"ამბობენ, ალიოშა ხვამლზე სტალინმა გაგზავნა გადამალული განძის საპოვნელადო... მიჯაჭვული პრომეთეს ადგილი დღესაც მისტიკურად ითვლება" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, ალიოშა ხვამლზე სტალინმა გაგზავნა გადამალული განძის საპოვნელადო... მიჯაჭვული პრომეთეს ადგილი დღესაც მისტიკურად ითვლება"

ხვამლი, იგივე ხომლი, მთაა ლეჩხუმში, რომელიც საუკუნიდან საუკუნემდე მისტიკური საბურვლით იმოსებოდა. არა მარტო იმიტომ, რომ მასზე ჟამთააღმწერელი წერს, "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო“, არამედ იმიტომაც, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ხვამლს უდიდესი ადგილი უჭირავს - სწორედ აქ იყო მიჯაჭვული პრომეთე, რომელსაც ყვავ-ყორნები უკორტნიდნენ გულს. რაც შეეხება განძს, როგორც ჟამთააღმწერელი გვიყვება, როდესაც საქართველო ორად გაიყო, ხვამლიდან მისი მცირე ნაწილი დავით-ულუმ და დავით-ნარინმა (თამარ მეფის შვილიშვილები) წაიღეს, დანარჩენი კი იქვე დატოვეს: „არამედ, ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს, ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა“.

იმავეს იმეორებს XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი, რომელსაც სულაც არ სჩვეოდა ფაქტების გაზვიადება: "ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით. ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტრისგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთა სადებ". ამიტომაც არ გაემტყუნება ქართველ ხალხს ხვამლის მისტიკაზე იმედის თვალის მიპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერები ხვამლს უფრო პრაგმატულად უყურებენ, ვიდრე - მისტიკურად, აქ არქეოლოგიური კვლევები პერიოდულად მუდამ იყო. მეცნიერული კვლევებით, ხვამლზე ხალხი უკვე ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდა, რაც ქრისტეს დაბადებას ორი-სამი ათასი წლით არის დაშორებული. ისინი აქ ბრინჯაოს, რკინასა და ოქროს მოიპოვებდნენ, რაც უმაღლეს ცივილიზაციას უკავშირდებოდა და ევროპაც შურის თვალით შესცქეროდა. სწორედ ამ ტექნოლოგიების დაუფლების მიზნით გადმოლახეს არგონავტებმა ზღვა და ხმელეთი, ხვამლამდე მისულებს კი აქ მიჯაჭვული პრომეთეს კვნესა მოესმათ.

ხვამლის მკვლევარმა და ცაგერის მუზეუმის თანამშრომელმა დავით კოპალიანმა მრავალი ათეული წელი შესწირა ხვამლის საიდუმლოებების შესწავლას, რის შესახებაც წიგნიც გამოსცა. ამაში უძველესი ევროპელი ისტორიკოსების შრომებმაც შეუწყო ხელი, ვიდრე სტრაბონიდან (I საუკუნე), იტალიელ დანიელა პიზაგალამდე, რომელიც ხვამლის სანახავად ცაგერში გასულ საუკუნეში ჩამოვიდა და თავად შეხვდა.

- ბატონო დავით, საქართველოს დაინტერესება ხვამლით გასაგებია, მაგრამ ევროპელებს რაღა უნდოდათ, რატომ მოიჩქაროდნენ ასე ხვამლზე უძველესი დროიდან დღემდე? საიდან იცოდნენ ლეჩხუმში აღმართული მთის შესახებ?

- იქიდან, საიდანაც ჩვენ ვიცით ევროპა. ევროპასთან ურთიერთობა მართლაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაწყებულა! ჩვენ ლითონის დამუშავების საიდუმლოს ვფლობდით, რაც მაშინდელი ევროპისათვის იგივე იყო, რაც ატომის გამოგონება. ამიტომაც გამოეშურნენ საქართველოში ამ ცოდნის გასატანად.

