სააკაშვილის შვეულმფრენს უკან აბარებენ და H145-ს ყიდულობენ - როგორი ახალი სამაშველო შვეულმფრენები ეყოლება საქართველოს - კვირის პალიტრა

სააკაშვილის შვეულმფრენს უკან აბარებენ და H145-ს ყიდულობენ - როგორი ახალი სამაშველო შვეულმფრენები ეყოლება საქართველოს

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო შვეულმფრენების თემა, როგორც ეს პერიოდულად ხდებოდა ბორჯომის ხანძრების ლიკვიდაციის პერიოდში, თუ გასულ წელს გუდაურთან მომხდარი შვეულმფრენის კატასტროფისას...

ჩემს წინა ბლოგებში ვეცადე ერთგული მკითხველისთვის ამომწურავად მიმეწოდებინა ის ინფორმაცია და ანალიზი, რაც უკავშირდება საქართველოში შვეულმფრენების გამოყენებით საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებას.

თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი არ იკლებს და მკითხველს ასევე აინტერესებს, თუ რა ტიპის ევროპული სამაშველო შვეულმფრენების შესყიდვას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რა შეუძლიათ მათ და გაუმჯებესებს ეს თუ არა დღევანდელ სიტუაციას საჰაერო სამაშველო ოპერაციების ჩატარების ოპერატიულობასთან და მასშტაბებთან დაკავშირებით.

ჯერ შემოგთავაზებთ შსს-ს მიერ ჯერ კიდევ გასული 2022 წლის 17 ნოემბრისთვის გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რაც ახალი, დასავლური შვეულმფრენების შესყიდვას ეხება: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია 3 ახალ შვეულმფრენს იყიდის, ხოლო მის ბალანსზე არსებულ 1 შვეულმფრენს გაყიდის. შვეულმფრენების შეძენას სასაზღვრო პოლიცია გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

1-sam-1692184037.jpg
H145-ის ტიპის შვეულმფრენი მთებში სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას…

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, კომპანია Airbus Helicopters S.A.S-მა მოლაპარაკების პროცესში „გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი [AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი], მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო (რომელიც ჩაერიცხება შსს მომსახურების სააგენტოს)…

ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შეღავათიან ფასად (საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო) შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.“

პოლიციისვე ინფორმაციით, AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგებს“.

2-sam-1692184546.jpg
H145-ის ტიპის შვეულმფრენის კაბინის ულტრათანამედროვე ავიონიკა, რომელიც მის ეკიპაჟს დღე-ღამის ნებისმიერ დროს და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მთაგორიან რელიეფზე საძიებო-სამაშველო ოპერაციის წარმატებით განხორცილების საშუალებას აძლევს...

შსს-ს განაცხადის მიხედვით, 3 ერთეული H145-ის ტიპის შვეულმფრენის (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) ჯამური ღირებულების – 26 500 000 ევროს, გადახდა განხორციელდება შემდეგი წესით:

· საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 15 700 000 ევროს ექვივალენტი ლარში,

· 5 500 000 ევროს ექვივალენტი ლარში სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ „Airbus Helicopters SAS“-ის მიერ საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ,

· ხოლო დარჩენილი 5 300 000 ევროს ექვივალენტი ლარში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში [ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად].

„ვინაიდან ზემოაღნიშნული შვეულმფრენები განკუთვნილია პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის, მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით, რისი გათვალისწინებითაც, მათი მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, კერძოდ: პირველი შვეულმფრენის მიღება მოხდება 17 თვის განმავლობაში, მეორე შვეულმფრენის – 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში.“ – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განაცხადში.

4-1692184669.jpg
უკან „ჩასაბარებელი“, სააკაშვილის „სუპერ პუმის“ „ვიპ-სალონი“, რომელიც ძვირფასტყავიანი სავარძლებითა და ტუალეტ-სამზარეულოთია „გადატენილი“, არც დაშავებულების ბაგირით ამოსაწევი ჯალამბარი ჰქონდა და არანაირად არ იყო გათვლილი სამაშველო ოპერაციების შესასრულებლად, რასაც ასე დაჟინებით ირწმუნებიან ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები...

