"ღირსეული კაცის სახელი და ზღვა სიყვარული დამიტოვა" - რას წერენ კოტე კუბლაშვილზე მეუღლე და ძმა - კვირის პალიტრა

"ღირსეული კაცის სახელი და ზღვა სიყვარული დამიტოვა" - რას წერენ კოტე კუბლაშვილზე მეუღლე და ძმა

სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 15 აგვისტოს გარდაიცვალა.

კოტე კუბლაშვილის მეუღლე - მარი მესხი სოციალურ ქსელში მადლობას იხდის მხარდაჭერისა და თანაგრძნობისათვის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს...

"დიდ მადლობას გიხდით თანაგრძნობის, მხარდაჭერის და უზომოდ თბილი სიტყვებისათვის, რაც კოტეს მიმართ გამოხატეთ.

მე ბედნიერი ვარ, რომ ნახევარი ცხოვრება დიდებული ადამიანის გვერდით გავატარე.

52929398-2144030972321464-8332926472016625664-n-1692346975.jpg

ღირსეული კაცის სახელი, არაჩვეულებრივი შვილი და ზღვა სიყვარული დამიტოვა.

ახლა მარტო სიარული უნდა ვისწავლო… ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!", - წერს მესხი.

ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

"ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა ასევე, კონსტანინეს ძმამ - პალიკო კუბლაშვილმა:

"მადლობა თანადგომისათვის. მადლობა კოტეს მოგონებისათვის.

სამაგალითოდ თბილი, გონიერი და გულწრფელი ადამიანი წავიდა. ჩემი მთავარი გულშემატკივარი".

კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

"ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას.

როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი იგი მაშინვე მოვიწვიე გერმანიიდან, დოქტორის ხარისხით ახლად დაბრუნებული კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად.

ძალიან დამწყდა გული", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.