ლეგენდარული "ოტენის აფთიაქის" შენობაში რესტორანი გაიხსნება? - კვირის პალიტრა

ლეგენდარული "ოტენის აფთიაქის" შენობაში რესტორანი გაიხსნება?

...ხელოსანს ვკითხეთ, რა იქნება აქ "რემონტის" შემდეგ-თქო და გვიპასუხა, რესტორანიო... ჩვენ თვითონ არ ვიცით გაფრთხილება და იმის ფასი, რაც გააჩნია ქალაქს, ქვეყანას, თითქოს ერთი აფთიაქია ლეონიძის ქუჩაზე და მერე რა, მაგრამ ასე იკარგება ისტორია, ამბავი, პირველი ძეგლი და რა დაგვრჩება მომავალში?", - ამბობს მხატვარი, რეჟისორი, აუდიოვიზუალური ხელოვნების დოქტორი - მაია კიკაბიძე, რომელიც ამ საკითხზე გვესაუბრება:

- ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ძველი აფთიაქი ბავშვობიდან მახსოვს, ულამაზესი, მოხატული ჭერით და ხის ჩუქურთმებით კარებზე, ავეჯზე... ჭერზე ღრუბლებში გაფანტული ყვავილები ეხატა, ამ უნიკალურმა სივრცემ პატარაობიდან შთაბეჭდილებების ქვეშ მომახვედრა. უამრავი წელი ემსახურა აფთიაქი მომხმარებელს, თავისი პირვანდელი დანიშნულებით... რამდენიმე დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე გავლამ მომიწია, დავინახე აფთიაქის კარი ღია იყო, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მე და ჩემი და შევედით და ამ უნიკალური ძეგლის, ისტორიული აფთიაქის კვდომა ვნახეთ... ხელოსნები მუშაობდნენ, ვკითხე, რესტავრაცია ხომ არ კეთდება-მეთქი და მიპასუხეს - არაო, რაც მოხატულია ხელს არ ვახლებთ, შეკიდულ ჭერს ვაკეთებთო. მართლაც, მეორე დარბაზში შეკიდული ჭერი კეთდებოდა, პირველის ჭერი ნახევრად ჩამოხეული იყო და აღდგენას არც ფიქრობდნენ.

კედლის მოხატულობაში ულამაზესი პორტრეტი მოჩანს, რომელსაც კედლის ნახვრეტები ჰქონდა. რაღაც მილები იყო, ალბათ, გაყვანილი, ჩუქურთმიანი ავეჯი იდგა, მაგრამ რამდენიმე და არა - სრული შემადგენლობით. იქვე ეწყო ხის უძველესი, მრგვლად გამოჭრილი ფირფიტები, თეფშებს ჰგავდა, ალბათ, ძველად წამლის დასამზადებელად იყენებდნენ...

ხელოსანს ვკითხეთ, "რემონტის" შემდეგ აქ რა იქნება-თქო და გვიპასუხა, რესტორანიო... ჩვენ თვითონ არ ვიცით გაფრთხილება და იმის ფასი, რაც გააჩნია ქალაქს, ქვეყანას, თითქოს ერთი აფთიაქია ლეონიძის ქუჩაზე და მერე რა, მაგრამ ასე იკარგება ისტორია, ამბავი, პირველი ძეგლი და რა დაგვრჩება მომავალში? მთავარია რესტორანი და ბიზნეს გათვლა, გაქირავება და არსებობა... არ ვუყურებთ სიცოცხლეს და ისტორიას, რომელმაც ქართული კულტურა აქამდე მოგვიტანა. აფთიაქი მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ არ ვცემთ პატივს ღირებულებებს...

oteni-3-1692362922.jpg

პროვიზორ ფერდინანდ ოტენის შთამომავალი - მარია ოტენი:

- სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომლებიც შენობის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს... ბევრგან დავწერე და მკითხველსაც მინდა ავუხსნა, რომ ეს ჭერი და მოხატული კედლები ავთენტური არ ყოფილა. ბებიასგან ვიცი, ბავშვობაში მამაჩემსაც უნახავს და ახსოვდა, რომ იყო სამკურნალო მცენარეებით და ყვავილებით მოხატული, ულამაზესი იყო.... ლენტები (ე.წ. ვინიეტკები) იყო გაკეთებული ლათინური წარწერებით...

