"ზელენსკი გამოუვალ მდგომარეობაშია..." - Newsweek-ის სკანდალური სტატია, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებაში შესაძლო განხეთქილებაზეა საუბარი
ამერიკული ჟურნალის - Newsweek-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებებმა კონტრშეტევის გაგრძელების შესახებ შეიძლება ხელისუფლებაში განხეთქილება გამოიწვიოს“ (ავტორი - დევიდ ბრენანი). ვრცელ მასალაში გაანალიზებულია უკრაინის ხელისუფლებაში შექმნილი სიტუაცია, კონტრშეტევის განვითარების არასახარბიელო შედეგებთან დაკავშირებით. ვინ არის მტყუანი - სამხედროები, რომლებმაც გეგმა შეიმუშავეს თუ სამოქალაქოები, რომლებმაც სამხედროებს დაუჯერეს და მათი გეგმა ირწმუნეს?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ორი თვის წინ დაწყებულ კონსტრშეტევას დასახული მიზნებისათვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. მართალია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე მიწის ვიწრო ზოლი დაიკავეს, მაგრამ ის უმეტესად წარმოდგენილია „ნაცრისფერ ზონაში“ მდებარე დაცარიელებული სოფლებისა და დანაღმული ველების სახით, თანაც - უდიდესი დანაკარგების ფასად. ფაქტობრივად, უკრაინის არმია ჯერაც არ არის მიახლოებული რუსეთის გამაგრებული პოზიციების პირველ მიჯნას: მრავალდონიანი რუსული თავდაცვითი ნაგებობების ქსელი როგორც იყო, ისევე არის შენარჩუნებული.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოუდგენელი არჩევნის წინაშე დადგა: წავიდეს „ვა-ბანკზე“ და კონტრშეტევა გააგრძელოს, რომელიც ძალზე სარისკოა და შეტევის ჩაფუშვის ტოლფასია, თანაც - დიდი სისხლისღვრით, ან ნაკლები სისხლი დაღვაროს, დაჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად სახელგამტეხ მარცხს შეურიგდეს.
„გაჭიანურებულმა და „მობუქსავე“ კონტრშეტევამ უკრაინის ხელისუფლების ზედა ფენებში ყრუდ დაწყებული სტრატეგიული დავები თანდათან გააღრმავა“, - ატყობინებენ Newsweek-ს საქმეში ჩახედული წყაროები. არსებობს მონაცემები, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინის არმიის სარდლობის წინააღმდეგ არის განწყობილი.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სურთ, რომ კიევმა შეტევა დროებით შეაჩეროს, თავისი მოკრძალებული მიღწევები დააფიქსიროს და მოემზადოს რუსების საპასუხო შეტევისათვის, რომელსაც კრემლი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდისათვის ამზადებს.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს კი, კერძოდ, ჯარების მთავარსარდალ გენერალ ვალერი ზალუჟნის სურს, რომ კონტრშეტევა გაგრძელდეს. მისი აზრით, უკრაინის არმიის ნელი ტემპის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები განპირობებულია როგორც მოუთმენლობით და სიტუაციის გაუთვალისწინებლობით, ასევე - გარკვეული დილეტანტიზმით მათი მხრიდან, ვისაც სამხედრო საქმე არ ესმის.
„მაგრამ არსებობს პოლიტიკური თვალსაზრისი მიმდინარე ეტაპზე კონტრშეტევის გაგრძელებასთან დაკავშირებით. იქნებ უკეთესი იყოს, რომ უკრაინის არმიამ დაკავებული პოზიციები გაამაგროს, კარგად განმტკიცდეს, მოაწესრიგოს ლოჯისტიკა და ზურგის ობიექტები?“ - იტყობინება ერთ-ერთი წყარო, პრეზიდენტის ოფისიდან.
