რუსული "რულეტკა" - კიდევ რა ინციდენტებს უნდა ველოდოთ საქართველოში შემოსული რუსებისგან და რა ცუდ სცენარს შეიძლება გეგმავდეს "ეფ-ეს-ბე"?!
15 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე, კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით, Black Sea Arena-ს ადმინისტრაციას განცხადების გავრცელება და მაყურებლისთვის ბოდიშის მოხდამ მოუწია. „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“,- აღნიშნულია განცხადებაში, რასაც თან ერთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით The Killers-ის პასუხი. განცხადება თავად ბენდმაც გავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა. არის თუ არა შემთხვევითი გაუგებრობა Black Sea Arena-ზე მომხდარი ინციდენტი, კიდევ რა ტიპის ინციდენტებს უნდა ველოდოთ საქართველოში მრავლად შემოსული რუსეთის მოქალაქეებისგან და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა? - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ზოგადად, რუსებს ახასიათებთ, სხვა ერების წარმომანელთა გაღიზიანება, ისინი რატომღაც არც ერთ ქვეყანაში არ იქცევიან სტუმრების შესაფერისად, ყველგან მასპინძლებად გრძნობენ თავს და ყველგან თავხედურად იქცევიან. ასე იქცეოდნენენ 1917 წლის რევოლუციის შედეგად დევნილი რუსები პარიზში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებში ჩასული „ახალი რუსებიც“. ეს ხალხი განსაკუთრებულად შინაურულად გრძნობს თავს იმ გარემოში, სადაც დიდი კონცეტრაციით არიან თავმოყრილნი და ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს, არასდროს არ დაგიდევენ ადგილობრივების ცხოვრების წესებს და ტრადიციებს, მათ არ იციან, რა არის სხვისი კულტურის პატივისცემა. შესაბამისად, მე საერთოდ არ მიკვირს რუსების თავხედური გამოხტომები საქართველოში. ძალიან კარგია, რომ Black Sea Arena-ს სცენაზე რუსი დრამერის ასვლა ხალხმა გააპროტესტა. ახლა მთავარია, ეს პროტესტი ძალადობაში არ გადაიზარდოს.
- იმისათვის, რომ ძალადობაში არ გადაიზარდოს საქართველოს მოქალაქეების რუსებისადმი პროტესტი, სახელმწიფომ რუსებისთვის გარკვეული შეზღუდვები ხომ არ უნდა დააწესონ?
- წესით - კი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს. როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და საქართველოს საზღვრებს რუსების დიდი ნაკადი მოაწყდა, მაშინვე დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ რუსების მიმართ რაღაც ტიპის კვოტირება, კონტროლი დაწესებულიყო და შესაბამის ორგანოებს უფრო ფხიზლად და აქტიურად ემუშავათ. ეს რომ მაშინ მომხდარიყო, დღეს ამდენს ვეღარც რუსები გაბედავდნენ და ვერც რუსების მეგობრები. მარტო Black Sea Arena-ს სცენა ხომ არ არის, ნახეთ რა თავხედურად იქცევიან რესტორენებში, კაფე-ბარებში, ქუჩებში.... ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ნამდვილად თავხედობს და შესაბამისს პასუხსაც იღებენ საქართველოს მოქალაქეებისგან. სხვათა შორის, კარგიც კი არის, რომ რუსების თავხედობაზე ხელისუფლების ნაცვლად, საზოგადოება რეაგირებს, საზოგადოებრივი პროტესტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - ხელისუფლების პოზიცია, მთავარია, ეს ამბავი ძალადობაში არ გადაიზარდოს.
- დიახ, მაგრამ ეს რამდენად შესაძლებელია, ისეთ ემოციურ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ?
- მე მგონია, რომ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც შეგნებულად აპროტესტებს რუსების თემას, ხვდება, რომ ძალადობრივ მეთოდებზე გადასვლა იმ შედეგებზე არ გაგვიყვანს, რაც ჩვენ გვინდა. ამ ხალხს კარგად აქვს გააზრებული პროტესტის არსიც და ფორმაც, მაგრამ არსებობს სხვა საფრთხე, არსებობს პროვოცირების შესაძლებლობა. ჯერჯერობით ასეთს არაფერს ველოდები, მაგრამ თუ მაინც მოხდება, ეს იქნება სპეცსამსახურების პროვოცირებული.
- შესაძლოა, რომ რუსების საქართველოში კომპაქტურად დასახლება და საკუთარი სივრცეების შექმნაც შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგია?
- ეს შეიძლება საფრთხედ იქცეს, თუ ამ მოცემულობის გამოყენება დასჭირდება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს. ამიტომ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში შემოსული რუსების მკაცრი კონტროლი.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)