რა უნდა იცოდეთ ქართველი ჟანა დ’არკის, მარო მაყაშვილის შესახებ
მარიამ მაყაშვილი 1902 წელს დაიბადა. მისი მამა პოეტი იყო, ბებია კი ცნობილი მწერალი და ამიტომ მაროს პატარაობიდანვე შესისხლხორცებული ჰქონდა ქართული მწერლობის, ისტორიისა და ყველაფერი ქართულის სიყვარული. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში.
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი - ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებამ, რაც იმდროინდელ პრესაშიც აისახა, მას ქართველი ჟანა დ′არკი უწოდეს.
1918 წლის 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა! ქალთა გიმნაზიის მოწაფე მარო მაყაშვილი სხვებთან ერთად ზეიმობდა ქვეყნის გათავისუფლებას. იგი განსაკუთრებით იმით ამაყობდა, რომ მისი ბიძა, დედის ძმა - რევაზ გაბაშვილი დამფუძნებელი კრების, ანუ იმ პირველი პარლამენტის წევრი იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტს, ამ ისტორიულ დოკუმენტს, მისი ხელმოწერაც ამშვენებდა.
ქართველმა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ მტერი არ მოისვენებდა და შესაძლო იყო, ბრძოლა დასჭირვებოდათ დამოუკიდებლობის დასაცავად. ამიტომ შეიქმნა „ქართველ შევარდენთა გაერთიანება“, რომელშიც ქალიშვილები და ჭაბუკები ვარჯიშობდნენ და ხშირად საჩვენებელ-სატანვარჯიშო გამოსვლებსაც აწყობდნენ. მარო განსაკუთრებით ამაყობდა „შევარდენთა“ თეთრი ტანსაცმლით და გულმოდგინედ ვარჯიშობდა.
სპორტიც იტაცებდა მაროს, პოეზიაც, სწავლასაც არ აკლებდა ყურადღებას, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გატაცება თეატრი იყო. ერთხანს მსახიობობაც ჰქონდა გადაწყვეტილი და გიმნაზიისა და საოჯახო სპექტაკლებშიც მონაწილეობდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა...
1918 წლის 8 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა! მარო ისეთი აღტაცებული იყო ეროვნული უნივერსიტეტით, იმით, რომ საშუალება ექნებოდა ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძისა და სხვათა ლექციები მოესმინა, რომ საზღვარგარეთ სწავლის გეგმა დროებით გვერდზე გადადო და თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
„წითელი ჯვრის“ ორგანიზაციაში გოგონების ჩაწერა დაიწყეს, რომლებიც ფრონტზე უნდა წასულიყვნენ დაჭრილების დასახმარებლად. მარომ დაიგვიანა მისვლა, ჯერჯერობით საკმარისია გოგონები, თუ დაგვჭირდი, გამოგიძახებთო, უთხრეს.
მარომ სიაში თავისი მეგობარი ნახა და ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაითანხმა,
მისთვის ადგილი დაეთმო. ასე აღმოჩნდა მარო მაყაშვილი მტრის პირისპირ, ბრძოლის წინა ხაზზე თავის მეგობარ იუნკრებთან ერთად. იუნკრები გაოცებულები იყვნენ მაროს სიმამაცით, ამტანობით. ეს სიფრიფანა გოგონა, რომელიც ფუფუნებაში იზრდებოდა, არ ეპუებოდა გაყინულ სანგარში, ტალახში ყოფნას, ღია ცის ქვეშ ძილს, არ უშინდებოდა ტყვიების ზუზუნს და სუსტ მხრებზე აკიდებული გამოჰყავდა დაჭრილი ზორბა იუნკრები სამშვიდობოს. სულ ორიოდე დღე დაჰყო ბრძოლის ველზე მარო მაყაშვილმა და მეომართა
აღტაცება და პატივისცემა დაიმსახურა...
იმ ორ დღეში შინაურებისათვის ერთი წერილის გამოგზავნაც მოუსწრია, სადაც მამას სწერს: „საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. ერთი პოზიციისგან სულ ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე... ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ... თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ნუ გეშინიათ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო.“
ამ წერილის დაწერიდან რამდენიმე საათში, როდესაც მარო მაყაშვილმა დაჭრილი იუნკერი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და ურმით საველე ჰოსპიტალში გადაჰყავდა, გვერდით ყუმბარა აფეთქდა... მაროს კეფაში მოხვდა ნამსხვრევი და მაშინვე გარდაიცვალა...
ქაშუეთის ეკლესიიდან სამგლოვიარო პროცესია დაიძრა, რომელსაც რამდენიმე კუბო მოჰქონდა. რუსთაველის პროსპექტი მალე გაივსო ხალხით - ადამიანები, რომლებიც ათი წუთის წინ ჯარისკაცების შიშით ფანჯრიდანაც კი ვერ იყურებოდნენ, ქუჩაში გამოეფინნენ და აცრემლებულები უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ ქართველ იუნკრებსა და მარო მაყაშვილს _ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს, რომლებიც რუსთაველზე, „სამხედრო ტაძრის“ ეზოში უნდა დაეკრძალათ.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როდესაც მოთარეშე ჯარისკაცებმა და მათმა მეთაურებმა სამგლოვიარო პროცესია და გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ვაჟებისა და ქალის სურათები დაინახეს, მათშიც გაიღვიძა ადამიანურმა გრძნობამ, სხვებთან ერთად მათაც ქუდები მოიხადეს და მდუმარედ გააყოლეს თვალი მგლოვიარეთ.
მოკლედ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოთხრობილ ამბებს დიდ ადამიანებზე - გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ტომეულში - „გაიცანი დიდი ადამიანები“ წაიკითხავთ. მეორე ტომი, რომელშიც გაეცნობით ვახტანგ გორგასლის, გალაკტიონ ტაბიძის, ივანე ჯავახიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და მარო მაყაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას, 14 აგვისტოდან ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში.
ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებაა. ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით და კარგად გაიცნობთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავთ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებთ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. ტომეული რეკომენდებულია 8+ ასაკის ბავშვებისთვის.
R