"მამა და დედა ადრე გარდამეცვალა. მე და ჩემი და, თითქმის, უპატრონოდ ვიზრდებოდით... მეუღლის მერე, უფროსი ქალიშვილი დამეღუპა..." - რას ჰყვებოდა ჯუმბერ ლეჟავა და როგორ უწინასწარმეტყველეს სიკვდილი - კვირის პალიტრა

"მამა და დედა ადრე გარდამეცვალა. მე და ჩემი და, თითქმის, უპატრონოდ ვიზრდებოდით... მეუღლის მერე, უფროსი ქალიშვილი დამეღუპა..." - რას ჰყვებოდა ჯუმბერ ლეჟავა და როგორ უწინასწარმეტყველეს სიკვდილი

მსოფლიოს და გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, "მსოფლიო სპორტსმენი", "მოგზაური დიპლომატი", გაეროს კეთილი ნებისა და ბუნების დაცვის ელჩი და კიდევ უამრავი ჯილდოს, ორდენისა და ტიტულის მფლობელი ჯუმბერ ლეჟავა გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე გავიცანი, უფრო ზუსტად - მის ცხოვრებაზე ბევრი ამბავი მქონდა მოსმენილი, ოღონდ უშუალოდ მას სასაუბროდ ერთადერთხელ შევხვდი. მახსოვს, მაშინ ეს უშრეტი ენერგიის კაცი 72 წლის იყო. კარგახანს დავყავი მასთან და დაწვრილებით მიამბო, რა დიდი ჭირ-ვარამი, რამდენი განსაცდელი თუ ტრაგედია ჰქონდა გამოვლილი და რამდენი ბედნიერი დღე აჩუქა უფალმა.

"მამა ადრე დამეღუპა, დედა მეთერთმეტე კლასში ყოფნისას გარდამეცვალა. მე და ჩემი და, თითქმის, უპატრონოდ ვიზრდებოდით. ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა მქონდა, ორი ნაბიჯი რომ გადამედგა, წავიქცეოდი. მხოლოდ სპორტული ცხოვრებით ვუშველე თავს. სიჯიუტით თითქოს ბრძოლის უნარიც გამოვიმუშავე. სკოლა მედალზე დავამთავრე, სპორტის 5-6 სახეობაშიც კარგი შედეგი მქონდა და თუ მოვინდომებდი, რომელიმე მათგანში მსოფლიოს ჩემპიონობასაც მივაღწევდი", - მითხრა და თან "მაგრამ" დააყოლა. ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა იყო, რადგან ამას მოაყოლა, როგორ ოცნებობდა მეზღვაურობაზე, მეშვიდე კლასიდან კი როგორ დაინტერესდა კიბერნეტიკით, არადა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში, თურმე, სიტყვა "კიბერნეტიკა" და გამოთვლით ტექნიკაზე ფიქრიც კი აკრძალული იყო. ამიტომ იქვე აღიარა, - ძალიან ჯიუტი ბუნების ვარ და თუ რამეს დავიჩემებ, ვერავინ გადამათქმევინებსო. ფაქტია, არ გაჩერდა და შეეცადა, მისთვის საინტერესო საკითხებზე სპეციალური ლიტერატურა და მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა.

მომიყვა: "სკოლის დამთავრების შემდეგ მაინც სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე, ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ პეტერბურგი - ავტ.), მაგრამ მამიდამ გამომიყვანა, შენს უმცროს დას აქ ვინ მიხედავსო? წამოვედი, მაგრამ გზად, მოსკოვში, ბაუმანის სახელობის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში "რობოტებზე" ანუ ლითონსაჭრელი ჩარხებისა და იარაღების ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, რადგან კიბერნეტიკის ფაკულტეტი იმხანად არ არსებობდა. 2 წელიწადს ვისწავლე იქ, მერე კი თბილისში, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე ახლად დაარსებულ მათემატიკური გამომთვლელი მანქანებისა და ზუსტი ხელსაწყოების სპეციალობაზე გადმოვედი და მეორე კურსზე დამსვეს. შესანიშნავ ჯგუფში მოვხვდი, ბატონ ილია ვეკუასთან. მალე ცოლიც შევირთე, ბავშვები გაჩნდნენ, ბევრსაც ვშრომობდი და ნელ-ნელა საბჭოთა კავშირში კარგი სპეციალისტის სახელი მოვიხვეჭე. თავგადაკლული მეცნიერები შევიკრიბეთ და იმდენს ვმუშაობდით, კვირების განმავლობაში ცხვირს არ ვყოფდით გარეთ, თუმცა ვარჯიშისთვის ყოველთვის ვპოულობდი დროს. ბატონი ილია მოგზაურობის საშუალებასაც გვაძლევდა და მთელი საქართველო შემოვიარეთ. მერე მოტოციკლითაც კი ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ორჯერ მანქანით შემოვიარე საბჭოთა კავშირი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე კი ოჯახიც წავიყვანე, სიდედრიანად"...

