"როდესაც ხალხის პროტესტი დაინახა, The Killers -ის ვოკალისტი გაბრაზდა, იკითხა - აბა, მე ამერიკიდან ვარ და თქვენი მტერი ვარო?" - LOUDspeakers- ის სოლისტი ლევან ლაუდაძე
15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე The Killers-ის კონცერტი სკანდალით დასრულდა მას მერე, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა. მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
"ქილერსის" warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ. უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!" - ეს განცხადება ბენდ LOUDspeakers - ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ბენდმა თავისი გამოსვლა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით დაიწყო.
ambebi.ge - ის LOUDspeakers- ის სოლისტი, ლევან ლაუდაძე ესაუბრა:
- დაკვრას რომ მოვრჩით და გამოვიცვალეთ, გვინდოდა The Killers-ის მოსმენა ცოცხლად. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მართლა მსოფლიო დონის ჯგუფია, აგერ ბოლო 20 წელია, ის აგრეთვე ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის კიდევ ცალკე ემოციებთან არის დაკავშირებული. ორივეს ძალიან გვიყვარდა და გვინდოდა, რომ ცოცხლად მოგვესმინა. კონცერტი დაიწყო თბილად, ხალხი ჰყვებოდა სიმღერებს, ჩვენც მათ შორის. შემდეგ უცებ, ერთი შეხედვით გაურკვეველი სიტუაცია მოხდა, - ვიღაც ადამიანი სწევდა პლაკატს და ითხოვდა, - ამოვალ და დრამზე დავუკრავო. საბოლოოდ, ვოკალისტმა ჯერ ეროვნება ჰკითხა ამ ადამიანს, რა საჭირო იყო საერთოდ ეს, შეეძლო ეგრევე აეყვანა სცენაზე, არადა, ეროვნება ჰკითხა რამდენჯერმე, როცა გაარკვია, რომ რუსი იყო, ხალხს ჰკითხა, ავიყვანო რუსიო? ხალხმა პასუხად "ბუუ..."-ს ძახილი დაუწყო. მოკლედ, პროტესტის მიუხედავად, ვოკალისტმა ბრენდონ ფლაუერსმა მაინც აიყვანა ეს რუსი, დააკვრევინა მთელი სიმღერა, რის შემდეგ პროტესტი არ განელებულა. მსმენელთა გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ დატოვა დარბაზი, ჩვენც მათ შორის. როგორც ვიცი, მთელი კონცერტის განმავლობაში პროტესტი მსმენელის მხრიდან გრძელდებოდა.
უშუალოდ ჩვენს ემოციებს რაც შეეხება, - მაგალითად LOUDspeakers-ს კონცერტი რომ ჰქონდეს სომხეთში და მე იქ დავიწყო ლაპარაკი, - სომხები და აზერბაიჯანელები ძმები ხართ - მეთქი, ანუ საერთოდ, ბოდიში და, ფეხებზე დავიკიდო, რა ისტორია აქვთ, რა გამოუვლიათ და მშვიდობის მტრედობა მოვინდომო... წარმოიდგინეთ, რა მოხდება, რა, ჩემი სიტყვა შეარიგებს ამ ხალხს?!...
სად ჩადიხარ უნდა იცოდე! რუსეთისგან რომ არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20%, მაგაზე ინფორმაცია თუ არ გაქვს, ე.ი. ფეხზე გკიდია სად ჩადიხარ, უბრალოდ, ფულის გასაკეთებლად ჩადიხარ. საერთოდ არ ითვალისწინებ იმ ქვეყნისა და ადამიანების ყოფას, გამოდიხარ და ამბობ, - ჩვენს კონცერტზე, ყველანი დები და ძმები ვართო. ამის შემდეგ კი, გვერდით დიდი მონიტორები იყო, რომელზეც გამოჩნდა ვოკალისტის ემოციები, როცა ხალხის პროტესტი დაინახა, - ისე შეეცვალა სახე, ისე გაბრაზდა, იკითხა, - აბა, მე ამერიკიდან ვარ და თქვენი მტერი ვარო? გააგრძელეთ კითხვა