კომუნისტებმა ყველაფერი მოსპეს, აფთიაქის დარბაზი და სხვა დამხმარე სათავსოები თეთრად და ნაცრისფრად შეღებეს. შეიძლება ბათქაშის ქვეშ სადმე რამე გადარჩა, მაგრამ ჭერი - ვერა. წყალი იმდენჯერ ჩამოვიდა, ძველი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა... ძალიან კარგად მახსოვს, 1970-იანი წლების ბოლოს ისეთი ტალღა წამოვიდა, არა ერთი ძველი აფთიაქი გაარემონტეს და ძველი იერსახე დაუბრუნეს. ვითომ რესტავრაცია ჩაუტარეს, მაგრამ სინამდვილეში, ახლად მოხატული იყო. ეცადნენ, ძველებურ სტილში გაეკეთებინათ და, სხვათა შორის, ცუდად არ გამოვიდა. უბრალოდ, ეს მოხატულობა ძველი, ჩემი დიდი ბაბუის, ფერდინანდ ოტენის დროინდელი არ არის.

oteni-7-1692362967.jpg

რაც შეეხება კითხვას, რა იქნება შენობაში, ამას ვერ გეტყვით, რადგან ძალიან მიჭირს იქ მისვლა და არც ვიცი, ვის უნდა ვკითხო... პირველად როცა გავიგე, რომ იქიდან აფთიაქი გადავიდა, ფართობის მფლობელს - დავით ჯაფარიძეს დავუკავშირდი. სხვათა შორის, ძალიან შეგნებული, სიმპათიური ადამიანია... თვითონ ფარმაცევტია და მახსოვს, მითხრა, ძალიან მინდა აქ ისევ აფთიაქი გავხსნაო... ვთხოვე, თუ აფთიაქი ვერა, ან წიგნების მაღაზია, ან სამხატვრო გალერეა, ნებისმიერი რამ, სასურსათო ან ბოსტნეულის მაღაზიის გარდა... ამბობენ, რომ მფლობელი შეიცვალა... არ ვიცი.

აფთიაქისგან იმდენად მცირე ფართობი დარჩა, იქ რესტორანი როგორ უნდა დაეტიოს, წარმოდგენა არ მაქვს. მაქსიმუმ, რამე კაფეს თუ გააკეთებენ... არ დამირეკავს, რადგან ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია. მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვინერვიულო და ვიტირო...

oteni-6-1692362996.jpg

- შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს?

- იმ სახლის ყველაზე დიდი უბედურება საძირკველია. როგორც ყველა დიდი შენობა სოლოლაკში, ესეც დაზიანებულია, პირველ რიგში, საძირკვლის ჯდენის გამო.

კანცელარიის შენობას როდესაც აშენებდნენ, მაშინ ლეონიძის ქუჩა გახსნილი იყო და იქ ძველი სანიაღვრე წყლების კოლექტორი აღმოჩნდა, რომელიც ძველი ქართული აგურით ნაშენი იყო. არანაირი სქემა, გეგმა არ იყო და შეიძლება, საერთოდაც არ ყოფილა. ქვემოთ რომ მიწისქვეშა გადასასვლელი გააკეთეს, თუ არ ვცდები, ეს კოლექტორი ხრეშით შეავსეს, დაარღვიეს სანიაღვრე წყლების დინების მიმართულება და შედეგად, მთაწმინდიდან წამოსული სანიაღვრე წყლები სხვადასხვა გზით წავიდა. იმის შემდეგ სოლოლაკში სახლების საძირკვლების პრობლემა დაიწყო, მათ შორის, ჩვენი სახლისაც. ჯერ კიდევ ბავშვი რომ ვიყავი, კომუნისტების პერიოდში, მამაჩემი რაიკომის, აღმასკომის წარმომადგენლებთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე იყო მისული. თავად ინჟინერ-მშენებელი იყო და ამ საკითხებში, ცხადია, კარგად ერკვეოდა... მას უთხრეს, ძალიან დიდი თანხა დასჭირდება, მთელი კალინინის (მაშინ კალინინის რაიონი ერქვა) რაიონის ბიუჯეტი ამ ერთ სახლს არ ეყოფაო... მეორეც, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კულტურის სამინისტროს გარეშე აქ ვერაფერი გაკეთდებაო...

თბილისში ძალიან ბევრ სახლს ჰქონდა ძეგლის სტატუსი, მაგრამ სტატუსი მოხსნეს, დაანგრიეს, გაყიდეს და ამ შენობასთან დაკავშირებით რა ხდება, არ ვიცი...

oteni-1692363056.jpg

- თბილისის მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ეს თბილისის პირველი აფთიაქი იყო...

