"გამხდარი მამალი უფრო კარგად პეპლავსო”: უპასუხა კონსტანტინე გამსახურდიამ ხრუშჩოვის მეუღლეს - ნიკიტას სიგიჟეები და სიბრიყვეები - კვირის პალიტრა

"გამხდარი მამალი უფრო კარგად პეპლავსო”: უპასუხა კონსტანტინე გამსახურდიამ ხრუშჩოვის მეუღლეს - ნიკიტას სიგიჟეები და სიბრიყვეები

ცხელა, ძალიან ცხელა თბილისში და ამიტომაც კიდევ უფრო „ცხელ“ და „მძიმე“ თემებს ჯერ არ გთავაზობთ. დღეს დაცვის სპეცსამსახურის „საბჭოთა მოდელის“ შესახებ გავაგრძელოთ საუბარი.

1950 იანი წლების ბოლოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმს, უპირველესად კი მის იდეოლოგიურ საფუძვლებს, უმძიმესი პერიოდი დაუდგა. ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ “პიროვნების კულტის” პროცესის ინიცირებამ და შერჩევითმა სამართალმა (როდესაც რეპრესიების ავტორებად მხოლოდ სტალინი და ბერია გამოიყვანეს) საბჭოთა კავშირს ერთგული მოკავშირეები (უპირველესად ჩინეთი და ალბანეთი) დააკარგვინა და ე.წ “სოციალისტურ ბანაკშიც” პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი გახდა. ქვეყნის შიგნით კი “დათბობის ხანა” მოქალაქეებმა რეპრესიების დასასრულად, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებად მიიჩნიეს და მეტი თავისუფლება მოისურვეს.

სტალინის „რკინის მარწუხების“ შემდეგ საბჭოელები “თავისუფლების ეიფორიაში” იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით მეცნიერებმა და ხელოვნების ხალხმა “გაილაღეს”: იქმნებოდა ავანგარდისტული ნახატები, იწერებოდა და იბეჭდებოდა (!) ისეთი შინაარსის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, რომელთა გამო “დიდი ბელადის” ეპოქაში დახვრეტა არავის აცდებოდა. ახალგაზრდა საბჭოთა მეცნიერები “პიროვნების კულტის” კრიტიკიდან თანდათან საბჭოთა სისტემის კრიტიკაზე გადავიდნენ... მოკლედ, “კომუნიზმის” აშენებას ვინ ჩიოდა, “სოციალიზმიც” თავზე ენგრეოდათ. ამ პროცესებში ზეაქტიურად იყო ჩართული მაშინ საბჭოთა იმპერიის პირველი პირი: ნიკიტა ხრუშჩოვი. ის იყო „დათბობის“ ინიციატორიც და საბოლოოდ მისი „მესაფლავეც“. მართლაც საკვირველია, ამგვარი “ინტელექტის” და პიროვნული თვისებების ადამიანი, როგორ იყო ათი წლის მანძილზე „საბჭოთა იმპერატორი“? თუმცა ფაქტია, რომ 1954–1964 წლებში ხრუშჩოვმა მოახერხა ძალუფლების უზურპირება და ის ერთპიროვნულად წყვეტდა ვეებერთელა იმპერიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს. განსაკუთრებით ბევრი კურიოზი უკავშირდება ნიკიტა ხრუჩშოვის დაცვის ისტორიებს.

picture2-1692337657.jpg

ყურადღებით დააკვირდით ამ ფოტოს, რომელიც 1955 წლის ნოემბერში, საბჭოთა დელეგაციის ინდოეთში ვიზიტის დროსაა გადაღებული. მარცხნიდან პირველი კომუნისტური პარტიის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვია, ხოლო მის წინ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და როგორც ქვეყნის პირველი პირი ნიკოლაი ბულგანინი მიაბიჯებს. საბჭოთა ლიდერები უცხოეთში, სადაც მრავალპარტიული სისტემა მოქმედებს, ვიზიტებისას იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ დიპლომატიურ ეტიკეტს: მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პარტიის გენერალურ მდივანზე სტატუსით უფრო მაღლა იდგნენ. ეს ნიკიტას ძალზე აღიზიანებდა. ამიტომაც იყო რომ „პარტიელი ბელადები“ სწრაფადვე ითავსებდნენ მეორე პოსტსაც, რათა საბჭოთა იმპერიის უმაღლესი თანამდებობის პირის რანგი ოფიციალურადაც მიეღოთ. 1958 წლის 27 მარტიდან ნიკიტა ხრუშჩოვმა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა და სწორედ მაშინ აუშვა „ოჟები“ და თავით გადაეშვა „ვოლუნტარიზმის ჭაობში“. ნიკიტას სიბრიყვე და თავქარიანობა მისი დაცვის უზრუნველყოფასაც დაეტყო. 1955 წლის ნოემბერში ინდოეთში ვიზიტის დროს კალკუტის მოედანზე მისასალმებელად გამოსული (უფრო გამოყვანილი) ხალხის დანახვისას ხრუშჩოვმა ვერ მოითმინა, მძღოლს გაჩერება უბრძანა, მანქანიდან გადახტა და ინდოელებისკენ გაძუნძულდა. საბჭოთა პრემიერი ნიკოლაი ბულგანინიც იძულებული გახდა ნიკიტასთვის მიებაძა. მათ კი დაცვა დაედევნა. ხომ წარმოიდგინეთ ეს „მხიარული“ სცენა?

