EG.5 - ყველაფერი COVID-19-ის ახალი შტამის შესახებ და პასუხი კითხვაზე: უნდა გვეშინოდეს თუ არა?!
EG.5 - ასე უწოდებენ COVID-19-ის ახალ შტამს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გამოჩნდა და რამდენიმე მათგანში უკვე დომინანტიც გახდა. რით განსხვავდება EG.5 სხვა შტამებისაგან და რა არის ამ ეტაპზე მის შესახებ ცნობილი? - ამაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:
- ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ეს შტამი აქტუალური გახდა. მისი ოფიციალური აბრევიატურაა EG.5. ეს გახლავთ ომიკრონის ქვეშტამი და ყურადღება მიიქცია იმით, რომ ამ ეტაპზე გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში და რამდენიმე კონტინენტზეც.
- რით ხასიათდება EG.5 ?
- როგორც ომიკრონის სხვა ქვეშტამებს, EG.5-საც ახასიათებს სწრაფი გავრცელება, თუმცა კარგი ინფორმაცია ისაა, რომ დაავადების კლინიკური მიმდინარეობა არ არის მძიმე.
რაც შეხება სიმპტომებს: EG.5-ისთვისაც ზემო რესპირაციული ტრაქტის ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იჩენს თავს, მაგალითად: ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, რამდენიმე დღე ტემპერატურა, საერთო სისუსტე და ა.შ. ანუ ის გართულებები, რის გამოც COVID ინფექცია ითვლებოდა და ითვლება საშიშ ინფექციად, ნაკლებად არის ამ შტამისთვის დამახასიათებელი. თუმცა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ანუ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებში, ასევე, ადამიანებში, ვისაც აქვთ იმუნოდეფიციტი და არიან ასაკოვნები, რა თქმა უნდა, ეს რისკები გაზრდილია. სიკვდილიანობაც დაბალი აქვს EG.5-ს, ბევრად დაბალი, ვიდრე კოვიდ 19-ის სხვა ქვეშტამებს.
როგორც აღვნიშნე, ამ შტამის ფართო გავრცელება დიდი ხანი არაა, რაც ხდება მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც ნიშან-თვისებები, რითაც ის ომიკრონის სხვა ქვეშტამებისგან გამოირჩევა. თუმცა, ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ EG.5 ომიკრონის სხვა ქვეშტამების მსგავსია.
- ჩვენს ქვეყანაში თუ დაფიქსირდა?
- ოფიციალურად ასეთი ინფორმაცია ამ ეტაპზე არაა დაფიქსირებული. თუმცა ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ... დღესდღეობით EG.5 გავრცელებულია აშშ-ში, ჩინეთში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კანადაში, იაპონიაში ...
- პირველად სად იჩინა თავის ამ შტამმა?
- ჩინეთში იყო შემთხვევები და მერე - აშშ-ში. დღეს უკვე ამერიკის გარკვეულ შტამებში გახდა დომინანტი.
- პრევენციისთვის როგორ ვიქცევით?
- ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, ხოლო თუ სიმპტომები გვაქვს, ამ შემთხვევაში თავი მოვარიდოთ სხვა ადამიანებს, დროულად ჩავიტაროთ კოვიდის ტესტი.
ეკა სალაღაია
(სპეციალურად საიტისთვის)