ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - რას წერს იტალიური მედია?
იტალიაში, ტარანტოს ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვის 23 წლის დედამ შვილის მიტოვება გადაიფიქრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ქართველმა ქალმა გადაწყვიტა, ჩვილი, რომელსაც ადგილობრივმა ექიმებმა ლორენცო დაარქვეს, თავად გაზარდოს.
"სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამომძიებლებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიტოვების საქმეს იძიებენ.
ქალი ადგილობრივი საავადმყოფოს სამეანო განყოფილებიდან უკვე გაწერეს. ის ადვოკატთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ბავშვის დედობა ეღიარებინა, რის მერეც შეძლებს მოითხოვოს შვილის გაზრდის უფლება, თუმცა ჯერჯერობით ბიუროკრატიული პროცედურების გამო, აღიარების პროცესი არ დასრულებულა. მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნებენ თუ არა დედას მიტოვებულ ჩვილს თუ დანაშაულის გამო, პასუხისგებაში მისცემენ. მას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება დააკავონ. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურამ უნდა მიიღოს.
ქართველი ქალის ისტორია იტალიაში
როგორც ცნობილია, ქალს კიდევ ერთი, 4 წლის ვაჟი ჰყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ გასულ კვირას, პარასკევს, 11 საათზე, შუადღეს ქალმა იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მომვლელად მუშაობდა. ბავშვის ჭიპლარი თავად გადაჭრა და პლაცენტა ნაგავში გადააგდო. მეორე დილით კი საბანში გახვეული ჩვილი სავაჭრო ჩანთაში ჩასვა და ნაგავსაყრელთან დატოვა.
მიტოვებული ჩვილი ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომელიც იმ დროს ძაღლებს ასეირნებდა. მოქალაქემ ბავშვის ტირილი გაიგო და მისი პოვნის შემდეგ, 118-ზე დარეკა. სასწრაფო დახმარების მანქანით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქართველ მომვლელს პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაგნო. საფრთხის ქვეშ იყო ქალის სიცოცხლეც, რადგან მას მშობიარობის შემდგომი სისხლდენა ჰქონდა.
კანონის მიხედვით...
რას ამბობს იტალიური კანონი არასასურველი ბავშვების მოშორების მსგავს შემთხვევებზე? - კანონი უფლებას აძლევს დედას, არ აღიაროს ბავშვი. ამ შემთხვევაში ლორენცოს დაბადების მოწმობაში ჩაიწერება, რომ ის "ანონიმური დედისგან გაჩნდა“. იხილეთ სრულად