მოკლედ,მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხულ AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენს 5,5 მილიონ ევროდ გაყიდის, ხოლო 3 ერთეულ H145 ტიპის შვეულმფრენში 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი, რომელსაც მხოლოდ 5,5 მლნ ევროდ უკან „იბარებს“ მისი მწარმოებელი AIRBUS-ი, სწორედ ის „ვიპ-სალონი“ „სუპერ პუმაა“, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებში ბევრად უფრო ძვირად იქნა შეძენილი, მაგრამ მას სამაშველო ოპერაციის განხორციელება არ შეეძლო, რადგან არც დაშავებულების ბაგირით ამოსაწევი ჯალამბარი აქვს და მისი სალონიც ძვირფასტყავიანი სავარძლებითა და ტუალეტ-სამზარეულოთია „გადატენილი“.

ეს „სუპერ პუმა“ ბოლო წლების განმავლობაში აღარ დაფრინავდა, არ უტარდებოდა პერიოდული ტექნიკური მომსახურება და ამიტომაც მის უკან დაბრუნებაში თითქმის 5-6 ჯერ ნაკლებს გვიხდიან, რა პირვანდელი ფასითაც ის იქნა შეძენილი.

3-sam-1692184607.jpg
H145-ის ტიპის შვეულმფრენით მწოლიარე ავადმყოფის ევაკუაციის პროცესი…

რაც შეეხება H145 ტიპის შვეულმფრენებს - AIRBUS-ის H145 ტიპის შვეულმფრენს სამედიცინო ევაკუაციისთვის ბევრი ქვეყნის სამაშველო სამსახური იყენებს. მას ერთი-ორი პილოტი მართავს და სამი მაშველი გადაჰყავს, რომლებსაც ჯალამბრით (რომელსაც 90 მ სიგრძის ბაგირის ჩაშვება და 270 კგ-მდე საერთო მასის ორი ადამიანის ამოყვანა შეუძლია) ამოწეული ორი დაშავებულის საკაცეებზე მოთავსება და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.შვეულმფრენი 650 კმ-ზე მიფრინავს და მისი ორი ტურბოხრახნიანი ძრავა საათში მხოლოდ 312 ლ საავიაციო ნავთს ხარჯავს, განსხვავებით საბჭოთადროინდელი Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენისგან, რომელიც ერთ საფრენოსნო საათში 800 ლიტრამდე საწვავს „ჭამს“, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ უკანასკნელს სამაგიეროდ ეკიპაჟის 3 წევრისა და 24 მგზავრის გადაყვანა ან 4 ტონა ტვირთის წაღება შეუძლია, რაზეც H145-ის პილოტები ვერც კი იოცნებებენ...

თუკი შოვის ტრაგედიის ადგილიდან მესაზღვრეების Ми-8МТВ-1 ტიპის შვეულმფრენებმა 12 რეისით 210 ადამიანი გამოიყვანეს, H145-ებს იგივე რაოდენობის ადამიანების საჰაერო ევაკუაციისთვის არანაკლებ 21-23 რეისის განხორციელება დასჭირდებოდათ...

სამაგიეროდ, ევროპული H145-ი საბჭოთადროინდელ Ми-8МТВ-1-ზე ბევრად კომპაქტურია-მისი მთავარი ხრახნის დიამეტრი მხოლოდ 11 მ-ია( Ми-8МТВ-1-ის მთავარი ხრახნის დიამეტრი ორჯერ მეტია და 21 მეტრს შეადგენს), ამასთან მისი კუდის საჭის ხრახნი „ფენესტრონის“ ტიპისაა ანუ „ჩაძირულია“ კუდის ნაწილში, რაც გამორიცხავს ისეთ ავიაკატასტროფას, რაც გასულ წელს მესაზღვრეთა Ми-8МТВ-1-მა გუდაურთან განიცადა, როდესაც სწორედ კუდის საჭის ხრახნით წამოედო კლდეს...

და რაც მთავარია, H145-ები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ავიონიკით, რაც უძრუნველყოფს მათ უსაფრთხო ფრენებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და მთაგორიანი რელიეფის თავზე.

მაგრამ, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოთადროინდელ Ми-8МТВ-1-ბი სასწრაფოდ თავიდან უნდა მოვიშოროთ, პირიქით ისინი ძალიან ადგებიან ქართველ მესაზღვრეებს მაღალმთიან საგუშაგოებზე როტაციის განხორციელებისა და პროდუქტების ჩატანისას, ასევე მაღალთიანი სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად.

უბრალოდ,მესაზღვრეების ავიაციას ისედაც ბევრი ფუნქცია აკისრია და ის უნდა განთავისუფლდეს საძიებო-სამაშველო ფუნქციებისგან, რომელიც თავის თავზე უნდა აიღოს შსს-ს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალნაყიდი ევროპული შვეულმფრენების გამოყენებით...