ამ „ცირკის“ შემხედვარე ინდოელებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და საბჭოთა ლიდერებს გარსშემოეხვივნენ. რკალი თანდათან ვიწროვდებოდა და საბჭოთა სტუმრებს გადათელავდნენ საქმეში დაცვის თანამშრომლები რომ არ ჩარეულიყვნენ: მათ ხრუშჩოვსა და ბულგანინს დიდი წვალებით ვიწრო კორიდორი მოუწყეს და უკან მანქანამდე მიიყვანეს.

picture3-1692337657.jpg

ნიკიტა კვლავ ინდოეთშია

ხრუშჩოვს განსაკუთრებით უყვარდა ნადირობა და თევზაობა, თუმცა ძალზე ბრაზდებოდა თუ ვინმე აჯობებდა. ამიტომაც დაცვის სამსახურს ახალი „მოვალეობა“ დაემატა: ნიკიტას შედეგიანი ნადირობა–თევზაობის უზრუნველყოფა. შემდეგ ლეგენდებიც დადიოდა, თუ როდორ კლავდა ნიკიტა „ნადირობისას“ დაბმულ ირმებსა და გარეულ ღორებს. აი თევზაობისას კი პრობლემა შეიქმნა: თევზს თოკით ხომ ვერ დაუბავდნენ? ამიტომ კა–გე–ბეს „სამთავრობო დაცვის“ სამმართველოს მყვინთავთა შტატი დაუმატეს, რომელთა ამოცანა იყო... ნიკიტას ანკესს თევზი არ მოკლებოდა. სხვათა შორის ეს რეალური ფაქტი გამოიყენა შემდეგ საბჭოთა რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ ფილმში „ბრილიანტის ხელი“.

ყოფილი პარტიული მუშაკი დევი სტურუა იხსენებდა, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში ბიჭვინთაში დასასვენებლად მყოფმა ხრუშჩოვმა სადილზე მიიწვია ვასილ მჟავანაძე, სტურუა და კონსტანტინე გამსახურდია მეუღლითურთ. ქართული კონიაკით “ნასიამოვნებმა” ხრუშჩოვის მეუღლემ – ნინა პეტროვნამ, თავად კარგად ნაპატიევმა რუსმა “ბაბამ”, გული გაუწყალა დიდ მწერალს:

- რატომ ხართ ასე გამხადარი? რატომ ხართ ასე გამხადარი?

- “გამხდარი მამალი უფრო კარგად პეპლავსო”, უპასუხია მოურიდებლად გამსახურდიას. დასაკლავი ნეზვივით გათქვირული მთვრალი ნიკიტა და მისი ცოლი, ქარაგმას ვერ მიმხვდარან და სიხარულის ჭყლოპინი მოურთავთ.

picture4-1692337657.jpg

ვიზიტი აშშ–ში. ხრუშჩოვი, პრეზიდენტი ეიზენჰაუერი და ნინა პეტროვნა. 1959 წელი.

„საქართველოს გასაბჭოების“ მე-40 წლისთავის მისალოცად ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 1961 წლის მაისში უნდა ჩამოსულიყო. ამ დროს მასზე თავდასხმა იგეგმებოდა, რომელიც ოთხ ქართველ პატრიოტს უნდა განეხორციელებინა, თუმცა საქართველოს სსრ სუკ–მა ისინი ხუთი თვით ადრე დააპატიმრა. ეს ფაქტი კარგადაა ცნობილი და მასზე აღარ შევჩერდები.