პრესა ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში გადაჭარბებულ მნიშვნელობას აძლევდა სავარაუდო შეტევას, მიმდინარეობდა აშკარად გაზვიადებული პროპაგანდა და ამ დროს, როცა არმია, ფაქტობრივად ერთ ადგილს ტკეპნის, დასავლელი ჩინოვნიკები აშკარად შეშფოთებულები არიან ოპერაციის ნელი ტემპით და უკრაინის ხელისუფლებას ეჭვის თვალით უყურებენ. კიევში „განტევების ვაცის“ ძებნას იწყებენ.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამხედროებმა სამოქალაქოები კონტრშეტევის თაობაზე შეცდომაში შეიყვანეს და თავიანთი სამოქმედო გეგმები ზედმეტად ნათელ ფერებში დახატეს, გადაჭარბებულად შეაფასეს“, - ასეთ კომენტარს უკეთებს წყარო უკრაინის სამოქალაქო (პოლიტიკური) ჩინოვნიკების განწყობას, - „ისინი სამხედროებით უკმაყოფილონი არიან“.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ფრონტზე შექმნილმა არადამაკმაყოფილებელმა სიტუაციამ უკრაინის სარდლობაში ცვლილებები გამოიწვიოსო? წყარომ აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით კონკრეტულად მსგავსი რამ არ გაუგია, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში გამორიცხული არ არის, რომ ასეთი აზრი ვინმეს გაუჩნდეს“.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უარი განაცხადა Newsweek-ის წყაროს ნათქვამის კომენტირებაზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „არსებობს პირდაპირი კავშირი არმიის სარდლობასა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის, რომლის ფუნქციაა, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებების მიღებას, მუდმივად ცვალებადი სამხედრო სიტუაციის გათვალისწინებით. სამხედრო სარდლობისადმი ნდობა ჩვენი გამარჯვების მნიშვნელოვანი წინამძღვარია“. კითხვაზე, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს სამხედროებსა და სამოქალაქოებს შორის არსებული უთანხმოების ფაქტი, მან უპასუხა, რომ მსგავსი ამბები კრემლის პროპაგანდის შედეგია, რომელიც მუდმივად რაღაც ხრიკებს ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ.
დიდი იმედგაცრუება დიდი იმედების ფონზე
თვითონ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღიარა, რომ კონტრშეტევა ისე არ მიდის, როგორც სასურველია: ორთვენახევრიანი გააფთრებული და მძიმე სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, უკრაინელები ჯერაც ვერ მიუახლოვდნენ „სუროვიკინის ხაზს“ - თავდაცვითი ნაგებობების ფართო ქსელს, რომელიც რუსულმა საინჟინრო ქვედანაყოფებმა 2022 წლის ბოლოს ააგეს, გენერალ სერგეი სუროვიკინის ხელმძღვანელობით.
რუსების განწყობა ფრიად ამაღლდა იმ ვიდეოკადრების ჩვენებისას, როცა შეტევის პირველ დღეებში უკრაინელებისათვის გადაცემული დასავლური ტანკები რუსულ დანაღმულ ველებზე კვარივით იწვოდნენ. სამაგიეროდ, ამ კადრებმა აშშ-ში და ევროპაში უკიდურესად ნეგატიური შთაბეჭდილება გამოიწვია - მით უმეტეს, რომ ტანკები აფეთქდნენ არა რუსულ საარტილერიო ქვედანაყოფებთან პირისპირ ბრძოლაში, არამედ - მათგან საკმაოდ შორს, დანაღმულ მინდორზე, რომელიც მთავარი გამაგრებული ხაზის წინ მდებარეობს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაიწყეს არაორაზროვანი ლაპარაკი ბრძოლის ველზე არსებულ რთულ ვითარებაზე. დასავლეთში აცხადებენ, რომ უკრაინამ საკმაო რაოდენობის იარაღი მიიღო, უკრაინელები კი ამბობენ, რომ მათ ბევრი რამ აკლიათ, განსაკუთრებით - ჭურვები, სარაკეტო იარაღი და ავიაცია. გარდა ამისა, უკრაინის არმია იძულებულია, ნატოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დოქტრინები ერთმანეთს შეუთავსოს და ისე იბრძოლოს.
Newsweek-ს ესაუბრება ანდრეი ზაგოროდნიუკი, რომელიც 2019-2020 წლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი იყო, ამჟამად კი სამხედრო უწყების მრჩეველია. „კონტრშეტევის ირგვლივ უამრავი ჭორები და მცდარი წარმოდგენები ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, უკრაინის არმია მოწინააღმდეგის არმიის გამოფიტვის ტაქტიკაზე გადავიდა, ანუ რუსები დაიქანცებიან და ჩაგვბარდებიან. ეს მთლად ასე არ არის. სინამდვილეში ჩვენი არმია ცდილობს რუსების თავდაცვისუნარიანობა დაასუსტოს და პარალელურად, აქტიურად მოემზადოს სამომავლო ბრძოლებისათვის. უკრაინას უკვე აქვს ბრძოლის დიდი გამოცდილება - ისეთი, როგორიც ევროპის არცერთ არმიას არ აქვს. ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატებით მუშაობს. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ უნდა გავჩერდეთ. ოპერატიული სიტუაციის გამო სტრატეგიული მიზნების გადახედვა სრულიად მიუღებელია. დღეს არსებული ვითარება ჩიხში შესვლას არ ნიშნავს. უბრალოდ, დრო გაჭიანურდა, რადგან სიტუაცია რთულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უვარგისი გეგმა გვაქვს“, - ამბობს ექს-მინისტრი.