- თუმცა ჯერ ის ვთქვათ, ხვამლს ხვამლი რატომ ჰქვია?

- სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ხვამლიდან ცას უძველესი ვარსკვლავთმრიცხველები აკვირდებოდნენ, რასაც ხვამლის გამოქვაბულებში აღმოჩენილი პიქტოგრამებიც მოწმობს, რომლებიც ქრისტემდე, დაახლოებით, 5600 წლის წინ არის ამოკვეთილი წითელი საღებავით. ისე, ეს ვიზუალურადაც ასეა, ღამით, რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო ხვამლს, დაინახავ, რომ მას თავზე ხვამლის თანავარსკვლავედი დანათის. სხვათა შორის, პიქტოგრამები 1945 წელს მთამსვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ აღმოაჩინა. ამბობენ, ალიოშა ხვამლზე სტალინმა გაგზავნა გადამალული განძის საპოვნელადო. სხვათა შორის, ხვამლის გამოკვლევა ჰიტლერსაც სურდა, მაგრამ არ დასცალდა. ის კავკასიაში, მათ შორის - ხვამლზეც, იმ მითური არსებების დადასტურებას ეძებდა, რომლებიც გერმანელ გმირებს სიკვდილის შემდეგ მოემსახურებოდნენ საიქიოში.

არგონავტებმა ჩამოსვლისთანავე სწორედ ხვამლისაკენ გასწიეს. მათი ლეგენდებით, ოქროს საწმისი ჭაში ინახებოდა და გველეშაპი დარაჯობდა, ხვამლი კი სწორედ მიწაზე გაწოლილ გველეშაპს ჰგავს. ამაში დარწმუნება საჰაერო ფოტოთიც შეიძლება. ზევსმაც სწორედ ხვამლზე მიაჯაჭვა ურჩი პრომეთე. აპოლონ როდოსელი "არგონავტიკაში" წერს: "კირკეს ველზე, სადაც ფაზისი მოაგორებს ტალღებს და ხელმარცხნივ კავკასიონია, არგონავტებს პრომეთეს გმინვა მოესმათო".

2000 წლის წინ სტრაბონიც ხვამლს ასახელებდა პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად. თავად შევხვდი გასულ საუკუნეში ხვამლის სანახავად ჩამოსულ იტალიელ მწერალსა და მოგზაურს - დანიელა პიზაგალის და გავოცდი, აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ლეჩხუმელებს განსაკუთრებით ახარებდათ სვავების მონადირება, იმიტომ, რომ პრომეთეს მკერდს სწორედ სვავები კორტნიდნენ.

- თქვენ იცით, სად არის ეს მისტიკური ადგილი, სადაც პრომეთეა მიჯაჭვული?

- რა თქმა უნდა. გადმოცემით, ხვამლის ზედა ნაწილში, რომელიც დღესაც მისტიკურ ადგილად ითვლება.

ხვამლზე უამრავი მისტიკური ადგილია. თუნდაც ელიას სალოცავი, სადაც ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაა. ლეჩხუმელები გვალვისას ახლაც ადიან და ეხვეწებიან, რომ წვიმა მოიყვანოს. მეტსაც გეტყვით, გაზაფხულზე პირველი გაავდრების დროს, თუ ჭექა-ქუხილი ხვამლის მხრიდან გაისმა, ჩვენებური კაცი შვებით ამოისუნთქავს და იტყვის, წელს მშვიდობიანი და მოსავლიანი წელი გვექნებაო.

- უცნაურია, მაგრამ ლეჩხუმელები ახლაც ამტკიცებენ, რომ ხვამლის ერთ-ერთი გამოქვაბულის ქვეშ ბერმონაზვნების ლანდები ჩნდება.