როგორ უწინასწარმეტყველეს სიკვდილი

მახსოვს, ვიდრე შევხვდებოდი, ლეგენდასავით მიამბეს, როგორ უწინასწარმეტყველეს ჯუმბერ ლეჟავას სიკვდილი, ერთმა შემთხვევამ რადიკალურად როგორ შეცვალა მისი ცხოვრება, მაგრამ ის არ დანებდა და მას შემდეგ, ვინ იცის, ველოსიპედით რამდენჯერ მოიარა მსოფლიო. ჰოდა, ეს ამბავი ლეგენდად რომ არ დამრჩენოდა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ ვკითხე, - როგორია, ვერდიქტს რომ გამოგიტანენ, ძალიან მალე მოკვდებიო? გაიღიმა და იმ პერიოდის გახსენება დაიწყო:

"მაგ ამბავს დეპრესიაში არ ჩავუგდივარ, თორემ ახლა უფრო დეპრესიული უნდა ვიყო. მას მერე იმდენი რამ შემემთხვა. ვიდრე ცოცხალი ხარ, უნდა იბრძოლო და თუ ბრძოლა არ შეგიძლია, წამოწექი მაშინ და სიკვდილს დაელოდე. ცხოვრებას არასდროს დავმორჩილებივარ. ბავშვობაში, ვარჯიშის დროს ნაწლავი დავიზიანე, მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მივაქციე და უარესი დავიმართე - განგრენის დაწყებას შევუწყე ხელი. წლების შემდეგ მუცლის ძლიერმა ტკივილმა სულ დამაგდო და ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ განგრენა მთელ მუცელს მოსდებოდა და სიკვდილი მიწინასწარმეტყველეს, ამიტომაც მიიჩნიეს ოპერაციის დასრულება უაზროდ. ღამის პირველ საათზე ჩემს მეგობარს, ცნობილ ქირურგ ზურაბ ცხაკაიას აცნობეს, მორგში გადაგვყავსო. ზურამ კატეგორიული უარი უთხრა, - საოპერაციოდან ცოცხალი მინდა გავიყვანოთო. მისი გადაწყვეტილებით მუცლიდან თითქმის ყველაფერი ამომჭრეს და 2 დღეს რომ მაინც მეცოცხლა, რაღაც ნაწილი დამიტოვეს. 2 დღე 3 კვირად იქცა, მერე - 3 თვედ, 3 წელიწადად და ასე გაგრძელდა. კი ხედავთ, დღესაც ცოცხალი ვარ - ამაზე უკვე მე "ვიზრუნე". ძალიან მაგრად ვიმუშავე ფსიქოლოგიურად და თავი დავირწმუნე, რომ კიდევ ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებდი. თვითრეაბილიტაციისთვის 4 წელიწადი დამჭირდა, მე-5 წელიწადს კი, 1990 წელს პირველი მსოფლიო რეკორდი დავამყარე სპორტის ურთულეს სახეობაში - მკლავებზე აზიდვაში და გინესის რეკორდსმენიც გავხდი. მერე ვიფიქრე, რატომ უნდა დავჯერდე ერთსაათიანს და რატომ არ უნდა დავამყარო 4-5-საათიანი რეკორდებიც-მეთქი და ინტენსიური ვარჯიში დავიწყე. 5-საათიანს 12-საათიანი რეკორდი მოჰყვა, 24-საათიანს - 100 დღის მარათონი და ასე გადავერთე ჩემი სპეციალობიდან პროფესიულ სპორტში".

კიდევ ერთი განსაცდელი და ტრაგიკულად დაწყებული მოგზაურობა

"პირველი რეკორდის დამყარების შემდეგ, მალევე, მეუღლე გარდამეცვალა.