სხვათა შორის, ახალი შეიარაღების ნაკლებობაზე ივლისის თვეში უმაღლესმა მთავარსარდალმა - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაიჩივლა: „კონტრშეტევა უფრო ადრე, გაზაფხულზე გვინდოდა დაგვეწყო, მაგრამ საბრძოლო მასალები და ტექნიკა საკმარისი არ გვქონდაო“.
„ვალერი ზალუჟნი რომ ნატოს გენერალი ყოფილიყო, იგი უარს იტყოდა ბრძანების შესრულებაზე - სათავეში ჩადგომოდა კონტრშეტევას“, - ამბობს Newsweek-თან საუბარში დენ რაისი, ვესტ-პოინტის კურსდამთავრებული, რომელიც დღეს კიევში არსებული ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელია. „ომებში და მით უმეტეს, თანამედროვე ომში წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ საკმარისი არტილერია და ავიაცია არ გაქვს. უკრაინა სწორედ ასეთ სიტუაციაშია. ამიტომაც შეტევის ასეთი გაჭიანურება არავისთვის შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს“.
„ჩემი ვარაუდით, შარშანდელ შემოდგომაზე ხარკოვის ოლში და დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინის არმიის მიერ განხორციელებულმა სწრაფმა შეტევამ, როცა რუსები უკანმოუხედავად გარბოდნენ, დაბადა იმედები, რომ ახლაც იგივე განმეორდებოდა, მაგრამ იმედები არ გამართლდა: თურმე რუსებსაც შეუძლიათ მომზადება. კიევს სურს ყირიმის დაბრუნება, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ: რუსებს უკვე ათი წელია ყირიმი ოკუპირებული აქვთ და ნახევარკუნძული ძალიან მტკიცედ არის გამაგრებული“, - ამბობს დენ რაისი.
ვაგრძელებთ თუ ვჩერდებით?
დასავლელემა სკეპტიკოსებმა და უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეებმა უკვე დაიწყეს თავიანთი კონტრშეტევაც - აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ამერიკელმა სენატორმა-რესპუბლიკელმა რონი ტუბერვილმა გასულ კვირას ტელეარხ „ფოქს-ნიუსის“ ეტერში განაცხადა, რომ „უკრაინა სკოლის უმცროსკლასელთა გუნდს ჰგავს, რომელიც მატჩს კოლეჯის სტუდენტების გუნდს ეთამაშება. კიევი [მოსკოვზე] ვერ გაიმარჯვებს“. მართალია, მანამდე თვითონ სენატორსაც აკრიტიკებდნენ, რომ უკრაინის შესახებ ფაქტებს აზვიადებდა, მაგრამ ახლა მისი მსგავსი სკეპტიკოსების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. მათი აზრით, კიევს გაუმართლებელი მაქსიმალისტური იდეების აქვს, დროა ტაქტიკა შეიცვალოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი არაერთხელ იფიცებოდა, რომ უკრაინელთა სიცოცხლეს გაუფრთხილდებოდა და სისხლს უაზროდ არ დაღვრიდა, მაგრამ კიევმა უკვე მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. სავარაუდოდ, ალბათ, დიდი დანაკარგები აქვს რუსეთსაც, თუმცა არც ერთი მხარე ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებს.