- რატომ არის უცნაური? ხალხში ლეგენდები თაობიდან თაობამდე გადადის და სისხლში ჯდება. ხვამლზე ბერებიც ცხოვრობდნენ. ხვამლის დასავლეთ მხარეს არის უძირო, ვიწრო ნაპრალი, რომლის სიღრმე 300-350 მეტრია. მას ჩვენ "ბერის ნამუხლარს" ვეძახით. თურმე ხვამლზე მოღვაწე ერთ ბერს უთქვამს, უფალი დიდია, თუ რწმენით მიუდგები, ზღვაზე გაივლი, არათუ 300-მეტრიან ნაპრალზე გადამხტარხარო. ჰოდა, გადამხტარა ნაპრალზე. ხვამლზე არანაკლებ მისტიკური ადგილი ვერძისთავის გამოქვაბულია. სიტყვა "ვერძისთავი" არაფერს გეუბნებათ?

- როგორ არა, არგონავტებსა და ოქროს საწმისთან არის კავშირში.

- ჰოდა, ბერძნული მითოლოგია გვეუბნება, რომ ხვამლზე პრომეთეს გასათავისუფლებლად ჰერაკლე გაგზავნეს და უთხრეს, აუყევი მდინარე ფასისს (რიონს) მარცხნივ. იარე იმ გამოქვაბულამდე, საიდანაც წყალი გადმოდის. გადააგდე ეს წყალი, შედი გამოქვაბულში და პრომეთე გაათავისუფლეო. ჰოდა, ხვამლი ვისაც უნახავს, ვერძისთავის გამოქვაბული და ეს მდინარე ყველამ იცის. გამოქვაბულიდან გამოსული მდინარე ხან რიონს უერთდება, ხან - ცხენისწყლის ხეობისაკენ მიედინება. არავინ იცის, ეს რაზეა დამოკიდებული. ლეგენდებით, გამოქვაბულში გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალს იქით გაუშვებს.

- ამ მდინარის სათავესთან არავინ მისულა?

- მე როგორც ვიცი, ჯერჯერობით, არა. ხვამლის კვლევა არც ისე ადვილია. ვფიქრობ, ვერტმფრენებიც უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში, რათა მთა ზემოდანაც დათვალიერდეს.

- ბატონო დავით, ხვამლის პიქტოგრამები თუ არის გაშიფრული?

- რა თქმა უნდა. როდესაც ხვამლზე არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი მუშაობდა, დაახლოებით 15 წლის წინ, პიქტოგრამები მაშინ გაშიფრეს. ეს პლანეტების სიმბოლური ნიშნებია: მერწყულის, თხის რქის, ცხენზე მჯდომი შუბით შეიარაღებული მარსის...

- დღეს არქეოლოგიური მეცნიერება გამორიცხავს, რომ ხვამლის გამოქვაბულებში განძი, რომელიც იქ თამარის შვილიშვილებმა დატოვეს, ისევ იყოს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ხვამლს 50 წელიწადია, ვიკვლევ და მე ასე დაბეჯითებით ვერ ვიტყოდი. ფაქტი ის არის, რომ დღეს ხვამლის მხოლოდ 19 გამოქვაბულია აღმოჩენილი, დანარჩენი კი კვლავ აღმოსაჩენია ხვამლის გულში. რაც მთავარია, აქ განძიც რომ იყოს, გული რომ დავიმშვიდოთ, ვიტყვი, ის შეუხებელი იქნება ცუდი ადამიანის ხელისგან, ხვამლის გამოქვაბულებში სპეციალისტების გარდა, ვერავინ ვერასოდეს ჩავა.

- ბატონო დავით, გალაკტიონის ლექსი იცით, ალბათ, ხვამლზე, მრავალჯერ გაგახსენდებოდათ.

- დიახ, დიდებულია. სწორედ ხვამლივით მისტიკური:

"ვდგევარ ხვამლის კლდეზე/, ხელში ვიღებ ფეშხუმს/,

აქ იმერეთს ვხედავ/, იქით რაჭა-ლეჩხუმს/.

ჩვენს სიმდიდრეს მტერმა, რომ ხელი ვერ ახლოს,

ვდგევარ ხომლის კლდეზე, განძთ სადების ახლოს".

(სპეციალურად საიტისთვის)