მაინც არ გავტყდი. შვილები გათხოვილები იყვნენ, მარტო ვცხოვრობდი და მხოლოდ სამსახურში დავდიოდი, დანარჩენ დროს კი შინ ვვარჯიშობდი, რომ დიდი წარმატებებისთვის მიმეღწია და ყველაფერი ჩემი მეუღლისთვის მიმეძღვნა. მოგზაურობაც სწორედ მას მივუძღვენი. სხვათა შორის, მოგზაურობა შემთხვევით დავიწყე. ბოლო, 24-საათიანი რეკორდი მესამედ რომ დავამყარე და შინ მოვფრინავდი, თვითმფრინავში ვფიქრობდი, ახლა რაღა გავაკეთო-მეთქი. იმხანად 53 წლის ვიყავი. თბილისში ჩემი ბავშვობის მეგობრის, თენგიზ კიკაჩეიშვილის უმცროსმა ვაჟმა, რატიკომ მკითხა, - ჯუმბერ ბიძია, ძალიან ძლიერი ხართ, ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაქვთ და შეძლებთ ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში მარტოდმატო ველოსიპედით მოგზაურობასო? მომეწონა რატის წინადადება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის შანსი კიდევ ერთხელ მეძლეოდა. ველოსიპედებით მოგზაურობა რატისთან ერთად დავაპირე, მაგრამ რატიკო აფხაზეთის ომში გაგვეპარა და გმირულად დაიღუპა. დავწერე პროგრამა და ხელმძღვანელად ჩემი მეგობარი ჟიული შარტავა ავირჩიე. 1993 წლის 13 აგვისტოს გავემგზავრე, 17 სექტემბერს კი ჟიულიც გმირულად დაიღუპა აფხაზეთში. ასე ტრაგიკულად დავიწყე მოგზაურობა, რომელსაც "ჯოჯოხეთის გზით მავალი" ვუწოდე.

- სიკვდილს ეძებდით?

- არ ვეძებდი, მაგრამ 40-ჯერ მაინც დავდექი სიკვდილის პირისპირ, შევეჭიდე სიკვდილს, რომ დამეძლია. გაინტერესებთ, შემეშინდა თუ არა? იცით, რა სასიამოვნო ყოფილა სიკვდილის წინა პროცესი? მახსოვს, გობის უდაბნოში, ქარბუქში გავიყინე, ნაბიჯს ვერ ვდგამდი, ველოსიპედის საბურავებმაც დაიშვა, მივაწვინე ველოსიპედი, მეც მივწექი, დავდე თავი და გავითიშე. თვალი რომ გავახილე, იურტაში ვიყავი. გადავრჩი. ვიცოდი, რომ გადავრჩებოდი, წინასწარ ვგრძნობდი. დამიჯერებთ? - უიმედობა არც არასდროს განმიცდია. ვიცი, როდესღაც ასე ხდება, მოგზაური გზაზე იღუპება, მაგრამ ყოველი წინააღმდეგობისას ღმერთს ვევედრები, ეს გადამალახინე, შემაძლებინე და ხვალ რაც მომივა, ჯანდაბას-მეთქი".

სულთა კავშირი და მარადისობა

მალე ბატონ ჯუმბერს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს - უფროსი ქალიშვილი მაია გარდაეცვალა. მითხრა, - შვილის სიკვდილზე მძიმე, თურმე, არაფერი ყოფილა... მარტო რომ ვრჩები, ძალიან ცოდო ვარ და მებრალება ხოლმე თავი, მაგრამ სხვას რომ ვეცოდები, არ მიყვარს. ვიდრე ცოცხალი ვარ და ბრძოლა შემიძლია, ყოველთვის დიდი სიკეთისთვის ვიბრძოლებ. ასეთ დროს ღმერთიც ყოველთვის გეხმარებაო. ჩავეკითხე, მოგზაურობისას განსაცდელში თქვენი ახლობლების სულები არ დაგხმარებიან-თქო? მცირე ხნით ჩაფიქრდა და, - 5-6-ჯერ ყველაზე რთულ მომენტებში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამდგარს გამომეცხადა მეუღლე. გვერდით მეჯდა და მელაპარაკებოდა, მაიმედებდა, მამხნევებდა, მე კი ვუსმენდი. მერე ხელზე ვიჩქმეტდი ხოლმე, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი. ლაპარაკს მორჩებოდა თუ არა, ქრებოდა, მე კი ძალა მემატებოდა და ყველა დაბრკოლებას ვლახავდი. ჩემი უფროსი ქალიშვილის - მაიკოს ნახვის შემდეგაც (იმხანად ჯერ ცოცხალი იყო) ბრწყინვალე დღე მიდგებოდა. მისი კარნახით ერთხელ ჯუნგლშიც გადავრჩი. უმცროსი ქალიშვილის და დის ნახვის შემდეგ კი პირიქით - ცუდი დღე მქონდა. ისინი ყოველთვის საფრთხეზე მიმითითებდნენ. სულ შემართული ვიყავი და გაფაჩუნებაც კი მაღვიძებდა. წესით ნერვულ სისტემაზე უნდა ემოქმედა, მაგრამ... მაიკო მეუბნებოდა ხოლმე, - მიკვირს, მამა, 10 წლის განმავლობაში როგორ იცხოვრე და ასეთი ნორმალური როგორ დაბრუნდიო...