იოსებ სტალინი, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა, სულ ორად ორჯერ იყო საზღვარგარეთ: 1943 წლის ნოემბერში ირანში, თეირანის კონფერენციაზე და გერმანიაში, პოტსდამის კონფერენციაზე – (1945 წლის 17 ივლისი- 2 აგვისტო). ნიკიტა ხრუშჩოვი კი უცხოეთში „გასტროლებზე“ უფრო მეტ დროს ატარებდა ვიდრე სამშობლოში. მას შემდეგ რაც ხრუშჩოვი „ჩამოალაბორანტეს“, მისი გუშინდელი „მეგობრები“ გათამამდნენ და ნიკიტას კრიტიკა ხმამაღლა გაბედეს: პოლიტბიუროს ყველაზე სტაჟიანმა და ბევრი პრობლემიდან ყოველთვის უვნებლად გამომძვრალმა წევრმა, ანასტას მიქოიანმა ნიკიტას "მსოფლიო მაწანწალაც" კი უწოდა. მართლაც „მეფე–კლოუნის“ როლში ყოფნის პერიოდში ნიკიტა ხრუშჩოვი 50 ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა ვიზიტით: დაახლოებით წელიწადში ხუთი „გასტროლი“ გამოდის, რაც იმ წლებისთვის მართლაც რომ მსოფლიო რეკორდი იყო!

ნიკიტა ხრუშჩოვის (შემდეგ კი ლეონიდ ბრეჟნევის) საზღვარგარეთულ ვიზიტებს აშშ–ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ და დიპლომატის ფრაკს შეფარებული საბჭოთა მზვერავების გასშიფრად იყენებდნენ.

საბჭოთა მზვერავები საზღვარგარეთ ხანგრძლივი მივლინებების დროს სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ მოწინააღმდეგეს არ დაედგინა მათი ნამდვილი პროფესია, რადგანაც უცხოელი “კოლეგების” მიერ გაშიფრული საბჭოთა მზვერავის შემდგომ საზღვარგარეთულ მივლინებებს მაშინვე წერტილი ესმებოდა. იმიტომ, რომ ადგილობრივი კონტრდაზვერვა არ მოასვენებდა: ჯერ გადაბირების წინადადებებით, ხოლო შემდეგ კი, ისეთ “გარე თვალთვალს” დაუწესებდა, რომ სადაზვერვო მუშაობის საშუალებას არ მისცემდა.

ამიტომაც, მაშინ მოქმედი წესის თანახმად, გაშიფრული საბჭოთა მზვერავი დაუყოვნებლივ მოსკოვში უნდა დაებრუნებინათ და მისი კარიერა, უკეთეს შემთხვევაში ცენტრალურ აპარატში გრძელდებოდა, ხოლო თუ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრები არ ჰყავდა, რომელიმე სამინისტროს ან ქარხნის კადრების განყოფილებაში გაამწესებდნენ “მოქმედი რეზერვის ოფიცრად” (ანუ “ოდეერად”). ამ გარემოების გამო ბევრი საბჭოთა მზვერავი ცდილობდა სხვა ქვეყანაში განსაკუთრებით არ ეაქტიურა, კურდღელივით “ჩირგვში მჯდარიყო” და მშვიდობიანად დაესრულებინა სამ-ოთხ წლიანი მივლინება.

ამიტომ იყო, რომ ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ შეენიღბათ ნამდვილი პროფესია - დიპლომატებივით შუაღამემდე რჩებოდნენ საელჩოში, ჟურნალისტების საფარქვეშ მოქმედნი – დაუღალავად წერდნენ უნიჭო სტატიებს, ხოლო საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობას შეკედლებული მზვერავები: უცხო თვალის დასანახავად გულმოდგინედ ჩაკირკიტებდნდნენ მათთვის გაუგებარ ეკონომიკურ და ფინანსურ ჟურნალებს.

ამდენი წვალების მიუხედავად საბჭოთა მზვერავების დადგენას ადგილობრივი კონტრდაზვერვა და უცხოელი “კოლეგები” მაინც ახერხებდნენ.

ყველაზე კურიოზული კი ის შემთხვევები იყო, როცა, არ გაოცდეთ და, საბჭოთა მზვერავს თვით . . . საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი “უშვებდა”, თანაც . . . მოსკოვის დავალებით.

