრო ნუთუ არ არის?
როგორც მოქალაქე, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც გეკითხებით, რამე კვლევა ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში ხეობების ბუნებრივ ცვლილებებთან დაკავშირებით? სპეციალისტებისგან იცით, მყინვარზე დიდ ინერციას ან კლდეზვავს რა ქმნის? დღეს მაინც ხომ უნდა ხმამაღლა თქვათ, რომ კალაპოტები და კოტეჯები კი არა, სოფლები და ქალაქებიც გადასახედია!
ეკოლოგიისა და გეოლოგიის უგულებელყოფით ვერ შეიქმნით ნეტარებას, თუნდაც მაგ თქვენს აშენებულ ვილებში! ვერ იქნებით მუდმივები.
თქვენი ღრმა პოლიტიკური „მოღვაწეობაც“ გადასახედია, რადგან ამ უდიდესი და მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება-შემცირების საფუძველი არის ადამიანის სიცოცხლისა და ბუნების ადეკვატური შეფასება ყველგან და ყოველთვის!