იცით, როგორი კანონზომიერება აღმოვაჩინე საკუთარ ცხოვრებაში? ოპერაციის შემდეგ, კლინიკური სიკვდილისას, ღმერთის პირით ვიღაცამ ხომ მითხრა, უკან დაბრუნდი, დიდ ენერგიას შეიძენ და ის ენერგია სიკეთეს მოახმარეო - ასე გამოვჯანმრთელდი და მსოფლიო რეკორდიც დავამყარე. მერე, სხვა წარმატებებში ხელი რომ არ შემშლოდა, მეუღლე "წაიყვანა", თორემ მას რომ ეცოცხლა, მსოფლიოში სამოგზაუროდ წავიდოდი? მერე ხანგრძლივი მოგზაურობით შვილთან შეხვედრის მოლოდინსაც შემაგუა: 10 წლის შემდეგ შევხვდი მაიას, მერე ისიც წაიყვანა და ახლა კვლავ მასთან შეხვედრას ველი. ხედავთ, ლოგიკით როგორ ააწყო ღმერთმა? კიდევ დიდი გეგმები მაქვს, თანაც - 60-წლიანი. არ ვჩერდები. ერთადერთი, გული მწყდება, რომ რა თანხაც ერთმა ხელისუფლებამ მომცა, მეორემ წამართვა, რითაც ძალიან შემეშალა ხელი ჩემი სამოგზაურო წიგნების გამოცემაში. 2006 წელს სახელმწიფომ არ დამაფინანსა და სამხრეთ პოლუსზე წასვლა ჩამეშალა. რა პროექტიც უნდა წარვადგინო, ყველაფერზე უარს ვიღებ. რაკი წიგნად ვერ ვაქციე ეს ზღვა მასალა, ჟურნალი "მოგზაური" გამოვეცი. მეგობრებმა გარეკანზე წამაწერინეს "ჯუმბერ ლეჟავას ჟურნალი მოგზაური" - ხალხი გიცნობს და უნდა იცოდნენ, ჟურნალი ვისიაო. უკვე ორი ნომერი გამოვიდა. რომ იცოდეთ, კიდევ რამდენის გაკეთება შემიძლია, მაგრამ!... სხვა სახელმწიფოები კი მაფინანსებენ, ოღონდ სხვა ქვეყნის დროშით მოგზაურობა არ მინდა, საქართველოს დროშით მინდა ვიაროო!

ჯუმბერ ლეჟავა ჩვენი შეხვედრიდან 3 წელიწადში გარდაიცვალა, 75 წლის ასაკში. უცნაური დამთხვევა კი მოხდა - 23 ივლისს დაიბადა და 25 ივლისს დაიღუპა.

პ.ს. როდესაც უბედურებებსა და სიხარულში კანონზომიერებას იპოვი, როდესაც ბევრჯერ მოკვდები და კვლავ გაცოცხლდები, როდესაც განსაცდელებს გაუძლებ, ცუდშიც კარგს დაინახავ და ღმერთის აუგი არ დაგცდება, ალბათ, ბედნიერიც მაშინ ხარ და იმასაც ხვდები, რისთვის ცხოვრობ. ამ გასაოცარი ადამიანის ამბავი უხსოვარ დროში არ მომხდარა, მაგრამ მართლაც ლეგენდას უფრო ჰგავს, ვიდრე - სინამდვილეს, არადა, ყველაფერი ჩვენ "თვალწინ" გადახდა და ბევრჯერაც აალაპარაკა მსოფლიო!

(სპეციალურად საიტისთვის)