“ჩაშვების ოპერაცია”, როგორც წესი ყველაზე “მოგზაური” საბჭოთა “ლიდერების” რომელიმე მეგობარ ქვეყანაში (ყველაზე ხშირად ინდოეთში, ერაყში, სირიაში ან ეგვიპტეში) ოფიციალური ვიზიტის დროს ხდებოდა. მიუხედავად იმისა რომ, კა-გე-ბეს სტრუქტურაში მე-9 მთავარი სამმართველო (სამთავრობო დაცვა) არსებობდა (რომელსაც საბჭოთა ლიდერების დაცვა ევალებოდა), უცხოური ვიზიტების დროს დაცვის თანამშრომლები მაინც არ ყოფნიდათ. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ კა-გე-ბეს ხელმძღვანელები კონვერტირებული ვალუტის ეკონომიის მიზნით, ცდილობდნენ რაც შეიძლება ცოტა დაცვის თანამშრომლის საზღვარგარეთული მივლინება დაეფინანსებინათ.

საბჭოთა ლიდერებს კი, უცხოური ვიზიტებისას უყვარდათ ხალხში გასვლა და ამით საკუთარი “პოპულარობის” დამტკიცება. დაზვერვის რეზიდენტიც იძულებული იყო, “ცენტრის” თანხმობით, რეზიდენტურის თანამშრომლების ხარჯზე გაეზარდა დაცვის რიცხოვნობა. ამიტომაც მორიგი „გასტროლების“ დროს რეზიდენტურიდან სულ კინწისკვრით ყრიდნენ სხვადასხვა საბჭოთა დაწესებულების საფარქვეშ მოქმედ მზვერავებს, ხელში რაციას მიაჩეჩებდნენ და დაცვით ღონისძიებებში უკრავდნენ თავს.

უფრო უარესი ხდებოდა ათწლეულების მანძილზე ინდოეთში, სადაც დელის ან კალკუტის რეზიდენტურის მზვერავები, მოსკოვიდან მიღებული ბრძანების თანახმად, იძულებულნი იყვნენ ინდოეთის კონტრდაზვერვისთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა დაცვის ღონისძიებებში. სურათი მართლაც კომიკური იყო: მანქანის საჭესთან “რაჯა” (ადგილობრივი კონტრდაზვერვის თანამშრომელი) იჯდა, მის გვერდით - მოსკოვიდან მივლინებული “მე-9”-ს ოფიცერი, კვადრატული “ვანია”, ხოლო უკანა სავარძელზე – საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი “დიპლომატი”-მზვერავი “პეტია”, რომელმაც არ იცოდა, სად დამალულიყო. ამავე შემადგენლობით გადიოდნენ ხალხშიც.

საბჭოთა დელეგაციის ვიზიტებს ყურადღებით აკვირდებოდნენ უცხოეთის (უპირველესად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის) დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც აანალიზებდნენ ყველა წვრილმანს, მათ შორის დაცვით ღონისძიებებში მონაწილე პირებსაც. ზემოთ აღწერილი “მასკარადის” შემდეგ, მათთვის დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა დაედგინათ თუ ვინ – ვინ იყო. საბჭოთა მზვერავების შემდგომ “შენიღბვას” უკვე აზრი აღარ ჰქონდა!

ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, რომელიმე დიპლომატიურ მიღებაზე ამაყად მდგომ “პეტიას” უცხოელი “კოლეგა”- მზვერავი მიუახლოვდებოდა და მოურიდებლად სთავაზობდა მათ მხარეზე გადასვლას. ზოგიერთი საბჭოთა “შტირლიცი” თანხმდებოდა, ზოგი კი მაშინვე რეზიდენტთან გარბოდა და პატაკს წერდა გადაბირების მცდელობის შესახებ. წარბშეკრული რეზიდენტი და მისი მოადგილეები დიდხანს ცდილობდნენ დაედგინათ, სად დაუშვა შეცდომა საბჭოთა მზვერავმა და როგორ გაშიფრა ის ამერიკის ან ბრიტანეთის დაზვერვამ.

ხშირად ეს ტრაგიკომედია რამდენჯერმე მეორდებოდა, რადგან “კოლეგები” მოსვენებას არ აძლევდნენ საბჭოთა მზვერავს. ისიც ვალდებული იყო გადაბირების მცდელობის ყოველი ასეთი შემთხვევის შესახებ დაწვრილებით მოეხსენებინა რეზიდენტისთვის. ბოლოს კი მოთმინებიდან გამოსული რეზიდენტი თავად სთხოვდა მოსკოვს “პეტიას” სამშობლოში დაბრუნებას.

(მეორე ნაწილი დასასრული)