"რუსეთი და რუსები არასდროს უხსენებიათ" - როგორ ინიღბებოდა ლონდონში "შესანიშნავი სამეული" , რომელთაც რუსეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
უცხოური მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთში ეროვნული უსაფრთხოების დარგში ჩატარებული დიდი გამოძიების შედეგად სამი პირი დააკავეს, რომელთაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.
BBC-ს ცნობით, სამივე დაკავებული ბულგარეთის მოქალაქეა, ისინი ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს და მას შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.
ვარაუდობენ, რომ დაკავებულები რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მუშაობდნენ. მათ სამართალდამცავები ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შენახვასაც ედავებიან.
სამართალდამცავებმა დაკავებულებს დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვაკეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის პასპორტებსა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან ერთად, სხვა დოკუმენტებიც აღმოუჩინეს.
ბულგარეთის მოქალაქეები ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს. სწორედ ისინი ატარებენ ღონისძიებებს ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში ჯაშუშების წინააღმდეგ.
ცნობილია დაკავებულთა სახელებიც:
ორლინ რუსევი, 45 წლის, გრეიტ-იარმუთიდან, ნორფოლკის საგრაფოდან.
ბიზერ ჯამბაზოვი, 41 წლის, ჰითროუდან, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან.
კატრინ ივანოვა, 31 წლის, ჰოროუში იმავე მისამართზე ცხოვრბდა, სადაც დაკავებული ჯამბაზოვი.
სამივე მათგანი რამდენიმე წელია დიდი ბრიტანეთში ცხოვრობს, მათ გარეუბნებში რამდენჯერმე შეიცვალეს მისამართი.
რუსევს რუსეთშიც ჰქონდა საქმე. ის დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ, საფინანსო მომსახურების სფეროში დასაქმდა და 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.
LinkedIn-ს პროფილზე მითითებულია, რომ რუსევს ჰქონდა ბიზნესი, რომელიც კომუნიკაციასა და ელექტრონული სიგნალებს უკავშირდებოდა. რუსევი, რომელიც დაკავებამდე სასტუმროში ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ერთ დროს ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა.
მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ჯამბაზოვი და ივანოვა წყვილი იყო. ჯამბაზოვი სამედიცინო დაწესებულებებში მძღოლად მუშაობდა, ივანოვას კი LinkedIn-ს პროფილზე მითითებული აქვს, რომ ლაბორანტად მუშაობდა.
როგორც ცნობილია, წყვილი დიდ ბირტანეთში საცხოვრებლად 10 წლის წინ გადავიდა, ისინი ხელმძღვანელობდნენ ორგანიზაციას, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეებსა და სხვა უცხოელ პირებს დიდი ბრიტანეთის კულტურას აცნობდა.
როგორც ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში კატრინ ივანოვა აღნიშნავდა, მათი ორგანიზაცია უცხოელებს ძირითადად ენის შესწავლაში ეხმარებოდა და ეს უფასო კურსი იყო. რა სახსრებით არსებობდა ორგანიზაცია უცნობია, თუმცა როგორც BBC-ს სტატიაში ვკითხულობთ, ირიბად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის გარკვეული პერიოდი ევროკავშირიდან ფინანსდებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა სარგებელი ჰქონდა მათ ამ საქმიანობიდან, კატრინმა უპასუხა: „არავითარი ფანდი აქ არ არის. მე და ბიზერი ყოველ დღე სრულ განაკვეთზე ვმუშაობთ, თუმცა ჩვენი სამუშაო საღამოს არის, ამიტომ შეგვიძლია ამ საქმეს დღის განმავლობაში დავუთმოთ დრო “.
მასაჟისტი მიხაილ ილიევი BBC -ს რუსულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიზერი და კატრინი კურსებზე გაიცნო და მათ საკმაოდ დიდი ხანია იცნობს:
„20-23 ჯერ მაინც შევხვდით, ლუდიც კი დაგვილევია, ბიზერს მასაჟსაც ვუკეთებდი, როცა მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ისინი ყოველთვის ძალიან მეგობრულები იყვნენ. ჩემთან რუსეთი და რუსები არასდროს უხსენებიათ. გაოცებული დავრჩი, ეს ინფორმაცია რომ გავიგე, გულის სიღრმეში მეეჭვება, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ, მაგრამ ვინ იცის... დღევანდელ დღეს ბევრზე შეიძლება ეჭვი მიიტანო“, - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას დაკავებულთა ნაცნობი.
უცხოური მედიის ცნობით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები ლონდონის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ, ამ დრომდე ისინი არაფერზე საუბრობენ და არც ბრალს აღიარებენ. (წყარო)