"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider - კვირის პალიტრა

"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider

გამოცემა The Insider-ის ცნობით, რუსეთიდან წასულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს მოწამვლის ახალი ტალღა შეეხო. ოქტომბერში მიუნხენში „ნოვაია გაზეტას“ და „მედუზას“ ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო მოწამლეს. „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი კი აღნიშნავს, რომ მსგავსი სიმპტომები მასაც აწუხებდა. გაზაფხულზე კი ნეიროტოქსიკური ნივთიერებით ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელი ნატალია არნო მოწამლეს.

უცხოური გამოცემის ცნობით, „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი მოსკოვიდან თბილისში ოქტომბერში ჩამოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. 25 ოქტომბერს, საღამოს, ჟურნალისტმა თავი შეუძლოდ იგრძნო, შემდეგ დილით კი სისუსტეს და თავბრუსხვევას გრძნობდა. 26 ოქტომბრის საღამოს კი ხელისა და ფეხისგულებზე მწვავე წვა დაეწყო. უცნაური სიმპტომების მიუხედავად, ჟურნალისტმა არ თქვა უარი ერევანში ვიზიტზე, სადაც 27 ოქტომბერს ღამით მანქანით გამეგზავრა. მანქანაში ცუდად გახდა, გონება დაებინდა და კონცენტრირება აღარ შეეძლო.

„წევხარ, თუმცა დაღლილობის გრძნობა არ გადის, თითქოს უბრალოდ ვერ ისვენებ. შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული აღარ მეკუთვნოდა, თითქოს ბამბის გახდა, ძალიან შემეშინდა“, - ამბობს ბაბლოიანი.

ერევანში ჩასულმა, სასტუმროს მისაღებში ტემპერატურის გასაზომად თერმომეტრი მოითხოვა, თუმცა სასტუმროში თერმომეტრი არ აღმოაჩნდათ და თავის ნომერში დაბრუნდა, სადაც დაძინებაც ვერ მოახერხა. მუცელი ისე ძლიერად ასტკივდა, როგორც მოწამლულ ჟურნალისტ კოსტიუჩენკოს, თუმცა ტკივილი არა მუცელში, არამედ უფრო ზემოთ იგრძნობოდა, გაუჩნდა გულისრევის შეგრძნებაც. ჟურნალისტს პირში მეტალის გემო ჰქონდა. ირინა ბაბლოიანს ელენა კოსტიუჩენკოს მსგავსი სინდრომები აწუხებდა, თუმცა განსხვავებაც იყო. ირინას კანი უეცრად უწითლდებოდა, შემდეგ კი ისევ უმშვიდდებოდა. უძილობამ, სისუსტემ და ტკივილმა 2 დღეში გაიარა, თუმცა კანზე პერიდული სიწითლეები ჟურნალისტს ახლაც აწუხებს.

ბაბლოიანს ტოქსიკოლოგისთვის მაშინვე არ მიუმართავს, რადგან ვერც კი იფიქრებდა, რომ ვინმე მის მოწამვლას ისურვებდა. ჟურნალისტმა მაშინ მხოლოდ ალერგიულობაზე ჩააბარა ანალიზები, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. მხოლოდ რამდენიმე თვეში, როცა ის ბერლინში გადავიდა, მაშინ ჩააბარა სისხლის ანალიზი ტოქსიკურ ნივზთიერებებზე, მას ანალიზის პასუხები არ მიუვიდა, განუცხადეს, რომ პასუხები დაიკარგა... ირინასთან პოლიციელები მივიდნენ და შემთხვევის შესახებ დაკითხეს კიდეც. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ისევ ჩააბარა ანლიზები, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ სისხლში ტოქსინების კვალის აღმოჩენა შეუძლებელია.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, ელენა კოსტიუჩენკოს შემთხვევისგან განსხვავებით, ირინა ბაბლოიანის მოწამვლის შესახებ დაზუსტებით საუბარი შეუძლებელია, რადგან სამედიცინო დასკვნები არასაკმარისი რაოდენობითაა. გამოცემა The Insider-ი ექსპერტებსაც ესაუბრა, რომელთა აზრით, ირინა ბაბლოიანის აღწერილი კლინიკური სურათი რაიმე დაავადების არსებობით ვერ აიხსნება, ამიტომ მათთვის მოწამვლის ვერსია უფრო მისაღებია. კოსტიუჩენკოსა და ბაბლოიანის სიმპტომთა შედარებით კი ეძლება ითქვას, რომ ისინი ერთნაირი ან მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს, რომლის დასახელებაც ჯერ კიდევ უცნობია. (წყარო)