- პირველი აფთიაქი ნამდვილად არ იყო... ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც იყო გახსნილი შესაბამისი განათლების და გამოცდილების მქონე, ნამდვილი პროფესიონალის მიერ. აფთიაქის მფლობელი, ჩემი დიდი ბაბუა, რამდენიმე წელი მუშაობდა მოსკოვის ძალიან ცნობილ აფთიაქში, რომლის მფლობელი იყო გერმანელი ვლადიმერ ფერეინი. იქ მიიღო დიდი გამოცდილება. შემდეგ ჩააბარა მაშინდელ დერპტის უნივერსიტეტში, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე (ქ. ტარტუ, ესტონეთი), ხოლო 1876 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და მიიღო ფარმაციის მაგისტრის დიპლომი.

ფერდინანდ ოტენს აფთიაქში ჰქონდა ლაბორატორიები, სადაც მზადდებოდა წამლები, მისი საკუთარი რეცეპტურით ან ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის მიხედვით. თბილისში რამდენიმე მომმარაგებელი ჰყავდა, რომლებიც სამკურნალო მცენარეებით ამარაგებდნენ.

ფერდინანდ ოტენი თბილისში ჩამოვიდა 1878 წელს. ჯერ მუშაობდა ქიმიურ ლაბორატორიაში, მერე იჯარით აიღო ერთ-ერთი აფთიაქი სოლოლაკში, რომელიც შემდგომ შეისყიდა. 1902 წელს ააშენა საკუთარი სახლი ლეონიძის N8-ში და აფთიაქი იქ გადაიტანა. ავეჯი, ტექნიკა, აპარატურა გერმანიიდან ჰქონდა გამოწერილი. ძველი ავეჯის ნაწილი ახლაც დგას აფთიაქისგან დარჩენილ ფართობზე...

რატომღაც ინტერნეტში, რუსულ და ქართულ საიტებზე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ თითქოს ოტენს და ზემელს საერთო ბიზნესი და სამი აფთიაქი ჰქონდათ. მათ არანაირი საერთო ბიზნესი არ ჰქონიათ! რა თქმა უნდა, ერთმანეთს იცნობდნენ, ურთიერთობა ჰქონდათ მაშინ არსებულ კავკასიის ფარმაცევტთა საზოგადოებაში, რომლის თავმჯდომარეც, გარკვეული პერიოდი, ჩემი დიდი ბაბუა იყო, ევგენი ზემელი კი - ამ საზოგადოების წევრი.

ფერდინანდი არჩეული იყო ქალაქის დეპუტატად და თბილისის საპატიო მოქალაქედ.

oteni-1-1692363025.jpg

„კვირის პალიტრა“ კითხვით, თუ რა იხსნება ამ შენობაში, თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა... მათ ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროექტი მოგვაწოდეს, მაგრამ კონკრეტულად რა იხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ...

"ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები მნიშვნელოვანია შესრულდეს კვალიფიციური სპეციალისტის - კედლის მხატვრობის კონსერვატორ-რესტავრატორის მიერ;

• მნიშვნელოვანია დაუზიანებლად შენარჩუნდეს ზედაპირული ფენების ქვეშ დაფარული მხატვრობის არეები (დაუშვებელია კედლების მექანიკური დაზიანება,"დაკეჭვნა", გაბურღვა და ა.შ);

• ინტერიერში გამოვლენილი მხატვრობის კვლევა და რეკომენდაციები დეტალურად იხილეთ: ოტენის აფთიაქი (გიორგი ლეონიძის ქუჩის №8), ფასადის და ინტერიერის საღებავის ფენების კვლევა, ავტ. - ო. ხაჩიძე, ნ. პაპიაშვილი, იანვარი, 2023 წ.

გთხოვთ, შეითანხმოთ წარმოდგენილი მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და გასცეთ მშენებლობის ნებართვა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს ძეგლის მხატვრულ ღირებულებაზე" - წერია პროექტში...

არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ სამუშაოებს ერთ-ერთი შპს აწარმოებს, მათ ინტერნეტში მითითებულ ყველანაირ საკონტაქტო ნომერზე დავუკავშირდით, მაგრამ პასუხი არ დაგვიბრუნეს.

(სპეციალურად საიტისთვის)