უკრაინელი ჯარისკაცები მედგრად იბრძვიან და გმირობის მაგალითებს იძლევიან. მათზე დაყრდნობით, კიეველი სამხედროები ხშირად აცხადებენ, რომ ახლა თუ არა, ახლო მომავალში მაინც მიაღწევენ დიდ წარმატებებს. და თუ დღეს არმია გაჩერდება და შეტევას შეწყვეტს, ამას მოსკოვი სერიოზულ მარცხად ჩათვლის და დარწმუნდება, რომ კიევის მიზნები 1991 წლის საზღვრების აღდგენაზე წმინდა წყლის შეუსრულებელ მისიას და გადაჭარბებულ ამბიციებს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, უშედეგო კონტრშეტევა უკრაინის ხელისუფლების კრიტიკოსებს კიდევ ერთ საბაბს აძლევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი ჯიუტ და არასაიმედო პიროვნებების ჯგუფად წარმოადგინონ. „კიევისათვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი დარწმუნდეს - უკრაინა სერიოზული და რაციონალური მოთამაშეა და აქედან გამომდინარე, ოფიციოზს სახელის გატეხვა არ სურს“, - ამბობს წყარო, რომელიც მთავრობის საქმეებშია ჩახედული.
კიდევ ერთი ინკოგნიტო წყარო ამბობს, რომ მასმედიაში გავრცელებული აზრები, თითქოსდა კონტრშეტევა ჩაიფუშაო, უსაფუძვლოა. „კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ როცა კიევი დაპყრობის საფრთხის წინ იდგა, ვოლოდიმირ ზელენსკი კი შეიძლებოდა მოეკლათ, იმ დროიდან მხოლოდ ნახევარი წელი გავიდა. ამ დროს კი ჩვენ ვხედავთ, რომ კონტრშეტევას აწარმოებს არა რუსეთი, არამედ უკრაინა“.
ანდრეი ზაგოროდნიუკის თქმით, ისინი, ვინც კონტრშეტევის ზუსტ ვადებს ყველასათვის გასაგონად ადგენენ, ის საზოგადოებას გონებას უბნევენ. როგორც ვიცი, თვითონ სამხედროებს ვადებზე არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ექსპერტი ამბობს, რომ „ბიჭებო, თქვენ მხოლოდ ორი თვეღა გაქვთ დარჩენილი“. საიდან დაადგინეს, რომ მხოლოდ ორი თუ სამი თვე დაგვრჩა?“.
საგანგაშო ზარი დასავლეთისათვის
გეოსტრატეგიის ბრიტანული საბჭოს თანადამფუძნებელი ჯეიმს როჯერსი თვლის, რომ კიევი დღეს რთული და გრძელვადიანი დილემის წინაშე დგას. „აშკარაა, რომ რუსები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ. ისიც ცხადია, რომ კრემლს რესურსებიც მეტი აქვს, მათ შორის, ცოცხალი ძალისაც, რომელიც მოსკოვს ყოველ წუთში შეუძლია უყოყმანოდ გამოიყენოს და ბრძოლაში ჩართოს. ერთმა უკრაინელმა ხუთი რუსიც რომ მოკლას, ეს მიზნის მისაღწევად მაინც არ არის საკმარისი. უფრო მეტი მტრის განადგურებაა აუცილებელი, უკრაინას კი ამისათვის რესურსები არ ეყოფა“.
„ჩემი აზრით, დასავლეთს საკმაოდ არარეალური მოლოდინები ჰქონდა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით. ევროპამ იფიქრა - „აი, კიევს ტანკებს მივცემთ, ისინი კი ამ ტანკებით რუსების თავდაცვის ხაზს გაარღვევენ და სწრაფად გავლენ აზოვის ზღვის ნაპირზეო“. ტანკები მისცეს, მაგრამ ძველი და არასაკმარისი რაოდენობით. უკრაინას არ აქვს ავიაცია“, - ამბობს ჯეიმს როჯერსი.
ბრძოლები გრძელდება და ამიტომ საბოლოო წარმატებასა და წარუმეტებლობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ფრონტის ხაზი 1300-კილომეტრიანია და გარე დამკვირვებელმა კარგად არ იცის, სად მოხდება თავდაცვის ხაზის გარღვევა. უკრაინელები ცდილობენ შეტევის გაფართოებას, რუსები კი მათ შეზღუდვას. ორივე საკუთარი მიზნის მიღწევას უამრავ მსხვერპლს წირავს.
„იმის გარანტია, რომ ბრძოლა მრავალი თვე ან წელი არ გაგრძელდება, არ არსებობს. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, რუსეთის გამარჯვების ალბათობა მატულობს: კრემლი, სავარაუდოდ, თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს - შეინარჩუნებს დაკავებულ ტერიტორიებს, თუნდაც შედარებით მცირე სახით, ვიდრე მას 2022 წლის მარტში ჰქონდა, მაგრამ მაინც“, - ასკვნის ჯეიმს როჯერსი.
მოამზადა სიმონ კილაძემ